ევროპელები კაპიტალის დაკარგვის შიშმა შეიპყრო

რედაქციისგან 

               აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის ივლისში აშშ-ში კაპიტალის მოდინებამ 63,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, სამინისტროს მოხსენების მიხედვითვე, იგივე მაჩვენებელმა ამავე წლის ივნისში, გადასინჯული მონაცემით, 5,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. უცხოელების მხრიდან ამერიკული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების შესყიდვის მოცულობამ შეადგინა 73,8 მილიარდი დოლარი (ივნისში ეს მაჩვენებელი 33,9 მილიარდი იყო). ხოლო რაც შეეხება მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფულადი ვალდებულებების შესყიდვის მოცულობის მაჩვენებელს უცხოელების მხრიდან, შეადგინა 40, 1 მილიარდი დოლარი (ერთი თვით ადრე ეს მაჩვენებელი 10,6 მილიარდი იყო). რაც შეეხება კაპიტალის გადინებას, რომელიც წარმოიშვა ამერიკული და უცხოური ბანკების კუთვნილ ფულად ვალდებულებებს შორის განსხვავებით, 2010 წლის ივლისის შედეგებით შეადგინა 20,4 მილიარდი დოლარი (ერთი თვით ადრე დაფიქსირდა 39,4 მილიარდი დოლარი). 

               აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 2010 წლის აგვისტოში შეადგინა 90,53 მილიარდი დოლარი, რომელიც გასულ წელთან შედარებით შემცირებულია 14,3%-ით. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ. ამასთან, 2009-2010 ფინანსური წლის 11 თვის მონაცემებით, რომელიც აშშ-ში დასრულდა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა 1,260 ტრილიონი დოლარი. თეთრი სახლის შეფასების თანახმად, სულ ახლახან დასრულებული ფინანსური წლის ამერიკული ბიუჯეტის დეფიციტი 1,56 ტრილიონი დოლარი იქნება, ანუ ქვეყნის მშპ-ის 10,6%. ასე რომ, 2009-2010 ფინანსური წელი ზედიზედ უკვე მეორეა, რაც აშშ-ში ტრილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დეფიციტი ფიქსირდება. 
               აშშ-ი ფასები იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე 2010 წლის აგვისტოში თვიური გამოთვლით 0,6%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურით – 4,1%-ით. ეს მონაცემები ქვეყნის შრომის სამინისტრომ გამოაქვეყნა. ფასები საექსპორტო საქონელზე მიმდინარე წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,8%-ით, ხოლო წლიური გამოთვლით, 4,1%-საც გადააჭარბა. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ თვიური გამოთვლით ფასები იმპორტზე 0,3%-ით, ხოლო ექსპორტზე 0,2%-ით გაიზრდებოდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ში იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები 0,1%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე – 0,2%-ით. 
               2010 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით აშშ-ში სამომხმარებლო ფასები 0,3%-ით გაიზარდა. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა ქვეყნის შრომის სამინისტრომ. თუ გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელს შედარებით, ვნახავთ, რომ ის 1,1%-ით არის გაზრდილი. სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით, აგვისტოში თვიური გამოთვლით არ შეცვლილა. დაზსუტებული მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში იგივე ინდექსი 0,1%-ით გაიზარდა, რაც წინასწარ გამოქვეყნებულ მონაცემს დაემთხვა. 
               მიმდინარე წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით სამრეწველო ფასები აშშ-ში 0,4%-ით გაიზარდა. ეს მონაცემები ქვეყნის შრომის სამინისტრომ გამოაქვეყნა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი თვიური გამოთვლით 0,3%-ით გაიზრდებოდა. თუ სამრეწველო ფასებს გასული წლის აგვისტოს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ის 3,1%-ით არის გაზრდილი. 2010 წლის ივლისში აშშ-ის მწარმოებლების ინდექსი თვიური გამოთვლით 0,2%-ით არის გაზრდილი. სამრეწველო ფასები კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გათვალისწინების გარეშე აშშ-ში მიმდინარე წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის აგვისტოსთან შედარებით – 1,3%-ით. 2010 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი თვიური გამოთვლით გაიზარდა 0,3%-ით. 
               2010 წლის აგვისტოში სამრეწველო წარმოება აშშ-ში გასულ თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა, ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ თავის მოხსენებაში. წლიური გამოთვლით აშშ-ის სამრეწველო წარმოება მიმდინარე წლის აგვისტოში 6,2%-ით არის გაზრდილი. იგივე პერიოდში გამოყენებული სამრეწველო სიმძლავრეების მოცულობამ შეადგინა 70%, ხოლო ივლისის გადასინჯული მონაცემებით, სამრეწველო წარმოების მოცულობა თვიური გამოთვლით გაიზარდა 0,6%-ით, ხოლო გამოყენებული სამრეწველო სიმძლავრეების კოეფიციენტმა შეადგინა 74,6%. 
               აშშ-ის საგადამახდელო ბალანსი 2010 წლის II კვარტალში I კვარტალთან შედარებით 123,3 მილიარდ დოლარამდე, ანუ 13%-ით გაიზარდა. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის ბიურომ. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 125,0 მილიარდი დოლარი იქნებოდა. საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის I კვარტალის მაჩვენებელი გადასინჯულია ზრდის მიმართულებით – 109,0-დან 109,2 მილიარდ დოლარამდე. საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის ზრდა II კვარტალში I კვარტალთან შედარებით უმთავრესად განპირობებულია საგარეო ვაჭრობის დეფიციტის ზრდით – 169,0 მილიარდ დოლარამდე 151,3 მილიარდი დოლარიდან – ნათქვამია აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მოხსენებაში. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, აშშ-ში წმინდა კაპიტალის მოდინება II კვარტალში 36,6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა I კვარტლის 34,7 მილიარდ დოლართან შედარებით. 
               აშშ-ში საცალო ვაჭრობის მოცულობამ 2010 წლის აგვსიტოში 0,4%-ით მოიმატა წინა თვის 363,7 მილიარდ დოლართან შედარებით – აღნიშნულია ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მოხსენებაში. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით საცალო ვაჭრობის მოცულობა აშშ-ში გაზრდილია 3,6%-ით. გადასინჯული მონაცემებით, ივლისის მაჩვენებელი თვიური გამოთვლით მომატებულია 0,3%-ით. 
               წარმოებული საქონლის, მაკომპლექტებლებისა და ნახევარფაბრიკატების მარაგები აშშ-ის საწყობებში 2010 წლის ივლისში ივნისთან შედარებით გაიზარდა 1%-ით – განაცხადა ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრომ. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას თვიური გამოთვლით 0,7%-მდე ელოდნენ. წლიური გამოთვლით ეს მაჩვენებელი 2,4%-ით არის გაზრდილი. ამერიკული საწარმოების გაყიდვები მიმდინარე წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის ივლისთან შედარებით – 9,2%-ით. 
               ევროზონა 
               2010 წლისთვის ევროზონაში მშპ-ის ზრდის პროგნოზი ევროკომისიამ გაზარდა 1,7%-მდე. წინა პროგნოზი, რომელიც გამოქვეყნდა გაზაფხულზე, იყო – 0,9%. აწეულია ევროკავშირის ეკონომიკის ზრდის პროგნოზიც – 1,0%-დან 1,8%-მდე. ამასთან, ევროკომისიის ანალიტიკოსებს არ შეუცვლიათ 2010 წლის ინფლაციის მაჩვენებელი და იგი დატოვეს 1,8%-ის დონეზე ევროკავშირისთვის, ხოლო ევროზონისთვის 1,4%. როგორც ევროპული ორგანიზაციის მოხსენებაშია ნათქვამი, მპშ-ის ზრდის ასეთი მაღალი პროგნოზი დაკავშირებულია მიმდინარე წლის II კვარტალში მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდასთან  (ევროს მიმოქცევის ზონაში II კვარტალში მშპ წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია 1%-ით). ამასთან ერთად, ევროკომისიის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს ევროკავშირის ქვეყნებში შიდა მოთხოვნის გამოცოცხლება, განსაკუთრებით გერმანიაში – ევროკავშირის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში. ასეთი მონაცემების მიუხედავად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2010 წლის მეორე ნახევარში მშპ-ის ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში შენელდება, თუმცა, ამასთან, რეცესიის მეორე ტალღა გამორიცხეს. მთლიანობაში, მოხსენების თანახმად, ეკონომიკის აღდგენა საკმაოდ ფაქიზი პროცესი იქნება, ხოლო “გაურკვევლობის მაჩვენებელი” და ერვოკავშირის ქვეყნებს შორის განსხვავება – საკმაოდ მაღალი. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკომისიის ექსპერტებმა გერმანიის ეკონომიკის ზრდის ტემპის პროგნოზი 2010 წლისთვის აამაღლეს და სავარაუდოდ იგი 3,4% იქნება (ბოლო შეფასება 1,2%). გერმანიის ეკონომიკა ზედიზედ ხუთი კვარტლის განმავლობაში სწრაფ აღმავლობას აჩვენებს (2009 წლის II კვარტლიდან). ექსპერტებმა ასევე ასწიეს საფრანგეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზიც 1,6%-მდე 1,3%-დან. 
               ევროზონაში სამომხმარებლო ფასები Eurostat-ის საბოლოო მონაცემების მიხედვით, 2010 წლის აგვისტოში წლიური გამოთვლით 1,6%-ით გაიზარდა, რაც დაემთხვა კიდეც ანალიტიკოსების მიერ გაკეთებულ პროგნოზს. აგვისტოში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0,2%-ით გაიზარდა. ევროზონაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,7%-ით გაიზარდა. 2010 წლის აგვისტოში ევროკავშირის 27 ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 2,0%-ით გაიზარდა წლიური გამოთვლით და 0,2%-ით თვიური გამოთვლით. 
               ევროზონის სამრეწველო წარმოება 2010 წლის ივლისში გასულ თვესთან შედარებით არ შეცვლილა, იტყობინება Eurostat თავის მოხსენებაში. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას თვიური გამოთვლით 0,1%-ით ელოდნენ. წლიური გამოთვლით ეს მაჩვენებელი 7,1%-ით არის გაზრდილი, გადასინჯული მონაცემების თანახმად, 2010 წლის ივნისში თვიური გამოთვლით წარმოების მოცულობა 0,2%-ით შემცირდა. ევროკავშირის 27 ქვეყანაში სამრეწველო წარმოება მიმდინარე წლის ივლისში თვიური გამოთვლით გაზრდილია 0,1%-ით, ხოლო წლიურით – 6,8%-ით. 
               2010 წლის ივლისში ევროზონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა 6,74 მილიარდი ევრო შეადგინა, ასეთი ინფორმაცია გამოაქვეყნა ევროპულმა სტატისტიკურმა სააგენტო Eurostat-მა. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ სავაჭრო ბალანსის პროფიციტი 1,3 მილიარდი ევრო იქნებოდა. 2010 წლის ივნისში ევროზონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა 2,2 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო 2009 წლის ივლსში – 11,9 მილიარდი ევრო. ევროზონაში შემავალი 16 ქვეყნის ექსპორტის მოცულობა, 2010 წლის ივლისში წლიური გამოთვლით გაიზარდა 18%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა – 24%-ით. თვიური გამოთვლით, სეზონური კორექტირების გათვალისწინებით, ევროზონის ექსპორტი მიმდინარე წლის ივლისში 0,6%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი – 1,5%-ით. სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა მიმდინარე წლის ივლისში ევროკავშირის 27 ქვეყანაში შეადგინა 5,7 მილიარდი ევრო, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი იყო 0,5 მილიარდი ევრო. 
               საფრანგეთი 
               საფრანგეთში 2010 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0,2%-ით გაიზარდა, ასეთი მონაცემი გამოაქვეყნა საფრანგეთის ეროვნულმა სტატისტიკურმა ბიურომ Iნსეე. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,3%-ით გაიზრდებოდა. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით საფრანგეთში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 1,4%-ით მოიმატა. სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასები თვიური გამოთვლით არ შეცვლილა, ხოლო წლიურით – 1,4%-ით გაიზარდა. 
               საფრანგეთის საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2010 წლის ივლისში (ცვლილებების გათვალისწინებით) შეადგინა 2,2 მილიარდი ევრო, ივნისში კი – 2,7 მილიარდი ევრო. 
               დიდი ბრიტანეთი 
               დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, 2010 წლის აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 3,1%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ზრდა 3,0%-იანი იქნებოდა. 2010 წლის აგვისტოში თვიური გამოთვლით სამომხმარებლო ფასები 0,5%-ით გაიზრდა. სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი წლიური გამოთვლით (ენერგომატარებლების, კვების პროდუქტების, ალკოჰოლისა და თამბაქოს ფასების გამოკლებით) მიმდინარე წლის აგვისტოში 2,8%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის ივლისში ამ მაჩვენებლის ზრდამ შეადგინა 2,6%. თვიური გამოთვლით სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი აგვისტოში გაიზარდა 0,7%-ით, ხოლო ივლისში დაიკლო 0,4%-ით. 
               დიდ ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში 2010 წლის აგვისტოში საცალო გაყიდვების მოცულობა წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,5%-ით. ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,3% იქნებოდა. საცალო გაყიდვების მოცულობა წლიური გამოთვლით აგვისტოში გაზრდილია 0,4%-ით, ხოლო ივლისში წინა თვესთან შედარებით გადასინჯული მონაცემებით ეს მაჩვენებელი გაზრიდლია 0,8-ით (პირვანდელი შეფასებით, 1,1%) და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,0%-იანი ზრდაა დაფიქსირებული თავდაპირველი 1,3%-იანი ზრდის ნაცვლად. 
               დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 2010 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და 4,5% შეადგინა, რაც დაემთხვა კიდეც ანალიტიკოსების მოლოდინს. აგვისტოში უმუშევრობის შემწეობისთვის სახელმწიფოს 2,3 ათასი ადამიანით მეტმა მიმართა, ვიდრე მიმდინარე წლის ივლისში. 
               დემოკრატები აშშ-ის მოსახლეობის ნდობას კარგავენ 
               აშშ-ის მაკროეკონომიკურ სტატისტიკურ მონაცემებში სექტემბრის ბოლო კვირას სხვადასხვა მიმართულების დინამიკა შეიმჩნეოდა. მწარმოებლების ინდექსი აგვისტოში 3,1%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები 3%-იან ზრდას ელოდნენ. მწარმოებელთა ფასების ინდექსმა თვიდან თვემდე 0,4% შეადგინა, რაც ექსპერტულ ენაზე ეკონომიკური აქტივობის ზრდას ნიშნავს. ამ ინდექსის გაზრდისას შეიძლება აშშ-ში დეფლაციის რისკების შემცირებაზე საუბარი. ამგვარად, ინდექსის ასეთმა მნიშვნელმა გაზარდა მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის “მოწყვეტა” იაპონიის განვითარების სცენარისგან, რომელიც დეფლაციას შიდა მსყიდველობითი მოთხოვნის შემცირების გზით ებრძვის. თუმცა, თუ ამ მაჩვენებლიდან შედარებით ვალატიურ კომპონენტებს ამოვიღებთ, ანუ კვების პროდუქტების, ელექტროეენერგიისა და ენერგომატარებლების ფასებს, სამწუხარო სურათს მივიღებთ. მწარმოებელთა ფასების აგვისტოს ინდექსი 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,3%-ით გაიზარდა, ეს დაემთხვა კიდეც კონსესუს-პროგნოზს, გარდა ამისა, 2 საბაზისო პუნქტის მაჩვენებელი დაბალია ივლისის მაჩვენებელთან შედარებით. რაც შეეხება თვიდან თვემდე შედარებას, მწარმოებელთა ფასების ინდექსმა 0,1%-იანი კლება აჩვენა, რაც აქტივობის შენელების ერთობ ნეგატიური ინდიკატორია. სიტუაცია გააუარესა სამომხმარებლო თავდაჯერებულობის ინდექსმა, რომელსაც Reuters და მიჩიგანის უნივერსიტეტი ერთობლივად ანგარიშობენ. მისი მნიშვნელობა სექტემბრის შუა რიცხვებისთვს წლიურ მინიმუმამდე დაეცა და 66,6 პუნქტი შეადგინა. კონსესუსური შეფასება 70,3 პუნქტს პროგნოზირებდა. მომხმარებლები ვერ ხედავენ დემოკრატების ადმინისტრაციის მოღვაწეობის ეფექტიან შედეგებს. უმუშევრობის დონე, რომელსაც დამოუკიდებელი სააგენტო Gallup საზღვრავს, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის აგვისტოს 9,3%-დან 9,4%-მდე ავიდა, ხოლო ივლისში – 8,9%-მდე. გარდა ამისა, Gallup-ის ბოლო გამოკვლევების თანახმად, ამერიკელების უმეტესობა უკმაყოფილოა შრომის ბაზართან მიმართებაში აშშ-ის კონგრესის მოქმედებებით: გამოკითხულთა მხოლოდ 18%-ს მოსწონს კონგრესის პოლიტიკა. სააგენტოს გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსალოდნელ არჩევნებზე ამერიკელებს ურჩევნიათ კონგრესში ის რესპუბლიკელი იხილოს, რომლსაც იქ არასოდეს უმუშავია, ამ ვარიანტს დადებითი პასუხი გამოკითხულთა 63% გასცა. დემოკრატების ელექტორატი უპირატესობას კონგრესში მომუშავე კანდიდატებს ანიჭებს, ვიდრე ახალებს. დამოუკიდებელი რესპოდენტები (მოქალაქეები, რომლებიც არც ერთ პარტიას არ განეკუთვნებიან) უპირატესობას ასევე რესპუბლიკელ კანდიდატს ანიჭებენ, მხოლოდ ისეთს, რომელიც ადრეც მუშაობდა კონგრესში. ამ ვარიანტს უპარტიო რესპოდენტთა 48%-მა მისცა ხმა. ასე რომ, იმის შესაძლებლობა, რომ დემოკრატები კონგრესში თავიანთ პოზიციებს დაკარგავენ, ძალიან მაღალია. მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს თემები, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო შეღავათებთან. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ განსხვავებული შემოსავლების მქონე მოსახლეობისთვის შემოღებული საგდასახადო შეღავათების მოქმედების ვადა წლის ბოლოს იწურება. ობამას ადმინისტრაცია ამ პოლიტიკის გაგრძელებას მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილისთვის აპირებს, ვისაც დაბალი შემოსავლები აქვს. საგადასახადო შეღავათები ქვეყანაში სამომხმარებლო მოთხოვნის სტიმულირებას უწყობს ხელს. საოჯახო მეურნეობის ხარჯები მთლიანი ხარჯების  70%-ს შეადგენს აშშ-ის მშპ-ში, ამიტომაც არის მიპყრობილი ამ მაჩვენებლის სტიმულირებისკენ საზოგადოებრიობის ასეთი ყურადღება. ასე რომ, თუკი ახლანდელი ადმინისტრაცია საგადასახადო შეღავათებს არ გაავრცელებს მოსახლეობის სხვა ფენებზეც, ეს დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს სხვადასხვა წრეებში. უორენ ბაფეტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე თანამედროვე საგადასახადო დაბეგვრაზე საუბრისას განაცხადა: “დღეს, როცა მილიარდელი ვარ, უფრო ნაკლებ საგადასახადო ტვირთს ვგრძნობ, ვიდრე მაშინ, როცა ნაკლები ფული მქონდა და გადასახადებს ვიხდიდი ჩემი შემოსაველბის პირველი 75 ათასი დოლარიდან. თუ გავაერთიანებთ ყველა გადასახადს, ვნახავთ, რომ აშშ-ში პრაქტიკულად დაბეგვრის სიბრტყული სისტემა მოქმედებს, რაც საშუალებას გვაძლევს ისეთ ადამიანებს, როგორიც ვარ მე და ვთქვათ, ბილ გეითსი, უფრო თავისუფლად ვისუნთქოთ, ვიდრე სხვა ამერიკელებმა, რომელთაც მხრებზე აწევთ საგადასახადო ტვირთის დიდი ნაწილი. გარდა ამისა, მე და ბილ გეითსს ყოველთვის გვაქვს საშუალება დივიდენდების გადახდით მოგება გავანწილოთ – სქემა, რომელიც გადასახადების თვალსაზირისით ძალიან შეღავათიანია. მიუხედავად იმისა, რომ შეძლებულ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, მიმაჩნია, რომ ბილთან ერთად მეტს უნდა ვიხდიდეთ და ამიტომაც აშშ-ში პროპორციული დაბეგვრის სისტემის მომხრე ვარ”. 
               სავალუტო 
               ინტერვენციები და 
               “მომჭირნეობის 
               პარადოქსი” იაპონიაში 
               ევროპისა და აშშ-ის ინტერესების საზიანოდ, იაპონიაში მაინც ჩაუშვეს ცალმხრივი სავალუტო ინტერვენციის მექანიზმი და ზუსტად 16 სექტემბერს იაპონიის ვალუტა 3 იენით გაძვირდა და 1 დოლარი 85,7 იენი ღირდა. იაპონური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონაცემებით, ამ ოპერაციაზე იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა დაახლოებით 2 ტრილიონი იენი (20 მილიარდ დოლარზე მეტი) დახარჯა. იაპონიის ფინანსთა მინისტრის, ესიხიკო ნოდის ოფიციალური განცხადების თანახმად, იენის კურსის სტაბილიზაციისთვის ქვეყნის მთავრობა იძულებული გახდა ცალმხრივი სავალუტო ინტერვენცია განეხორციელებინა. სექტემბრის დასაწყისში იენის კურსმა თავის 15-წლიან მინიმუმს მიაღწია (დოლარი/82 იენი), რომელიც იაპონიის მთავრობის განცხადებით, უკანასკნელი ზღვარი იყო, რის შემდეგადაც ინტერვენცია გარდაუვალი იყო. 
               შეგახსენებთ, რომ “ა” ქვეყნის ნაციონალური ვალუტის “ბ” სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტის მიმართ გამყარებისას, ექსპორტიორი კომპანიების პროდუქცია, ვისი ვალუტაც გამყარდა, შესყიდვისას უფრო ძვირი ხდება, რადგან სავაჭრო პარტნიორისგან “ბ” ქვეყანაში უფრო მეტ ვალუტას ითხოვენ 1 ერთეულ გამყარებულ “ა” ქვეყნის ვალუტისთვის. ამასთან, თუკი ექსპორტის მოცულობის შემცირების ეფექტი გადაწონის ექსპორტის ღირებულების შედარებით გაზრდის ეფექტს (უცხოურ ვალუტაში), ამ შემთხვევაში საუბრობენ იმ ქვეყნის ექსპორტის ვარდნაზე, რომლის ვალუტაც გამყარდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ექსპორტირებული საქონლისა და მომსახურების მოცულობის თვალსაზრისით, იაპონია მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს ჩინეთის, გერმანიისა და აშშ-ის შემდეგ, ნათელი ხდება რამდენად მნიშვნელოვანია ექსპორტიორების კეთლდღეობა იაპონური ეკონომიკის ზრდისთვის. იაპონიის ხელისუფლებამ ასეთი დიდი ინტერვენცია 2003 წლის იანვარ-2004 მაისში განახორციელა, მაგრამ მაშინ დახარჯული ფული 15,9-ჯერ აღემატებოდა ახლანდელს. იაპონიის ოფიციალური პირების განცხადებით, ინტერვენცია მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა, რამდენ ხანს ეყოფა ქვეყანას რეზერვები, ეს საკითხი ჯერ ღიად რჩება. ნოდის განცხადებით, იაპონიის მთავრობა არ ებღაუჭება იენის კურსის რაიმე კონკრეტულ ნიშნულს, რომლის შენარჩუნებისთვის მთელ ძალას და სახსარს დახარჯავდა. მათი მიზანია კურსის ვალატიურობის შემცირება. ნათელია, რომ ინტერვენციას თანაბრად ჰქონდა პოლიტიკური და მაკროეკონომიკური შეფერილობა – ეს უკანასკნელი იმიტომ, რომ ინტერვენციისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობდა, ხოლო პოლიტიკურს რაც შეეხება, იმიტომ, რომ ამ ინტერვენციამ მნიშვნელოვნად გაზარდა პრემიერ კანის პოპულარობა. ოპოზიციის მხირდანაც ხშირად ისმოდა დეფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის თაობაზე განცხადებები. აქ რამდენიმე დეტალზე ღირს შეჩერება და ყურადღების გამახვილება. დეფლაციის, დაბალი საპროცენტო განაკვეთის და პოლიტიკურად არასტაბილურობის პირობებში ზოგჯერ შესამჩნევია ასე ვთქვათ, მომჭირნეობის პარადოქსი. მოკლედ მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეულ გარემოებებში ერი მიისწრაფის გაზარდოს, შეინარჩუნოს თავისი სიმდიდრე დანაზოგების გზით, თუმცა აგრეგირებული მასშტაბით ეს მშპ-ის შემცირებას იწვევს, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის ვარდნას და დანაზოგების შემცირებას იწვევს. 
               თუკი ამ ფორმულას იაპონური ეკონომიკისთვის გამოვიყენებთ (თუმცა ეს სცენარი შესაძლოა დიდ ბრიტანეთზეც გავრცელდეს), რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში (0,1%) იზრდება საპენსიო ვალდებულებები იმისდა მიუხედავად, როგორ ხდება პენსიების დაგროვებითი ნაწილის ფორმირება (ხელისუფლების თუ კერძო პირების ხარჯზე), დაბალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში ინდივიდი დანაკარგებს განიცდის. თუკი პენსიას განვიხილავთ, როგორც თანხას, რომელიც საჭიროა მომავალში გარკვეული შემოსავლის უზრუნველსაყოფად, დაბალი პროცენტისას აუცილებელია იმ ბაზის გაზრდა, რომლიდანაც მომავალში ის გადაიხდება, იმისთვის, რომ მომავალი შემოსავლის გარკვეულ დონეს შეესაბამებოდეს. ბაზის გარზდას, შესაბამისად, სჭირდება საპენსიო ფონდებში გადარიცხვების გაზრდა უკვე დღეს. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს დანაზოგის გაზრდას მიმდინარე პერიოდში. იაპონელი ინვესტორები ისე მიეჩვიენ დაზოგვას, რომ მზად არიან 1-2%-იანი შემოსავლიანობის სახელმწიფო ბონდები შეისყიდონ, ასეთი დინამიკას მოთხოვნის მხრიდან მივყავართ განაკვეთების უფრო დიდ შემცირებასთან და ციკლი მეორდება, მცირდება მოთხოვნა და მშპ-ის ზრდის მულტიპლიკატორის ეფექტიც. გარდა ამისა, დაბალ საპროცენტო განაკვეთის პირობებში, მომავალი კეთილდღეობა, როგორც წესი, გადადის კრედიტორებიდან მსესხებლებზე. ახლა ასეთი “იაპონური სცენარი” ადვილი მოსალოდენელია დიდ ბრიტანეთშიც განვითარდეს. 
               როგორც ზემოთ მოყვანილი ლოგიკიდან სჩანს, მშპ-ის მომავალი ზრდისთვის მიმდინარე შიდა მოთხოვნის სტიმულირება არც ისე მარტივი ამოცანაა. იაპონიაში კი ამის გადაჭრა უფრო რთულდება მოსახლეობის დეფლაციური მოლოდინების მიზეზით. უფრო ადვილია ექსპორტით ზრდაზე კონცენტრირება, ამ მიზნისთვის ყველა საშუალება კარგია, ალბათ ფიქრობს პრემიერი კანი და სავალუტო ინტერვენციაც ამის დასტურია. 
               იმდენად, რამდენადაც ინტერვენციას ცალმხრივი ხასიათი ჰქონდა, იაპონიასა და მის დასავლელ პარტნიორებს (აშშ, ევროპა) შორის დაძაბულობა ალბათ გაიზრდება. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოკლევადიანი ინტერვენცია შესამჩნევ შედეგს ვერ მოიტანს თუ არ შეიცვლება ფუნდამენტალური ფაქტორები. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც არ იზიარებენ ამ თვალსაზრისს, მათ შორის, ერთობ პატივსაცემი სააგენტო ჩაპიტალ ეცონომიცს-ის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ იაპონიის გაზრდილი პოლიტიკური რისკები, ასევე აშშ-ისა და ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შეცვლილი პროგნოზები, რომლებიც იაპონიის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან, დაჩრდილავენ იენის სტატუსს, როგორც ინვესტორების თავშესაფრის და წლის ბოლოს ჩვენ ვნახავთ, რომ დოლარი 90 იენი ეღირება. 
               გერმანელი 
               ბიზნესმენები პანიკამ მოიცვა – რამდენად სამართლიანად? 
               რამდენადაც ბუნდოვანი ხდება ევროპის ეკონომიკის ზრდის მომავალი, როგორც მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის წარმატებით გაგრძელების პერსპექტივა, იმდენად უარესდება ევროპელი მრეწველებისა და ინვესტორების განწყობაც, რომლებიც თავიანთი კაპიტალის დაკარგვის შიშმა შეიპყრო. ევროპის საქმიან წრეებში, ისევე, როგორც გერმანიის ბიზნესმენებს შორის ძლიერდება რეგიონის ეკონომიკის მომავლისადმი შიში. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვარტალში გერმანული ეკონომიკის ზრდის ტემპმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ბოლო ოცი წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ნიშნული აჩვენა, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეკონომიკური ზრის შენელება გარდაუვალია. ასეთ განწყობას ZEW-ის კვლევითი ცენტრის გამოკვლევებიც ცხადყოფს, ბოლო მონაცემებით, გერმანიისა და ევროზონის საქმიან წრეებში ოპტიმიზმი იკლებს, სექტემბერში ინვესტორებსა და ანალიტიკოსებს შორის უახლესი ნახევარი წლის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მოლოდონის ინდიკატორი ძEჭ შურვეყ (Eცონომიც შენტიმენტ) ევროზონაში აგვისტოს 15,8 პუნქტიდან 4,4 პუნქტამდე დაეცა, მაშინ, როცა მხოლოდ 14,5-იანი ვარდნის მოლოდინი იყო. გერმანიაში ეს მაჩვენებელი აგვისტოს 14,0 პუნქტიდან 19 თვის მანძილზე მინიმალურ დონეზე (-4,3) დაეცა. ამასთან, გერმანიაში მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციის მაჩვენებელი ZEW Survey (Current Situation) სექტემბერში ბოლო მონაცემიდან – 44,3 პუნქტიდან 59,9 პუნქტამდე ავიდა, ზედიზედ მეორე თვეა, რაც ინსტიტუტ ZEW-ის ექსპერტების გამოკვლევები ასეთ სერიოზულ ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს აქვეყნებს. ერთი მხრივ, II კვარტალში მიღწეულმა შედეგებმა გამორიცხულია არ ასახოს ეკონომიკის რეალური მდგომარეობისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, მაგრამ მეორე მხრივ, გერმანული ეკონომიკის მომავალი მდგომარეობის ინდიკატორის ვარდნა სავსებით კანონზომიერი რეაქციაა მთელს მსოფლიოში სტიმულირების მოწოდებაზე, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირებაზე, განსაკუთრებით ევროპაში. თანაც, ანგელა მერკელმა უკვე დაამტკიცა ბიუჯეტის უპრეცენდენტო შემცირების პროგრამის ფარგლებში ბანკების, ავიაკომპანიებისა და ატომური სადგურებისთვის გადასახადების გაზრდა. ეს პროგრამა, რომელიც გახდა სახელმწიფო ხარჯების შემცირების შედეგი, მოწოდებულია გერმანიის სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირებაზე 2011-დან  2014 წლამდე 81,6 მილიარდი ევროთი. შეუძლებელია არ გავითვალისწინოთ ზოგიერთი პერიფერიული ევროპული სახელმწიფოს სავალე პრობლემები, რომლებთაც შეუძლიათ რეგიონში ეკონომიკური ვარდნა გააძლიერონ. გერმანელი ბიზნესმენებისა და ინვესტორების თავდაჯერებულობა წარმატებულ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით უკვე მეხუთე თვეა ვარდება, თუმცა ასეთი პესიმიზმი, რაც სექტემბერში დაფისქირდა 2009 წლის თებერვლის შემდეგ არ ყოფილა, ანუ სექტემბერი ამ თვალსაზრისით ჰგავს პერიოდს, როცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი თითქმის პიკს აღწევდა. რა არის ეს? პანიკა? მეორე რეცესიის მოლოდინი? სავსებით შესაძლებელია. მსოფლიოში ეკონომიკური სიტუაცია ხომ უფრო დრამატულად ვითარდება, ვიდრე ამას წამყვანი ექსპერტები მოელოდნენ. ამერიკული ეკონომიკა უფრო მეტად შენელდა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა, ევროპაშიც კითხვის ნიშნის ქვეს დგას პერიფერიული ქვეყნების ფინანსური მდგომარეობა – პორტუგალიიდან ირლანდიამდე, ხოლო აზიაში განვითარებადი ქვეყნები სულ ცოტა ხნის წინ ეკონომიკური ზრდის სასწაულების დემონსტრირებას ახდენდნენ, მაგრამ დღეს დაჩქარებული ტემპებით ეკონომიკური აქტივობის ვარდნას აფიქსირებენ. 
               იქნებ, არც ღირს ასე დრამატულად ვუყუროთ მომავალს, ზრდის შემდეგ ვარდნა გარდაუვალი იყო. უკვე ივლისში შეინიშნებოდა სამრეწველო შეკვეთების შემცირება, ისევე, როგორც აქტივობისა დამამუშავებელ მრეწველობასა და მომსახურების სფეროში. გარდა იმისა, რომ შიდა მოთხოვნის ზრდა არ არის მოსალოდნელი, გერმანელი მრეწველები შეშფოთებულები არიან ქვეყნის საზღვრებს გარეთაც მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებით. თუმცა, როგორც არ უნდა შენელდეს მსოფლიო ეკონომიკა, გერმანული საქონელი მაინც დარჩება ყველაზე კონკურენტუნარიანად მსოფლიოში არა მხოლოდ მაღალი ხარისხის, არამედ ევროპული ვალუტის დასუსტების გამოც, რომელიც მხოლოდ ამ წლის დასაწყისიდან ამერიკულ ვალუტასთან მიმართებაში 10%-ით დაეცა და ჯერჯერობით, როგორც ბოლო დროის ეკონომიკური სტატისტიკა ცხადყოფს, გერმანულ პროდუქციაზე მოთხოვნის გამო შეშფოთება არ ღირს. ორი უმსხვილესი ევროპული ავტოკონცერნი Bayerische Motorenwerke AG და Volkswagen AG ჩინეთში მიწოდების უპრეცენდენტო ზრდას აღნიშნავენ. იგივე შეიძლება ითქვას სპორტულ ავტომობილ BMW-ზეც. როგორც ვარაუდობენ, ამ წელს 120 000 ერთეული გაიყიდება. ხოლო Audi-ის ქვეგანყოფილების მენეჯმენტი Volkswagen AG-ის კონტროლქვეშ ჩინეთში ისტორიული მაქსიმუმის – 100 000 ავტომანქანის გაყიდვას პროგნოზირებს. ჩინეთში Audi-ის ივლისის გაყიდვებმა ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელს 53%-ით გადააჭარბა, ხოლო მსოფლიოში სიდიდით მეორე ავტოკონცერნ Diamler-მა Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილების გაყიდვები სამჯერ გაზარდა. იქნებ, ღირდეს გერმანელმა ბიზნესმენებმა მომავალს ოპტიმისტურად უყურონ, მიბაძონ ოფიციალურ ბრიუსელს, რომელმაც სექტემბრის შუა რიცხვებში გერმანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და იგი 2010 წლისთვის 1,2%-დან 3,4%-მდე ასწია. ევროკომისიის პროგნოზით, გერმანიის მშპ-ის ზრდა ორჯერ გაუსწრებს მთელი ევროზონის მაჩვენებელს (1,7%).  
               უმუშევარ ბრიტანელთა რიცხვი ისევ იზრდება 
               დიდ ბრიტანეთში უმუშევრობა იზრდება, ამას მოწმობს დიდი ბრიტანეთის შრომითი ბაზრის მდგომარეობის შესახებ ანგარიშები, რომელიც ლონდონის სტატისტიკურმა ბიურომ სექტმებრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნა. უმუშევრობის შემწეობისთვის (Jobless Claims) სახელმწიფოს პირველადი დახმარებისთვის მიმართა 2300 ადამიანით მეტმა, ვიდრე წინა თვეებში და 1,47 მილიონი ადამიანი შეადგინა. მაშინ, როცა ანალიტიკოსები 3000-ით კლებას ელოდნენ. ამასთან, უმუშრევრობის მაჩვენებელი, რომელიც გამოთვლილია განაცხადების რაოდენობის მიხედვით, იგივე დონეზეა დარჩენილი – ივლისის 4,5%-ზე, ჯერ კიდევ წინა თვეებში (მაისი, ივნისი, ივლისი) დასაქმების მხრივ, ნისლიან ალბიონზე ბევრად უკეთესი სიტუაცია იყო. ამ პერიოდში უმუშევართა საერთო რაოდენობა შემცირდა 8000 ადამიანით 2,27 მილიონამდე, ხოლო დასაქმება გაიზარდა 286 000 ადამიანით. ეს ყველაზე დიდი ზრდაა დიდ ბრიტანეთში 1971 წლიდან. მომუშავეთა ასეთი რიცხოვნობა არ შეინიშნებოდა 2009 წლის I კვარტლიდან. გაიზარდა ბრიტანელების ხელფასებიც. ლონდონის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ბონუსების გათვალისწინებით ხელფასის ოდენობა დიდ ბრიტანეთში (Avg. Earnings inc bonus) ერთი კვარტლის განმავლობაში 1,5%-ით გაიზარდა, ხოლო ბონუსების გაუთვალისწინებლად ხელფასები (Avg. Eარნინგს ეხ ბონუს) 1,8%-ით მეტი გახდა. უმუშევრობის დონე, რომელიც ILO-ს სტანდარტებით ითვლება, იგივე პერიოდში დარჩა იმავე ნიშნულზე, როგორიც ის იყო აპრილში, მაისსა და ივნისში – 7,8%-ის დონეზე. გამაწბილებელი და მოულოდნელი იყო აგვისტოს მონაცემები, რომლებმაც დაადასტურა შრომის ბაზარზე სიტუაციის გაუარესება. ეს მონაცემები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ეკონომიკური ვარდნის დასაწყისის პირველი ნიშნები. 
               გასაკვირი არ არის, რომ ბრიტანეთის პროფკავშირი ხალხს გაფიცვებისკენ მოუწოდებს, ამით ისინი ცდილობენ თავიდან აიცილონ დასაქმების მაჩვენებელზე ბიუჯეტის შემცირების დამღუპველი ზეგავლენა. პროფკავშირების კონგრესის გენერალური მდივანი, ბრენდან ბარბერი მოსახლეობას საპროტესტო კამპანიაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირება ბრიტანეთს მორიგ რეცესიამდე მიიყვანს. თუ განმეორებითი რეცესია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ის მაინც ყველამ იცის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირება ბევრ ინგლისელს სამუშაო ადგილების დაკარგვამდე მიიყვანს. 
               თუკი უმუშევრობა არ დაიძლევა, ექსპერტები პროფკავშირებისა და სახელმწიფოს დაპირისპირების გაძლიერებას ვარაუდობენ. ცხადია, რომ ახალი კოალიციური მთავრობის მიერ სახელმწიფო ხარჯების შემცირების შემდეგ დასაქმების უზრუნველყოფის სიმძიმე მთლიანად გადავა ბრიტანელი მეწარმეების კისერზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი კერძო კომპანიებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაიქირავონ უახლესი თვეების განმავლობაში, რათა ამით კომპენსირება მოახდინონ გაუქმებული ათეულ ათასობით სამუშაო ადგილებისა სახელმწიფო სექტორში. თითქმის აგვსიტომდე კერძო სექტორი ასე თუ ისე ახერხებდა შრომის ბაზრის მხარდაჭერას, მაგრამ რამდენად შეძლებს კერძო სექტორი მთლიანად მოახდინოს დაკარგული სამუშაო ადგილების კომპენსირება? სახელმწიფო სექტორში შემცირებები ხომ ახლა იწყება. სექტემბრის დასაწყისში, 10 ოფისის დახურვის შედეგად 3500 მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გააკეთა განცხადება ბრიტანეთის უმსხვილესმა, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა ბაკმაRoyal Bank of Scotland Group-მა ედინბურგში, ხოლო სექტემბრის შუა რიცხვებში გრეგ ფიცჯერალდმა, სამშენებლო კომპანია Galliford Try Plc-ის ხელმძღვანელმა თავისი თანამშრომლების 15%-ის შემცირების შესახებ გააკეთა განცხადება და, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირების შემდეგ კიდევ 5%-ის შემცირებას გეგმავენ. როგორც ვხედავთ, დიდ ბრიტანეთში დასაქმების მხრივ მართლაც ცუდი სიტუაციაა, რომელიც დღითი დღე გაუარესდება, მაგრამ აშშ-ში ამ კუთხით უკვე დღეს ბევრად მძიმე ვითარებაა, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი 9,6%-ის ნიშნულზეა. ინგლისის ბანკის პრეზიდენტის, მერვინ კინგის განცხადებით, მართალია, უმუშევრობა კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით მაღალია, მაგრამ უფრო დაბალი, ვიდრე ერთი წლის წინ ვარაუდობდნენ.