არაბული გაზაფხულის მწარე სურნელი
მაკა ღანიაშვილი
უნისში დაწყებულმა “ჟასმინის რევოლუციამ” შეუქცევადი პროცესი გამოიწვია. ჯაჭვური რეაქცია მთელ არაბულ სამყაროში გავრცელდა და, პრაქტიკულად, მისი უდიდესი ნაწილი მოიცვა. ტუნისს ეგვიპტე მოჰყვა – აფრიკის კონტინენტისა და არაბული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. ტურიზმის მექად წოდებული პირამიდების ქვეყანა, რომელიც ასევე მსოფლიოს გამორჩეულად სტრატეგიული კვანძის, სუეციის არხის მაკონტროლებელი და ნავთობისა და გაზის მომპოვებელი სახელმწიფოა. ეგვიპტის შემდეგ რევოლუციური ტალღის მასშტაბები გაიზარდა და მოედო ბაჰრეინს, ყატარს, იემენს, ლიბიას, ირანს, ქუვეითს და იორდანიას. ირანში დაწყებული საპროტესტო აქციები ჯერ მარგინალურ ხასიათს არ ატარებს, თუმცა ყველაფერი აქეთკენ მიდის. ამ ყველაფერმა ნავთობზე ფასების მკვეთრი გაძვირება გამოიწვია. ექსპერტები პარალელებს უკვე 1973 წლის სუეცის არხის კრიზისთან ავლებენ, როდესაც ნავთობის ფასმა 80 დოლარს (რომელიც ინფლაციური პროცესების გათვალისწინებით ახლანდელ 200 დოლარს შეიძლება შევადაროთ) გადააჭარბა. რა ელის ნავთობის ფასებს უახლოეს მომავალში?
ლიბიაში არსებულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ძალიან ღრმა ენერგეტიკული კრიზისის პროვოცირება მოახდინა. ამ ქვეყნიდან ნავთობის მიწოდების მომდევნო შემცირებამ კი, შესაძლოა, უკვე აპრილში ნავთობის მსოფლიო ფასის 130 დოლარამდე გაზრდა გამოიწვიოს. ასეთი მოსაზრება ლიბიის სახელმწიფო ნავთობ-კორპორაციის ხელმძღვანელმა, შოკრი განემმა გამოთქვა. მისი სიტყვებით, რევოლუციის დაწყებამდე ლიბიაში “შავი ოქროს” ყოველდღიური მოპოვება 1.6 მილიონ ბარელს შეადგენდა, თუმცა დაძაბულობის ესკალაციასთან ერთად მოპოვება 750-800 ბარელამდე შემცირდა.
დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ლიბიაში დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ მსოფლიოში ნავთობის, ოქროსა და ვერცხლის კიდევ უფრო გაძვირება გამოიწვია. ოქროს ღირებულებამ 21 მარტისათვის უნციაზე 1429,63 დოლარი შეადგინა, 2%-ით მოიმატა ვერცხლის ფასმა და ის უნციაზე 35,9563 დოლარი გახდა. კოალიციური ძალების მიერ ლიბიის დაბომბვის ფონზე ნავთობის მსოფლიო ფასები განუხრელად იზრდება. აპრილის ფიუჩერსების ღირებულება ამერიკულ WTIნავთობზე 1.89 დოლარით გაიზარდა და 102.96 დოლარი შეადგინა. Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები კი ბარელზე 1.93 დოლარით გაძვირდა და 115.86 დოლარს მიაღწია. დაახლოებით 2 თვის წინ Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 96 აშშ დოლარს შეადგენდა.
მუბარაქის გადაყენებამ, ლიბიის, იემენის, ირანისა და ალჟირის არეულობებმა ნავთობის ფასების საშუალოდ 16%-იანი ზრდა განაპირობა. თუმცა, მსოფლიო ახლა უარესის მოლოდინშია, არეულობების გაგრძელებამ, შეიძლება მსოფლიო 1973 წლის ნავთობის ემბარგოს მსგავსი მოვლენების წინაშე დააყენოს. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების განცხადებით, ლიბიიდან ნავთობის მიწოდების შემცირების გამო მომავალში ნავთობზე ფასების ზრდის რისკი საკმაოდ მაღალია. რასაც მეზობელ სახელმწიფოებში არსებული არეულობების რეალური საფრთხეც ემატება. “ბაჰრეინს ახლა უფრო დიდი ყურადღება ექცევა, ვიდრე ლიბიას. ძირითადი ფოკუსი კი საუდის არაბეთსა და ირანზეა. ეს ორი ქვეყანა ახლა დენთის კასრებია, რომელთა აფეთქებაც ბაჰრეინს შეუძლია,” – განაცხადა სიდნეის ბანკის Commodity Broking Services Pty-ის მმართველმა დირექტორმა, ჯონათან ბარატიმ.
მართალია, ბაჰრეინი თვითონ მცირე რაოდენობით ნავთობს აწარმოებს, სამაგიეროდ სტრატეგიული აგილი უკავია სპარსეთის ყურეში, რომლის გავლითაც მსოფლიოს ნავთობის 18% მიეწოდება. გარდა ამისა, ამერიკის მეხუთე ფლოტი, რომელიც სპარსეთის ყურეში სამშვიდობო მისიას ასრულებს, სწორედ ბაჰრეინშია განლაგებული. ისიც ნათელია, რომ ბაჰრეინის შიიტი მოსახლეობის მღელვარება, ადვილად შეიძლება გასცდეს საკუთარი ქვეყნის საზღვრებს და მეზობელ საუდის არაბეთშიც გადავიდეს. ექსპერტების თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯებს გადადგამენ საუდის არაბეთი და ირანი – თუკი ისინი სამხედრო ქმედებებს დაიწყებენ, ნავთობზე ფასები მკვეთრად მოიმატებს.
მოთხოვნა იზრდება, მიწოდება მცირდება
არაბულ ქვეყნებში დაწყებული კატაკლიზმების გარეშეც, არა ამ მასშტაბებით, მაგრამ ნავთობის ფასის ზრდა მაინც მოსალოდნელი იყო. ფასების ზრდის ტენდენცია 2010 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ბოლოს სამი კვარტლის განმავლობაში მსოფლიო ფასი შავ ოქროზე 37%-ით გაიზრდა. მიზეზი მარტივია – მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ნავთობის მოხმარება და, შესაბამისად, მასზე მოთხოვნა ბოლო წლებში გაიზარდა.
ნავთობის მოხმარების ეპიცენტრმა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში გადაინაცვლა. განვითარებადი ქვეყნების მშპ-ში ნავთობის მოხმარების წილი უფრო დიდი მასშტაბებით იზრდება, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. 2010 წელს ნავთობის მოხმარება მსოფლიოში დღეში 2.4 მილიონი ბარელით – 86.7 მილიონ ბარელამდე გაიზარდა (2.8%). ეს არის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზრდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ წელს ნავთობის მოხმარება დღიური 1.7 მილიონი ბარელით გაიზრდება. 2010 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდამ გადაფარა ეკონომიკური კრიზისის დროს, 2008-2009 წელს, შემცირებული მოთხოვნის ტემპები.
2011-2012 წლებში სხვა ქვეყნებთან შედარებით ნავთობზე მოთხოვნა ყველაზე მეტად ჩინეთში, ბრაზილიასა და ახლო აღმოსავლეთში გაიზრდება. ჩინეთში ეკონომიკური კრიზისის წინა პერიოდში, 2004-2007 წლებში და 2010 წელს ნავთობის მოხმარება საშუალოდ 32%-ით გაიზარდა, აშშ-ში კი – 11%-ით. შედეგად, მსოფლიოში მთლიანად მოხმარებული ნავთობის მოცულობაში, აშშ-ის მოხმარების წილი 2003 წლის 25%-იანი მაჩვენებლიდან, 2010 წელს 22%-მდე შემცირდა.
მიწოდება
რაც შეეხება მიწოდებას – თუ გასული საუკუნის 70-იან წლებში, ნავთობის წარმოება თითქმის მთლიანად სპარსეთის ყურის გარშემო იყო კონცენტრირებული, ახლა ნავთობის მოპოვების მასშტაბები გაიზარდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს, ალბათ, ნავთობის გაცილებით მაღალ ფასებზე მოგვიწევდა მსჯელობა. დიდი რაოდენობით შავი ოქრო მოიპოვება ლათინურ ამერიკაში და დასავლეთ აფრიკაში. ამასთანავე, 2009 წელს რუსეთი დაეწია საუდის არაბეთს, როგორც დაუმუშავებელი ნედლეულის პირველ მიმწოდებელს. შედეგად, თუ 70-იან წლებში ნავთობის მოპოვების 54% OPEC-ზე მოდიოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 40%-მდეა შემცირებული. ამ სტატისტიკის მიუხედავად, ჯერ ისევ ნათელია, რომ OPEC-ის გავლენა და წილი ნავთობის ბაზარზე მაინც განუსაზღვრელია. ამიტომაც, ინვესტორები ახლა OPEC-ის საგანგებო სხდომის მოწვევას ელოდებიან, სადაც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხები იქნება განხილული. ბაზრის მოთამაშეებს სულ უფრო აშფოთებს ის ფაქტი, რომ არეულობები სპარსეთის ყურეს უახლოვდება.
გარდა OPEC-ის გარეთ წარმოების ზრდისა, იმედის მომცემია OPEC-ის ქვეყნებში არსებული რეზერვებიც, რომელიც შესაძლებელს ხდის ნავთობის ფასების ასე თუ ისე სასურველ ნიშნულზე შენარჩუნებას. მსგავსი რეზერვების არასაკმარისი რაოდენობა ხსნის ფასების ზრდის იმ დიდი ტემპებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2004-2005 და 2008 წლის პირველ ნახევარში. დღეს OPEC-ის ქვეყნებს აქვთ საკმარისი რეზერვები იმისათვის, რომ ფასები სასურველ ნიშნულთან ახლოს შეინარჩუნონ. ლიბიის კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, ნავთობის იმპორტიორების მთავარი დასაყრდენი დანაკლისის შესავსებად ალბათ საუდის არაბეთი გახდება. ნავთობის მარაგების ახალი წყაროს ძიება აქტუალური განსაკუთრებით ევროპისთვისაა, ვინაიდან, ლიბიური ნავთობის ექსპორტირების მთავარი ბაზარი ევროპაა. ლიბიური ნავთობის გასაღების მთავარი ბაზარი (83%) ევროპაა, აშშ-ზე კი მისი მხოლოდ 3% მოდის. OPEC აცხადებს, რომ მას აქვს რეზერვი ნავთობის წარმოება დღეში 6 მილიონი ბარელით გა-ზარდოს, თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს გაზვიადებული მონაცემებია და რეალურად წარმოების გაზრდის საშუალება დღეში 4-5 მილიონი ბარელით არის, საიდანაც 3-3.5 მილიონი ბარელი საუდის არაბეთზე მოდის. მაგრამ ფასების ზრდის მიუხედავად, საუდის არაბეთი არ ჩქარობს საკუთარი რეზერვების ამოქმედებას.
რა ელის ნავთობის ფასებს
OPEC-ის გარეთ ნავთობის მოპოვება 2011 წელს დღეში 170 ათას ბარელით გაიზრდება. თუმცა, მოს-ალოდნელია, რომ 2012 წელს ნავთობის წარმოება OPEC-ის არაწევრ ქვეყნებში შემცირდება. ნავთობმოპოვების ყველაზე დიდი ზრდა 2011 წელს მოსალოდნელია ჩინეთსა და ბრაზილიაში, ასევე, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. 2012 წელს კი მოსალოდნელია ნავთობის წარმოების ზრდა კანადაში – დღეში 170 ათასი ბარელით. სხვა ქვეყნებში კი 2012 წლისათვის მოსალოდნელია ნავთობმოპოვების მოცულობის ზრდის ტემპების შემცირება. ნავთობის მოპოვება შემცირდება მექსიკასა და ჩრდილოეთის ზღვის აუზში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე წარმოება 2011 წელს 320 ათას დღიურ ბარელით გაიზრდება, თუმცა, 2012 წელს ნავთობის მოპოვების ტემპები აქაც შემცირდება. ამ წლისათვის ექსპეტები ნავთობის მოპოვების ზრდის შემცირებას ელიან რუსეთშიც, განსაკუთრებით კი, დასავლეთ ციმბირში. აშშ-ში ნავთობის წარმოება 2011 წელს 100 ათასი დღიური ბარელით შემცირდება, 2012 წელს კი კიდევ 160 ათასი დღიური ბარელით.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნიზის მიხედვით, 2011 წელს ნავთობზე საშუალო ფასი 105 დოლარი იქნება. ფასების მკვეთრი ზრდა არც 2012 წლისათვის არის ნავარაუდევი. სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ექსპერტები 2012 წელს ნავთობის საშუალოდ 110 დოლარის ნიშნულზე შენარჩუნებას ვარუდობენ. მსგავსი ვარაუდის საფუძველს რამდენიმე გარემოება იძლევა: პირველ რიგში, OPEC-ის რეზერვები, ასევე მომხმარებელი ქვეყნების რეზერვები, რომელიც მათ “შავი დღისთვის” აქვთ გადანახული.
ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის გეგმებს განიხილავს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გასულ წელს სტრატეგიული მარაგების გახსნის მოთხოვნით თეთრ სახლს სენატორ-დემოკრატმა ჯეი როკფელერმა მიმართა. მისი აზრით, სახელმწიფო რეზერვის ეკონომიური მოხმარება, რომელიც 700 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს მოიცავს, ეროვნულ უსაფრთხოებას დაიცავს და ნედლეულის მოსალოდნელ დეფიციტს შეამცირებს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ტიმოთი გეიტნერის განცხადებით, შესაძლოა, საკუთარი მარაგები სხვა მსხვილმა ქვეყნებმაც გახსნან, რათა ნავთობის მზარდმა ფასებმა მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას ხელი არ შეუშალოს. თუმცა, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ნაბიჯზე ვაშინგტონი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში წავა.
ნავთობის ფასების მცირედით დასტაბილურებას ხელს ჯერჯერობით იაპონიაში განვითარებული მოვლენებიც უწყობს. მაგრამ, ამომავალი მზის ქვეყანა ნელ-ნელა დაიწყებს შოკიდან გამოსვლას. მარ-თალია, იაპონიის წილი ნავთობის მოხმარებაში ისეთი დიდი აღარ არის, როგორც ეს 1980 წელს იყო, მაგრამ ის მაინც რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მომხმარებელ ქვეყნად, ამიტომაც იაპონიის აღდგენის პერიოდი ნავთობზე ფასების ზრდის სტიმული შეიძლება გახდეს.
რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს, ექსპერტთა შეფასებით, ჯერ მართლაც არსებობს რეზერვები ლიბიური ნავთობის შესავსებად, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს რეზერვები ამოიწურება, ეს დღე კი შორს არ არის, უკვე გარდაუვალი გახდება ფასების კიდევ უფრო სწრაფი და მკვეთრი – 220 დოლარამდე ზრდა.
თუმცა, დასავლელი ანალიტიკოსები ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ხედავენ. მათი შეფასებით, თუკი ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდება და ტერორისტები შეტევებს საუდის არაბეთის ტანკერებსა და ნავთობის საბადოებზე მიიტანენ, ბარელის ფასი 250 დოლარს მიუახლოვდება. თუმცა ამას თავისი პლუსებიც ექნება: მსოფლიო მალე გადავა ეკონომიკის “მწვანე” მოდელზე. ბენზინის ეკონომიის მიზნით, ესპანეთის ხელისუფლებამ ავტოსტრადაზე დაშვებული სიჩქარე 120-დან 110 კილომეტრ საათამდე შეამცირა – წერს გამოცემა El Mundo. ამასთან, იგეგმება სამსახურეობრივი ავტომანქანების რაოდენობის და საზოგადოებრივი დაწესებულებების მუშაობის დროის შემცირება.
ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების საქმეთა მინისტრის, ალან დუნკანის შეფასებით, “არაბული გაზაფხულის” გამო ნავთობი, შესაძლოა, ორჯერ გაძვირდეს, ამის შესახებ თჰე თიმეს წერს. მინისტრის თქმით, ეს შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუკი ტერორისტები შეტევებს საუდის არაბეთის საბადოებზე მიიტანენ.
მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარს განიხილავს Financial Times. პირველი სცენარი კადაფის რეჟიმის დამხობას გულისხმობს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, გამოცემის შეფასებით, ნავთობი სავარაუდოდ არ დაუბრუნდება 95 დოლარიან ნიშნულს, რადგან უცნობია, როდის აღდგება ლიბიაში ნავთობის მოპოვება. თუ ლიბიაში არეულობები გაგრძელდება, ნავთობის მოპოვება სრულად შეწყდება. ამ შემთხვევაში კი, ექსპერტების გაანგარიშებით, ნავთობის ფასები უახლოეს მომავალში 120-125 დოლარამდე გაიზრდება, რაც გლობალურ ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს და ნავთობზე მოთხოვნაც, შესაბამისად, შემცირდება. მესამე ვარიანტად გავლენიანი გამოცემა დომინოს ეფექტს განიხილავს, როდესაც არეულობები სხვა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებზე გავრცელდება. ასეთ შემთხვევაში, ფასები 150-220 დოლარამდე გაიზრდება.