რუსეთს 2007 წლის ბოლოს WTO-ში შესვლის იმედი აქვს

რედაქციისაგან

“რუსეთს იმედი აქვს, რომ 2007 წლის ბოლომდე საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში შესასვლელად ყველა მოლაპარაკებებს დაასრულებს – აცხადებს რუსეთის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების სამინისტროს ვაჭრობის მოლაპარაკებების დეპარტამენტის უფროსი მაქსიმ მედვედკოვი.

მ. მედვედკოვმა განცხადება გააკეთა შვეიცარიაში გამართული 4-დღიანი მოლაპარაკებების შესახებ, სადაც რუსეთის დელეგაცია WTO-ს 40-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდა. ამ დროისთვის რუსეთი ამ ორგანიზაციის 60 წევრი ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდა და მათი მხარდაჭერაც მიიღო. 2007 წლის ბოლოს რუსეთი გვატემალასა და ვიეტნამთან დაასრულებს მოლაპარაკებებს.
მიუხედავად ასეთი წარმატებული შეხვედრებისა, რჩება რიგი გადაუჭრელი საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით. 2007 წლის 31 მაისს ქართულ-რუსული მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციის WTO-ში შესვლის თაობაზე უშედეგოდ დასრულდა. ქართულ მხარეს გაუჩნდა კითხვა იმ სამ სახმელეთო საბაჟო პუნქტებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. რუსეთის მხარე თვლის, რომ ეს საკითხი ეხება არა WTO-ს იურისდიქციას, არამედ ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთში ყველა არ ემხრობა რუსეთის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების სამინისტროს ვაჭრობის მოლაპარაკებების დეპარტამენტის უფროსის აზრს იმის შესახებ, რომ რუსეთი სასწრაფოდ უნდა შევიდეს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში. რუსეთის მეწარმეებისა და მწარმოებლების საბჭოს პრეზიდენტის ალექსანდრ შოხინის მოსაზრებით, რუსეთი ასე აქტიურად არ უნდა ცდილობდეს WTO-ში შესვლას, სანამ თავისი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სფეროების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას არ უზრუნველყოფს. “უნდა შევწყვიტოთ ხვეწნა, რომ WTO-ში გაგვაწევრიანონ, უფრო მეტიც, უნდა დაველოდოთ, სანამ აქეთ არ შეგვეხვეწებიან იქ შესვლას – აცხადებს ა. შოხინი. ის ასევე ამბობს, რომ ის პლიუსები და მინუსები, რასაც ქვეყანას ამ ორგანიზაციაში შესვლა მოუტანს არც ისე ნათლადაა გამოვლენილი.
ამ დროისთვის WTO-ში შესვლის მსურველი ქვეყნები რუსეთის შემდეგ არიან ბელორუსია, უკრაინა, აზერბაიჯანი, ალჟირი, ლივია, სირია, ლიბანი და ერაყი.