სასურსათო ბაზრის ახალი ლიდერები

მაკა ღანიაშვილი 

გლობალური ფინანსური კრიზის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ფინანსურმა რეცესიამ  ძალთა გადანაწილება მსოფლიოს ეკონომიკურ რუკაზე მკვეთრად შეცვალა. თუ რამდენიმე წლის წინ აშშ-სა და დასავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნების პირველობა ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ეჭვს არ იწვევდა, ახლა ასე აღარაა. დღეს წინა პლანზე განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნები, პირველ რიგში, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი გამოდიან. რა ელის მსოფლიო ეკონომიკას მომავალში და სად შეიძლება არსებობდეს საქართველოს ადგილი? 

               ზემოთ დასახელებული განვითარებადი ქვეყნები თითქის ყველა სახის რეიტინებში ცხრილის სათავეში არიან. მაგალითად, ახლახან ჟურნალმა Forbes-მა მუშაობის დასაწყებად მსოფლიოს საუკეთესო და  ყველაზე ცუდი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 62 ათასი დამსაქმებლის გამოკითხვას ეფუძნება, რომელთაც ჰკითხეს, აპირებენ თუ არა სამუშაო ადგილების გაფართოებას ან შემცირებას ოქტომბერ-დეკემბერში. დასაქმებისთვის ყველაზე არახელსაყრელი ქვეყნების სიის ლიდერი საბერძნეთი აღმოჩნდა: იქ დასაქმების ინდექსი -10%-ია, რაც წინა კვარტალთან შედარებით ორჯერ გაუარესებული მაჩვენებელია. ახალი ვაკანსიების შექმნის მხრივ უარყოფითი პროგნოზი იტალიას, ესპანეთს, ირლანდიასა და ჩეხეთს აქვთ. დასაქმების პერსპექტივებს ვერ იძლევა ვერც უნგრეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია და დიდი ბრიტანეთი. რაც შეეხება ვაკანსიების შექმნის ყველაზე დიდ პოტენციალს, Forbes-ის შეფასებით, ჩინეთსა და ინდოეთშია (შესაბამისად, +51% და +42%). უახლოეს თვეებში სამსახურის პოვნის დიდი შანსები არსებობს ასევე ტაივანში, ბრაზილიაში, კოსტა-რიკაში, პერუში, სინგაპურში, ავსტრალიასა და პანამაში. 
               განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნები მიმზიდველობას ინვესტორებისთვისაც ინარჩუნებენ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნები ჩინეთი და ინდოეთია. მათ ბრაზილია და აშშ მოსდევს, მეხუთე ადგილზე კი რუსეთია. ამ მონაცემებს გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ექსპერტები აქვეყნებენ. მათი კვლევა 236 ტრანსნაციონალური კორპორაციისა და 116 საინვესტიციო სააგენტოს გამოკითხვას ეყრდნობა. UNCTAD-ის წლევანდელ რეიტინგში გასულ წელთან შედარებით გარკვეული ცვლილებებია: ყველაზე კარგი დინამიკა ინვესტიციების მიზიდვის მხრივ ჩინეთმა აჩვენა. ამასთან, ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი პირველად შევიდა ინვესტიციების მხრივ პრიორიტეტული ქვეყნების ხუთეულში. 
               შეიძლება ითქვას, რომ ინვესტორების აზრს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებიც იზიარებენ, რომლებიც ამ ქვეყნებში უფრო დიდ ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობენ. მათი განცხადებით, მსოფლიო უფრო სწრაფად გამოდის გლობალური ეკონომიკური კრიზისისდან, ვიდრე მოსალოდნელი იყო. აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს გლობალური ეკონომიკის ზრდა 4,1%-ს მიაღწევდა, თუმცა, რეალურად, ამ მაჩვენებელმა 4,6%-ს უკვე გადააჭარბა. ფონდის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს გლობალური ეკონომიკის კრიზისის განმეორების საშიშროება, რომელიც ძირითადად ევროპიდან მომდინარეობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი შიშობს, რომ საბერძნეთის მსგავსი დიდი დავალიანების მქონე ევროპული ქვეყნებიდან წამოსული კრიზისი შესაძლოა მთელ ვეროპას მოედოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, წელს ჩინეთის ეკონომიკა 10%-ის ნაცვლად 10,5%-ით გაიზრდება, იაპონიის ეკონომიკა 1,9%-ის ნაცვლად 2,4%-ით, ხოლო ინდოეთისა 8,8%-ის მაგივრად 9,4%-ით. ამავე პროგნოზის მიხედვით, შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდა წელს 3,3%-ს მიაღწევს. რაც შეეხება ევროზონის ქვეყნებს, აქ მხოლოდ 1%-იანი მატებაა მოსალოდნელი. მაშინ, როდესაც ბრაზილიაში ეკონომიკის 7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. 
               კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც განვითარებადი ქვეყნების სასარგებლოდ მეტყველებს: განვითარებად ბაზრებზე კომპანიების შერწყმისა და შთანთქმის მაჩვენებელმა 575,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთელი ევროპის მონაცემებზე 25 მილიარდით მეტია. ამის შესახებ კომპანია ealogic-ი წერს. ამჟამად გარიგებებს შორის განვითარებად ბაზრებზე 30% მოდის, ევროკავშირმა პირველად ისტორიაში “მესამე სამყაროს ქვეყნები” წინ გაუშვა და 29%-ს დასჯერდა. გარიგებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 133 მილიარდი დოლარი ჩინეთში დაფიქსირდა. მას მოსდევს ბრაზილია, ინდოეთი და რუსეთი. 
               განვითარებადი ქვეყნების წარმატების ფორმულა ამჯერად ერთი ქვეყნის, ბრაზილიის მაგალითზე განვიხილოთ. რა შეიძლება ვისწავლოთ ამ ქვეყნისგან?! მით უმეტეს, რომ საქართველოც ბრაზილიის მსგავსად აგრარული ქყეყანაა და მისი ეკონომიკის წარმატების საიდუმლო უპირველესად სოფლის მეურნეობის განვითარებაშია. 
               ბრაზილიური სასწაული 
               თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრაზილიის წარმატება არც სახელმწიფო სუბსიდიებისა და არც მხოლოდ ბუნებრივი რესურსების წყალობაა. უფრო მეტიც, აქ ბევრი შემაფერხებელი პირობა არსებობდა ფერმერული მეურნეობის განვითარებისათვის, რომელიც სამხრეთ ამერიკულმა ქვეყანამ წარმატებით დაძლია. 
               ბრაზილიის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის სტატისტიკური სამსახური იტყობინება. ეს მაჩვენებელი 1995 წლის შემდეგ, როდესაც მსგავსი სტატისტიკის აღრიცხვა დაიწყო, რეკორდულია. მანამდე ბრაზილიური ეკონომიკის ყველაზე ძლიერი ზრდა 2004 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყნის მშპ 7,5%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ექსპერტები უახლოესი ათი წლის განმავლობაში ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სექტორს 40%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებენ. ეს არცაა გასაკვირი, FAO (Food and Agriculture Organization)-ს მონაცემების მიხედვით, ბრაზილია ფერმერული მიწების იმაზე მეტ რაოდენობას ფლობს, ვიდრე რუსეთი და ამერიკა ერთად და ასევე ფლობს წყლის მეტ რესურსს. 
               სულ რაღაც 30 წლის განმავლობაში ბრაზილია მსოფლიოში საკვები პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. ის პირველი ქვეყანაა, რომელიც დაეწია მარცვლეულის ტრადიციულ 5 უმსხვილეს ექსპორტიორს (ამერიკა, კანადა, ავსტრალია, არგენტინა და ევროკავშირი), ამავე დროს არის ტროპიკული საკვები პროდუქტების პირველი ექსპორტიორიც. 
               ბრაზილიაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ზრდის ტემპები გამაოგნებელია. 1996-2006 წლებში მოყვანილი საკვები პროდუქტების ღირებულება 365%-ით, 23 მილიარდი რეალიდან 108 მილიარდამდე გაიზარდა. ბრაზილიამ ასევე გაზარდა საქონლის ხორცის ექპორტი და დაეწია ავსტრალიას, როგორც მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორს. მას აქვს მსოფლიოში მსხვილფეხა საქონლის ყველაზე დიდი ფერმები ინდოეთის შემდეგ. ბრაზილია ასევე არის შინაური ფრინველების, შაქრისა ლერწმისა და ეთანოლის ერთ-ერთი უმსხილესი ექსპორტიორი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი ბრაზილიისათვის არის სოიო. 1990 წლიდან სოიოს წარმოება 15 მილიონი ტონიდან 60 მილიონ ტონამადე გაიზარდა. შედეგად, დღეისათვის, ბრაზილიურ სოიოზე მოდის მსოფლიო ვაჭრობის მეოთხედი. 
               რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრაზილიამ ყველაფერ ამას სახელმწიფოს განსაკუთრებული სუბსიდიების გარეშე მიაღწია. OECD-ის ანგარიშის მიხედვით, 2005-2007 წლებში სახელმწიფო სუბსიდია ფერმერული მეურნეობიდან სრული შემოსავლის მხოლდ 5-7%-ს შეადგენდა, ამერიკაში ეს მაჩვენებელი 12%-ია, OECD-ის ქვეყნებში საშუალოდ 26%, ხოლო ევროკავშირში 29%. როგორ მიაღწია ყოველივე ამას ბრაზილიამ? ამ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბრაზილიის, არამედ მთელი მსოფლიოს მომავლისთვის. 2050 წლისათვის მსოფლიო მოსახლეობა უკვე 2 მილიარდით მეტი იქნება და 9 მილიარდს მიაღწევს. რა თქმა უნდა, გაზრდილი მოსახლეობისათვის საკვების მეტი რაოდენობა იქნება საჭირო. როგორ უნდა გამოიკვებოს მსოფლიოს სულ უფრო მზარდი მოსახლეობა მაშინ, როცა მარცვლეული კულტურის მოსავალი წლიდან წლამდე მცირდება. 
               ფაქტია, რომ მომავალში უპირატეს მდგომარეობაში ის ქვეყნები იქნებიან, ვინც ფლობს მიწასა და წყლის რესურსებს, ვინც სულ უფრო ავითარებს აგრარულ სექტორ და შესწევს უნარი შეინარჩუნოს ეს ზრდა; მას ვისაც შესწევს უნარი ჰქონდეს მსხვილფეხა საქონლის დიდი ფერმები და ვინც შეძლებს იყოს პროდუქტიული სახელმწიფო სუბსიდიების გარეშე. ეს ყველაფერი რომ შესაძლებელია, ამას ბრაზილიის მაგალითიც მოწმობს. 
               წარმატების მთავარი საიდუმლო – კომპანია mbrapa 
               ეს არის აბრევიატურა კომპანიისა Brazilian Agricultural Research Corporation, რომელიც 1973 წელს დაარსდა. როდესაც კომპანიამ დაიწყო თავის საქმიანობა და ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაარსა ფერმა, ბევრი სკეპტიკურად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას, რადგან მიიჩნევდნენ, რომ კომპანიის მიერ შერჩეული მიწები, სოფლის მეურნებისათვის უვარგისი იყო მაღალი მჟავიანობისა და ნაკლები ნოყიერების გამო. თუმცა კომპანიის მესვეურებს ხელი არ ჩაუქნევიათ და მათ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეს მიზნისკენ სვლა.
პირველი ნაბიჯი 
               მჟავიანობის შესამცირებლად კომპანიამ საკუთარი ფერმის მიწებზე დაიწყო ნიადაგის კირით გაზავება. 1990 წლისათვის ბრაზილიის მიწები ყოველწლიურად 14-16 მილიონი ტონა კირით ზავდებოდა, 2003-04 წლებისათვის ეს მაჩვენებელი უკვე 25 მილიონ ტონამდე გაიზარდა. Brazilian Agricultural Research Corporation-ის ხელმძღვანელობამ ნიადაგის გასანოყიერებლად სხვა საშუალებები და კონცენტრანტებიც გამოიყენა. შედეგად, დღეისათვის მას საკუთარ მიწაზე ბრაზილიის მთელი მოსავალის 70% მოჰყავს.
მეორე ნაბიჯი 
               კომპანიამ აფრიკიდან ჩამოიტანა და ბრაზილიაში გაავრცელა ბალახის სპეციალური ჯიში, რომელიც გაცილებით ნაყოფიერი და ვარგისი იყო ცხოველების საკვებად, ვიდრე ადგილობრივი ბალახი. ნაყოფიერი საკვების წყალობით, თუ ადრე ბრაზილიელები დასაკლავად საქონელს 4 წელი ზრდიდნენ, ახლა ამისათვის საკმარისია 18-20 თვე. ბრაზილიელები ამითაც არ კმაყოფილდებიან და აფრიკული ბალახის საშუალებით ახალი პროდუქტის გამოყვანას ცდილობენ.
მესამე ნაბიჯი 
               კომპანია Embrapa-მ სოიო გადააქცია ტროპიკულ მარცვლეულად. ეს არის მცენარე, რომელიც ტრადიციულად ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში მოდის და ზომიერი ჰავის კლიმატურ პირობებს საჭიროებს. ახლა ისEmbrapa-ის მეცნიერების წყალობით, ტროპიკულ კლიმატის პირობებშიც მოდის. უფრო მეტიც, ბრაზილიელმა მეცნიერებმა სოიოს ისეთი ჯიშიც გამოიყვანეს, რომელიც წლიწადში ორჯერ ასწრებს მოსავლის მოცემას. რაც თავისთავად მოსავლის წლიურ რაოდენობას მკვეთრად ზრდის და როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეს პროდუქტი ბრაზილიის საექსპორტო კალათის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. 
               ყოველივე ზემოთ თქმული ვერ მოხდებოდა, რომ არა ტექნიკური ინოვაციები, რომლის დანერგვა-განვითარებაზე ბრაზილიაში განსაკუთრებით ზრუნავენ. ასე რომ, კიდევ ერთი მინიშვნელოვანი წინაპირობა აგრარულ სექტორში წარმატების მოსაპოვებლად ტექნიკური სიახლეების დანერგვა და მათი ბოლომდე გამოყენებაა. 
               დღეს მსოფლიოში ბევრი სვამს კითხვას – შეიძლება თუ არა ბრაზილიური სასწაული სხვა ქვეყნებშიც განმეორდეს? მაგალითად, აფრიკაში. როგორც ბრაზილიელები ახლა აღნიშნავენ, მათი წარმატების სათავე სხვადასხვა კომპონენტების ნაზავია. ბრაზილიელები ახლა იმასაც იხსენებენ, რომ თავდაპირველად, ისევე, როგორც ბევრი განვითარებადი ქვეყანა, ისინიც შეეცადნენ მაგალითი განვითარებული ქვეყნიდან, ამ შემთხვევაში, აშშ-დან აეღოთ. მაგრამ სხვა ქვეყნის გამოცდილების ბრმად დანერგვის მეთოდმა არ გაამართლა. არაფერი გამოვიდა მანამ, სანამ საკუთარი რეალობის შესწავლა და მასზე მორგებული ცვლილებების განხორციელება არ დაიწყეს. 
               დღეს აფრიკელებსაც და არა მხოლოდ მათ შეუძლიათ ჩავიდნენ ბრაზილიაში და უკან რეკომენდაციებითა და რჩევებით დატვირთულნი დაბრუნდნენ, მაგრამ ეს შეიძლება სულაც არ იყოს საკმარისი წარმატების მისაღწევად – უკვე არსებული პრაქტიკის დანერგვა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ადგილობრივი პირობების გათვალისწინების გარეშე არაფრის მომტანი იქნება. შეიძლება იგივე ვთქვათ საქართველოზეც. ჩვენი ქვეყანა ტრადიციულად აგრარულ ქვეყნად მიიჩნევა და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგებს განვითარება მომავალში, მით უმეტეს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 
               ქართული სოფელი წლიდან წლამდე ძალას კარგავს 
               საქართველოს სოფლის მეურნეობა კი, ბოლო წლების განმავლობაში სულ უკან მიდის და ჯერჯერობით ჩვენს მიწაზე საკუთარი სამყოფი პროდუქტიც ვერ მოგვყავს, ექსპორტზე რომ არაფერი ვთქვათ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა წელს. ექსპერტების გათვლით, წლეულს 35-50%-ით შემცირდება ხორბლის, ყურძნის, ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა. 
               ამგვარი შედეგები მოსალოდნელიც იყო. 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში 800 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მუშავდებოდა. 2008 წელს ოფიციალური მონაცემებით კი, მხოლოდ 250 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი დამუშავდა, 2009 წელს – 300 ათასი ჰექტარი. სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი საერთოდ აღარ არსებობს. მაგალითად, აღარ იწარმოება თამბაქო. დღეს აბრეშუმზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, საქართველოში კი ეს დარგი, რომელიც ერთ დროს ჰყვავოდა, აღარ არსებობს. 
               რაც შეეხება ხორბალს, თუ წინა წლებში ეს კულტურა 150-200 ჰექტარზე ითესებოდა, ამჯერად ეს მაჩვენებელი 50-55 ჰექტრამდეა დასული. შესაბამისად, ქვეყანაში საერთო მოხმარების ხორბლის 80-85% იმპორტირებულია. საქართველოში 600-700 ათასი ტონა ხორბალი და ფქვილი შემოდის. წლეულს კი საკუთარ მიწაზე ხორბლის საერთო მოხმარების კიდევ უფრო შემცირებული მოსავალი მივიღეთ, რომელიც ნაცვლად წლიური 10-15%-ისა, 8-12-ს შეადგენს. 80%-მდეა შემცირებული ბოსტნეულით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელიც. ეს მონაცემები ტრადიციულად 100%-ზე ქვევით არ ჩამოდიოდა. 
               წელს ჩვენს ქვეყანაში კარტოფილის მოსავალიც მინიმუმამდე შემცირდა. “კარტოფილის მწარმოებელთა კავშირის” ინფორმაციით, კარტოფილის მთელი მოსავალი წელს ქვეყნის მოხმარების მხოლოდ 40%-ს დააკმაყოფილებს. კარტოფილის მოსავალზე დიდი გავლენა ჯერ კიდევ გაზაფხულზე თავს დატეხილმა კოკისპირულმა წვიმებმა მოახდინა. კარტოფილი სოკოსებრი ავადმყოფობით დაავადდა, შედეგად მოსავლის 25 პროცენტი გაფუჭდა, დარჩენილი მოსავლის უმეტესობის ხარისხი კი დაეცა. იმპორტირებული კარტოფილი საქართველოში მცირე მეწარმეებს უმეტესად ზამთრის თვეებში, სომხეთიდან შემოაქვთ. შედარებით მცირე მოცულობით კი ბაზარზე ირანული და თურქული კარტოფილიც გვხვდება. 
               ბევრ უცხოელ ექსპერტს უკვირს, თუ რატომ ხორციელდება საქართველოში კარტოფილის იმპორტი, როდესაც ქართულ მიწაზე ეს კულტურა შესანიშნავად მოდის. ამაზე ერთადერთი პასუხი შეიძლება არსებობდეს – საქართველოში აგრარულ წარმოებას სათანადო ყურადღება არ ექცევა. ნათელია, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სისტემური მიდგომა არ არსებობს. 
               არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან ჯეროვანი დაფინანსება.  ევროკავშირის ექსპერტები ხელისუფლებას სექტორის დაფინანსების გაზრდას ურჩევენ. რადგან მიიჩნევენ, რომ საქართველოში ეკონომიკის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას ხელს უშლის სოფლის მეურნეობის სექტორის არასაკმარისი დაფინანსება. მათი გათვლებით, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სახელმწიფოსგან ამ ეტაპზე 300 მილიონი ლარის გამოყოფაა საჭირო. 
               მაგრამ ამის საპირისპიროდ, “აგრარული ქვეყნის” წლევანდელ სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობა დაზარალდა. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებას მთავრობა პრიორიტეტად აღიარებს, მისი ბიუჯეტი თითქმის 55%-ით შემცირდა. შესაბამისად, გაუქმდა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი ბევრი პროგრამა. სოფლის მეურნეობის წლევანდელი ბიუჯეტი 55,348 მილიონ ლარს შეადგენს, შარშან ეს მაჩვენებელი 113,248 მილიონი იყო. ის, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყანაში არათუ ვითარდება, არამედ უკან მიდის, სხვა სტატისტიკური მონაცემებიც  ცხადყოფს. კერძოდ, შარშან სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება 4 წლით უკან დაიწია და 2005 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა. 2009 წელს 2,117 მილიონი ლარის პროდუქციაა წარმოებული, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2010 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი მხოლოდ 9%-ია და მას ეკონომიკის ყველა დარგი უსწრებს. 
               საქართველოს სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების პრობლემები კი ცალკე წერილების თემაა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ბრაზილიის მაგალითის გათვალისწინებით, მით უმეტეს მაშინ თუ მას ფეხს სხვა აგრარული ქვეყნებიც აუწყობენ, 2050 წლისათვის შიმშილის თავიდან აცილება რეალური ჩანს.