მსოფლიო თაობათა ომების პირისპირ
რატომ არის რომ დღეს თითქმის ყველა განვითარებული ქვეყნის ბიუჯეტი დეფიციტურია? რატომ იზრდება სახელმწიფო ვალები? რატომ მცირდება სკოლების, ინსტიტუტების, ხელოვნებისა და მეცნიერების დარგების დაფინანსება და, ამავე დროს, იზრდება საპენსიო და ჯანდაცვის სისტემის დანახარჯები? ამ კითხვების მოსმენისას, ალბათ, პირველი პასუხი, რაც თავში გაგვიელვებს “გლობალური ფინანსური კრიზისია”. მართალია, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. ახლანდელი კრიზისი და ფინანსური კატაკლიზმები უბრალოდ უფრო გვაახლოებს დემოგრაფიულ კატასტროფასთან. OECD-ის ექსპერტთა გამოთვლებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ვალების ზრდაში გლობალური ფინანსური კრიზისის წილი 15-20% იქნება, ხოლო 80% გამოწვეული იქნება ჯანდაცვისა და საპენსიო დანახარჯების ზრდით. მაინც რას ემყარება ეს ციფრები?
21-ე საუკუნეში მსოფლიოს გლობალური ომების საფრთხე ემუქრება. მაგრამ ეს არ იქნება ტრადიციული სამხედრო ომები. ეს იქნება თაობათა ომი – ახალგაზრდები პენსიონერთა წინააღმდეგ. ორივე მათგანი საკუთარი სამართლიანი უფლებისათვის იბრძოლებს. 2011 წელი, ექსპერტთა შეფასებით, იქნება თაობათა შორის ომების პირველი წელი, რადგან მომავალ წელს პენსიაზე გასვლას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებული თაობა დაიწყებს. მსოფლიოში შობადობის მაჩვენებლის პიკმა სწორედ 40-60-იან წლებში მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიონერთა ეს ნაკადი ყველაზე მრავალრიცხოვანი იქნება. მათი “შენახვა” ახალგაზრდა და ეკონომიკურად აქტიურ თაობას დააწვება მხრებზე.
ძირითადი გამოწვევები, რომელიც არსებულ საპენსიო სისტემებს ახასიათებს, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა და დემოგრაფიული პრობლემების (შრომითი რესურსების დაბერება) მატებაა. მოსახლეობის დაბერების და პენსიაზე ადრე გასვლის გამო საპენსიო სისტემების სტაბილურობა მცირდება. ეკონომიკური კრიზისის და შრომითი რესურსების შემცირების გამო, სახელმწიფო პენსიები სულ უფრო ნაკლებად შეესაბამება ცხოვრების დონეს. მართალია, კორპორატიული პენსიების ოდენობა იზრდება, მაგრამ არასაკმარისი ტემპებით.
გასული საუკუნის შუა წლებში ყველა განვითარებულ ქვეყანაში ნორმად იქცა გადანაწილებითი საპენსიო სისტემა, როდესაც სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებდა მიღებული სოციალური სახსრების სათანადო წესით გადანაწილების ვალდებულებას. მანამ, სანამ იზრდებოდა შობადობა და დასაქმებული მოსახლეობის პროცენტული წილიც, მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები მთავრობებს არა მარტო პენსიების გადახდის საშუალებას, არამედ პენსიონერთათვის სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათებისა და ბონუსების გაკეთების შესაძლებლობასაც აძლევდა. განაწილებითი სისტემის ერთი შეხედვით მყარ კონსტრუქციას ბზარი პირველად ევროპის ქვეყნებში გაუჩნდა. მიზეზი მარტივია: დემოგრაფიული სურათის შეცვლა – შემცირებული შობადობა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა. OECD-ის ექსპერტთა მონაცემების მიხედვით, დღეს მსოლფიოში ერთ პენსიონერზე მოდის 10 შრომისუნარიანი ადამიანი, 2050 წლისათვის კი ერთ პენსიონერზე მხოლოდ 4 შრომისუნარიანი ადამიანი მოვა.
64 წლის წინ დაწყებული შობადობის ბუმი მთელს მსოფლიოში 20 წელს გაგრძელდა. 2011 წელს ე.წ. Bაბყ-ბოომერ-ების თაობის პირველი ნაკადი 65 წელს მიაღწევს და დამსახურებულ “შვებულებაში” გავა. ამასთანავე, ისინი საშუალოდ უფრო მეტ ხანს იცხოვრებენ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, ვიდრე მათი წინა თაობები. ვინაიდან, ცხოვრების დონის ზრდის შედეგად სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრადა. იგივე ტენდენცია შენარჩუნდება უახლოესი 20 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში მხოლოდ აშშ-ში 1946-1965 წელს დაბადებულ პენსიონერთა რაოდენობა 79 მილიონს მიაღწევს. ევროკავშირის ექსპერტთა გათვლებით, სახელმწიფო პენსიების არსებული დონის შესანარჩუნებლად ევროგაერთიანების ქვეყნებმა უახლოესი 35 წლის განმავლობაში უნდა გამოყონ დამატებით 456 მილიარდი ევრო.
ამასთანავე, 20-წლიანი ბუმის შემდეგ, შობადობამ იკლო და ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიონერთა რაოდენობა იზრდება, ხოლო ის ადამიანები, ვინც მათ საპენსიო თანხებს უზრუნველყოფენ – მცირდება. როგორ უნდა გამოკვებოს მსოფლიომ ისინი, რომელთაც ასევე იმუშავეს თავის დროზე და ახლა დამსახურებულ პენსიაზე არიან, ჯერ კიდევ უცნობია. ამ საკითხის გარშემო დისკუსია სულ უფრო მწვავდება.
მომავალი დემოგრაფიული კრიზისის შედეგები ამ დროისათვის ყველაზე ნათლად იაპონიაში ჩანს.
იაპონიის დემოგრაფიული მარწუხები
იაპონიის ეკონომიკური სასწაულის შესახებ ბოლო წლებში ბევრი თქმულა და დაწერილა. მაგრამ ამომავალი მზის ქვეყანაში ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დღეს იაპონიაში სამუშაო ძალის 34% (დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი) დაზღვევისა და სოციალური გარანტიების გარეშეა დარჩენილი. სიღარიბის მაჩვენებელმა აქ 14%-ს მიაღწია (10 წლის წინ 2-ჯერ ნაკლები იყო). 20-44 წლის ასაკის მამაკაცებში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი სუეციდია. სახლმწიფო ბიუჯეტის შემოსვალი კი არათუ ბიუჯეტის ხარჯებს სრულად ვერ ფარავს, სოციალური უზრუნველყოფისა და განათლების აუცილებელ ხარჯებსაც კი ვერ სწვდება.
სიტუაციას ეკონომიკის განვითარების ნელი ტემპებიც ართულებს. ამ აზიური ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დინამიკა OECD-ის წევრი ქვეყნების ეკონომიკების განვითარების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია და 2-ჯერ ჩამორჩება აშშ-ის ეკონომიკის განვითარების ტემპებს. პარადოქსია, მაგრამ მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველ დასაქმებულ ადამიანზე იმაზე დიდი მასშტაბით იზრდება იაპონიაში, ვიდრე აშშ-ში. მაშ რაშია საქმე და იმის მიუხედავად, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველ დასაქმებულ ადამიანზე აშშ-სთან შედარებით უფრო მაღალი ტემპით იზრდება იაპონიაში, ამ უკანასკნელს გაცილებით სერიოზული საბიუჯეტო პრობლემები აქვს? პასუხი მარტივია – ამ სიკეთით, პირველ რიგში, სარგებლობს პენსიაზე გასული თაობა. იაპონიაში შრომისუნარიანი (15-64) მოსახლეობის რაოდენობის პიკმა 1995 წელს მიაღწია 87,3 მილიონი ადამიანით. დღეისათვის ეს მაჩვენებელი 81,5 მილიონამდეა შემცირებული. ამის საპირისპიროდ, პენსიონერი იაპონელების რაოდენობა ამავე პერიოდში 18,3 მილიონიდან 29 მილიონამდე გაიზარდა. იაპონია კარგი მაგალითია იმისა, თუ რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას დემოგრაფიული პიკის დროს. ამომავალი მზის ქვეყანას უკეთესი დღეები არც მომავალში ელის. 2050 წლისთვის აქ პენსიონერთა რაოდენობა 35 მილიონამდე გაიზრდება, შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა კი 53,8 მილიონამდე შემცირდება.
დასავლეთ ევროპის ქვეყნები და აშშ რამდენიმე წლის დაგვიანებით იმეორებენ იაპონიის დემოგრაფიული განვითარების სურათს. 2050 წლისათვის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობა ევროპაში 133,5 მილიონს მიაღწევს, 2000 წელს მათი რაოდენობა 71,4 მილიონი იყო. შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა კი შემცირდება. ჯანდაცვის სისტემისა და საპენსიო დანახარჯები 2050 წლისათვის ბელგიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ლუქსემბურგის, სლოვენიისა და უკრაინის მშპ-ის 30%-ს შეადგენს. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 27% იქნება.
რა მდგომარეობაა საქართველოში
გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. დემოგრაფიული სურათის ცვალებადობა მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკას და ბიუჯეტს ნაკლებად აქვს იმის საშუალება, რომ საპენსიო დანახარჯების გასტუმრება კვლავაც უპირატესად სახელმწიფოს მართვა-გამგებლობის ფუნქციად დარჩეს.
საქართველოს საპენსიო სისტემა ორ ნაწილად იყოფა. ძირითადია სახელმწიფო საპენსიო სისტემა, რომელიც ეფუძნება გადანაწილებით პრინციპს და დამყარებულია თაობათა სოლიდარობის სქემაზე და მეორე, არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა, რომელსაც ბაზრის უმნიშვნელო ნაწილი უჭირავს.
2010 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენსიებზე 852 მილიონი ლარი, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 12%-ზე მეტი არის მიმართული. ეს საკმაოდ მაღალი წილია. ამის მიუხედავად, არსებული საპენსიო განაკვეთები, ერთი მხრივ, ვერც პენსიონერთა ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს და, მეორე მხრივ, სახელმწიფოსაც საოპერაციო ფულის მნიშვნელოვან რესურსს უმცირებს. ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც საპენსიო გარანტირება არ არის ინსტიტუციონალიზებული. მოსახლეობა ბერდება. საბიუჯეტო წნეხი კი იზრდება. საპენსიო ასაკის მოსახლეობა საქართველოში საერთო მოსახლეობის 16,6%-ს შეადგენს. პენსიონერთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში 2000-2009 წლებში 4%-ით გაიზარდა. ამავე დროს, გაიზარდა უმუშევრობის დონე და მიგრაციის მაჩვენებელი და 20%-ით შემცირდა 15 წლამდე ბავშვების რაოდენობა.
გამოსავლის გზების ძიებაში
ნათელია, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელება გამოუვალი სიტუაციით გამოწვეული აუცილებლობაა. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები პრობლემის გადაჭრას სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ.
იაპონიაში, ევროკავშირსა და აშშ-ში სიტუაცია მალე კატასტროფული გახდება. გამოსავალი უახლოეს მომავალში, ალბათ საპენსიო და ჯანდაცვის სისტემების დაფინანსების შემცირებაში იქნება. თუმცა, ეს მთავრობებისთვის არაპოპულარული პოლიტიკური ნაბიჯია, რადგან ამ ნაბიჯს ძალიან დიდი საარჩევნო ელექტორატის (პენსიონერების სახით) განაწყენება და შესაბამისად, მათი ხმების დაკარგვა მოჰყვება.
როგორც არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, მთავარი პრობლემა იაპონიისათვის და არა მარტო მისთვის, ის არის, რომ, როდესაც საქმე საპენსიო სქემებს და მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას ეხება, სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელნი უფრო მეტად ხელმძღვანელობენ პოლიტიკური და არა ეკონომიკური ინტერესებით, ვინაიდან პენსიონერები უფრო აქტიურობენ არჩევნებს დროს, ვიდრე ახალგაზრდები. როგორც წესი, პენსიონერები აქტიური ამომრჩეველები არიან და ხშირად მათი ხმები გაადმწყვეტია გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად. მათი ხმების მოსაზიდად პოლიტიკოსები სოციალურ პროგრამებს ახორციელებენ ან სულაც პენსიებს ზრდიან და ამით ქვეყნის ეკონომიკას აზარალებენ. მსოფლიოში უკვე ისმის მოწოდებები იმის შესახებ, რომ პენსიონერებს აეკრძალოთ არჩევენებში მონაწილეობის მიღება და ხმის მიცემა მხოლოდ მოსახლეობის დასაქმებული ნაწილისთვის იყოს შესაძლებელი, რაც დემოკრატიის პრინციპების უგულვებელყოფაა. მაგრამ რეალობა ასეთია – მსოფლიო დილემის წინაშეა – დემოკრატია ან ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა.
ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება საპენსიო ასაკის ზრდა იყოს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთში, გერმანიასა და დანიაში საპენსიო ასაკი 67-დან 68 წლამდე გაზარდეს, ესპანეთში 65-დან 67-მდე, საბერძნეთში 60-დან 65-მდე. საფრანგეთში კი 60-დან 62 წლამდე. ამ შემთხვევაშიც, მთავრობებისათვის მსგავსი გადაწყვეტილების მიღების დროს დამაბრკოლებელი საარჩევნი ხმების ფაქტორი შეიძლება იყოს. გავიხსენოთ სულ ახლახანს საფრანგეთსა და საბერძნეთში მასობრივი გამოსვლები, საპენსიო ასაკის ზრდასთან დაკავშირებით. თუმცა, მთავრობები უკვე აღარ იხევენ უკან, რადგან ვითარებამ უკვე მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც პოლიტიკური ინტერესებისათვის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პერსექტივების შეწირვა უკვე დამღუპველი იქნება. საფრანგეთის მთავრობამ მასობრივი გაფიცვების მიუხედვად, მაინც მიიღო კანონი საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით. საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, მოსახლეობის დაბერებისა და სხვა დემოგრაფიული ფაქტიორების გათვალისწინებით, ბიუჯეტს ხალხისთვის პენსიების დიდი პერიოდის განმავლობაში გადახდის შესაძლებლობები აღარ აქვს.
თუმცა, არც საპენსიო ასაკის გაზრდაა მთლად გამოსავალი. ეს წარმოშობს მეორე პრობლემას. მართალია, არც ისე სერიოზულს, როგორც საპენსიო ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემაა, მაგრამ მაინც აღნიშვნის ღირსია ის, რომ საპენსიო ასაკის ზრდასთან ერთად, მცირდება სოციალური მობილობის ტემპები. კვალიფდიციური და გამოცდილი კადრების უფრო მეტხანს ყოფნა სამსახურში თავისთავად იწვევს უმუშევრობის უფრო მაღალ დონეს ახალგარზდა თაობაში. მაგალითად, მიმდინარე გლობალური რეცესიის დროს ესპანეთში უმუშევრობის საერთო დონე 20,1% დაფიქსირდა. ახალგაზრდა თაობაში კი უმუშევრობის დონე 42,9%-ს შეადგენდა.
არსებობს სხვა გამოსავალიც, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განიხილება, როგორც არსებული კრიზისის დაძლევის გზა – უკვე არსებული და წარმატებით ფუნქციონირებადი კერძო საპენსიო ფონდების გამოცდილების გადატანა სახელმწიფო სფეროში. ასეთი დაგროვების სისტემის მოქმედების სქემა მარტივია – მომუშავე მოქალაქე თვითონ აგროვებს საკუთარ პენსიას, რამდენის დაგროვებასაც მოასწრებს საპენსიო ასაკამდე, იმდენად იქნება უზრუნველყოფილი სიბერეში. დაგროვითი სისტემის მონაწილეები არ იხდიან არავითარ “გადანაწილებით” გადასახადებს, ხოლო საპენსიო სახსრები მომავალი პენსიონერის საკუთრებას წარმოადგენს. ამავე დროს, მეანაბრეები თავისუფალნი არიან გარკვეულ ფარგლებში ეს თანხა განათავსონ – მათ შეუძლიათ ენდონ ამა თუ იმ კომპანიას ან თანხა დააბანდონ ღია ბაზარზე ბრუნვადი ფასიანი ქაღალდების პორტფელში.
ერთადერთი, რაზეც, ჯერჯერობით, ყველა თანხმდება, არის ის, რომ უნივერსალური რეცეპტი შექმნილი დემოგრაფიული სიტუაციიდან თავის დასაღწევად არ არსებობს. აუცილებელია ყველა ქვეყანამ შეიმუშაოს ეროვნულ სპეციფიკასა და ეკონომიკის განვითარების დონეზე დამყარებული საკუთარი მოდელი.