ცვლილება, რომელსაც ყველა ოჯახი მომზადებული უნდა შეხვდეს

მაკა ღანიაშვილი

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საერთაშორისო ვალდებულების შესრულების პერიოდი საქართველოს 6 თვეში ეწურება. საერთაშორისო საკომუნიკაციო გაერთიანებამ (ITU) ევროპის ქვეყნებს ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განუსაზღვრა. ანალოგური მაუწყებლობის სიგნალი, რომელსაც დღეს ტელევიზორის საყურებლად ვიყენებთ, თავდაპირველად მონოფონური ხმის მქონე შავ-თეთრი გამოსახულების მისაღებად დაინერგა. ტელევიზიის განვითარებასთან ერთად, როცა მას ახალი ფერები, სტერეო ხმა და მრავალი არხი დაემატა, დადგა ამ სიგნალების ადაპტაციის საჭიროება, რათა მას მრავალფეროვანი ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა მისცემოდა. დღეისათვის სატელევიზიო მაუწყებლობამ ისეთ პროგრესს მიაღწია, რომ ანალოგური სიგნალით უკვე შეუძლებელია მრვალფუნქციური მომსახურებების სრული სპექტრის მოცვა.
სწორედ ამიტომ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რაც სიხშირეების გაცილებით ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა და უკეთეს გამოსახულებასა და ხმის ხარისხს უზრუნველყოფს. 2006 წელს სხვა ქვეყნებათან ერთად, ეს ვალდებულება საქართველომაც აიღო და ჟენევის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია. ამ პროცესის წარმართვა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 7 თებერვალს დაამტკიცა. საქართველოს ციფრულ საეთერო პლატფორმაზე გადასვლა მაქსიმალურად მცირე დროში უნდა განხორციელდეს, რაც საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის უმთავრესი გამოწვევაა. ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულ ქვეყანათა უმეტესობამ გასულ წლებში DVB-T1 სტანდარტი (ციფრული ვიდეო მაუწყებლობა – მიწისზედა მაუწყებლობის პირველი თაობა) დანერგა და მხოლოდ ახლა გადადის DVB-T2-ზე (ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის მეორე თაობა). საქართველო კი ანალოგიდან პირდაპირ DVB-T2 სტანდარტზე გადავა. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა კომპლექსური პროცესია და გავლენას იქონიებს ყველა იმ ოჯახზე, რომელიც სატელევიზიო სიგნალს ანტენის საშუალებით იღებს. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარე პროცესში ჩართულია, „ციფრული მაუწყებლობის სააგენტო“, „ტელერადიო ცენტრი“ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

ციფრული მაუწყებლობის სააგენტო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვარის დადგენილებით შეიქმნა. სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია უზრუნველყოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამუშაოთა კოორდინაცია; სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდიებით ოპტიმალურად უზრუნველყოფა; ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობისათვის შესაბამისი დახმარების ოპერატიულად აღმოჩენა.

ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ 8 დეკემბერს 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. მისი თქმთ, მაუწყებლობის ახალ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება: „ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულზე გადასვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა არის დიდი სარგებელი, რომელიც იქმნება როგორც მედიისათვის, ასევე მომხმარებლებისთვის. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაცილებით მეტი უფასო და ხარისხიანი არხი მიიღოს, ვიდრე აქამდე. სახელმწიფოს მხრიდან განსახორციელებელი შესყიდვების ნაწილი დასრულებულია, შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს იმპლემენტაციის ნაწილი“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნინო ქუბინიძის განცხადებით, გამოვლინდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მულტიპლექს პლატფორმის მშენებელი კომპანია, დასრულდა ციფრული მიწისზედა სიგნალის მიმღები აპარატურის ე.წ. „სეთ-თოფ ბოქსების“ შესყიდვის პროცესი და საინფორმაციო კამპანიის დაწყებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება (მათ შორის, ცხელი ხაზის მოწყობა, ვიდეორგოლებისა და ბეჭდვითი მასალების დამზადება და ა.შ). საინფორმაციო კამპანიის აქტიური ფაზა 2015 წლის იანვრიდან დაიწყება. „მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის პროცესში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, ჩვენს გვერდით არიან ევროპის რეკონტრუქციიასა და განვითარების ბანკის კონსულტანტები. ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა უხარისხო პროდუქციის მიღების რისკები და განხორციელებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების რაციონალური ხარჯვა“, – განაცხადა ნინო ქუბინიძემ. პროექტის განსახორციელებლად მთავრობა სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახების სუბსიდირებაა. ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და ნაკლებია, მთავრობა ციფრული სიგნალის მიმღებ ინდივიდუალურ მოწყობილობებს შეისყიდის და „საქართველოს ფოსტის“ რაიონულ სერვისცენტრებში გადაანაწილებს. შშმ პირებისთვის კი სახელმწიფო კუთვნილი აპარატურის საცხოვრებელ ადგილზე მიტანას უზრუნველყოფს.

რას ნიშნავს ციფრული მაუწყებლობა და რა დადებითი ეფექტი ექნება მას

დღეს არსებულ ანალოგურ მაუწყებლობასთან შედარებით, ციფრულ ფორმატში მაუწყებლობას არაერთი უპირატესობა აქვს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო სფეროში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას და ინვესტიციების მოზიდვას, მედიაპლურალიზმსა და ტელემაუწყებლობის შემდგომ განვითარებას. მოსახლეობას კი შესაძლებლობა ექნება, უფასოდ მიიღოს უფრო მეტი და გაუმჯობესებული ხარისხის სატელევიზიო პროგრამა. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სატელევიზიო არხებზე ხმისა და გამოსახულების ხარისხი. ციფრული ტექნოლოგიის ეპოქაში აღარ იარსებებს ცუდი გამოსახულების მიღების პრობლემა, რადგან ციფრული სამაუწყებლო დაშიფრვა იმის გარანტიას იძლევა, რომ ან მკაფიო გამოსახულებას მიიღებთ ან მას საერთოდ ვერ მიიღებთ – შუალედური ვარიანტი არ არსებობს.

ციფრული მაუწყებლობის პერიოდში ხელმისაწვდომი გახდება მაღალი გარჩევადობის (HD) არხები; DVBT2 სტანდარტი შესაძლებელს გახდის ტელეარხების ყურებას ლეპტოპებსა და კომპიუტერებზე სიგნალის მიმღები USB მეხსიერების დისკის გამოყენებით და, ასევე, უზრუნველყოფს უკეთეს გამოსახულებას უამინდობის დროს ან პორტატული ტელევიზორების ყურებისას. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, მიწისზედა მაუწყებლობის ლიცენზირების რეჟიმი გაუქმდება. ეს ნიშნავს, რომ ტელევიზიები საეთერო მაუწყებლობას გამარტივებული ავტორიზაციის პროცესის გავლის შედეგად შეძლებენ. მულტიპლექს პლატფორმის ოპერატორისათვის შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, მაუწყებელს ქსელში უფასო ან ფასიანი (pay-TV) პაკეტის ფარგლებში დაუშვებენ. ტელევიზიების ხელში არსებული ანალოგური მაუწყებლობის ლიცენზიების უდიდესი ნაწილის მოქმედების ვადა სცდება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღს. მაუწყებლებს მათ მიერ ერთიანად გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებლები აუნაზღაურდებათ, თუმცა, ისინი ამ ლიცენზიებს ვეღარ გამოიყენებენ – ავტორიზაციის სისტემის დანერგვასთან ერთად, მათ ეს მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმდებათ. სპეციალისტთა შეფასებით, გადახდილი მოსაკრებლების უკან მიღების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მაუწყებლებისთვის, რომელთაც ციფრული მაუწყებლობისთვის მოსამზადებლად შეზღუდული ბიუჯეტი გააჩნიათ.

მთავრობის რეკომენდაციის მიხედვით, ციფრული მიწისზედა სიგნალით მოსახლეობის სულ მცირე 90% უნდა დაიფაროს. ციფრული სამაუწყებლო ქსელების მომავალმა ოპერატორებმა თავიანთი გადამცემი აპარატურა „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ 42 ანძაზე უნდა დაამონტაჟონ, ამ სადგურების გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისად. თუმცა, მთავრობის სტრატეგიაში ისიცაა აღნიშნული, რომ ოპერატორებს ექნებათ საკუთარი ქსელის დაგეგმარების განსხვავებული მოდელის წარმოდგენისა და ქსელის ფორმირების პროცესში ალტერნატიული სადგურების გამოყენების შესაძლებლობა. სტრატეგიული დოკუმენტი ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდეგ ციფრული მაუწყებლობის რვამდე ქსელის, იგივე მულტიპლექს პლატფორმის (Mux) ოპერირების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამ პლატფორმებიდან თითოეული შვიდიდან (მაღალი გარჩევადობის) 15-მდე (სტანდარტული გარჩევადობის) სატელევიზიო არხის გავრცელებას შეძლებს. 1-5 Mux (მულტიპლექს პლატფორმების) ოპერირების უფლება ერთ ან ორ კერძო ოპერატორს კონკურსის საფუძველზე მიენიჭება. თითოეული ოპერატორი ვალდებული იქნება განახორციელოს სულ მცირე ერთი ღია საეთერო (უფასო) მულტიპლექს პლატფორმის ოპერირება. ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდეგ კი ექნება ფასიანი სატელევიზიო პაკეტების შეთავაზების უფლებაც. კონკურსანტებს განაცხადის შეტანა მულტიპლექს 1, 2, 3, 4 და მულტიპლექს 5-ის ოპერირების უფლების მისაღებად შეუძლიათ. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია ქართული ან უცხოური დაინტერესებული კომპანიებისა ან/და კონსორციუმების მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე.

მულტიპლექს 6-ის ოპერირებას საქართველოს ტელერადიოცენტრი განახორციელებს. ეს მულტიპლექსი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი, მეორე არხი და აჭარის ტელევიზია) პროგრამებისათვის არის განკუთვნილი. მულტიპლექს პლატფორმის ფორმირებისათვის საჭირო რადიოსიხშირული რესურსი საქართველოს ტელერადიოცენტრს უსასყიდლოდ მიენიჭა. მთავრობის სტრატეგიის თანახმად, პარალელური მაუწყებლობის (სიმულკასტის) პერიოდში, მულტიპლექს 6, სავარაუდოდ, ერთადერთი ციფრული პლატფორმა იქნება. პარალელური მაუწყებლობის სამთვიან პერიოდში მულტიპლექს 6 ყველა მოქმედ მაუწყებელს, პირველ რიგში კი, მოქმედ ეროვნულ მაუწყებლებს – „რუსთავი 2“-ს, „იმედს“ და „I სტერეო“-ს გაატარებს. მაუწყებლებს პარალელური მაუწყებლობის სამი თვის ხარჯებს სახელმწიფო დაუფარავს. სატელევიზიო სადგურები მულტიპლექს ოპერატორისათვის თავიანთი სიგნალების, ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული ფორმატის თანახმად, საკუთარი ხარჯით მიწოდებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი. მულტიპლექს 7-ის ოპერირების უფლების მინიჭება ამ ეტაპზე არ მოხდება და ის რეზერვად შეინახება.

მისი მინიჭება შესაძლებელია მოგვიანებით მოხდეს, თუ კომისია დაადგენს, რომ მოთხოვნა გაიზარდა ან ბაზარზე კონკურენცია დაბალია. მულტიპლექს 8 პლატფორმით მაუწყებლობა სხვა მულტიპლექსებისგან განსხვავებულ სიხშირულ სპექტრში განხორციელდება. მოცემული მულტიპლექსის ფარგლებში ადგილობრივი მაუწყებლები საკუთარი გადამცემი მოწყობილობების დაყენებას შესაბამისი ადგილობრივი მაუწყებლობის ზონის დასაფარად შეძლებენ. „ის გარემოება, რომ სატელევიზიო კონტენტი საეთერო ქსელით ხელმისაწვდომი იქნება უფასოდ და მაღალი ხარისხით, ფასიანი სატელევიზიო სერვისების ჩანაცვლებადობის კუთხით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში მიმზიდველი იქნება, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ფასიანი თანამგზავრული და სადენიანი სატელევიზიო სერვისები შედარებით ძვირია, ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა კი დაბალშემოსავლიანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია საეთერო ტელევიზიის ე.წ. მობილური მომავალი. მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, იზრდება ვიდეო კონტენტის გავრცელება 3.5G და შემდგომში 4G ქსელით. აღნიშნული კონტენტის მნიშვნელოვანი წილი, მობილური ფართოზოლოვანი ქსელის გამოყენების და შესაბამისად მობილური ინტერნეტის მომსახურების საფასურის გადახდის გვერდის „ავლით“ მოხდება. მობილური სატელევიზო მომსახურების უფასოდ მიღების შესაძლებლობა ეთერის მეშვეობით და არა ფართოზოლოვანი უსადენო ინტერნეტის მეშვეობით საკმაოდ მიმზიდველი უნდა იყოს მომხმარებლისთვისაც. აღნიშნული ალტერნატივა გარკვეულ წილად განტვირთავს ფართოზოლოვან მობილურ ქსელს და ვფიქრობთ იგი სატელევიზიო კონტენტის მიღების ალტერნატიულ, კონკურენტ პლატფორმად ჩამოყალიბდება… მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა დაგვიანდა და კონკრეტული პრობლემები გამოკვეთილია, საქართველოს ბაზარზე სწორედ პლატფორმათაშორისი კონკურენციის და ახალი ტექნოლოგიური პლატფორმის გაშვების პერსპექტივების გამოკვეთით, შედარებით გააქტიურდნენ ფასიანი სატელევიზიო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები. ეს პროცესი უფრო აქტიური გახდება 2015-2017 წლებში.

უდავოა, რომ უფასოდ ტრანსლირებადი ციფრული საეთერო პლატფორმა სამაუწყებლო სფეროში კონკურენციის და მაღალი სამაუწყებლო სტანდარტების დამკვიდრებაში საქართველოში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს. პლატფორმებს შორის დროულად უზრუნველყოფილი კონკურენცია განაპირობებს ტექნიკური სიახლეების დანერგვის აუცილებლობას ყველა პლატფორმით მაუწყებელი კომპანიებისთვის, ისევე როგორც აიძულებს მათ მოახდინონ დამატებითი სერვისების შეთავაზება მომხმარებლისთვის. ამ პროცესის განხორციელება კი სწორედ ციფრული საეთერო მაუწყებლობის წარმატებით დასრულებაზეა დამოკიდებული“ – ვკითხულობთ IDFI-ის შუალედურ ანგარიშში „საქართველოს ციფრული საეთერო მაუწყებლობაზე მიგრაციის პროცესი – არსებული მიღწევები და პრობლემები“ (2014 წლის მაისი-სექტემბერი).

რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა

სატელევიზიო სიგნალის მიღების რამდენიმე გზა არსებობს: კაბელით, ინტერნეტით, სატელიტური თეფშის ან ანტენის საშუალებით, რომელიც სიგნალს სატელევიზიო ანძიდან იღებს. მიწისზედა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მხოლოდ იმ ოჯახებს შეეხება, რომლებიც სატელევიზიო სიგნალს ანტენის მეშვეობით იღებენ. მომხმარებლებმა, პირველ რიგში, უნდა გაარკვიონ აკმაყოფილებს თუ არა მათი ტელევიზორი DVB-T2 სტანდარტს. თუ პასუხი ნეგატიურია, ასეთ ოჯახებს სეტ-ტოპ ბოქსის (ეს მოწყობილობა ახდენს ციფრული სიგნალის დეკოდირებას/გარდაქმნას ანალოგურ სიგნალად, რის შედეგადაც ციფრული სიგნალი ანალოგურ ტელევიზორზეც გამოისახება) ან DVB-T2 სტანდარტზე მომუშავე ახალი ტელევიზორის შეძენა მოუწევთ.

იშვიათი გამონაკლისების გარდა, ციფრული სიგნალის მისაღებად ნებისმიერი ტელევიზორის გარდაქმნა შეიძლება. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ არხების საყურებლად ტელევიზორს სეტ-ტოპ ბოქსი დასჭირდება, თუ რა თქმა უნდა, ტელევიზორი ისედაც არ აღიქვამს DVB-T2 სტანდარტს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ციფრული სიგნალის მისაღებად ეს მოწყობილობა აღარ დასჭირდება. ამასთანავე, სეტ-ტოპ ბოქსი აუცილებლად უნდა იყოს სერტიფიცირებული. ახალი ტელევიზორის შეძენისას კი უნდა შემოწმდეს არის თუ არა ის შესაბამისობაში DVB-T2 სტანდარტთან. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება, რასაც მომხმარებელი ხშირად შეჰყავს შეცდომაში – HD ტელევიზორის ქონა სულაც არ ნიშნავს, რომ ის მზად არის ციფრულ სიგნალზე გადასასვლელად. HD ტელევიზორი ეკრანის რეზოლუციის ახალ სტანდარტზე მიუთითებს, რომელიც გამოსახულების მეტ სიმკვეთრეს უზრუნველყოფს. იმის გასარკვევად, შეუძლია თუ არა ტელევიზორს ციფრული მაუწყებლობის პირობებში მუშაობა, უნდა შემოწმდეს აკმაყოფილებს თუ არა ის DVB-T2 სტანდარტს.