საქართველო უკრაინის ეკონომიკური პერსპექტივები

რედაქციისაგან

უკრაინა ის ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს ერთ-ერთი დიდი საქონელბრუნვა აქვს. საქართვე- ლოდან უკრაინაში გარკვეული სახის პროდუქცია როგორც გადის, ასევე შემოდის, იქნება ეს კვების პროდუქტები, რკინის ნაწარმი, მედიკამენტები თუ სხვა საქონელი. ტრადიციულად თბილ ურთიერთობებს ორივე ქვეყანაში მომხდარი რევოლუციური ცვლილებებიც დაემატა, რამაც კიდევ უფრო დაათბო ეს ურთიერთდამოკიდებულება და ამანაც განაპირობა, რომ უკრაინაში წლევანდელი წელი საქართველოს წლად გამოცხადდა.

საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების, ასევე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით, 28 თებერვალს კიევში ქართული პროდუქციის პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაციას, რომელიც “უკრაინულ სახლში” გაიმართა, ამ ქვეყანაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, მისი უკრაინელი კოლეგა იულია ტიმოშენკო და უკრაინის ასამდე ცნობილი კომპანიის ბიზნესმენი დაესწრო. გამოფენაში 50-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ისეთებმა, რომლებიც საკუთარი პროდუქციის უკრაინაში იმპორტით არიან დაინტერესებულები.

უკრაინაში ქართული ბიზნესი მთლიანად იყო წარმოდგენილი, როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი. სასიამოვნო იყო ის ფაქტიც, რომ უკრაინაში ქართველ ბიზნესმენებს დახვდათ იქ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები, რომლებსაც დღეს ამ ქვეყანაში საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვთ სხვადასხვა მიმართულებით: საპორტო მომსახურება, გადაზიდვები, მეტალურგია, სოფლის მეურნეობა და ა.შ.

ქართველ ბიზნესმენთა დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში კონკრეტული შედეგებით დასრულდა. ბევრ საინტერესო კონტრაქტს მოეწერა ხელი, რაც ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. ცნობილმა ქართულმა ფირმამ – “კახური ტრადიციული მეღვინეობა” – ხელშეკრულება დადო უკრაინაში ექსპორტის განხორციელებასთან დაკავშირებით. სს “მადნეულმა”, ფაქტიურად, წამოიყვანა იმ ფირმის წარმომადგენლები, რომელიც ტექნიკური გადაიარაღების საკითხებში სს “მადნეულს” კონსულტაციას გაუწევს. გარდა ამისა, საქართველოს ავიაციის დეპარტამენტმა ხელშეკრულება დადო უკრაინის მხარესთან რეისების რეგულარობის და მათი სიხშირის გაზრდის თაობაზე. “ქართულმა შაქარმა” არაერთი შეხვედრა გამართა და მათი ვიზიტი შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს.

საერთო ჯამში, ქართველ ბიზნესმენთა ვიზიტი უკრაინაში შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს. დიდი იყო დაინტერესება მასპინძლების მხრიდან. ეს უნდა ითქვას არა მხოლოდ უკრაინის ბიზნეს-წრეების, არამედ კულტურის, ხელოვნების, სამეცნიერო და სხვა წრეების წარმომადგენლებზეც.

საქართველოს დელეგაციის პრემიერ-მინისტრის პატრონაჟობამ კიდევ უფრო დადებითი გავლენა იქონია ვიზიტზე. ამ შეხვედრებზე აშკარა იყო, რომ ორივე ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება მზად არის ბიზნესის განვითარებას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი. სწორედ ამის ხაზგასმა იყო ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ღონისძიებაზე სტუმრობა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, ბ-ნ ჯემალ ინაიშვილს, ჰქონდა შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ კეთილგანწყობას, ტრადიციებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ურთიერთობებში. საუბარი იყო იმ ახალ პერსპექტივებზე და ახალ მასშტაბებზე, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნესის დაახლოების ფარგლებში უნდა განხორციელდეს.