გაიმეორებს თუ არა შეცდომას Facebook
მაკა ღანიაშვილი
მსოფლიოში ბოლო რამდენიმე წლის, საქართველოში კი განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში არ წყდება საუბრები უდიდესი სოციალური ქსელის Facebook-ის გარშემო. მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობამ უკვე ნახევარ მილიარდს გადააჭარა. გვერდის ინტერფეისი გადათარგმნილია 70 ენაზე, მილიონობით კომპანია იყენებს სოციალურ ქსელს საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. მთავარი კონკურენტები MySpace, Twitter, LinkedIn, LiveJournal და სხვა საგრძნობად ჩამორჩებიან Facebook-ს, როგორც მომხმარებელთა რაოდენობის, ასევე შემოსავლების მიხედვითაც. ანალიტიკოსების შეფასებით, უმსხვილესი სოციალური ქსელის ღირებულება დღეისათვის 33,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს თანხა გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა მსხვილი კომპანიების ღირებულება, მაგალითად, EBay 30,1 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა, ხოლო Yahoo – 18,3 მილიარდ აშშ დოლარად.
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ინტერნეტ სივრცის ამ სეგმენტს სულ სხვა “მბრძანებელი” ჰყავდა – MySpace, რომელიც რუპერტ მერდოკმა 2005 წელს 580 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. აქედან მოყოლებული Mყშპაცე-ის მომხმარებელი 3 წლის განმავლობაში 6-ჯერ გაიზარდა და 114 მილიონ ადამიანს მიაღწია. საქმეები მშვენივრად მიდიოდა და ალბათ ასეც გაგრძელდებოდა, 2004 წელს ბაზარზე ჰარვარდის უნუვერსიტეტის სტუდენტის, მარკ ცუკერბერგის “პირმშო” რომ არ გამოჩენილიყო. თუმცა, Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ტემპები პირველ წლებში საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა MySpace-ის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის დინამიკას. 2007 წლისათვის Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა 55 მილიონს არ გადასცილებია. მედია მაგნატმა რუპერდ მერდოკმაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და როგორ უკვე აღვნიშნეთ, ამ ორ მოთამაშეს შორის ფსონი იმ პერიოდისათვის გაცილებით უფრო პოპულარულ, MySpace-ზე გააკეთა.
სიტუაცია რადიკალურად ერთ წელში შეიცვალა. 2008 წლის განმავლობაში MySpace-ის მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა, მაშინ, როცა ე.წ. “პირწიგნაკელთა” რაოდენობა თავდბრუდამხვევი სისწრაფით იზრდებოდა. 2009 წელს საქმე იქამდეც მივიდა, რომ MySpace-ს მფლობელს თანამშრომელთა ერთი მესამედის შემცირება და რამდენიმე რეგიონალური ოფისის დახურვაც მოუხდა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, facebook-ის მთავარი უპირატესობა კონტაქტების გაფართოებისა და სასურველი ინფორმაციის რაც შეიძლება ფართო აუდიტორიამდე მიტანის განუსაზღვრელ შესაძლებლობებშია. .Facebook-ი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია საქართველოშიც. ჩვენთან აღნიშნული ქსელის მომხმარებელთა რაოდენობამ დაახლოებით 350 000-ს მიაღწია.
წარმატების საიდუმლო
მიუხედავად იმისა, რომ Fascebook-ზე დარეგისტრირება და ნავიგაცია უფასოა და, როგორც მისი მფლობელები აცხადებენ, ეს ყოველთვის ასე იქნება, ისინი მილიარდების “შოვნას” სოციალური ქსელის საშუალებით მაინც ახერხებენ. 2009 წლისათვის Facebook-ის მოგებამ 700 მილიონ დოლარს მიაღწია. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 300 მილიონი დოლარი იყო. 2007 წელს კი დაახლოებით 150 მილიონი. Facebook-ის შემქმნელის, მარკ ცუკერბერგის ქონება კი ერთ წელიწადში 245%-ით გაიზარდა და 7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
კომპანიის ძირითადი შემოსავალი, დაახლოებით 85% რეკლამებზე მოდის. მარკ ცუკერბერგმა 2009 წელს მომხმარებელს შესთავაზა Facebook-ის სარეკლამო დამატება Facebook Ads. ამ სერვისით დღეს უკვე თითქმის ყველა წამყვანი მსოფლიო ბრენდი სარგებლობს. მათ შორის, CBS, Coca-Cola,Sony და სხვა. თუ ტრადიციული სარეკლამო კამპანიები ბრენდსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას გულისხმობს, Facebook-ის საშუალებით მომხმარებლები თავად უკეთებენ რეკლამას საყვარელ ბრენდებს. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი არჩევანს ისევ მომხმარებლის რჩევების გათვალისწინებით აკეთებს, რაც ამა თუ იმ ბრენდის მიმართ ნდობის გაცილებით დიდ ხარისხს ქმნის, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახის რეკლამა. სწორედ ეს არის ინოვაციური შეთავაზება Facebook-ის მხრიდან ბიზნესისათვის, ცუკერბერგმა და მისმა მეგობრებმა ამ ხერხს პირველებმა მიაგნეს, ამიტომაც გაკვირვებას აღარ იწვევს ის მილიონები, რომელსაც კომპანია სარეკლამო სერვისის საშუალებით იღებს.
Facebook-მა სარეკლამო ბიზნესში ისეთი პოპულარული კომპანიები ჩამოიტოვა, როგორებიცაა Yahoo, Microsoft, Fox Interactive Media. აშშ-ის ონლაინ-სარეკლამო ბაზარზე Facebook მთავარი მოთამაშეა, რადგან ინტერნეტ-მაღაზიების მომხმარებლები სწორედ Facebook-ის საშუალებით ახორციელებენ საქმიანობას, რაშიც მათ ფლასჰ-აპლიკაცია ეხმარებათ. ანალიტიკური კომპანია Panda Security-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მეწარმეებს შორის ყველაზე პოპულარული Facebook-ია. მისით რესპონდენტთა 69% სარგებლობს. მეორე ადგილზე Twitter-ია 44%-ით, მესამეზე კიYouTube 32%-იანი რეიტინგით.
Facebook-ის მოგების 36% სარეკლამო ბანერებიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის, 27% მთვარ სასრეკლამო პარტნიორზე Microsoft-ზე (2007 წელს ბილ გეიტსმა 240 მილიონ დოლარად იყიდა Facebook-ის აქციათა 1,6% და ამასთანავე 2011 წლამდე მიიღო ექსკლუზიური უფლება მის გვერდებზე საკუთარი რეკლამის განთავსებისა), შემოსავლის 23%-ს Facebook სხვადასხვა სარეკლამო კონტრაქტებიდან იღებს, 14%-ს კი ვირტუალური პროდუქტებისა და სერვისების, მათ შორის, თამაშებიდან.
Facebook-ის მომავალი
Facebook-ის შემქმნელები ამაზე შეჩერებას არ აპირებენ. Hi-Tech ინდუსტრიის მოთამაშეთა მორიგ მკვლელად” ჯერ კიდევ ბაზარზე გამოჩენამდე Facebook-ის საფოსტო სერვისი სახელდება. მისი შექმნის შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო საუბარი. საფოსტო ყუთის სახელწოდება მისამართით@fb.com ან @facebook.com-ი სოციალური ქსელის მომხმარებლის სახელს დაემთხვევა. Facebook-ის უპირატესობა ახალი პროდუქტის ბაზარზე გამოჩენამდეც კი სახეზეა – მას 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება, მაშინ, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Google-ის Gmail-ით მხოლოდ 140 მილიონი ადამიანი სარგებლობს.
Facebook-ი და Google-ი ერთმანეთს არა მხოლოდ მომხმარებლებში, არამედ შრომით რესურსებშიც ეცილებიან. როგორც Google-ის ხელმძღვანელები აცხადებენ, 2011 წლის იანვრიდან საკუთარ თანამშრომლებს ხელფასებს 10%-ით მოუმატებენ, რისი მიზეზიც ბაზარზე არსებული მკაცრი კონკურენციაა. ამ გზით, კორპორაცია, რომელშიც 23 ათასი ადამიანია დასაქმებული, კადრების გადინების შეჩერებას ცდილობს. Google-ი თავის მთავარ კონკურენტადFacebook-ს მიიჩნევს, ვინაიდან სოციალური ქსელის თანამშრომელთა 10% მანამდე სწორედ Google-ში მუშაობდა.
Facebook-ის მესვეურები ბიზნესის განვითარების მორიგ ეტაპზე ჩინეთის, რუსეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ბაზრებს უმიზნებენ. როგორც მარკ ცუკერბერგი აცხადებს, ახლა, როდესაც ქსელში 500 მილიონი მომხმარებელია დარეგისტრირებული, Facebook-ს სულ უფრო მეტად უჭირს ზრდის ტემპების შენარჩუნება. ამიტომაც ისინი ლოკალურ ბაზრებზე პირველი სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას იწყებენ.
ცუკერბერგის თქმით, პირველად არსებობის ისტორიაში, კომპანია კონკრეტული ქვეყნებისთვის კონკრეტულ მიზნებზე იქნება ორიენტებული.Facebook-ის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ სტრატეგიის წარმატების შემთხვევაში, მისი ქსელი მილიარდ ადამიანს გააერთიანებს. თუმცა, ჩამოთვლილ ქვეყნებში Facebook-ი სერიოზულ კონკურენციას აწყდება. მაგალითად, რუსეთში ყველაზე პოპულარული ქსელი v kontakte”-ია, იაპონიაში Mixi,Tencent QQ კი ჩინეთში.
Facebook-ი აქტიურად ზრდის არაინგლისურენოვან, კერძოდ, ფრანგულ, ესპანურ და თურქულენოვან სეგმენტებსაც. კომპანიის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ მომავალში სოციალური ქსელების ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა მობილური ინტერნეტი იქნება. მისი თქმით, უკვე ფიქსირდება ქვეყნები, სადაც მობილური მომხმარებელი ვებ-რესურსს აჭარბებს. ასეთი ქვეყნის მაგალითად კი მან ინდოეთი დაასახელა. დღეისათვის დაახლოებით 60 ქვეყნის 200 მობილური ოპერატორის საშუალებით 200 მილიონზე მეტ მომხმარებელს აქვს წვდომა ფეისბუქზე.
საკითხავია რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს Facebook-ის აღმასვლა? ნათელია, რომ ჰარვარდის სტუდენტები მეცენატები არ არიან და მათი მიზანი მხოლოდ მათი ლოზუნგით არ გამოიხატება “გავხადოთ მსოფლიო უფრო ღია და ერთიანი”. რა თქმა უნდა, მათთვის სარეკლამო შემოსვალიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაცაა, რომ სარეკლამო განცხადებები სულ უფრო მეტი დოზით გვხვდება Facebook-ზე, რაც მომხმარებელთა გაღიზიანებას იწვევს. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ MySpace-ის მარცხის მთავარი მიზეზი, სწორედ ის იყო, რომ თავის დროზე რუპერტ მერდოკმაც ფსონი სარეკლამო შემოსავლებზე გააკეთა და მომხმარებელიც დაკარგა. საინტერესოა, გაიმეორებს თუ არა იმავე შეცდომას Facebook-ი? ამას ალბათ უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, ჯერჯერობით კი, ის იესვ წარმატებისა და პოპულარობის ზენიტშია.