საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმდინარე ცვლილებების ანალიზი
ია ვარდიშვილი, თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი
მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები დაამტკიცა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლებიც ძირითადად ევროობლიგაციების რეფინანსირების, სხვა ხარჯებთან, პენსიების ზრდის გეგმებსა და მაკროეკონომიკული მაჩვენებლების კორექციას უკავშირდება.
“საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონის პროექტმა1 უნდა უზრუნველყოს:
1. მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება;
– საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებით;
– იმ საგარეო ვალდებულებების რეფინანსირებით, რომელთა მომსახურების ვადა ბიუჯეტს 2013 წელს მოუწევს;
2. პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პენსიების ზრდისთვის საჭირო ფინანსური რესურსის ბიუჯეტში ასახვა.
საბიუჯეტო პროცესის მაკროეკონომიკული ანალიზი ძირითადად ორ ეტაპად შეგვიძლია განვიხილოთ. პირველი ეტაპი ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის პერიოდს, მეორე კი – ბიუჯეტის შესრულებას მოიცავს.
“საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველი წლის 1 მარტს მუშობას იწყებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადებაზე. რომელიც მოიცავს მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ქვეყნის მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზირებას. მათზე დაყრდნობით კი, ხდება ნებისმიერი დონის ბიუჯეტის შემუშავება.
წინა წლების მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ჯერ არ ყოფილა ბიუჯეტი, რომელსაც წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განეცადოს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი წლის ბიუჯეტის გარკვეული მონახაზები ჯერ კიდევ სამი წლით ადრე არის ცნობილი. აღნიშნული ხაზს უსვამს იმას, რომ საბიუჯეტო სფეროს მოწყობის ერთ-ერთი ქვეყნის განვითარების საშუალოვადიანი გეგმის რეალიზაციის ფინანსურ ინსტრუმენტს ბიუჯეტი წარმოადგენს, ბიუჯეტის შემუშავების დროს გამოყენებული მაკროეკონომიკური პროგნოზირების არასათანადო დონე შემდგომში მის აუცილებელ ცვლილებას იწვევს, რაც პრობლემას ქმნის არა მარტო ბიუჯეტის შესრულებაში, არამედ აუარესებს ბიზნეს-გარემოს, საქმიანი წრეებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს, შესაბამისად, არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტი არასწორ სიგნალებს იძლევა და ბიზნესის განვითარების წინასწარ გაკეთებული პროგნოზები სათუო ხდება.
2010 წლის ბოლოს, ძირითადი მიმართულებებისა და მონაცემების დოკუმენტის მიხედვით, 2011 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგენდა 4,5%-ს, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსი – 7%-ს, სწორედ ეს პროგნოზი დაედო საფუძვლად 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც მთავრობამ 2010 წლის 17 დეკემბერს დაამტკიცა. ბიუჯეტში შემოსავლები განისაზღვრა 5,955,814.90 ათასი ლარის, ხილო ხარჯები 5,466,466.80 ლარის ოდენობით.
განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით კი, მიმდინარე წელს მშპ-ის რეალური ზრდა პროგნოზირებულია 5,5%-ის ფარგლებში, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსი – 8%-ის. აქვე, მთავრობა აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნების შემთხვევაში, წლის განმავლობაში ეკონომიკის ზრდა 6.5%-7%-მდე აიწევს. ჩვენი აზრით, ვინაიდან ჯერ კიდევ არ არის ზუსტად გათვლილი ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, სავარაუდოა, რომ ბიუჯეტში წლის ბოლომდე კვლავ შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
ბიუჯეტში ცვლილებების კანონპროექტის თანახმად, შემოსავლები იზრდება 348 843,0 ათასი ლარით, მათ შორის: საგადასახადო შემოსავლები 5 300 000,0 ათასი ლარიდან იზრდება 350 000,0 ათასი ლარით და მისი საპროგნოზო მოცულობა განისაზღვრება 5 650 000,0 ათასი ლარით. 2011 წლის საგადასახადო შემოსავლების სახით მისაღები შემოსავლების გადაანგარიშება განხორციელდა 2010 წლის შედეგების ეკონომიკური ანალიზისა და მიმდინარე წლის განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, ასევე, მხედველობაში მიღებულ იქნა 2011 წლის გასულ პერიოდში საგადასახადო შემოსავლების მობილიზების მიმდინარეობა. 2009-2010 (ფაქტი) წლის საბიუჯეტო მონაცემებზე დაყრდნობით, 2010 წელს საბიუჯეტო შემოსავლები 10%-ით გაიზარდა 2009 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით (რეალური მშპ-ის ზრდის მოსალოდნელი ტემპი 2010 წელს განისაზღვრა 6,3%-ით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 7,1%-ით), ხოლო 2010 წელთან შედარებით 2011 წელს თავდაპირველად ნავარაუდევი იყო საბიუჯეტო შემოსავლების 10%-იანი ნომინალური ზრდა, ხოლო აპრილში დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, მშპ-ის რეალური ზრდის 1%-ით გაუმჯობესება.
პროგნოზირების შედეგად (თავდაპირველად ნავარაუდევი იყო 4,5%, სფი – 7%, ცვლილების შემდგომ რეალური ზრდა მოსალოდნელია 5,5%-ით, სფი – 8%), აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა მოხდა 6%-ის ოდენობით, რაც, საერთო ჯამში, საბიუჯეტო შემოსავლების 16%-იან ზრდას გვაძლევს. აქიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, რეალური მშპ-ის ზრდის გარდა საგადასახადო შემოსავლების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ინფლაციის მაღალმა დონემ, რომელიც საშუალოთვიური ინფლაციის სტატისტიკურ მონაცემებზე2 დაყრდნობით, 2011 წლის პირველ კვარტალში 13%-ია. დაგეგმილზე ორჯერ მაღალი ინფლაცია კი თავისთავად გამოიწვევდა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას.3
საგადასახადო შემოსავლებზე ეკონომიკის რეალურ ზრდისა და ინფლაციის ეფექტის გასაანალიზებლად, განვიხილოთ სხვადასხვა გადასახადების ცვლილების დონე. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი ცალკეული სახეების მიხედვით შემდეგია:
– საშემოსავლო გადასახადი – 1 411 000,0 ათასი ლარი;
– მოგების გადასახადი – 703 000,0 ათასი ლარი;
– დამატებული ღირებულების გადასახადი – 2 730 000,0 ათასი ლარი;
– აქციზი – 684 000,0 ათასი ლარი;
– იმპორტის გადასახადი – 87 000,0 ათასი ლარი;
– სხვა გადასახადები – 35 000,0 ათასი ლარი.
ექსპერტთა განმარტებით, საგადასახადო შემოსავლების ზრდაზე ინფლაციის მძლავრ ეფექტს ადასტურებს დამატებული ღირებულების გადასახადიდან მისაღები საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა. ერთი შეხედვით, თუ გადასახადების პროცენტულ ზრდას განვიხილავთ, მაშინ დავეთანხმებით მთავრობის მოსაზრებას, რომ გადასახადებში 16,20%-იანი ზრდით პირველ ადგილზეა მოგების გადასახადის წილი, რაც შეიძლება ადასტურებდეს ეკონომიკის რეალური ზრდის გავლენას გადასახადების ზრდაზე. თუმცაღა, უნდა გავითვალისწინოთ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურა, რომელშიც ლომის წილი 48% დამატებული ღირებულების გადასახადს უჭირავს, მოგების გადასახადიდან აკუმულირებული შემოსავლების წილი შეადგენს 25%-ს და შემდეგ მას 12-12%-ით მოჰყვება საშემოსავლო გადასახადი და აქციზი.
მაშინ, აბსოლუტური ცვლილების შედარებით მივიღებთ, რომ დღგ-დან მისაღები საპროგნოზო შემოსავლების სიდიდე – 201 მილიონი ორჯერ მეტად აღემატება მოგების გადასახადის ცვლილებით მისაღებ შემოსავალს 98 მილიონ ლარს.
საინტერესო იქნება განვიხილოთ საგადასახადო შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტში4. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 22%-ის ტოლი იყო. თუ ჩვენ დეკემბრის თვეში დამტკიცებულ ბიუჯეტს განვიხილავთ და თავდაპირველ მაკროეკონომიკურ პროგნოზს დავეყრდნობით, ეს მაჩვენებელი 23%-ს გაუტოლდება. აპრილის ცვლილებების შემდეგ კი აღნიშნულმა მაჩვენებელმა 24%-ს მიაღწია, რაც ორი პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, მაშინ, როცა რეალური მშპ-ის ზრდა შემცირდა 6,3%-დან 5,5%-მდე.
ზუსტდება გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი და განისაზღვრება 354 657,9 ათასი ლარით, მათ შორის:
– საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტების ნაწილში იზრდება ტუბერკულიოზის რეგიონული პროგრამისთვის (KFჭ) და განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტისთვის – APL 2 გამოყოფილი გრანტის (WB) მოცულობა, ჯამში, 1 243,0 ათასი ლარით;
– დაზუსტდა და მიმდინარე წელს რეგიონალური განვითარების სექტორული პროგრამის ფარგლებში ევროკავშირისგან მისაღები (გრანტის ნაწილი) 6 მლნ ევროდან ჩამორიცხული იქნება 5 მლნ ევრო.
სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა არ იცვლება, თუმცა ხორციელდება გადანაწილება ცალკეული სახეების მიხედვით, კერძოდ:
– დაზუსტდა სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების დივიდენდების მოცულობა, ბიუჯეტის აღნიშნული შემოსავალი იზრდება 23 000,0 ათასი ლარით და განისაზღვრება 60 000,0 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად, 23 000,0 ათასი ლარით მცირდება შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები.
კანონპროექტის მიხედვით, მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ვალდებულებების მუხლში5.
სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების (საშინაო და საგარეო) ზრდა განისაზღვრა 1,871,304.4 ათასი ლარის ოდენობით, რაც დამტკიცებულ მაჩვენებელზე 1,017,010.0 ათასი ლარით მეტია, კერძოდ:
2011 წელს საქართველოს ბიუჯეტის საგარეო ვალდებულებების ზრდა განისაზღვრა 1,671,304.4 ათასი ლარის ოდენობით, რაც დეკემბერში დამტკიცებულ მაჩვენებელზე 917,010.0 ათასი ლარით მეტია.
– საგარეო ფასიანი ქაღალდების (ევრობონდები) გამოშვებით დაგეგმილია 900 000,0 ათასი ლარის მობილიზება.
კანონპროექტი საგარეო ფასიანი ქაღალდების ემისიის შედეგად დამატებით მისაღებ 900.0 მლნ ლარს (500,0 მლნ დოლარი) ითვალისწინებს. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება ეძლევა განახორციელოს 2008 წელს გამოშვებული საგარეო ფასიანი ქაღალდების (ევრობონდების) ეტაპობრივი გამოსყიდვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილება შედის, როგორც ბიუჯეტის ვალდებულებების ნაწილში, ასევე, სახელმწიფო საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის სტრუქტურაში და მასში აისახება 2011 წელს გამოსაშვები ევრობონდებიც.
– საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები იზრდება 18,010.0 ათასი ლარით.
– განვითარების პოლიტიკის III ღონისძიება (DPO III) (WB) მცირდება 1,000.0 ათასი ლარით.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სავალუტო კურსის ცვლილების გათვალისწინებით საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა მნიშვნელოვნად არ იცვლება. ბიუჯეტის კანონის პროექტით ასევე მკაცრად განისაზღვრება, რომ საგარეო ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული დამატებითი შემოსულობები არ იქნება გამოყენებული ბიუჯეტში გაწერილი ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის დასაფინანსებლად.
საშინაო ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი იზრდება 100 000,0 ათასი ლარის ოდენობით, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვების ზრდასთან, საქართველოს ეროვნული ბანკთან კონსულტაციებისა და ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გათვალისწინებით
დამატებით მიღებული შემოსავლებიდან (გარდა ევრობონდებისა) ნაწილი თანხები გადანაწილებულია ასაკით პენსიონერებისა და I ჯგუფის ინვალიდი პენსიონერების მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდისა და სხვადასხვა პრიორიტეტული სფეროების დამატებით დაფინანსებისათვის, ხოლო ნაწილი თანხები (233,9 მლნ ლარი) აკუმულირდება სახელმწიფო ხაზინის დეპოზიტებზე. აღნიშნულის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 230,2 მლნ ლარით, ხოლო ნაშთის ცვლილება ნაცვალდ 112,0 მლნ ლარის გამოყენებისა, განისაზღვრება 121,9 მლნ ლარის დაგროვებით.
მთლიანობაში ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 4,3%-იდან მცირდება 3,7%-მდე, რაც შეესაბამება საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირების მთავრობის პოლიტიკას.
ცვლილების შემდგომ მთლიანი შემოსულობები გაიზარდა თითქმის 22%-ით (21,88%) და მისი აბსოლუტური მოცულობა გაუტოლდა 8,360,962,30 ათას ლარს. მის სტრუქტურაში მთელი ათი პროცენტით (77,26%-დან 67,58%-მდე) იკლო საგადასახადო შემოსავლების წილმა და 12,45%-დან 22,38%-მდე გაიზარდა ვალდებულებების წილი.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 243,293.60ათასი ლარით.
“შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 86 096,8 ათასი ლარით: 2011 წლის 1 სექტემბრიდან ასაკით პენსიონერებისა და პირველი ჯგუფის ინვალიდი პენსიონერებისთვის მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდისთვის 55 200,0 ათასი ლარი;
“სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში დეფიციტის თავიდან ასაცილებლად 30 000,0 ათასი ლარი;
“ტუბერკულოზის რეგიონული პროგრამებისთვის 896,8 ათასი ლარი.
“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნება იზრდება15 000,0 ათასი ლარით;
“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები 86,096.80 ათასი ლარით (ტურიზმის განვითარებისა და ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების დასაფინანსებლად);
“რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებისთვის დამატებით 9 000 ათასი ლარი;
“რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი იზრდება 48 000,0 ათასი ლარით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის6;
“ფინანსური და არაფინანსური აქტივების კლებით მისაღები თანხების მოცულობა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით რჩება უცვლელი.
და ბოლოს, ქვეყანაში შექმნილმა არაპროგნოზირებადმა გარემომ, რაც ნაწილობრივ დაუგეგმავი ინფლაციისა დაუფრო მეტად კი ეკონომიკური ზრდის ტემპების შედეგად არის განპირობებული, გაზარდა საგადასახდო შემოსავლების პროგნოზირება, რამაც გამოიწვია ქვეყნის ბიუჯეტის ხელახალი დაგეგმვის აუცილებლობა. ამას თან დაერთო მთავრობის გადაწყვეტილება ახალი ევრობონდების გამოშვებით ძველი ვალის დაფარვა- დაფინანსებასთან დაკავშირებით. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა-პროგნოზირების დროს არასწორი მეთოდი გამოიყენება, რასაც ადასტურებს 2010 წლის დეკემბერში ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დაყრდნობით აგებული და დაპრო-ექტებული ბიუჯეტის 2011 წლის პირველივე კვარტალში განხორციელებული სამი ცვლილება. ქვეყანის განვითარებისთვის კი აუცილებელია საბიუჯეტო პოლიტიკა იყოს პროგნოზირებადი. წინასწარ უნდა იყოს ზუსტად გათვლილი წლის განმავლობაში როგორც საგადასახადო, ისე არასაგადასახადო შემოსავლებიც და სხვა, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო და კერძო სექტორის სტაბილურ გარემოში ფუნქციონირებას, საშუალოვადიანი დაგეგმვის მნიშვნელობის ზრდას და საბოლოოდ, ქვეყნის მდგრად განვითარებას.