2011 წლის გამოწვევების პირისპირ

რეადქციისგან 

წლის ბოლოა და ლოგიკურია, რომ ყველა სფეროში მნიშვნელოვანი მოვლენების გაანალიზება და სტატისტიკური მონაცემების დაჯამება ხდება. საინტერესოა, რა მოუტანა მსოფლიო ეკონომიკას 2010-მა წელმა? მაგრამ ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც, თუ რას უნდა ველოდოთ მომავალ წელს? რა შეიძლება შეიცვალოს მსოფლიო ეკონომიკაში? რომელი ქვეყნის ეკონომიკებსა და ეკონომიკის რომელ დარგებს უწინასწარმეტყველებენ ექსპერტები ზრდას ან, პირიქით, ეკონომიკურ ვარდნას? ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ. 

      საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2011 წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოსალოდნელია GDP-ის 4,3%-იანი ზრდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში ეს პროგნოზი 3,9%-ს არ აღემატებოდა. ამასთანავე, გლობალური ფინანსური სექტორის დანაკარგები 533 მილიარდი დოლარით შემცირდა. ბანკების ანულირებული აქტივების მოცულობა 2,8 ტრილიონი აშშ დოლარიდან 2,28 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. აშშ-ის საბანკო სისტემის დანაკარგები 1,03 ტრილიონი აშშ დოლარიდან 885 მილიარდ დოლარამდე, ხოლო მთლიანად საბანკო სისტემის დანაკარგები 13%-ით შემცირდა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო, გლობალური ეკონომიკური რეცესიიდან იმაზე სწრაფად გამოდის, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. 
      ისევე, როგორც სხვა კვლევებში, IMF-ის მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვაშიც აღნიშნულია, რომ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკები კრიზისიდან უფრო სწრაფად გამოდიან, ვიდრე განვითარებული ქვეყნებისა. ეს ტენდენცია გაგრძელდება 2011 წელსაც. 2010 წელს ეკონომიკის ყველაზე მაღალპროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა აზიის რეგიონში – 8,7%. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყნებს, აღსანიშნავია, რომ 2011 წელს მათი ეკონომიკების ზრდის ტემპები მცირედით ჩამოუვარდება წლევანდელ მაჩვენებლებს. 2010 წელს ჩინეთის ეკონომიკა 10%-ით გაიზრდა, 2011 წელს კი აქ ექსპერტები 9,9%-იან ზრდას ვარაუდობენ. ინდოეთის ეკონომიკა წელს 8,8%-ით გაიზარდა, 2011 წელს კი ეს მაჩვენებელი 8,4% იქნება. ბრაზილიის ეკონომიკა წლევანდელი წლის ბოლოსათვის 5,5%-ით, მომავალ წელს კი 4,1%-ით გაიზრდება. საპირისპირო ტენდენცია იქნება მექსიკაში. მისი ეკონომიკა წელს 4,2%-ით გაიზარდა. მომავალ წელს ზრდის ტემპები შენარჩუნდება და 4,5%-ს მიაღწევს. IMF-ის ექსპერტთა პროგნოზით, უფრო სწრაფი იქნება რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპებიც. შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში ექსპერტები რუსეთის ეკონომიკის 3,6%-იან ზრდას ვარაუდობდნენ, ახლა ზრდის პროგნოზი 4%-ს შეადგენს. 
      ბრიტანეთის სავაჭრო პალატამ, GDP-ის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2011 წლისათვის 2,3%-იდან 2,1%-მდე შეამცირა. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის მეოთხე კვარტალის შემდეგ დიდ ბრიტანეთში GDP-ის მხოლოდ 0,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მართალია, მომავალ წელს ზრდის ტემპები უფრო მაღალი იქნება, მაგრამ, როგორც ბრიტანელი მიმომხილველები აღნიშნავენ, ეს ზრდის ტემპები ვერ გაუტოლდება კრიზისის წინა პერიოდის მაჩვენებლებს. 
      რაც შეეხება ევროზონისა და აშშ-ის ეკონომიკებს. OECD-ის ექსპერტებმა GDP-ის ზრდის 2011 წლის პროგნოზი გამოაქვეყნეს. კვლევის მიხედვით, რეალური GDP-ის ზრდის ტემპების მიხედვით, აშშ გაუსწრებს იაპონიასა და ევროკავშირს. მომავალ წელს რეალური GDP იაპონიასა და ევროკავშირის ქვეყნებში 1,7%-ით გაიზრდება, აშშ-ში ეს მაჩვენებელი 2,2% იქნება. მთლიანად OECD-ის ქვეყნებში კი GDP-ს 2,3%-იანი ზრდა დაფიქსირდება. 
      უმუშებრობის მაჩვენებელი აშშ-ში წლევანდელი 9,7%-იდან 9,5%-მდე შემცირდება, იაპონიაში 5,1%-დან 4,9%-მდე, ხოლო ევროკავშირში 9,9%-დან 9,6%-მდე. მთლიანად OECD-ის ქვეყნებში უმუშევრობის მაჩვენებელი 8,1% იქნება. შეგახსენებთ, რომ წელს ეს მაჩვენებელი 8,3%-ია. OECD-ის ექსპერტები მსოფლიო ვაჭრობის ზრდის ტემპების შემცირებას წინასწარმეტყველებენ. თუ 2010 წელს მსოფლიო ვაჭრობა 12,3%-ით გაიზარდა, მომავალ წელს ზრდა 8,3%-ს შეადგენს. 
      მომავალი წლის ინფლაციის 
      საპროგნოზო მაჩვენებლები 
      OECD-ის ექსპერტები ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლებსაც აქვეყნებენ. აშშ ინფლაციის ზრდის 0,9%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდება, ევროპაში 1,3%, ხოლო მთლიანად OECD-ის ქვეყნებში 1,5%. 
      მომავალი წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს აქვეყნებს საქართველოს ეროვნული ბანკიც. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ჩვენს ქვეყანაში ინფლაცია 2011 წლის I-II კვარტლებში შემცირდება. ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ I კვარტლის ბოლოს ინფლაცია 9,8%-მდე შემცირდება, ხოლო II კვარტლის ბოლოსთვის 8,4%-მდე. მიმდინარე წლის ბოლოსთვის კი, როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი 10,6%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ინფლაციის დინამიკას, ძირითადად, სურსათზე ფასები განსაზღვრავს. საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის გაძვირებამ საქართველოში ძირითად სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდა გამოიწვია. სურსათის გაძვირება მომდევნო თვეებში მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის შენარჩუნებას განაპირობებს. თუმცა, რადგან სურსათზე ფასების ზრდა ერთჯერადი ფაქტორით არის გამოწვეული, მოსალოდნელია, რომ ერთი წლის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში. 
      რაც შეეხება ეკონომიკის ზრდის ტემპებს, მომავალ წელს საქართველოს მთავრობა 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. როგორც საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა, ნიკა გილაურმა განაცხადა, 2011 წელს მიმდინარე წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდა იქნება, ხოლო 2012 წლისთვის ქვეყნის კეონომიკის ზრდა, სავარაუდოდ, კრიზისამდელ პერიოდს დაუბრუნდება. “2011 წლისთვის, ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკური ზრდა 7 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო 2012 წლისთვის 9 პროცენტის ფარგლებში. კრიზისამდე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,5 პროცენტი იყო და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ უახლოეს წლებში ორნიშნა მაჩვენებელზეც გავიდეთ” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
      როგორც სჩანს, საქართველოს მთავრობაში მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებლებთან დაკავშირებით ჯერ ვერ შეთანხმდნენ. ვინაიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი აცხადებს, რომ “2011 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ით არის განსაზღვრული, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პროდუქტი 20 მლრდ. ლარიდან 22,8 მლრდ ლარამდე გაიზრდება”. 
      2011 წელს ინდუსტრიული წარმოების სფეროში ჩინეთი პირველი გახდება 
      კვლავ მსოფლიოს დავუბრუნდეთ და ზოგიერთ მნიშვნელოვან პროგნოზს გავეცნოთ. 2011 წელს ინდუსტრიული წარმოების სფეროში ჩინეთი ჩამოიტოვებს აშშ-ს და მსოფლიოს ნომერ პირველი ინდუსტრიული ქვეყანა გახდება. მსგავს პროგნოზს აქვეყნებს ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაციაHIS Global Insight-ი. აქამდე მთელი 110 წლის განმავლობაში აშშ ამ დარგში პირველობას არავის უთმობდა. 2009 წლის მონაცემებით, აშშ მსოფლიოს ინდუსტრიული წარმოების 19,9%-ს ფლობდა, ჩინეთი კი 18,6%-ს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს თანაფარდობა მომავალ წელს ჩინეთის სასარგებლოდ შეიცვლება. 
      საავტომობილო ინდუსტრიის პროგნოზები 
      როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 2011 წლიდან მსუბუქი ავტომობილების მწარმოებლები შედარებით ამოისუნთქავენ. სტაბილიზაციის პირველი ნიშნები აშშ-სა და ჩინეთში გამოჩნდება, რომელთაც ბრიკის ქვეყნები მოჰყვება. Moody-ის ექსპერტთა შეფასებით, იაპონიასა და ევროპაში ავტოინდუსტრიის სფეროში კვლავ სტაგნაციაა მოსალოდნელი. ამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ 2011 წელი ამერიკელი და ჩინელი ავტომწარმოებლების იქნება. 
      2009 წელს ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი ჩინეთში 48%-ით გაიზარდა და 12,96 მილიონი ავტომობილი შეადგინა. GDP-ის ზრდის ტემპებისა და იმის გათვალიწინებით, რომ ჩინეთში ჯერ კიდევ ბევრს არ ჰყავს ავტომობილი, ექსპერტები ამ მაჩვენებლის ზრდას პროგნოზირებენ. უახლოესი წლების განმავლობაში, ზრდა ყოველწლიურად 10%-ს შეადგენს. წელს ჩინეთში 14,25 მილიონი მანქანა გაიყიდა, 2011 წლისათვის კი ეს მაჩვენებელი 15,7 მილიონამდე გაიზრდება. ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებლის 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი რუსეთშიც. 
      როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა მოსალოდნელია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. იაპონიაშიც კი, კრიზისის მიუხედავად, 3-დან 4,7%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. ერთადერთი გამონაკლისია ევროპის რეგიონი. წელს ევროპაში ავტომობლების გაყიდვების მაჩვენებელი 15%-ით შემცირდა. Moody-ის ექსპერტთა პროგნოზით, ეს ტენდენცია 2011 წელსაც გაგრძელდება. 
      ექსპერტები ევროზონის კრიზისს მხოლოდ საავტომობილო სფეროში არ წინასწარმეტყველებენ. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში 2010 წელს დაწყებული კრიზისი კვლავ გაგრძელდება. სააგენტო Fitch-ს არ სჯერა, რომ საბერძნეთი შეძლებს ვალდებულებების საკუთარი ძალებით შესრულებას. იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნის სუვერენული რეიტინგი ნაგვის” დონეზე ჩამოვა, სულ უფრო მატულობს. 
      საბერძნეთის რეიტინგის შემცირება კი, პირველ რიგში, ევროზონაზე აისახება. ბოლო თვეების განმავლობაში საკრედიტო კრიზისის გამო Fitch-მა უკვე შეამცირა ესპანეთის, პორტუგალიისა და ირლანდიის რეიტინგები. 
      ჯერჯერობით უცნობია, შემცირდება თუ არა საბერძნეთის რეიტინგი. მანამდე სხვა სააგენტოებმა – Moody”s-მა და Standard & Poor”s-მა საბერძნეთის რეიტინგი დასწიეს.  Fitch-ი კი ამ საკითხს მომავალი წლის დასაწყისისთვის გადაწყვეტს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სააგენტოსგან მიღებულმა ცნობებმა მხოლოდ გაამძაფრა შეშფოთება, რომ ათენი ვერ შეძლებს დამოუკიდებლად გამოვიდეს საკრედიტო კრიზისიდან, რომელმაც მთელი ევროზონა შეარყია. 
      შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ზაფხულში საბერძნეთი სახელმწიფო დეფოლტის ზღვარზე აღმოჩნდა, რის გამოც ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მას 110 მილიარდი ევროს კრედიტი გამოუყვეს. ნოემბრის შუა პერიოდში ევროსტატმა საბერძნეთის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 126,8%-ად შეაფასა. 
      დეკემბრის შუა რიცხვებში სააგენტო Moody”s-მა განაცხადა, რომ შესაძლოა პორტუგალიის რეიტინგიც ერთბაშად ორი საფეხურით შეამციროს. ამ ცნობის გავრცელების შემდეგ ევრო დოლართან შედარებით დაეცა. მანამდე სააგენტომ ესპანეთისთვის რეიტინგის შემცირების გეგმების შესახებ განაცხადა.
      ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარს ვარდნა ელის 
      საპირისპირო ტენდენცია ელის ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარს. “ჩინეთის ხელისუფლების ზომები, რომლებიც უძრავი ქონების ბაზრის გაგრილებას” ისახავს მიზნად, უკიდურესად არაეფექტურია” – ასეთ განცხადებას მსხვილი ამერიკული საინვესტიციო კომპანიის Kynikos Associates-ის დამფუძნებელი, ჯიმ ჰანოსი აკეთებს. მისი სიტყვებით, 2010 წლის ნოემბერში უძრავი ქონების ფასები 70 ჩინურ ქალაქში 7,7%-ით გაიზარდა გასული წლის იგივე თვესთან შედარებით. სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა კი ვერ შეძლო ფასების ზრდის შეჩერება. ამიტომ, როგორც  ექსპერტები მიიჩნევენ, ბაზრის ვარდნა უკვე 2010 წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ჩინური კომპანიები სულ უფრო მეტ თანხას იზიდავენ უცხოელი ინვესტორებისგან. ჰანოსი არ გამორიცხავს, რომ შედეგად საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი ჩინეთში უცხოელი ინვესტორების ხელში აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ უცხოელებისთვის საცხოვრებელი ფართის შეძენაზე შეზღუდვები დააწესა. 
      შახო Bank-ის შოკისმომგვრელი პროგნოზები 
      დანიურმა შახო Bank-მა შოკისმომგვრელი პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელშიც 2011 წლის სავარაუდო მოვლენებია ჩამოთვლილი. ესაა ათი იშვიათი, მაგრამ ისეთი ძალის მქონე მოვლენა, რომლებიც საბაზრო მოლოდინების ფარგლებს სცილდება. მოხსენებაში საუბარია რაოდენობრივ ლიბერალიზმზე, რომელსაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა გეგმავს, ასევე კომპანია Apple-ის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ის შეძენაზე, ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდაზე და აქციათა მსოფლიო ბაზრებზე ახალი რეკორდების დამყარებაზე. 
      რთული სათქმელია, რამდენად რეალურია, დანიელ ექსპერტთა ვარაუდები, თუმცა ფაქტია, რომ მათმა ანგარიშმა ბევრის ყურადღება მიიქცია. ბანკის ექსპერტების პროგნოზით, 2011 წლის მეორე ნახევარში ფედერალური სისტემა ბრალდებულთა სკამზე აღმოჩნდება – მას ბრალს უძრავი ქონების ბაზრის ვარდნაში, ბანკების გაკოტრებასა და სახელმწიფო ვალის გაზრდაში დასდებენ. Saxo Bank-ის ვარაუდით, Apple-ი Facebook-ს შეიძენს. ამ პროგნოზის დასტურად, ბანკს მოჰყავს Apple-ის ხელმძღვანელის, სტივ ჯობსის განცხადება ამ ორ კომპანიას შორის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც, საბოლოო ჯამში, ვერ შედგა. ამ ფაქტმა კი,  Saxo Bank-ის ვარაუდით, შესაძლოა, უბიძგოს ჯობსს სოციალური ქსელის სრულად შეძენისკენ. 
      დანიელთა მოხსენებაში ნავთობის ფასზეცაა საუბარი. კერძოდ, მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2011 წლის დასაწყისში ბარელის ღირებულება 100 დოლარს გადააჭარბებს, თუმცა უკვე მეორე ნახევრიდან დაიწყება ძლიერი კორექცია, რომელიც ფასების მესამედით შემცირებას გამოიწვევს. რაც შეეხება გაზის მსოფლიო ფასებს, დანიური ბანკის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 2011 წელს ამ რესურსის სიჭარბე დაფიქსირდება, თუმცა სამრეწველო მოთხოვნის შედეგად გაზში ინვესტიციები უფრო მომგებიანი გახდება. ამას გარდა, მარაგები მკვეთრად დაიკლებს აციების გამო და, შედეგად, 2011 წელს მისი ფასი შესაძლოა 50%-ით გაძვირდეს, რაც 25 წელიწადში ერთხელ ხდება. 
      ასეთია ის ზოგადი ტენდენციები, რომელის განვითარებასაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ქვეყნების ექსპერტები მსოფლიო ეკონომიკაში წინასწარმეტყველებენ. რა თქმა უნდა, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ თითქმის ყველა თანხმდება ერთ საკითხზე – მთავარი ნიშანი, რომლითაც 2011 წელი გამოირჩევა ის იქნება, რომ ეკონომიკის სხვადასხვა დარგებს უწინარესად საკუთარი ძალებით მოუწევთ ბრძოლა. რადგან მომავალი წლიდან მთავროვბების დახმარებები და ეკონომიკური პროგრამების მოცულობა საგრძნობლად შემცირდება.