ტრადიციული მედიცინა სულ უფრო პოპულარული ხდება
ალექსანდრა ლალიაშვილი
ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება ხალხურ მედიცინა, განსაკუთრებით, მისი ზოგიერთი უძველესი მეთოდი, მაგალითად, მკურნალობა წურბელებით, რომელიც ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში წარმოიშვა. ჰირუდოთერაპია თანამედროვე ტრადიციული მედიცინის მოწინავე საშუალებაა. მისით დაინტრესება საქართველოშიც იზრდება.
წურბელებით მკურნალობის მეთოდიკა ენათესავება ჩინური აკუპუნქტურის პრინციპებს. ანუ წურბელები ზემოქმედებენ აქტიურ წერტილებზე – ორგანოების პროექციებზე და მკურნალობენ თვითონ ორგანოში აღმოცენებულ დაავადებებს. ჰირუდოთერაპიას დიდი ხანია იყენებენ ტაივანის, ტაილანდისა და ჩინეთის კლინიკებში. 40-იანი წლებიდან ჰირუდოთერაპია აღიარებული იქნა ოფიციალურ მედიცინაშიც.
სამკურნალო ეფექტი ამ შეუხედავი, მაგრამ მეტად სასარგებლო არსების ნერწყვს აქვს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს შინაგანი ჰომეოსტაზის (ორგანიზმის ბიოლოგიური პროცესების) ნორმალიზებას. ბოლოდროინდელი სამეცნიერო გამოკვლევები ადასტურებს წურბელებით მკურნალობის, როგორც დამატებითი მეთოდის, ეფექტიანობას მედიცინის ყველა სფეროში. ჰირუდინი – ასე ჰქვია წურბელას ნერწყვის ერთ-ერთ მთავარ მოქმედ ნივთიერებას. მისი მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში აღდგება სისხლის მიკროცირკულაცია, ირთვება დამცავი მექანიზმები, ხდება იმუნიტეტის სტიმულირება. ცნობილია ჰირუდოთერაპიის მიკრობსაწინააღმდეგო მოქმედებაც.
წურბელებით მკურნალობის სეანსი ნახევარი საათიდან საათნახევრამდე გრძელდება. მისი ხანგრძლივობა ადამიანის მდგომარეობასა და პრობლემის სირთულეზეა დამოკიდებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სეანსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ხოლო თუ საკითხს რეალურად მივუდგებით, უნდა ითქვას, რომ წურბელა თავად განსაზღვრავს, რამდენ ხანს “იმუშაოს”” ამა თუ იმ პაციენტთან. მკურნალობა, როგორც წესი, 7-10 სეანსს მოიცავს. კვირაში ორი-სამი სეანსი ტარდება.
საინტერესოა, რა ჯდება წურბელებით მკურნალობა სქართველოში. ჩვენ ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ “ნერტისს” დავუკავშირდით. აქ წურბელებით მკურნალობას პაციენტებს უკვე წლებია სთავაზობენ. როგორც ცენტრის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ისინი უკვე 12 წელია, რაც ბაზარზე არსებობენ და ბოლო პერიოდის განმავლობაში აშკარად შეინიშნება პაციენტთა ზრდა, რადგან ხალხი სულ უფრო მეტად ინტერესდება მკურნალობის ტრადიციული მეთოდებით. რაც შეეხება ფასს, “ნერტისში”” ერთი პროცედურის ღირებულება 25 ლარია, ამ ფასში შედის წურბელების ღირებულებაც. გარდა სპეციალიზებული დაწესებულებისა და კლინიკებისა, წურბელებით მკურნალობა კერძო პირებთანაც შეიძლება, იტერნეტსა და საცნობარი სისტემაში მრავლად გადააწყდებით განცხადებებს, რომელიც წურბელებით მკურნალობას გვთაზობს, ფასი ძირითადად 25 ლარის ფარგლებში მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ წურბელებით მკურნალობის მეთოდიკას თავისი ნიუანსები აქვს. მისი გამოყენება ყველასათვის არ შეიძლება. ჰიუდოთერაპიის დაწყების წინ უნდა ჩატარდეს სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, რის შემდეგაც სპეციალისტი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მოცემულ შემთხვევაში წურბელები. ამ მეთოდს თავისი უკუჩვენებებიც გააჩნია: ანემია, ჰიპოტონია და ჰემოფილია (წურბელებით მკუნალობა ხომ სისხლის დაკარგვასთანაა დაკავშირებული). არსებობს ალერგიაც წურბელებზე, განსაკუთრებით, მის აღმოსავლურ სახეობებზე.
ამიტომაც, პროცედურის ჩასატარებლად საჭიროა კვალიფიციური სპეციალისტი, რადგან წურბელის დასმა ყველა ადგილზე არ შეიძლება – იგი სისხლ-ძარღვიდან 1-1,5 სმ-ის დაშორებით უნდა იყოს. მხოლოდ სპეციალისტმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რა ადგილას, რა სიხშირით და რამდენი წურბელა უნდა დაისვათ ერთდროულად. ამიტომ, თვითმკურნალობა ამ შემთხვევაში გამართლებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წურბელების ყიდვა რამდენიმე აფთიაქში თავისუფლად შეიძლება.
წარსულს ჩაბარდა დრო, როცა რეზინის ჩექმებში და ფართოფარფლებიან ქუდებში გამოწყობილი ადამიანები ჭაობებში დააბოტებდნენ და წურბელებს სპეციალური ბადეებით იჭერდნენ. სამკურნალო წურბელებს დღეს სპეციალურ ბიოფაბრიკებში ამრავლებენ. როგორც სპეციალისტები გვაფრთხილებენ, მათი ყიდვისას აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ სერტიფიკატი. საქართველოში წურბელები რამდნიმე აფთიაქში იყიდება, ერთი წურბელის ფასი ერთი ლარი ღირს. ერთი პროცედურისათვის მინიმუმ 5 წურბელაა საჭირო.
წურბელებით მკურნალობა მედიცინის ყველა დარგში გამოიყენება. და არამარტო მედიცინაში, არსებობს კოსმეტოლოგიის მთელი განხრა – ჰირუდოპლასტიკა.