მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები ტარიფის შემცირებას გეგმავენ
მაკა ღანიაშვილი
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის 2009 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. მსოფლიოში ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობის ფასები ყოველწლიურად მცირდება. საქართველოში კი უკვე 10-14 წელია, რაც ფასები ფაქტობრივად ერთ დონეზეა გაყინული. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის ორ ძირძველ მოთამაშეს, “მაგთისა” და “ჯეოსელს” ეხება. ბაზრის შედარებით ახალი მოთამაშე “ბილაინი”” ბაზარზე 4 წლის შემოსულია და ნომინალური დაბალი ტარიფების მიუხედავად, ბაზარზე მისი გავლენა, ჯერჯერობით უმნიშვნელოა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გასული წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კავშირგაბმულობის კომპანიების შემოსავლები თავქვე მიექანება. ეს არც არის გასაკვირი. ეკონომიკური კრიზისის პირობებში, აბონენტებმა ისედაც ძვირი მობილური კავშირგაბმულობით სარგებლობა მკვეთრად შეზღუდეს. მობილური სატელეფონო მომსახურების საერთო შემოსავალი 2009 წელს 74 მლნ ლარით შემცირდა და 811 153 139 ლარი შეადგინა (ცხრილი #1).
შარშან შემოსავლის კლება დაფიქსირდა მობილური ტელეფონის პრაქტიკულად ყველა ტიპის მომსახურებაზე, გარდა ინტერნეტ და როუმინგ მომსახურებისა. მიუხედავად იმისა, რომ მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორების საერთო შემოსავალმა 2009 წელს დაიკლო, მცირედით შემცირდა მთლიანად ელექტრონული კომუნიკაციის ბაზრის შემოსავლებში მისი წილი. 2008 წელს მთლიანად დარგის შემოსავლების 68% მობილურ ტელეფონს ეკავა, 2009 წელს კი ამ მონაცემმა 65% შეადგინა. მობილური ტელეფონიის შემოსავლების საერთო კლების პარალელურად, 2009 წელს გაიზრდა აბონენტების რაოდენობა. შარშან 2008 წელთან შედარებით მობილურ ქსელში 213 616 აბონენტი ჩაერთო, საერთო ჯამში, მათმა რიცხვმა 3 მლნ-ს გადააჭარბა. თუმცა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული “მაგთის” აბონენტების რიცხვი პირველად მისი საქმიანობის განმავლობაში 78 817-ით შემცირდა. აბონენტების კლების პარალელურად, “მაგთიკომს” შეუმცირდა მობილური ტელეფონების მომსახურებით მიღებული შემოსავლებიც. თუმცა, კლიენტების დაკარგვის მიუხედავად, მაგთიკომი” ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე შემოსავლების მხრივ ლიდერობას ინარჩუნებს. თუმცა, აბონენტთა რაოდენობით პირველობას ჯეოსელს” უთმობს. შემოსავლების კუთხით, “მაგთიკომს” ბაზრის 49% უჭირავს, “ჯეოსელს” – 43%, ხოლო ბილაინს” – 8%. სამაგიეროდ, აბონენტების მიხედვით, მაგთიკომის” საბაზრო წილი 43%, ჯეოსელის” 46%, ხოლო ბილაინის” მხოლოდ 11%-ია. ფიჭური კავშირგაბმულობის ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ 2007 წელს შემოსული ბილაინი”, დღეს ბაზრის მხოლოდ 8%-ს იკავებს. შემოსავლების ზრდის არსებულ მაჩვენებელს ბილაინში” ლოგიკურად მიიჩნევენ. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ბილაინს” სხვა მობილურ ოპერატორებთან შედარებით 3-ჯერ ნაკლები ტარიფები აქვს. შესაბამისად, შემოსავლების ზრდის ტემპებიც ნაკლებია. თუმცა,ბილაინში” განმარტავენ, რომ შემოსავლების ზრდაზე მნიშვნელოვანი მათთვის კმაყოფილი კლიენტების ზრდაა. ამ მხრივ კი, ბილაინის” მტკიცებით, სხვა მობილური ოპერატორებიდან �ბილაინის” ქსელში მიგრაცია ძალიან დიდია.
შემცირდება თუ არა ტარიფები
რამდენიმე კვირის წინ, კომუნიკაციის მარეგულირებელმა კომისიამ მობილურ ოპერატორებს ურთიერთჩართვის ტარიფი 6 თეთრით შეუმცირა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლის მიერ 1-წუთიან საუბარში გადახდილი 28,8 თეთრიდან კომპანიამ სახელმწიფოს 14,8-ის ნაცვლად 6,8 თეთრი უნდა გადაუხადოს. მოჰყვება თუ არა ამას ტარიფების შემცირება მობილური ოპერატორების მხრიდან? შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელმა უკვე ორჯერ 2003 წელს – 22,8 თეთრიდან 18,8-მდე და 2007 წელს – 18,8 თეთრიდან 14,8-მდე შეამცირა ურთიერთჩართვის ტარიფი და ამას ბაზარზე ზეგავლენა არ მოუხდენია. რა გარანტიაა, რომ აღნიშნული შემცირება საცალო ტარიფის შემცირებას გამოიწვევს, როგორც ამას კომისიაში აცხადებენ?!
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები მობილური ტარიფის გასაიაფებლად ერთმანეთს ელოდებიან. “ბილაინ-საქართველოს” გენერალური დირექტორი, ანდრეი პიატახინი სამომხმარებლო ტარიფის 19 თეთრამდე შემცირებას არ გამორიცხავს. თუმცა, აცხადებს, რომ “ბილაინის” მიერ სამომხმარებლო ტარიფის გაიაფება, ბაზრის დანარჩენი მოთამაშეების მხრიდან ტარიფების შემცირების მოცულობაზეა დამოკიდებული. “მაგთიში” ირწმუნებიან, რომ ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირების ხარჯზე სამომხმარებლო ტარიფს გააიაფებენ. თუმცა, რამდენით – არ აკონკრეტებენ. კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ინფორმაციით, მობილურზე საუბრის გაიაფება ზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება. “მაგთის” წინასწარი გათვლებით, ახალი ტარიფი 20 თეთრთან ახლოს იქნება.
ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის ტარიფები რომ მართლაც მაღალია, ამაზე უკვე წლებია საუბრობენ საქართველოში. რამდენიმე თვის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” (აფბა) საზოგადოებას საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევის შედეგები წარუდგინა.
როგორც “აფბაში” განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მაგთი” და ჯეოსელი” ბაზრის მონოპოლისტებად 2008 წელსვე აღიარა, მათ მიმართ რეალური შედეგის მომტანი ღონისძიებები არ გაუტარებია. მარეგულირებელმა 2 წლის წინ ჩატარებული კვლევით ნათლად დაინახა ბაზარზე არსებული სიტუაცია, მაგრამ მის გამოსასწორებლად არაფერი გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, თუ არ იქნება საზოგადოების ზეწოლა, არც ამჯერად უნდა ველოდოთ არაობიექტური კომისიისაგან რაიმე შედეგისმომტანი ნაბიჯის გადადგმას, ბაზრის რეგულირებასა და სამართლიან ტარიფებზე გადასვლის მოთხოვნას”, – აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.
კვლევის თანახმად საქართველო მობილური კავშირგაბმულობის მომსახურების სიძვირის მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირველ, ხოლო მსოფლიოში, 186 ქვეყანას შორის, მესამე ადგილს იკავებს. საქართველოში უფრო ძვირი ტარიფებია, ვიდრე ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, საფრანგეთი, იაპონია, კანადა და სხვა. საქართველოსთან შედარებით სტანდარტულ პაკეტზე (საშუალოდ თვეში განხორციელებული 25 ზარისა და 30 SMS-ის ღირებულება) მობილურით სარგებლობის დანახარჯი თითქმის 7-ჯერ იაფია რუსეთში. საქართველოზე გაცილებით იაფია ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობა ეკონომიკურად ჩვენი ქვეყნის დონეზე მდგომ და კიდევ უფრო ჩამორჩენილ ქვეყნებშიც.
მართალია, ეს კვლევა 2007 წლის მონაცემებს ეყრდნობა და მასში 2008-2009 წლის ცვლილებები არაა შესული, მაგრამ 2007 წლის შემდეგ საქართველოში საგრძნობი ცვლილებები არ მომხდარა და ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობის ფასები კვლავ ძველ დონეზეა დარჩენილი. მაშინ, როცა მსოფლიო მასშტაბით ამ პერიოდში ფიჭურ კავშირგაბმულობაში ფასების მკვეთრი შემცირება მოხდა.
საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის სიძვირეზე სხვა კვლევებიც მეტყველებს: “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” (OECD) სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საქართველოსთან შედარებით ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობა ძვირია მხოლოდ 7 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარებულია ევროკავშირისა და მსოფლიოს 31 წამყვანი ქვეყნის ბაზაზე. გამოსაკვლევად აღებულ იქნა ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობის გარკვეული პაკეტი სხვადასხვა აქციების დროს არსებული ფასდაკლებების გარეშე. აღმოჩნდა, რომ საქართველოში სტანდარტული პაკეტით სარგებლობა წელიწადში საშუალოდ 621 დოლარი ჯდება, რაც გამოკვლეულ ქვეყნებში ამ პაკეტის საშუალო ღირებულებაზე 132 დოლარით ძვირია. საქართველომ ფიჭური კავშირგაბმულობის სიძვირის მიხედვით გაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დანია, ჰოლანდია, შვედეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ახალი ზელანდია, იტალია, კანადა, საფრანგეთი და სხვა.
შესწავლილი მასალიდან გამომდინარე “საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” ასკვნის, რომ “საქართველოში ტარიფები ფიჭურ კავშირგაბმულობაზე არაადექვატურად მაღალია და კომპანიათა სატარიფო პოლიტიკა შეიცავს კარტელური გარიგებების აშკარა ნიშნებს. აღნიშნული პოლიტიკა წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან და შედეგად, ისედაც მძიმე სოციალური ფონის კიდევ უფრო დამძიმებას უწყობს ხელს… ფიჭური კავშირგაბმულობა კარგა ხანია აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, მათ შორის, არც საქართველოში. მას უკვე სოციალური ფუნქციაც აქვს შეძენილი და ამდენად, მისი ტარიფები, სოციალური თვალსაზრისით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ფასები მედიკამენტებზე და გნებავთ, ნავთობპროდუქტებზე. ხოლო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უსუსურობის გამოხატულებაა ის, რომ მსოფლიოში გაიაფების ტენდენციის მიუხედავად, საქართველოში ფასები უცვლელი რჩება” – ვკითხულობთ “საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” კვლევაში.
კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით, სატარიფო პოლიტიკა მობილური და ფიქსირებული კავშირგაბმულობის კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს ე.წ. ხარჯებზე ორიენტებული ურთიერთჩართვის ზღვრული ტარიფიდან გამომდინარე. მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებიდან ფიქსირებული კავშირგაბმულობის კომპანიებში დარეკვისას ურთიერთჩართვის ტარიფი 4 თეთრია. ფიქსირებული კავშირგაბმულობის ტელეფონებიდან მობილურებზე დარეკვისას კი, ურთიერთჩართვის ტარიფი 14,8 თეთრია. მიუხედავად 10 თეთრით მობილური ოპერატორების სასარგებლოდ დარღვეული პარიტეტისა, ე.წ. ქალაქის ტელეფონებიდან მობილურზე დარეკვის ტარიფები ბევრად ნაკლებია: დარღვეულია პარიტეტი, რაც მობილური ქსელის ოპერატორებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, რის გამოც ფიქსირებული კავშირგაბმულობის კომპანიები ვეღარ ახერხებენ რეალური ტარიფის შეთავაზებას მომხმარებლისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე მობილურ და ფიქსირებულ კავშირგაბმულობებს შორის მარეგულირებელი უმეტესწილად, ასე ვთქვათ, საკაბელო ტელეფონების მხარეს იჭერს, რათა ისინი უფრო ძლიერი და მოქნილი მომსახურების შემთავაზებელი ფიჭური კომპანიებისაგან და გაკოტრებისგან დაიცვას. საქართველოში ეს ტენდენცია საპირისპირო სახეს იღებს. მობილურ ოპერატორს ფიქსირებულ ქსელებზე დაკავშირებისას გაცილებით უკეთესი პირობების შეთავაზება შეუძლია ურთიერთჩართვის დადგენილი ტარიფის გამო. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ფაქტობრივად ქართული მობილური ბაზრის გიგანტების მხარდამჭერ პოზიციას იკავებს, პრაქტიკულად, მათი ლობისტის როლში გამოდის ფიქსირებული ქსელების ინტერესების ხარჯზე, რაც თავისთავად გაუგებარი მოვლენაა. მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში ფიჭური ქსელიდან ფიქსირებულ ქსელთან დაკავშირება თითქმის ორჯერ ნაკლებია ამ მოქმედების პირიქით განხორციელებასთან შედარებით. ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქალაქის ტელეფონით სხვა ბევრი ოპერაციის შესრულება გაცილებით იაფია, ვიდრე მობილურიდან. ეს იმისდა მიუხედავად, რომ მობილური ოპერატორების შემოსავალი ფიქსირებული კავშირგაბმულობის კომპანიებთან შედარებით დაახლოებით 4-ჯერ მეტია.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, გასაკვირი აღარაა, რომ მობილური საუბრის სიძვირის წინააღმდეგ განწყობილი საზოგადოების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. რის პარალელურადაც მობილური ოპერატორები ცდილობენ მოსახლეობაში მზარდი უკმაყოფილების ტალღა სხვადასხვა აქციებითა თუ მცირე ზომით ტარიფების შემცირებით გაანელონ. ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანიების წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობის შემდგომ “მაგთიმ” ახალი აქცია დანერგა. “მაგთის” ყველა აბონენტს ერთმანეთთან პირველი წუთი 15, ხოლო ყველა დანარჩენის 5 თეთრად საუბარი შეუძლიათ. “მაგთიკომმა” ბაზარზე ახალი ბრენდი – “ბანიც” შემოიტანა. “ბანიდან” “ბანზე” აბონენტი წუთში 4 თეთრად ისაუბრებს, “მაგთიზე”, “ბალსა” და “მაგთი ფიქსზე” – 12 თეთრად, ხოლო საქართველოს სხვა ნებისმიერი ქსელში – 16 თეთრად.
“ჯეოსელმა” 8 77-ის ინდექსის აბონენტთათვის ყოველთვიური 7-ლარიანი სააბონენტო გადასახადი გააუქმა და შიდა ზარებზე (მხოლოდ 8 77-ის აბონენტებს) 28,8-ის ნაცვლად 25,9-თეთრიანი ტარიფი შემოიღო. თუმცა, შემცირების ტენდენცია “ლაი-ლაის” აბონენტებს არ შეეხო. მაშინ, როცა “ჯეოსელის” 8 77 ინდექსის მომხმარებლები უმეტესწილად შეძლებული მოსახლეობაა, რომლისთვისაც ტარიფის 3-თეთრიან შემცირებას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. “ლაი-ლაის” აბონენტებს კი, უმეტესწილად ახალგაზრდობა და სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა წარმოადგენს, რომელთათვისაც თუნდაც 3-თეთრიანი შემცირებაც კი მნიშვნელოვანი იქნებოდა.
“ბილაინი” – კონკურენტი თუ მოკავშირე
“აფბას” კვლევის გამოქვეყნების შემდეგაც კი, “ბილაინში” პოზიციას კვლავ არ ცვლიან და აცხადებენ, რომ საქართველოში მათ ყველაზე დაბალი ტარიფები აქვთ, ბაზარზე ძალიან მცირე წილს ფლობენ და, შესაბამისად, კვლევაში მოყვანილი ფაქტებიც და ბრალდებებიც ყველაზე ნაკლებად ეხებათ. მაგრამ საინტერესოა, რამდენად დაბალია “ბილაინის” ტარიფები სხვა ქვეყნებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია დღეისათვის ქართულ ბაზარზე ყველაზე იაფი სატარიფო პაკეტებით ოპერირებს? როგორც “აფბაში” განაცხადეს, ისინი დაინტერესდნენ “ბილაინის” ტარიფებით იმ ქვეყნებში, სადაც ეს კომპანია ოპერირებს და აღმოჩნდა, რომ “ბილაინის” ქსელში საქართველოზე მაღალი ტარიფები მხოლოდ ყაზახეთშია. “ბილაინი” დღეისათვის დსთ-ის 8 ქვეყანაში ოპერირებს, ამ ქვეყნებს შორის, “ბილაინ საქართველო” ტარიფების სიძვირით, მეორე ადგილზეა და იგი მხოლოდ ყაზახეთში არსებულ ტარიფებს ჩამოუვარდება. “ამის მერე გაუგებარია, როგორ აცხადებს “ბილაინი”, რომ საქართველოში მათი სატარიფო პაკეტები იაფია? შეიძლება “მაგთისთან” და “ჯეოსელთან” შედარებით მართლაც დაბალია, მაგრამ, რეალურად, მათივე ქსელში არსებულ ფასებში, სიძვირის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს”, – აცხადებს ორგანიზაციის პრეზიდენტი, მერაბ ჯანიაშვილი.
“აფბას” მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, 30-წუთიანი პაკეტის ღირებულება, რომელშიც 10-10 წუთი შიდა, გარე და ფიქსირებული ოპერატორებთან დარეკვაზე მოდის, საქართველოში “ბილაინის” აბონენტისთვის საშუალოდ 5,5 ლარს შეადგენს. ამ პაკეტის შეძენა ყაზახეთში “ბილაინის” აბონენტს 10,9 ლარი უჯდება; სომხეთში – 5,2 ლარი; რუსეთში – 3,8 ლარი; უკრაინაში – 3,06 ლარი; ტაჯიკეთში – 2,9 ლარი; ყირგიზეთში – 2,6 ლარი, ხოლო უზბეკეთში – 1,3 ლარი. ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ “ბილაინის” წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ტარიფს ყველგან და მათ შორის, საქართველოშიც, ბაზარი ადგენს.
ის, რომ პროდუქციასა თუ მომსახურებაზე ფასებს ბაზარი არეგულირებს, ახალი არავისთვისაა, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ბაზარზე რეალური, ადექვატური და სამართლიანი ფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ბაზრის ამ სეგმენტში ჯანსაღი კონკურენციაა. საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული სიტუაცია რომ შორსაა ჯანსაღი კონკურენციისგან, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონის თანახმად, თუ 2 კომპანია ბაზრის 60%-ს და მეტს ფლობს, ისინი მონოპოლისტებად მოიაზრებიან. დღეისათვის კი, ბაზრის 90%-ს ორი ოპერატორი ფლობს. სფეროში არსებული სიტუაცია რეალურ ეჭვებს ბადებს, რომ კომპანიებს შორის რაიმე სახის ურთიერთგარიგება ან კარტელური შეთანხმებები არსებობს და არა მხოლოდ “მაგთისა” და “ჯეოსელს” შორის, რადგან “ბილაინის” ამ ბაზარზე შემოსვლა და მის მიერ წარმოებული პოლიტიკა ფაქტობრივად ვერ ან არ უწევს ბაზრის ძირძველ გიგანტებს ჯეროვან კონკურენციას. ამით კი, ისევ და ისევ ქართველი მომხმარებელი ზარალდება. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ე” პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს დააკისროს სატარიფო რეგულირების ვალდებულება. თუმცა, როგორც მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მოერიდონ ბაზარზე ტარიფის დაწესებაში პირდაპირ ჩარევას, ამიტომ შეამცირეს ურთიერთჩართვის ტარიფი და თუ ეს ცვლილება დაახლოებით სექტემბრისთვის შედეგს არ გამოიღებს, მაშინ მარეგულირებელი აუცილებლად ჩაერევა ბაზარზე ტარიფის დაწესებაში.მაკა ღანიაშვილი