უკრაინა – ევროკავშირის ყველაზე ძვირი პროექტი
უკრაინის ეკონომიკა ამჟამად კრიტიკულ სიტუაციაშია. ახალ ხელისუფლებას სასწრაფოდ ექნება ზომები მისაღები ეკონომიკის შოკიდან გამოსაყვანად. ევროკავშირმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და აშშ-მ უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან დაეხმარონ უკრაინას, მხოლოდ რეფორმების განხორციელების პირობით. თუმცა, რა რეფორმებზეა საუბარი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ და ცენტრალურმა ბანკმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც,
აუცილებელია 2016 წლამდე უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების გაწევა 35 მილიარდი დოლარის მოცულობით. ამასთანავე, 2014 წელს უკრაინას საგარეო ვალდებულებების დასაფარად 7,091 მილიარდი დოლარი სჭირდება. 2015 წელს კიევი ვალდებულია გადაიხადოს 7,699 მილიარდი, საიდანაც 974 მილიონი მხოლოდ სავალუტო ფონდის ვალის მომსახურების თანხაა, 3 მილიარდი კი ევრობონდების მომსახურების პირველი ეტაპია, რომელიც რუსეთის მიერაა შესყიდული. 2016 წელს უკრაინას გადასახდელი აქვს 4,34 მილიარდი დოლარი.
გასულ წელს რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა გადაეხადა უკრაინის სახელმწიფო ობლიგაციებში 15 მილიარდი, უკვე შესყიდულია 3 მილიარდის ობლიგაციები, მაგრამ მომდევნო 2 მილიარდის შესყიდვა უკვე ახალი მთავრობის პირობებში მოხდება.
ვიქტორ კაზანევსკის კარიკატურა
საერთაშორისო პარტნიორებისგან უკრაინა კრედიტის მიღებას უახლოესი 2 კვირის განმავლობაში იმედოვნებს, მაგრამ არსებული სიტუაციისა და საკრედიტო პროცედურების გათვალისწინებით, კიევს ამ მიზნის შესრულება გაუჭირდება.
გარდა ამისა, უკრაინის ვალების დიდი ნაწილი ჩინეთზე მოდის, რომელიც კრედიტორების მიმართ დიდი შემწყნარებლობით არ გამოირჩევა და შეიძლება უკრაინის მიმართ მიღებული საშეღავათო ზომების გადაწყვეტილება დაბლოკოს. მეორე მხრივ, არის ევროკავშირი, რომელიც უკვე დაჰპირდა უკრაინას 20 მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტს. მაგრამ ამ შემთხვევაში, კრედიტების შესახებ გადაწყვეტილებას „დიდი სამეული“ მიიღებს – საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროკომისია.
ევროკავშირი მსოფლიოს უმსხვილესი კრედიტორია, რომელიც წელიწადში დაახლოებით 70 მილიარდ დოლარს გასცემს. ევროკავშირის დახმარება სხვადასხვა ხერხით ხდება. პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, ინვესტიციები, სავაჭრო ბარიერების გამარტივება ამა თუ იმ ქვეყნისთვის და ა.შ., მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ევროკავშირი სანაცვლოდ კრედიტორი ქვეყნისგან რეფორმების განხორციელებას ითხოვს. გამონაკლისი არც უკრაინა იქნება.
ბოლო პერიოდში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ევროკავშირმა ყველაზე დიდი დახმარება პოლონეთს აღმოუჩინა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. თუმცა, ბოლო პერიოდში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიმართ დახმარების მაჩვენებელი შემცირებულია.
ამ მაჩვენებლებიდან ჩანს, რომ თუ ევროკავშირი დაპირებას შესარულებს და უკრაინას 20 მილიარდ ევროს გამოუყოფს ეს იქნება უპრეცედენტო გადაწყვეტილება. შდარებისათვის მოვიყვანოთ დახმარების ის მაჩვენებლები, რომელიც ევროკავშირმა და სავალუტო ფონდმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აღმოუჩინეს.
თუ ევროკავშირი საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას ვალის გაცემის შესხებ და ამისთვის საჭირო მექანიზმებსაც მოძებნის, მას მოუწევს გაითვალისწინოს ევროკავშირის გადასახადის გადამხელთა ტვირთიც, რომელთა მხრებზეც ფაქტობრივად გადადის ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანათა მხარდაჭერა. გასული 20 წლის განმავლობაში ევროკავშირმა მხოლოდ უკრაინას უკვე გამოუყო ჯამში 3 მილიარდი ევროს გრანტი და 10 მილიარდი სესხი.
ამასობაში კი, უკრაინის ეკონომიკა სულ უფრო სუსტდება.
ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში იმაზე სწრაფი ტემპებით უარესდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. სამშენებლო წარმოების მოცულობა მხოლოდ იანვრის განმავლობაში, 2013 წლის დეკემბერთან შედარებით 16%-ით შემცირდა. უმუშევართა ოფიციალური მაჩვენებელი 8%-ით, 525 ათასი ადამიანით გაიზარდა. და ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, არარეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობა გაცილებით მეტია. შეფერხებულია პენსიებისა და ხელფასების გაცემა. უკრაინის ვალუტა დღეში საშუალოდ 2%-ით უფასურდება.
ამ ყველაფერს დაემატა კიევის სატრანსპორტო ბლოკადა. ამასთანავე, მხოლოდ თვენახევრის განმავლობაში უკრაინის საერთაშორისო რეზერვების ღირებულება 13%-ით, 18 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ სარეიტინგო სააგენტო S&Pუკრაინის დეფოლტსაც კი წინასწარმეტყველებს. სააგენტომ უკვე შეუმცირა რეიტინგი უკრაინის სამ მსხვილ ბანკს – „ალფაბანკს“, „კრედობანკს“ და „პრივატბანკს“ CCC+-დან CCC-მდე, პროგნოზით -„ნეგატიური“. მანამდე ერთი თვის განმავლობაში სარეიტინგო სააგენტომ 2-ჯერ შეამცირა თვითონ ქვეყნის რეიტინგი – ჯერ B-დან CCC+-მდე, ხოლო შემდეგ CCC+-დან CCC-მდე. უკრაინის რეიტინგი შეამცირეს Fitch-მა და Moody’s-მაც CCC-დან Caa2-მდე.