შვეიცარიის ბანკები მოპარული ფულის შენახვაზე უარს აცხადებენ
პირველი თებერვლიდან შვეიცარიის ხელისუფლებას უფლება ეძლევა გაყინოს საეჭვო ანგარიშები და მასზე არსებული თანხების კონფისკაცია მოახდინოს. სასამართლო პროცესის ორგანიზებისთვის იუსტიციის სამინისტროს ათი წელი ეძლევა, ხოლო საეჭვო აქტივების კონფისკაციის გადაწყვე-ტილებას შვეიცარიის ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლო მიიღებს.
მსგავსი კითხვები “სად არის პარტიის ფული” ან “სახელმწიფოსთვის მოპარული ფული” უკვე მოსაწყენ მითად მოგვეჩვებება, მაგრამ იმ სახელმწიფოებისთვის, რომელთა დიქტატორები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ან არც თუ დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ, მოპარული ფულის დაბრუნების ამოცანა სრულიად შესაძლებელია. თვითონ სიტყვა “დიქტატორი” შვეიცარიის კანონმდებლობაში არ გამოიყენება. კანონი საუბრობს ყველა იმ თანამდებობის პირზე, რომლებიც დიდ ძალაუფლებას ფლობენ, მაგრამ საეჭვო რეპუტაცია აქვთ. იურიდიულ ენაზე ეს ადამიანები “პოლიტიკურად მიმოხილვად პერსონებად” მიიჩნევიან. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ხელისუფლებაში მყოფი კორუფციონერები ყოველწლიურად 20-დან 40 მილიარდ დოლარამდე იპარავენ.
რეპუტაცია უმთავრესია
დიქტატორების მიერ მოპარული ფულის უმრავლესობა შვეიცარიაში ინახება. განვითარებად ქვეყნებში კორუფციასთან მებრძოლი, ვაშინგტონის კვლევითი ცენრტის Global Financial Integrity-ის მონაცემებით, შვეიცარიის ბანკებში 150 მილიარდი დოლარის ოდენობის მოპარული ფული ინახება. შვეიცარია დიდი ხნის განმავლობაში იღებდა ნაქურდალ სიმდიდრეს ისეთი პოლიტიკოსებისგან, როგორებიც იყვნენ: ფერდინანდ მარკოსი (ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი), აუგუსტო პინოჩეტი (ჩილე), სანი აბაჩა (ნიგერია), სესე სეკო მობუტუ (ზაირი) და სხვ. დასახელებული პირები და მათი მსგავსი მმართველები მოხერხებულად იყენებდნენ შვეიცარიის კანონებით გათვალისწინებულ საბანკო საიდუმლოების გაუხმაურებლობის უფლებას და მოპარული მილიონები შვეიცარიაში მიჰქონდათ.
მართალია, შვეიცარიელები ადრეც არ იყვნენ წინააღმდეგები დაებრუნებინათ ყოფილი დიქტატორების მიერ მითვისებული ფული დაზარალებული სახელმწიფოებისთვის, მაგრამ ამ პროცესს ქვეყნის კანონმდებლობა მნიშვნელოვნად ზღუდავდა. გამძაფრებული ფინანსური კრიზისის დროს ბევრ სახელმწიფოს “გაახსენდა” შვეიცარიის ბანკები. ყველა მხრიდან ზეწოლის გაძლიერების შემდეგ ბერნი იძულებული გახდა დათანხმებოდა კლიენტებსა და მათ ანაბრებზე ინფორმაცია გაეხსნა. შვეიცარიისთვის ეს მნიშვნელოვანი შანსია დაამტკიცოს, რომ ეს ქვეყანა არ არის იმ ქვეყანათა რიგში, რომლებიც საგადასახადო ჰავანად მოიაზრებიან (კაიმანის კუნძულები) და არც თუ ცუდი საშუალებაა იმიჯის გასაუმჯობესებლად.
ამიტომაც, ქვეყნის ხელისუფლებამ გაამძაფრა ყოფილი იმ დიქტატორების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებმაც თავიანთი ხალხი გაძარცვეს და შვეიცარიის ბანკებში გადამალეს ნაქურდალი. შვეიცარიის პრეზიდენტის, მიშლინ კალმი-რეის განცხადებით, სწორედ აქეთკენაა მიმართული ახალი კანონი არამართლზომიერი წარმოშობის ფინანსური აქტივების დაბრუნების შესახებ, რომელსაც “დიუვალიეს კანონი” ეწოდა – სწორედ ჰაიტის ყოფილი დიქტატორის ჟან-კლოდ დიუვალიეს ფულის დაბრუნების საქმე, რომელიც შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში ინახებოდა, ყველაზე სკანდალური გახდა და მსოფლიო საზოგადოებრიობის დიდი ყურადღება მიიქცია და ახალი კანონის დაწერისა და მიღების საფუძველი გახდა.
1986 წელს ჰაიტის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ დიუვალიეს გაგდებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ ბერნს თხოვნით მიმართა, გაეყინა 5 მილიონი დოლარი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა თავის ხალხს მოჰპარა და შვეიცარიაში გადამალა. აი, უკვე მეოთხედი საუკუნეა შვეიცარიის კონფედერაცია ცდილობს ჰაიტს ეს ფული დაუბრუნოს. ერთი შეხედვით, ასეთი მარტივი პროცედურა – არაკეთილსინდისიერი გზით ნაშოვნი მილიონების კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება – შვეიცარიის კანონების თვალსაზრისით, არც ისე მარტივი იყო. ფული დღემდე ბანკში ინახება, რადგან ჰაიტმა დღემდე ვერ შეძლო საქმე აღეძრა ყოფილი დიქტატორის წინააღმდეგ, რაც შვეიცარიული კანონების მიხედვით, ფულის დასაბრუნებლად უმთავრესი პირობაა, ხოლო თვითონ დიუვალიე, ძნელი მისახვედრი არ არის, მოითხოვს, რომ თავის ანგარიშს ყადაღა მოხსნან.
და მხოლოდ ახლა, როცა დიუვალიე ამდენი ხნის შემდეგ, იანვარში მოულოდნელად სამშობლოში დაბრუნდა მიწისძვრით დაზარალებული ხალხის დასახმარებლად, ჰაიტის ხელისუფლებამ გადაწყვიტა იგი დაედანაშაულებინა გაფლანგვასა და სახელმწიფო სახსრების მითვისებაში. გარდა ამისა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წამებასა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სხვა დანაშაულებებში. ახლა ჯერი სასამართლოზეა, დაიწყება თუ არა საქმის განხილვა.
ზემოაღნიშნული 5 მილიონი დოლარის ანგარიში (ახლა უკვე 5,9 მილიონი, პროცენტებით) ერთა-დერთია, რომლის გაყინვაც მოხერხდა, მაშინ, როცა იურისტ სალლიმა სუკარას სიტყვებით (ჰაიტის ხელისუფლების მრჩეველი), ჰაიტის ხელისუფლება შვეიცარიასთან მოლაპარაკებისას ამტკიცებდა, რომ დიქტატორმა თავისი მმართველობის პერიოდში 300-დან 900 მილიონ დოლარამდე მოიპარა. რეჟიმის გაქცევის შემდეგ, დიუვალიეს წინააღმდეგ საქმის აღძვრის საკითხი ყოველთვის აქტუალურია პორტ-ო-პრენსას დღის წესრიგში, მაგრამ… “ყოველ ჯერზე, როცა იუსტიციის სამინისტრო შეეცდებოდა საქმის აღძვრას, რაღაც ხელისშემშლელი ჩნდებოდა. ამის მიზეზი ხან პოლიტიკური არასტაბილურობა იყო, ხან ხელისუფლებაში ცვლილებები, დიუვალიეს რეჟიმის მომხრეთა შენარჩუნებული არც თუ მცირე გავლენა, ხანაც – სამხედროები ხელისუფლების სათავეში”, – აცხადებს ჰაიტის სახელმწიფო მდივანი დამნაშავეობასთან ბრძოლაში, კლოდი ჰასანი, რომელიც ახლანდელი პრეზიდენტის, რენე პრევალის დავალებით დიუვალიეს საქმით არის დაკავებული.
შვეიცარიის ფედერალური საბჭო (ხელისუფლება), რომელსაც ქვეყნის ინტერესების მიხედვით მოქმედებას კონსტიტუცია ავალდებულებდა, დიუვალიეს ანგარიშის გაყინვას დროში რეგულარულად წელავდა. რაც შეეხება ყოფილ დიქტატორს, რომელიც საფრანგეთში ემიგრაციაში ცხოვრობდა, ისიც იგივე რეგულარობით მიმართავდა შვეიცარიის სასამართლოს, რომ მისი ანგარიშისთვის ყადაღა მოეხსნათ და ფული დაებრუნებინათ.
2006 წლიდან ჰაიტში პოლიტიკური სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. პრეზიდენტმა პრევალმა თავის მთავრობას უმთავრეს ამოცანად კორუფციასთან ბრძოლა დაუსახა, მასთან მიიწივია გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ადამიანთა უფლებების დარგში, ლუი ჟუანე და ჰკითხა, დიუვალიეს ექს-ტრადირების მოთხოვნას როგორ უყურებთო. ექსპერტმა მიუგო, რომ ასეთი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის საკმაოდ მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების მობილიზებას გამოიწვევდა ქვეყანაში და შესაბამისად – სიტუაციის დესტაბილიზაციას, ამიტომ შესთავაზა, რომ ექსტრადირების ნაცვლად, შვეიცარიიდან ფულის დაბრუნებაზე ეზრუნა.
ამის შემდეგ პრევალმა შვეიცარიის პრეზიდენტს წერილი მისწერა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჰაიტის ხელისუფლებას მყარად აქვს გადაწყვეტილი ფული დაიბრუნოს და ამ მიზნით აპირებს ჟან-კლოდ დიუვალიეს ბრალი წაუყენოს. შვეიცარიამ კიდევ ერთხელ, ერთი წლით გაყინა ანგარიში და ფული გადაუხადა ჟენეველ ადვოკატს მომსახურებისთვის, რომელიც უნდა დაეხმაროს ჰაიტის ხელისუფლებასა და მსოფლიო ბანკს, მოამზადონ ყოფილი დიქტატორის წინააღმდეგ ბრალდება.
2008 წელს პორტ-ო-პრენსმა ფორმალურად მოსთხოვა ბერნს ფულის დაბრუნება. შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა იუსტიციის ფედერალურმა სამმართველომ, ასევე, შვეიცარიის პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, ჰაიტს 5,9 მილიონი დოლარი დაუბრუნდეს. დიუვალიეს მცდელობა, დაემტკიცებინა, რომ ეს ფული დედამისის მემკვიდრეობის ნაწილი იყო და მისი დაბრუნება სამშობლოში წარმოუდგენელი იყო, წარმატებით არ დასრულდა. შვეიცარიელმა იურისტებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ დედამისიც შედიოდა იმ დანაშაულებრივ ორგანიზაციაში, რომელსაც ჯან-კლოდის მამა, ფრანსუა დიუვალიე მეთაურობდა – იგი 14 წლის მანძილზე მართავდა ჰაიტს, 1971 წლამდე, ანუ გარდაცვალებამდე. იმ იმედით, რომ ფულის დაბრუნება უკვე გადაწყვეტილი იყო, ჰაიტის ხელისუფლებამ დააჩქარა დიქტატორული მილიონების ჩადება სკოლებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებში, მაგრამ დიუვალიემ სასწრაფოდ მიმათღა აპელაციისთვის შვეიცარიის უზენეს სასამართლოს, რის შედეგადაც 2010 წლის 12 იანვარს, რამდენიმე საათით ადრე ჰაიტის დამანგრეველ მიწისძვრამდე, შვეიცარიის კონფედერაციის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა დაბრუნებოდა 4,6 მილიონი დოლარი ჟან-კლოდ დიუვალიეს იმის საფუძველზე, რომ დიქტატორის მიერ ჩადენილ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა ჯერ კიდევ 2001 წელს გაუვიდა.
და მაინც, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შვეიცარიის ხელისუფლებამ გასული წლის თებერვალში კიდევ გაახანგრძლივა ანგარიშის გაყინვა. “ჩვენ არ გვჭირდება ეს ფული, – განაცხადა მიშლინ კალმი-რეიმ ჟურნალ The Wall Street Journal-თვის მიცემულ ინტერვიუში, – იგი ჰაიტელ ხალხს ეკუთვნის”.
მომხრე და წინააღმდეგი
ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ შვეიცარიის იუსტიციის სამინისტრო უკვე წერდა ახალ კანონს, რომელიც აადვილებს “აშკარა არამართლზომიერი წარმოშობის ფინანსური აქტივების” დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის. 2010 წლის ივნისში, შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ – კანტონების საბჭომ ეს კანონი ერთხმად მიიღო. 13 სექტემბერს დიუვალიეს კანონი ქვედა პალატაში განიხილებოდა – ნაციონალურ საბჭოში, აქ მართალია, კანონს გარკვეული წინააღმდეგობები შეხვდა, მაგრამ იგი მაინც დაამტკიცეს აშკარა უპირატესობით – 114 მომხრე, 49 წინააღმდეგი.
დიუვალიეს კანონის მთავარი ღირსება, მისი მომხრეების თვალსაზრისით, იმ წინაღობის მოშლაა, რომელიც ფულის დაბრუნებას უშლიდა ხელს – ახლა უკვე იმ სახელმწიფოებს, რომლებთაც ფულის დაბრუნების სურვილი ექნებათ, შეუძლიათ ყოფილ დიქტატორებს ბრალი არ წაუყენონ. ახალი კანონის თანახმად, ახლა საკამრისია უბრალოდ თხოვნით მიმართონ შვეიცარიას ფულის დაბრუნების შესახებ და თან დაურთონ არც თუ რთული გაანგარიშება, რომელიც დაადასტურებს, რომ კონკრეტულ მმართველს შეუძლებელია ანგარიშზე არსებული თანხა კეთილსინდისიერი გზით დაეგროვებინა მოცემულ პერიოდში.
თუკი ადრე შვეიცარიის ხელისუფლებას თვითონ უწევდა გაქცეული მმართველების ფულის არაკანონიერი მითვისების ფაქტის დადასტურება, ახლა უკვე ანგარიშის მფლობელები არიან იძულებულნი დაადასტურონ, რომ თანხა კეთილსინდისიერი შრომით არის ნაშოვნი. გარდა ამისა. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის გარკვეული შეთანხმება მოხდეს სადაო ფულის გამო, რაც ძალიან კარგი იქნება განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში.
კანონის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ერთი აუცილებელი პირობა, იმ ქვყნების ჩამონათვალის სიმცირე, რომელზედაც გავრცელდება კანონი. ფული შეიძლება დაუბრუნდეს მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებშიც კორუფცია განსაკუთრებით განვითარებულია. იმის გარკვევა, სამართლიანად მიანიშნებენ თუ არა სპეციალისტები რამდენად არის ამა თუ იმ ქვეყანაში განვითარებული კორუფცია, ადვილი არ არის. სწორედ ამის საფუძველზე გამოცდილ ადვოკატს სასამართლოზე ყოველთვის შეეძლება გაასაჩივროს ფულის დაბრუნების თხოვნა.
კანონის მოწინააღმდეგეები ორ ბანაკად გაიყვნენ. ერთნი მიიჩნევენ, რომ კანონი ძალიან რბილია და მოითხოვენ, შვეიცარიის ხელისუფლებას ჰქონდეს უფლება მილიონების დაბრუნების პროცედურა დაიწყონ იმ შემთხვევებშიც, თუკი ქვეყანა, რომელსაც ფული ეკუთვნის, ამას მოითხოვს. კიდევ ერთი სასურველი პირობა: თუკი სახელმწიფო სტრუქტურებს ამა თუ იმ მიზეზით არ შეუძლიათ მოითხოვონ ფული უკან, მათ მაგივრად არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმოქმედონ. კანონის მოწინააღმდეგეთა მეორე ბანაკი მიიჩნევს, რომ წამალი, რომელიც გამოიგონეს (დიუვალიეს კანონი) იმ ავადმყოფობაზე უარესია, რის განსაკურნავადაც მოიგონეს, რადგან კანონი არღვევს ძირითად პრინციპს – უდანაშაულობის პრეზუმპციას.
კანონის პირველი გამოცდა სწორედ დიუვალიეს საქმე იქნება. შვეციარიის მთავრობაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჰაიტელ ხალხს დიქტატორის მიერ მოპარული 6 მილიონი დოლარი დაუბრუნდება.
ბევრის აზრით, ამ კანონის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მისი გამოყენება მხოლოდ გაქცეული დიქტატორების წინააღმდეგ შეიძლება, მაგრამ რით განსხვავდება თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ქვეყნის ძარცვა, ვთქვათ, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობისგან? გარდა ამისა, კანონი მხოლოდ შვეიცარიულ ბანკებს ეხება. ხელიუსფლების სათავეებთან მდგომი კლეპტოკრატები საკმაოდ ჭკვიანები და მოხერხებულები არიან და ნაქურდალის სხვა ადგილას გადამალვას ადვილად მოახერხებენ. საერთაშორისო საზოგადებრიობის ფართო თანამშრომლობით, არა მხოლოდ ბანკების, არამედ სპეცსამსახურებისაც კი, ფინანსური დინებების მიკვლევა საკმაოდ მძიმე და რთული საქმეა. ასე რომ, ბევრი ექსპერტის აზრით, “დიუვალიეს კანონი” უფრო შვეიცარიის ბანკების მხარდასაჭერი პიარ-აქციაა. ამის მაგალითი ევროკავშირის გადაწყვეტილებაა ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის ანგარიშების გაყინვის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრიუსელში არავის შეუძლია დაასახელოს ბანკები, სადაც ფულია მოთავსებული და მით უფრო – დაპატიმრებული სახსრების კონკრეტული მოცულობა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონი ძალაში უკვე 1 თებერვალს შევიდა, დიუვალიე დანებებას არ აპირებს და გადაწყვეტილი აქვს, მის ხელთ არსებული ყველა ხერხი და საშუალება გამოიყენოს, იგი მზად არის, თუ საჭირო გახდა, ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოსაც მიმართოს. ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ ყოფილი დიქტატორი იმ თანხის, რომელზედაც მეოთხედი საუკუნეა დავა მიმდინარეობს, ჰაიტის მოსახლეობის დასახმარებლად ამერიკულ წითელ ჯვარში გადარიცხვას აპირებს.