ინფლაციური პროცესები საქართველოში
ირაკლი დოღონაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
საქართველოში მიმდინარე ინფლაციური პროცესები ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდას ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში. 2010 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონემ ქვეყანაში 7% შეადგინა, აგვისტოს თვეში კი – 9,5%. აღნიშნული თვიდან 2011 წლის მარტის ჩათვლით წლიური ინფლაციის დონე აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა და უკვე ნოემბრის თვიდან ორნიშნა მაჩვენებელსაც კი მიაღწია (იხ. გრაფიკი 1).
2011 წლის იანვარში საქართველოში 12,3%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, თებერვალში – 13,7%, ხოლო მარტში, წლიური ინფლაციის 13,9%-იანი დონე მივიღეთ. მარტის წლიური ინფლაციის მაჩვენებელში პუნქტობრივად მნიშვნელოვანი წვლილი ეკავა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს (11,9) და ტრანსპორტის ჯგუფს (1,0).
თავის მხრივ, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის ფასები მოცემულ პერიოდში (მარტში) 28,8%-ით გაიზარდა. აქედან, ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფის ფასები გაიზარდა 65,5%-ით, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ქვეჯგუფის ფასები – 41,1%-ით, ზეთის და ცხიმის – 36,5%-ით, პურის და პურპროდუქტების – 25%-ით, ხოლო ხორცისა და ხორცპროდუქტების – 21,8%-ით.
თავდაპირველად, აუცილებელია განვიხილოთ საქართველოს პირობებში ინფლაციის ყველა შესაძლო მასტიმულირებელი ფაქტორი.
ზოგადად, ინფლაციის გამომწვევ მიზეზებად შეიძლება დავასახელოთ შემდეგი ფაქტორები:
– მონეტარული პოლიტიკის არაადექვატურობა და ფულადი მასის არაპროპორციული ზრდა;
– ეკონომიკის რეალური სექტორის განუვითარებლობა და ქვეყნის იმპორტდამოკიდებულების მაღალი დონე;
– მსოფლიო ბაზრებზე ფასების მკვეთრი ზრდა და შედეგად იმპორტის გაძვირება;
– ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურება და შედეგად იმპორტის გაძვირება;
– შიდადარგობრივი კონკურენციის დაბალი დონე;
– არაპირდაპირი გადასახადების განაკვეთების ზრდა;
– დაუბალანსებელი ფისკალური პოლიტიკა;
– კლიმატური პირობების გაუარესება სოფლის მეურნეობისათვის და შედეგად – მოსავლიანობის კლება;
– ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის არარსებობა.
ყველა აღნიშნული ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანაში ფასების საერთო დონის ზრდაში. მათი გავლენის ხარისხი კი, როგორც წესი, ერთმანეთისგან განსხვავებულია. განვიხილოთ თითოეული მათგანის გადაცემის არხების დონე საქართველოში მიმდინარე ინფლაციურ პროცესებთან მიმართებაში.
ცნობილი ეკონომისტის, მილტონ ფრიდმანის სიტყვებით თუ ვიტყვით, “ინფლაცია ყველგან და ყოველთვის მონეტარული მოვლენაა”. ამიტომაც, ბევრი ეკონომისტი სწორედ მონეტარული პოლიტიკის არაადექვატურობას ასახელებს ინფლაციის გამომწვევ ძირითად მიზეზად. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობს იქედან, რომ, როდესაც ქვეყანაში ფულადი მასის ზრდის ტემპები აღემატება მშპ-ის ზრდის ტემპებს, მაშინ ეკონომიკაში წამოიქმნება ე.წ. არაუზრუნველყოფილი ფული, რომელიც ზრდის ერთობლივ მოთხოვნას. შედეგად კი, მოკლევადიან პერიოდში ვიღებთ ფასების მასშტაბურ ზრდას.
ზემოაღნიშნული პრინციპით განვიხილოთ საქართველოს ეკონომიკაში მონეტარული აგრეგატების ზრდის ტემპები და შევადაროთ ისინი რეალური მშპ-ის ზრდის ტემპებს განვლილი პერიოდის განმავლობაში.
ფულადი აგრეგატი M3 (ფართო ფული) 2005 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა 27%-ით2, ხოლო 2006 წელს – 40%-ით. ასევე, საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა 2007 წელსაც – 50%. 2008 წელს კი, აგვისტოში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს ომის დროს მეანაბრეთა მიერ შიშის გამო ანაბრების გამოტანის პროცესმა, გაზრდილი საკრედიტო რისკებისა და საბანკო ლიკვიდობის სიძნელეების შედეგად შემცირებულმა საბანკო დაკრედიტებამ მნიშვნელოვნად შეამცირა, როგორც ფულის მულტიპლიკატორი, ისე მონეტარული ბაზაც, რამაც, ბუნებრივია, შეამცირა ფულადი აგრეგატი M2, ხოლო M3 მხოლოდ 7%-ით გაიზარდა. M3-ის ასევე მოკრძალებული ზრდის ტემპი დაფიქსირდა 2009 წელს – 8%, ხოლო 2010 წელს კი M3 35%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება რეალური მშპ-ის ზრდას, მან 2005 და 2006 წლებში შესაბამისად 9,6% და 9,4% შეადგინა. საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ზრდა გვქონდა 2007 წელს, ამ პერიოდში ქვეყნის რეალური მშპ 12,3%-ით გაიზარდა, 2008 წელს კი ზრდამ მხოლოდ 2,3% შეადგინა. 2009 წელს ადგილი ჰქონდა ეკონომიკის 3,8%-იან ვარდნას, ხოლო 2010 წელს ეკონომიკა (მუდმივ ფასებში) 6,4%-ით გაიზარდა3.
როგორც გრაფიკი 2-დან ჩანს, ფულადი მასის ზრდის ტემპები ბევრად აღემატებოდა რეალური მშპ-ის ზრდის ტემპებს, რაც, ბუნებრივია, იწვევდა ეკონომიკაში შიდა მოთხოვნის ზრდას. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მაკროეკონომიკაში არსებობს შეხედულება იმის თაობაზე, თითქოს ფულის მიწოდების ზრდა წარმოადგენს სტიმულს ეკონომიკური ზრდისთვის. თუმცა, საქართველოს ეკონომიკაში, რომლის მოხმარების უდიდესი ნაწილი იმპორტზე მოდის და, რომლის მოსახლეობის უმეტესობა სიღარიბეში ცხოვრობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფულადი მასის ჭარბი ზრდა მოკლევადიან პერიოდში ქვეყანაში მხოლოდ მოხმარებას (მოცემულ შემთხვევაში, იმპორტს) გაზრდის, რაც, საბოლოო ჯამში, ფასების მასშტაბურ ზრდას მოგვცემს.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის II კვარტლიდან ფასები გაიზარდა, როგორც ხორბალზე (მიწოდების შემცირება ყაზახეთიდან და უკრაინიდან), ისე ნავთობზე (განვითარებადი ქვეყნების მზარდი მოთხოვნა ნავთობზე და სპეკულაციური მოქმედებები ბაზრებზე), რამაც მნიშვნელოვნად გააძვირა ქვეყანაში სამომხმარებლო კალათის ღირებულება. სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვერ შეძლო სწორი და დროული რეაგირება მოეხდინა ინფლაციური პროცესების გასანეიტრალებლად და არათუ გასანეიტრალებლად, არამედ, პირიქით, რეფინანსირების სესხების მოცულობათა ზრდით და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურებით ხელი შეუწყო ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდას. გრაფიკი 3-დან კარგად ჩანს, რომ ფულის მულტიპლიკატორი 2010 წლის ივნისიდან ივლისში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც სარეზერვო ფულის მოცულობის ზრდის პარალელურად ზრდიდა ფართო ფულის მოცულობას.
ზოგადად, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურება (რასაც ადგილი ჰქონდა გასული წლის ზაფხულში) აძვირებს იმპორტს და იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის სამომხმარებლო კალათაში იმპორტირებულ პროდუქციას უდიდესი წილი უკავია, მნიშვნელოვნად იზრდება ფასების დონეც.
ინფლაციაზე საუბრისას, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკისათვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მისი იმპორტისადმი დამოკიდებულების მაღალი დონე. 2009 წელს ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 5 499 728 ათასი აშშ დოლარი, რომლის 79% სწორედ იმპორტზე მოდიოდა, ხოლო 2010 წელს ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 6 678 470 ათასი აშშ დოლარი, საიდანაც იმპორტის წილად ბრუნვის 76% (5 095 073 ათასი აშშ დოლარი) მოდიოდა. აგრეთვე, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოებული პროდუქციის სიმცირე. 2010 წელს სოფლის მეურნეობის, თევზჭერისა და სატყეო მეურნეობის წილად მოდიოდა ეკონომიკის მთლიანი გამოშვების (33 301.5 მლნ ლარი) მხოლოდ 7%. თუმცა, აღნიშნულ მაჩვენებელში ცალკე სოფლის მეუნეობას ბევრად უფრო მცირე წილი უკავია, სატყეო მეურნეობის მასშტაბების ფონზე. ბუნებრივია, სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე ქვეყანა ყოველთვის იქნება დამოკიდებული მსოფლიო ბაზრებზე, რაც მრავალ რისკ-ფაქტორთან არის დაკავშირებული. სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობისათვის აუცილებელია საგადასახადო შეღავათების დაწესება, დაზღვევის მექანიზმის განვითარება ამ სფეროში, იაფი კრედიტების მოცულობათა მნიშვნელოვანი ზრდა და ა.შ.
ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების მაღალი დონის პირობებში, ბუნებრივია, ძლიერია მსოფლიო ფასების ზეგავლენა ქვეყნის შიდა ფასებზე. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ აღნიშნული ფაქტორი არ ამცირებს საქართველოს ეროვნულ ბანკის პასუხისმგებლობას ფასების სტაბილურ დონეზე შენარჩუნებაზე. ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია იმისათვის, რომ მონეტარული ინსტრუმენტების ამოქმედებით შეძლოს დროული რეაგირება და ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებელზე შენარჩუნება.
ინფლაციის კიდევ ერთ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს კონკურენციის დაბალი დონე ეკონომიკაში და არასამართლიანი ფასების არსებობა. ფინანსური ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოვახდინოთ ცალკეულ დარგებში არსებული ფასწარმოქმნის მექანიზმის, თვითღირებულების კალკულაციისა და მოგების მარჟების დადგენა. ამისათვის აუცილებელია ანტიმონოპოლიური საქმიანობის გააქტიურება, ოლიგოპოლიური შეთანხმებების გამოვლენა და ასეთი კომპანიებისათვის მოგების მარჟის ზედა ზღვრების დადგენა.
ასევე, ინფლაციის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს არაპირდაპირი გადასახადების განაკვეთების ზრდა. აქვე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, იმპორტირებული პროდუქტი ჯერ იბეგრება საბაჟო და აქციზის გადასახადებით, ხოლო შემდეგ იბეგრება დღგ-ით. შესაბამისად დღგ-ის განაკვეთის უცვლელობის მიუხედავად, აქციზისა და საბაჟო გადასახადების ზრდა მნიშვნელოვნად ზრდის დღგ-ით დასაბეგრ ბაზას (არეალს), რაც, თავის მხრივ, ფასებისა და დამატებითი საგადასახადო შემოსავლების ზრდას იწვევს.
მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ფისკალური პოლიტიკის დაუბალანსებლობის საკითხი. როდესაც ქვეყანას დეფიციტური ბიუჯეტი აქვს და ამ დეფიციტის დასაფინანსებლად მთავრობა ვალის აღებას მიმართავს, ეს შედეგად ზრდის მიმოქცევაში არაუზრუნველყოფილი ფულის მასას, რაც შესაბამისად ინფლაციას წარმოშობს.
საქართველოს 2011 წლის (გეგმიური) სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო შეადგენს -406,390.4 (ათას ლარს). ანუ, როგორც ვხედავთ, იგი დეფიციტურია. შესაბამისად, მისი დაფინანსება ვალდებულებების ზრდით მოხდება. 2011 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ 1,871,304.4 ათასი ლარის ოდენობის სესხის აღება არის დაგეგმილი. აქედან, საგარეო ვალი წარმოადგენს 1,671,304.4 ათას ლარს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი 900 მლნ ლარის ოდენობით დაფინანსდება ევროობლიგაციების ემისიის შედეგად, ხოლო დანარჩენი 771, 304.4 ათასი ლარი კი სესხების გზით. რაც შეეხება ვალის აღების საშინაო წყაროებს, ამ მხრივ დაგეგმილია 200 მლნ ლარის ოდენობის ფასიანი ქაღალდების გამოშვება.
მთავრობის მიერ ასეთი ოდენობის ვალის აღება უარყოფითად იმოქმედებს ფასების დონეზე. ამ მხრივ, აუცილებელია გონივრული ანტიინფლაციური პოლიტიკის შემუშავება ქვეყნის მონეტარული და ფისკალური სფეროების წარმომადგენლების კოორდინირებული მუშაობის შედეგად.
ყველა ზემოაღნიშნულ მიზეზთა საერთო საწყის მიზეზად შეიძლება დავასახელოთ ერთიანი ეკონომიკური პროგრამის არარსებობა. თუ ქვეყანაში არ მოხდება სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბება, ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და მის საფუძველზე მონეტარული და ფისკალური ღონისძიებების დაგეგმვა, მაშინ ყოველთვის იარსებებს ინფლაციის, უმუშევრობისა და წარმოების მოცულობათა სიმცირის პრობლემა.