მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით მეზობლები გვისწრებენ

ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ინიციატივით, 2010 წლის 16 ნოემბერს, გაიმართა კონფერენცია – “ეკონომიკის აქტუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები”, რომლის მიზანიც მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და არსებული პრობლემების კომპლექსური შესწავლა, ეკონომიკურ პროცესებზე სამოქალაქო საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და არსებული პრობლემების აქტუალიზაციაა. 

      კონფერენციაზე ცენტრის ექსპერტების: ნოდარ ხადურის, დავით ნარმანიასა და თეიმურაზ მურღულიას მიერ განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა “მაკროეკონომიკური პოლიტიკა: პრობლემები და პერსპექტივები პოსტრევოლუციურ საქართველოში”; “საქართველოს საბიუჯეტო პოლიტიკა: პრობლემები და ტენდენციები” და “მდგრადი განვითარების პრობლემატიკა და დაძლევის გზები”. 
      ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა, ნოდარ ხადურმა განიხილა საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკა და განვითარების ტენდენციები 1990-იანი წლებიდან დღემდე. ექსპერტმა პარალელები მეზობელი ქვეყნების ეკონომიკებთან გაავლო. ნოდარ ხადურის თქმით, 1990 წლის შემდეგ სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგეს ეკონომიკის განვითარებისათვის, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოზე ვერ ვიტყვით, ასეა თითქმის ყველა მაკროეკონომიკურ ასპექტში. მაგალითად, უმუშევრობა საქართველოში 16,9%-ია, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი 7%. 2009 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა საქართველოში 4757 დოლარი იყო; ამ მონაცემით საქართველო მსოფლიოში 114-ე ადგილზეა და ჩამორჩება მის ყველა მეზობელს. 
      ასევე, ხაზი გაესვა სოფლის მეურნეობის სავალალო მდგომარეობას. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი (დაახლოებით 53%) სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, თუმცა მისი ხვედრითი წილი მშპ-ში წლიდან წლამდე მცირდება: 1990 წელს ის 34,7%-ს შეადგენდა, 2009 წელს კი – 8,7%-ს.  მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის არა მარტო წილია შემცირებული, არამედ 2003 წელთან შედარებით რეალურ მაჩვენებლებში 15,1%-ითაა შემცირებული წარმოების მოცულობა. 
      ექსპერტმა დავით ნარმანიამ აქცენტები ბიუჯეტის სახსრების ბუნდოვან ხარჯვასა და ხარჯების ცენტრალიზაციის არასწორ ტენდენციაზე, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდის სახსრების ბუნდოვან ხარჯვასა და საქართველოს ვალის საკითხებზე გააკეთა. ეს უკანასკნელი საკმაოდ დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველო ძალიან ახლოსაა გადახდისუუნარობის  ზღვართან. როგორც დავით ნარმანიამ პრეზენტაციისას აღნიშნა, საქართველოს ვალი მშპ-სთან მიმართებაში 2013 წელს 42%-ს მიაღწევს. გადახდის უუნაროდ კი ითვლება ის ქვეყანა, რომლის ვალიც მშპ-სთან მიმართებაში 60%-ს აღწევს. 
      ეკონომიკის დოქტორმა, თეიმურაზ მურღულიამ საქართველოს მდგრადი განვითარების პრობლემატიკასა და მისი დაძლევის გზებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ გლობალური კონკურენციის ინდექსით, საქართველო,  2010-2011 წლის მონაცემებით, 139 ქვეყანას შორის 93-ე ადგილზეა. საქართველოსთვის ფუნდამენტური პრობლემებია განათლება, ქვეყნიდან ტვინების” გადინება, დანაზოგების არარსებობა და შიდა ინვესტიციების რესურსების არქონა. 
      კონფერენციის დასასრულს, ექსპერტმა შესთავაზა ეკონომიკის სამინისტროს, გამოაცხადოს ღია კონკურსი მდგრადი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე. როგორც თეიმურაზ მურღულიამ აღნიშნა, ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი მზადაა მონაწილეობა მიიღოს მსგავს კონკურსში.რედაქციისგან