ჩინეთი მსოფლიო ფინანსურ წესრიგს ცვლის
სხვადსხვა ქვეყნის მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ახალ აზიურ ბანკზე (AIIB) უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ. ეკონომისტები სამართლიანად ფიქრობენ, რომ AIIB უკვე არსებული ინსტიტუტების – საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის – კონკურენტობას უმიზნებს, რომლებიც მართალია, გაეროს ეგიდით მუშაობენ, მაგრამ ყველა აღნიშნავს, რომ ეს ორგანიზაციები აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების სრული გავლენის ქვეშ არიან.
ეკონომისტები ამბობენ, რომ 1944 წელს ბრეტონ-ვუდსში შექმნილი მსოფლიო ფინანსების მართვის პარადიგმა შესაცვლელია. ბრეტონ-ვუდსმა თავის ინსტიტუტები წარმოშვა: საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, რომლებიც აშშ-ის ჰეგემონიას უზრუნველყოფენ მსოფლიო ფინანსებზე. 1973 წელს გაცხადდა, რომ ბრეტონ-ვუდსის სისტემამ კარახი განიცადა და იამაიკის კონფერენციამ ახალ სისიტემას – ვალუტის თავისუფალ მცურავ კურსს დაუდო სათავე. თუმცა, ბრეტონ-ვუდსის ინსტიტუტები დღესაც აგრძელებენ მოღვაწეობას და განაგებენ მსოფლიოს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეფორმირების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, რასაც ბრიკის ქვეყნები, განსაკუთრებით კი ჩინეთი და ბრაზილია აქტიურად მოითხოვდნენ. თუმცა, აშშ-მ პოზიციები არ დათმო.
ბევრი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ AIIB – ეს ჩინეთის მცდელობაა გაზარდის მსოფლიო ეკონომიკასა და საფინანსო მმართველობაში თავისი გავლენა და მეტიც, შეცვალოს მსოფლიო ფინანსური წესრიგი. მსოფლიო არენაზე იუნის როლის გასაძლიერებლად ის SWIFT-ის მსგავსი საერთაშორისო საანგარიშსწორებო სისტემის – CIPS – ამოქმედებას გეგმავს, რომლის ჩაშვებასაც უკვე შემოდგომაზე ფიქრობენ. გარდა ამისა, ჩინეთმა საკუთარი სარეიტინგო კომპანიებიც ჩამოაყალიბა.
ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიური ბანკი 2014 წლის ოქტომბერში პეკინში დაფუძნდა, AIIB-ის ძირითადი მიზნებია რეგიონში ფინანსური თანამშრომლობის სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება: გზების, აეროპორტების მშენებლობიდან დაწყებული, კავშირგაბმულობის ანტენებისა და ეკონომ-კლასის საცხოვრებელი ბინებით დამთავრებული.
თუმცა, უფრო ღრმა ანალიზით ეკონომისტები ასკვნიან, რომ აზიური ბანკის შექმნა გახდა ჩინეთის მხრიდან ისეთი ორგანიზაციების, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკის და მსოფლიო ბანკის მრავალწლიანი კრიტიკის შედეგი, რომლებიც, ჩინეთის აზრით, განვითარებად ეკონომიკებს ძალიან მწირ შესაძლებლობებს აძლევენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბანკის დასახელებაში არის აზიის რეგიონთან კავშირი, ამბიციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება, ხოლო დამფუძნებლებსა და წევრებს შორის არიან ევროპული და აფრიკული ქვეყნები. დღესდღეობით AIIB-ს უკვე 40 ქვეყანაზე მეტი მიუერთდა, მათ შორის მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები ევროპიდან. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად პროექტის მიმართ დიდი ინტერესი არ ყოფილა. ბანკის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც გასულ წელს ჩატარდა, 21 მონაწილე ქვეყანას შორის იყვნენ ისეთები, როგორებიცაა: ინდოეთი, ტაილანდი და სინგაპური. თუმცა, ქვეყნების უმრავლესობა პატარა და ღარიბი აზიური ქვეყნები იყვნენ ისეთები, როგორებიცაა: ლაოსი, ნეპალი, უზბეკეთი და კამბოჯა.
მიმდინარე წლის დასაწყისში კი რამდენიმე უკვე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ პროექტთან მიერთების სურვილი გამოთქვა. განაცხადების სიმრავლე განსაკუთრებით მარტში შეინიშნებოდა, როცა მთელი რიგი ევროპული ქვეყნებისა შევიდნენ ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიურ ბანკში. მოცემულ მომენტში ამ სიაში არიან: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ბრაზილია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და რუსეთი. თუმცა, ჯერჯერობით, შემადგენლობა ბოლომდე ცნობილი არ არის. პროექტთან მიერთების სურვილი გამოთქვეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა: საუდის არაბეთმა, ომანმა, ყატარმა და ეგვიპტემ.
ამ პროცესში ყველაზე საინტერესო მომენტი ბრიტანეთის პროექტთან მიერთების თანხმობა აღმოჩნდა, მისმა ამ გადაწყვეტილებამ შეერთებული შტატები გაანაწყენა, რომელმაც ცოტა ადრე მოახერხა და დიპლომატიური არხებით, რეგიონში თავის ტრადიციული მოკავშირეები – ავსტრალია, სამხრეთ კორეა და იაპონია – დაარწმუნა თავი შორს დაეჭირათ ამ ახალი წამოწყებისგან.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბრიტანეთი საფინანსო-სავაჭრო ქვეყანაა და არასერიოზული იყო მოლოდონი, რომ ის საკუთარი თავის იზოლირებას მოახდენდა მსოფლიოში მეორე და პერსპექტივაში შესაძოლოა პირველ ეკონომიკასთან ინტენსიური მუშაობის შესაძლებლობისგან, ცხადია, ინგლისისგან ამას არავინ ელოდა. საქმე იმაშია, თუ რა საფუძვლებზე, რა მიმართულებით წარიმართება ურთიერთობა ჩინეთთან. გარდა ამისა, ახლა ინგლისში არჩევნებია და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ალბათ, არანაირი სურვილი არ აქვს, როგროც ეს ადრეც მომხდარა, ამომრჩევლების წინაშე დევიდ კემერონისთვის „ობამას პუდელი“ ეწოდებინათ.
აშშ-მ თავი შეიკავა პროექტში მონაწილეობაზე, თუმცა, ეს მოულოდნელი არც ყოფილა. ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯენიფერ ფსაკმა განაცხადა – „მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ხელისუფლება მიესალმება აზიაში ინფრასტრუქტურული ბანკის შექმნას, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ის შეესაბამებოდეს მმართველობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს“.
რაც შეეხება იაპონიას, მან თავიდან განაცხადა, რომ მხარს უჭერდა აშშ-ს გადაწყვეტილებას არ მიეღო პროექტში მონაწილეობა, მაგრამ ჩინეთში იაპონიის ელჩმა განაცხადა, რომ იაპონიამაც შეიძლება მიიღოს მონაწილეობა პროექტში ბანკის თანადამფუძნებლის სტატუსით.
ისე გამოდის, რომ აშშ-ის გარდა, ჩინეთთან მეგობრობა ყველას სურს. ალბათ, უგუნურობა იქნებოდა ჩინეთთან მეგობრობაზე უარის თქმა, მაგრამ მთავარი საკითხი აქ პირობებია. აზიაში ჩინეთთან ყველა ვაჭრობს, რაც ყველასთვის ორმხრივად მომგებიანია. საქმე იმაშია, რომ თუკი სტრუქტურული დაფინანსების გრძელვადიან პროექტში მიიღებს ქვეყანა მონაწილეობას, ამან შესაძლოა ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზეც მოახდინოს გავლენა. ბანკის სტრუქტურა კი ისეთია, რომ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ახდენს ქვეყანა ყველაზე დიდი მშპ-თი. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პროექტში, ბევრად ნაკლები მშპ-ის მოცულობა აქვს, ვიდრე ჩინეთს.
გასული წლის ოქტომბერში მიღებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიური ბანკის საწესდებო კაპიტალი 100 მილიარდი დოლარია. ამასთან, ამ თანხის ნახევარს ჩინეთი უზრუნველყოფს. ამიტომ, ბევრი ფიქრობს, რომ ჩინეთის ასეთი დიდი წილი ქვეყანას მისცემს დე-ფაქტო კონტროლის უფლებას ახალ ინსტიტუტზე.
ჯერჯერობით, აზიური ბანკი არ აკონკრეტებს როგორ აპირებს მომავალში დაფინანსების მოზიდვას, თუმცა გასულ წელს გამოქვეყნებულ ჩინეთის სახელმწიფო გამოცემის ანგარიშში (Economy & Nation Weekly) ნათქვამია, რომ ბანკთაშორისი სესხები და წევრი ქვეყნების სუვერენული ობლიგაციების გამოშვება შესაძლოა იყოს დაფინანსების მოზიდვის ვარიანტი.
სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველომაც გამოხატა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკთან მიერთების ინტერესი. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ბანკის მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაა, რაც ახალ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს და ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვაში. „ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება და მიესალმა საქართველოს გადაწყვეტილებას, რომ გახდეს ამ ბანკის წევრი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჩინეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობა ჩვენთვისაც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, თუმცა, ამის გარეშეც ის უკვე ჩვენი მთავარი ინვესტორი გახდა. ეკონომიკის ექსპერტი, თსუ-ის პროფესორი ემზარ ჯგერენაია ამ საკითხის კომენტირებისას ამბობს, რომ საქართველომ კი არა, ინგლისმა გადაწყვიტა თანამშრომლობა და საქართველომ მით უმეტეს უნდა ითანამშრომლოს: „ეს მას ჰაერივით სჭირდება, მას სჭირდება ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ამ ქვეყანაში სიუხვეს მოიტანს. ის, რომ ყველა ცდილობს ჩინეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდეს – უკვე ტენდენციაა. საკითხავი მართლაც არის, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩინეთთან, რომელიც კომუნისტურია, მაგრამ საოცარ წარმატებებს აღწევს თავისუფალ ბაზარზე. ვფიქრობ ეს საკითხი სტრატეგიულად, უსაფრთხოების კუთხით შესაფასებელია, რამდენად თავსებადია ის ჩვენს ევროპულ არჩევანთან“, – დასძენს ემზარ ჯგერენაია.