მეწარმეობის ტვირთი
მაკა ღანიაშვილი
Doing Business-ის 2011 წლის მოხსენების მიხედვით, საქართველო ყველაზე აქტიური რეფორმატორი ქვეყანაა მსოფლიოში. როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიშში ვკითხულობთ, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, საქართველომ ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია ბიზნესის წარმოების გამარტივების თვალსაზრისით და 183 ქვეყანას შორის მე-12 ადგილი დაიკავა. რეიტინგში საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: შვედეთი, ესტონეთი, გერმანია, ლატვია, ბელგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია და სხვა. ჩვენი ხელისუფლება ხშირად აპელირებს იმით, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ძალიან მარტივია, სხვადასხვა რეიტინგებში მოწინავე ადგილებზე ვართ.
ეს მართლაც მისასალმებელია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის არის ერთ-ერთი აუცილებელი და არა – საკმარისი პირობა. ძალიან მნიშვნელოვანია დაწყებული ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველმყოფი პირობების შექმნა. დღეს ყველა თანხმდება იმაზე, რომ ზოგადად არც ერთი ხელისუფლება, არც ერთ ქვეყანაში პრობლემების მომგვარებელი არ არის. ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებსა და მატერიალურ დოვლათს და არა – ხელისუფლება და მთავრობა, ბიზნესი ქმნის სოციალური დაცულობის პირობებსა და გარანტიებს და არა – ხელისუფლება. ბიზნესის წარმოებისთვის ჩვენს ქვეყანაში არსებული გარემოს ავ-კარგზე იმ სფეროს წარმომადგენლებთან ვისაუბრებთ, რომლებსაც პროფესიული შეხება აქვს ამ საკითხებთან.
ჩვენს ქვეყანაში მართლაც ძალიან მარტივად შეძლება კომპანიის რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2010 წლის ოქტომბერში, ქვეყანაში 4 157 ბიზნეს-სუბიექტი დარეგისტრირდა; მათ შორის, აბსოლუტური უმრავლესობა – 98% – სამეწარმეო სუბიექტია. თუმცა, რეგისტრირებული საწარმო პირდაპირპროპორციულად არ ნიშნავს ამოქმედებულ წარმოებას. ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს-სუბიექტების მხოლოდ ერთი მეხუთედია გადასახადის გადამხდელი. არსებობს უამრავი პრობლემა. მკაცრი და რთულია საგასადახადო კოდექსის ადმინისტრაციული ნაწილი, კომპანიებს დიდი დრო ეხარჯებათ საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაზე, საჭიროა ბევრი ფინანსური დოკუმენტის წარმოება, ძალიან ხშირია დაჯარიმების და კომპანიების დალუქვის ფაქტები.
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან კალანდაძე: “დღეს საქართველოს ხელისუფლება ძალიან ბევრი რამის აღებას ცდილობს საკუთარ თავზე. არის მცდელობები, რომ ხელოვნური მექანიზმების გამოყენებით შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები; უშუალოდ ხელისუფლებამ აწარმოოს ბიზნესი, მაგალითად, განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტები და ასე შემდეგ. ის რომ, ინფარასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება, ცუდი არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. ხელოვნურად შექმნილი სამუშაო ადგილი მომავალ წელს პრაქტიკულად დაკარგულია”.
რას მოგვიტანს ახალი
საგადასახადო კოდექსი
ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ როცა ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ისეთ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, როგორიც საგადასახადო პროცედურები და მისი ადმინისტრირების ნაწილია. მით უმეტეს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი ჩვენთან დიდი მსჯელობის საგანია. ამ საკითხის შესახებ აზრის გამოთქმა ბიზნეს-ომბუდსმენს, გიორგი პერტაიას ვთხოვეთ:
“საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ კარგ გარემოს ქმნის. მსოფლიო ბანკის კვლევებიდან და ანგარიშებიდანაც ჩანს ის, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის წარმოება საქართველოში. ის პრობლემები, რომელიც ბიზნესს 5-6 წლის წინ ჰქონდა, დღეს აღარ არსებობს. ჩემი აზრით, საკანონმდებლო ბაზა არის ძალიან ლიბერალური და ბიზნესზე ორიენტებული. თუმცა, არის გარკვეული ხარვეზები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. მაგალითად, საგადასახადო კოდექსში არის ბევრი დებულება, რომელიც ბოლომდე არ არის განსაზღვრული და ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, ზოგიერთ შემთხვევებში კი კორუფციის საფუძველიც ხდება. ამიტომ ახალი საგადასახადო კოდექსის კანონქვემდებარე აქტებზე ინტენსიურად ვმუშაობთ. ისინი ზუსტად და ნათლად უნდა ასახავდნენ გადასახადების გადახდის წესებს, იმას, თუ ვის რა უფლება-მოვალეობები აქვს და ასე შემდეგ. ყველაფერი მაქსიმალურად ზუსტად უნდა განისაზღვროს იმისთვის, რომ ყოველგვარი ლავირების საშუალება მოისპოს. საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელმაც და ბიზნესმენმაც უნდა იცოდეს, რისი უფლება აქვთ და რისი არა.
მაგალითად, ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ქვეყანაში “გაიზარდა ფისკალური წნეხი”. რატომ ხდებოდა აქამდე ეს? თუ კანონმდებლობა არის ნათელი, არავითარი საშუალება ხელისუფლებას არ ექნება იმისთვის, რომ გაზარდოს ან შეამციროს ფისკალური წნეხი. მთავარია, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში გამოირიცხოს მსგავსი დებულებები. ადრე საგადასახადო კოდექსში იყო ჩანაწერები, რომ გარკვეული სახის დარღვევაზე ჯარიმა არის 500-დან 5000 ლარამდე. ამ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს ეძლევა ლავირების საშუალება და შეუძლია გაზარდოს საგადასახადო წნეხი. ხოლო თუ იქნება ჩანაწერი, რომ ამ დანაშაულზე არის 3000-ლარიანი ჯარიმა, არც მეტი არც ნაკლები, იქ ყოველგვარი ლავირების საშუალება ისპობა. ეს არის ძალიან მარტივი მაგალითი, გაცილებით რთული საკითხებია ჩადებული გადასახადების ადმინისტრირების ნაწილში, რომელიც იძლევა ლავირების საშუალებას. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მსაგვსი მუხლები მინუმუმამდე დავიყვანოთ. აღარ უნდა არსებობდეს იმის თქმის საფუძველი, რომ, თუ, მაგალითად, საბიუჯეტო პარამეტრები კარგად სრულდება, ეს ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გაზარდა საგადასახადო წნეხი ბიზნესზე”.
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან კალანდაძე: “ახალ საგადასახადო კოდექსში ხელისუფლებამ ძალიან ბევრი ნოვაცია შემოიტანა. თუმცა, ხარვეზები მაინც არის. მაგალითად, ხელისუფლება აცხადებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის ჩვენი პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტი მართლაც დეკლარირებულია, მაგრამ ეს მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ ახალ საგადასახადო კოდექსში შემოიტანეს მიკრო და მცირე საწარმოების სტატუსი და დაბეგვრის გამარტივებული რეჟიმი. მაგრამ ეს დეფინიცია და გამარტივებული რეჟიმი გავრცელდა. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ დეკლარირებული გვაქვს სწორი მიმართულებები, მაგრამ ამის შესრულება არის არასრულფასოვანი.
გასაგებია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტად გვაქვს გამოცხადებული, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ შეუწყობს ხელისუფლება ხელს ამ პრიორიტეტულობის განხორიელებას. მაგლითად, ევროკავშირში 2008 წლიდან მოქმედებს ე.წ. SME – Small and Medium Enterprises ქარტია, რომელიც ითვალისწინებს ძალიან მარტივ – SME Test-ს. ნებისმიერი ინსტიტუციონალური, ინფრასტრუქტურული თუ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც იგეგმება ევროკავშირის ქვეყნებში, გადის ამ ტესტს. თუ მოსალოდნელი ცვლილება რაიმე სახით აზიანებს ან გარკვეულ ბარიერებს ქმნის მცირე და საშუალო ტიპის საწარმოების განვითარებისთვის, ის ავტომატურ რეჟიმში იბლოკება. SME Test არის ევროკავშირის მეირ გამოცხადებული და დეკლარირებული პოლიტიკის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი.
კიდევ ერთი ხარვეზი – თუ ძველი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახადო სამსახურს ქრონომეტრაჟის ფუნქციის განხორციელებისა და შესაბამისი სანქციების დადების უფლება მხოლოდ სასტუმროებსა და რესტორნებთან მიმართებაში ჰქონდა, ახლა საგადასახადო ორგანოს პრაქტიკულად ყველა ბიზნესში ეძლევა სანქციის განხორციელების უფლება.
სამწუხაროდ, ახალ საგადასახდო კოდექსში ისევ მოჭარბებულად არის სუბიექტივიზმის, ანუ პიროვნების მიერ გადაწყვეტილებების მიღების მომენტი. ხშირ შემთხვევაში, ისევ ერთი კონკრეტული ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას ამ თუ იმ სიტუაციაში, ვის რა შეღავათი გაუკეთდეს, მოეხსნას თუ არა რიგ შემთხვევებში დაკისრებული გადასახადი და ასე შემდეგ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ კანონმდებლობაში ყველაფერი ზუსტად არ არის გაწერილი და ის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს მუშაობა მკაცრად გაწერილი არ არის. ყოველ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დავების საბჭო იკრიბება და მისი წევრები იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით. ანუ, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს სუბიექტივიზმის ელემენტთან. მესმის, რომ ყველაფრის კანონში ჩადება შეუძლებელია, მაგრამ მაინც უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად ყველაფერი ავსახოთ კანონმდებლობაში. ყოველ შემთხვევაში, ისეთი საკითხები მაინც, როგორიც არის დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრებისა და დავების წარმართვის პროცესუალური და პროცედურული საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონში ყველაფერი დაწვრილებით იყოს გაწერილი, რომ ის ვარირების საშუალებას არ იძლეოდეს” – აღნიშნავს ლევან კალანდაძე.
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენელს არ ეთანხმება გიორგი პერტაია, რომელიც თვითონ არის დავების განხილვის საბჭოს ერთ-ერთი წევრი. “დავების განხილვის საბჭოში ზუსტად არის გაწერილი პროცედურები და ის, თუ, როგორ და რა ვადებში უნდა მოხდეს დავის განხილვა. არ ვიცი რა იგულისხმება უფრო დეტალურ გაწერაში. ყოველ საქმეზე ვერ იქნება წესები გაწერილი. დავების განხილვის საბჭოს თავისი წესები და რეგლამენტი აქვს, განსაზღვრულია ვადები და გამორიცხულია ეს ვადები რომელიმე მხარემ დაარღვიოს. რაც შეეხება სუბიექტურობას, დავების განხილვის დროს, ეს მომენტი გამორიცხულია. ვინაიდან საბჭოში შედიან არა მხოლოდ ფინანსთა სასმინისტროს წარმომადგენლები, რომლის ორგანოს მიერაც მოხდა ჯარიმის დარიცხვა, არამედ – პარლამენტისა და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებიც, მე კანცელარიიდან გახლავართ და ყველას გვაქვს თითო ხმის უფლება” – აცხადებს გიორგი პერტაია.
დავების განხილვის საბჭო თუ სასამართლო
დავების განხილვის საბჭო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან 2005 წლიდან არსებობს. მისი მომსახურებით მეწარმეები ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო ხშირად სარგებლობენ (იხ. ცხრილი #1). დავების განხილვის საბჭომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში წარმოება დაასრულა 658 საჩივართან დაკავშირებით. მათ შორის, სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 224 საჩივარი (34%), 349 (53%) საჩივარი არ დაკმაყოფილა, ხოლო 85 (13%) – განუხილველი დარჩა. 2010 წლის პირველ ნახევარში დასრულებულ წარმოებაში გასაჩივრებული გადასახადებისა და სანქციის თანხის ოდენობამ მიაღწია 238.126.524 ლარს, საიდანაც საბჭომ დარიცხვა სრულად ან ნაწილობრივ არამართლზომიერად მიიჩნია 129.573.912 ლართან მიმართებით. შედარებისათვის 2006 წელს განსახილველი დავების საერთო მოცულობა 65.574.708 ლარს შეადგენდა.
რა შემთხვევაში შეუძლია მეწარმეს მიმართოს დავების განხილვის საბჭოს და რა შემთხვევაში – სასამართლოს? რა სხვაობაა მათ შორის და რის მიხედვით არჩევენ მეწარმეები საგადასახადო ორგანოების მიერ დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრების ადგილს? ამის შესახებ გვესაუბრება იურისტი პაატა სალია:
ს.ე. – ბატონო პაატა, რა შემთხვევაში შეუძლია მეწარმემ მიმართოს სასამართლოს და რა შემთხვევაში დავების განხილვის საბჭოს?
პ.ს. – ამასთან დაკავშირებით თავდაპირველად გაურკვევლობაც იყო. კოდექსიდან გამომდინარე, მეწარმეები თითქოს სავალდებულოდაც მიიჩნევდნენ, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ჯერ შემოსავლების სამსახურში გაესაჩივრებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა სასამართლოში წასვლა. ეს გაურკვევლობა განაპირობა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში არსებულმა ჩანაწერმა, იმასთან დაკავშირებით, რომ მხარემ უნდა გამოიყენოს ერთჯერადი ადმინისტრაციული გასაჩივრების უფლება. შემდეგ დაკონკრეტდა, რომ ეს არ არის სავალდებულო და მეწარმეს შეუძლია პირდაპირ წავიდეს სასამართლოში. თუმცა, ძირითადად, ყველა დავა მაინც მიდის ფინანასთა სამინისტროს სისტემაში, ვინაიდან იქ არ არის სახელმწიფო ბაჟები გადასახდელი. სასამართლოში დავის ღირებულების 3% მხარემ ბაჟის სახით უნდა გადაიხადოს. ამიტომ გადასახადის გადამხდელს ყოველთვის მეტი მოტივაცია აქვს, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ჯერ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გაასაჩივროს.
ამასთანავე, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით, შედეგს, ძალიან დიდი პროცენტული სხვაობით, შეიძლება ითქვას 100%-ით, უფროს ვაღწევთ დავების განხილვის საბჭოში, ვიდრე სასამართლოში. დავების საბჭოს გადაწყვეტილებას ძალიან იშვიათად ცვლის სასამართლო. ამას განაპიროებებს ალბათ ისიც, რომ სასამართლოში ძალიან ცოტაა კვალიფიციური მოსამართლე, რომელიც კარგად ერკვევა საგადასახადო სპეციფიკაში. დავების განხილვის საბჭოში სპეციალისტები არიან, რომლებიც ამ სფეროთი არიან დაკავებულნი და უფრო კარგად ესმით მთელი რიგი წვრილმანი საკითხები საგადასახადო კუთხით. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ, რეალურად, შედეგის მიღწევა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ის შედეგიც არ გვაკმაყოფილებს, რასაც დავების განხილვის საბჭო იღებს, მაინც ალბათ უფრო შესაძლებელი დავების განხილვის საბჭოშია, ვიდრე სასამართლოში.
ს.ე. – მოსამართლეებისა და ადვოკატების კვალიფიკაცია ქმნის თუ არა პრობლემას სასამართლოში საგადასახადო დავების წარმოების დროს?
პ.ს – როგორც მოსამართლეების, ასევე ადვოკატების კვალიფიკაცია ჩვენთან არ არის სასურველი დონის. ხშირ შემთხვევაში, როდესაც რთული საკითხებია განსახილველი, ადვოკატები იყენებენ აუდიტიორების მომსახურებას. კომპანიას შეუძლია დაიქირავოს აუდიტორიც და ადვოკატიც, იმისათვის, რომ დავების განხილვის დროს სრულყოფილად წარმოაჩინოს თავის პოზიცია. სასამართლოს კი არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აუდიტორი დაიქირავოს და დაიხმაროს. ამიტომ მოსამართლე ამა თუ იმ საკითხს თვითონ წყვეტს და ისე, რომ, ხშირ შემთხვევაში, საკმარისი განათლება და კომპეტენცია ამ სფეროში არ არქვს.
რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არიან, არსებობენ მოსამართლეები, რომელთაც შესაბამისი განათლება და გამოცდილებაც აქვთ, თუმცა დღეს არავისთვის არის დამალული, რომ სასამართლო ხშირად ექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის ქვეშ და იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც, ჩვენი აზრით, კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის და მას უნდა დაემორჩილო. არსებობს კიდევ ერთი ძალიან დიდი ხარვეზი. კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, უკვე თითქმის მეორე წელია, საგადასახადო ორგანოს შეუძლია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გამოტანისთანავე ამ გადაწყვეტილების აღსრულება. თუ მეწარმემ პირველი ინსტანციის სასმართლოში დავა წააგო, მას ქონებას მაშინვე გაუყიდიან აუქციონზე, რის შემდეგაც შეიძლება მან სააპელაციო ან უზენაეს სასამართლოში დავა მოიგოს კიდეც, მაგრამ მას აღარანაირი აქტივი არ ჰქონდეს დარჩენილი და ვეღარ გააგრძელოს საქმიანობა. მეწარმე ყველაზე კარგ შემთხვევაში წლები უნდა ელოდოს ბიუჯეტიდან იმ თანხის უკან დაბრუნებას, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ჩამოერთვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მიმართულებით ცვლილება არ არის განხორციელებული ახალ საგადასახადო კოდექსში.
ხელმიუწვდომელი სიკეთეები
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე, საქართველოში პირადი საგადასახადო აგენტის ინსტიტუტიც ამოქმედდა. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ახალი მომსახურება გადამხდელებს საგადასახადო ვალდებულებების უკეთ შესრულებაში დაეხმარება. “პირადი საგადასახადო აგენტი მიმდინარე” სიახლეების და საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გაცნობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, აგენტები გადამხდელებს დეკლარაციებისა და ანგარიშგების ფორმების სწორად შევსებაში დაეხმარებიან, რაც გადასახადების დროულად გამოანგარიშებას უზრუნველყოფს.
პირადი საგადასახადო აგენტის დაქირავება ბიზნესისთვის ნებაყოფლობითია. თუმცა არსებობს საკითხის მეორე მხარეც. ეს მომსახურება ფასიანია. ექვსთვიანი ხელშეკრულების ღირებულება 2 ათასი ლარია, რისი გადახდაც ყველას არ შეუძლია. დეკლარაციის ფორმებისა და ანგარიშების სწორად შევსება ნებისმიერმა პროფესიონალმა ბუღალტერმა იცის. მსხვილი და საშუალო ბიზნესი კარგი ბუღალტრის მომსახურებაზე უარს ისედაც არ ამბობს. თუ ვინმეს ასეთი სახის დახმარება სჭირდება, პირველ რიგში, ეს მცირე ბიზნესია, მათთვის კი ექვს თვეში 2 ათასი ლარი საკმაოდ დიდი ფულია. პაატა სალია:
“პრინციპში, ეს დადებითი ცვლილებაა მეწარმისთვის დროის ეკონომიის თვალსაზრისით. თუმცა, პირადი საგადასახადო აგენტის ყოლა თანხებთან არის დაკავშირებული და უფრო გათვლილია ისეთ ბიზნესზე, რომელსაც რეალურად ნორმალური შემოსავლები აქვს და შეუძლია საკუთარ თავს მისი დაქირავების უფლება მისცეს. ფინანსური და საგადასახადო კონსულტაციები ყველა ქვეყანაში ტრადიციულად სკმაოდ ძვირი მომსახურებაა”.
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია კიდევ ერთმა სიახლემ, რომელიც საგადასახადო კოდექსში პირველი აგვისტოდან ამოქმედდა, საუბარია “წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის” წესზე, რომლის მიხედვითაც ფინანსთა სამინისტროსგან კომპანიის მიერ გამოთხოვილ ახსნას კანონის ძალა ექნება. კომპანიებს, დავის წამოჭრის შემთხვევაში, სამინისტროსგან მიღებული წერილის მტკიცებულებად გამოყენებაც შეეძლებათ. ეს მომსახურება ფასიანია და იმ კომპანიებისთვის, რომელთა ბრუნვაც 5 მილიონ ლარამდეა, წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანა 5 ათასი ლარი ეღირება, ხოლო უფრო მსხვილი კომპანიებისთვის 30 ათასი ლარი დაჯდება.
ლევან კალანდაძე: “მე მივესალმები ამ ცვლილებას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, საქართველოში ამით მხოლოდ ერთეული საწარმოები ისარგებლებენ, რომელთაც შეუძლიათ ათობით ათასი ლარი გადაიხადონ იმაში, რომ მათ მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის ადეკვატური დაბეგვრა წინასწარ იყოს განსაზღვრული. მცირე და საშუალო საწარმოები საკუთარ თავს ამ ფუფუნების უფლებას ვერ მისცემენ. ეს იმუშავებს დიდი საწარმოებისათვის, რომელთაც, პრინციპში, არც არასოდეს ჰქონიათ კვალიფიციური აუდიტის დაქირავების პრობლემა. მათ ამის ფინანსური საშუალება ისედაც გააჩნდათ. უბრალოდ, ეს ახლა საგადასახადო სამსახურის ინსტიტუციონალურ ჩარჩოშია მოქცეული”.
პაატა სალია: “იყო მცდელობა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის შემოღებით გაუმჯობესებულიყო მეწარმეების მდგომარეობა. მაგრამ მიმაჩნია, რომ 2011 წლიდან, როცა ეს კოდექსი ამოქმედდება ჩვენ საპირისპირო შედეგს მივიღებთ. რადგან მასში არის ისეთი დებულებები, რომელიც აუცილებლად წარმოშობს გარკვეულ პრობლემებს. მაგალიათად, “წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის” წესისDშემოღება. საგადასახადო ორგანოს შეუძლია წინასწარი გაწყვეტილება მისცეს მეწარმეს შეკითხვაზე და დღეს მოქმედი კოდექსისგან განსხვავებით, ეს წინასწარი გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება კონკრეტული გადასახდის გადამხდელის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას. მარტივად რომ ვთქვათ, შემოსავლების სამსახურმა თუ მოგწერა, რომ ესა და ეს ოპერაცია უნდა დაიბეგროს ამ სახით, საგადასახადო ინსპექტორს ჩემი სხვაგვარად დაბეგვრის უფლება არ ექნება. ყველაზე ცუდი ამ მუხლში არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება კონფიდენციალურია და შეიძლება ერთსა და იმავე საკითხზე ორმა პირმა სხდასხვა პასუხი მიიღოს. ანუ რაღაც დისკრიმინაციის მომენტი შეიძლება შეიქმნას. ეს არასწორია. თუ ერთი კონკრეტული ოპერაცია, მაგალითად, საბაჟოზე ამა და ამ ტვირთის შემოტანა იბეგრება ასე და ასე, ეს ყველასთვის უნდა იყოს ერთნაირად და არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მიდგომა სხვადასხვა მეწარმის მიმართ. ეს კონფიდენციალურობის თემა ცოტა ეჭვებს ბადებს. არ შეიძლება, რომ ეს ინფორმაცია იყოს დამალული. ეს ქმნის დიფერენცირებული მიდგომის საშუალებას, რაც, შესაძლოა, კორუფციის წყაროც გახდეს. ამასთანავე, კანონში არის დათქმა, რომ წინასწარი გადაწყვეტილება არ გავრცელდება გადასახადის გადამხდელზე, თუ რაღაც ინფორმაცია არასწორი ან არასრულია. ზოგადად, არასრული ინფორმაცია ძალიან ბუნდოვანი განმარტებაა. შესაძლოა საგადასახადო ორგანომ მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ თქვას, რომ ამას კანონის ძალა არ აქვს არასწორი ინფორმაციის გამო და სხვაგვარად დაბეგროს გადასახადის გადამხდელი ან სულაც დააჯარიმოს”.
კიდევე ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მაისში ბიზნეს-ომბუდსმენის პოსტი შეიქმნა. ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობის შემოღება იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობა აღიარებს ბიზნესთან არსებულ პრობლემებს და ცდილობს, ურთიერთობები მაქსიმალურად თვისობრივად ახალ, ურთიერთნდობისა და პარტნიორობის ეტაპზე გადაიყვანოს. საგადასახადო კოდექსის თანახმად, ბიზნეს-ომბუდსმენმა ზედამხედველობა უნდა გაუწიოს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, გამოავლინოს მათი დარღვევის ფაქტებს და ხელი შეუწყოს დარღვეული უფლებების აღდგენას.
თუმცა, საინტერესოა ის, თუ რამდენად ქმედუნარიანი იქნება ეს ინსტიტუტი. ბიზნესის დაცვისა და ხელშეწყობის ფუნქცია ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოში არსებულ ბიზნეს-ასოციაციებს აქამდეც ჰქონდათ, თუმცა, ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემების თავმოყრას.
ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი პერტაია:
“მსხვილი ბიზნესისათვის ძალიან მარტივია ჩვენთან მომართვა, წვრილ და საშუალო ბიზნესს გარკვეული დრო სჭირდება მთავრობასთან კომუნიკაციისთვის. იმისთვის, რომ მათ ჩვენთან მომართვა გაუადვილდეთ, სამი რამ გავაკეთეთ:
– ცხელი ხაზი, რომელზე დარეკვაც ყველას შეუძლია და თან ისე, რომ სავალდებულო არ არის დააფიქსიროს თავის სახელი და გვარი;
– ჩვენს ვებ-გვერდზე არსებობს სპეციალური განყოფილება, რომლის საშუალებითაც მეწარმეებს შეუძლიათ მოგვწერონ ნებისმიერი პრობლემის შესახებ, ანონიმურობა ამ შემთხვევაშიც გარანტირებულია;
– ინტენსიური შეხვედრები მეწარმეებთან. ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჩვენ მას ვამოწმებთ. შევისწავლით, თუ რამდენად აქვს მეწარმის უფლებების დარღვევას ადგილი, სუბიექტური ხომ არ არის მეწარმე სიტუაციის შეფასებისას და ასე შემდეგ. ყველაფერს დეტალურად შევისწავლით, გადავამოწმებთ მეორე მხარესთან და თუ აღმოვაჩენთ, რომ მართლაც აქვს ადგილი მეწარმის უფლებების დარღვევას, მივმართავთ უკვე პრემიერ მინისტრს. ეს ხდება მაქსიმუმ ორ დღეში.
ჩვენი სამსახურის მთავარი უპირატესობა ოპერატიულობაა, ნებისმიერი სახის ინფორმაციას რაც შეიძლება სწრაფად ვამუშავებთ”.
შეჯამებისათვს ისევ იმ საკითხს დავუბრუნდეთ, რითაც საუბარი დავიწყეთ – მსოფლიო ბანკის რეიტინგები და საქართველოს “ნომერ პირველი რეფორმატორი” ქვეყნის სტატუსი. ამ თემაზე როცა ვსაუბრობთ, ყველა თანხმდება და მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებიც, რომ ამ შემთხვევაში, საუბარია, მხოლოდ ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე. თუმცა, კვლავ დიდ პრობლემად რჩება ბიზნესის ლიკვიდაციის საკითხი.
პაატა სალია: “რამდენიმე თვეა, რაც საგადასახადო ინსპექციამ გააქტიურა მუშაობა ამ კუთხით. ვინაიდან კანონმდებლობაშიც და პრაქტიკაშიც ძალიან დიდი ხარვეზებია ლიკვიდაციის პროცედურებთან დაკავშირებით. საწარმოთა ლიკვიდაციის პროცესი თვეობით იყო თაროზე შემოდებული. კანონმდებლობაში არ არის დეტალურად გაწერილი, რა როგორ უნდა მოხდეს. რა შემთხვევებში შეიძლება მოხდეს საწარმოთა ლიკვიდიაცია, როგორ უნდა მოხდეს, დავუშვათ, სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა და ასე შემდეგ. მართალია, ახლა უკვე განსაზღვრულია ის, თუ რა პერიოდში უნდა დასრულდეს საწარმოს ლიკვიდაცია, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ უფრო დეტალურად იყოს გაწერილი პროცედურები”.
საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს შეფასების შეჯამებისას, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან კალანდაძე ინვესტიციების საკითხს იმოწმებს:
“ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ხელისუფლება ზრუნავს ინვესტიციების მოზიდვაზე. პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა ქვეყანაში დადის, ხვდება სხვადასხვა რანგის მოხელეებს. რაც თავისთავად ცუდი არ არის. თუმცა, აქაც ვხედავთ ხელოვნურობის ელემენტს. ინვესტიციების მოზიდვის საუკეთესო საშუალება, ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა. როგორც კი ქვეყანაში ინვესტირებისათვის ხელსაყრელი პირობები ჩნდება, იქ ინვესტორიც მაშინვე ჩნდება, არავის დაპატიჟება მას არ სჭირდება. ანუ ის, თუ რამდენად თავისუფლად მოედნება საინვესტიციო ნაკადები ქვეყანაში იმის საზომია, თუ რამდენად სწორ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს ქვეყანა. საქართველოს მთავრობას დღეს ზედმეტი ძალისხმევა სჭირდება ინვესტიციების მოსაზიდად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნეს-გარემო მთლად სრულფასოვანი არ არის”.
Doing Business-ის ინდექსის გამოთვლისას, ექსპერტები არ შეისწავლიან ბიზნეს-გარემოს ყველა ასპექტს. მსოფლიო ბანკის ექსპერტები კვლევის დროს ითვალისწინებენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა ბიზნესის დაწყება, მშენებლობის ლიცენზიები, ქონების რეგისტრაცია, დაკრედიტება, ინვესტორების დაცულობა, გადასახადების გადახდა, ვაჭრობა საზღვრებს შორის, კონტრაქტირება და ბიზნესის დახურვა. თუმცა, ყურადღების მიღმა რჩება ბიზნესის უსაფრთხოების, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, კორუფციის, მუშაკთა სტაბილურობის დონესა და ფინანსური სისტემის სისუსტეებთან დაკავშირებული ხარვეზები. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ Doing Business-ის მაჩვენებლის მიხედვით, საუბარია, ბიზნესის დაწყების და არა მისი წარმოების სიმარტივეზე.