აქტიური საინვესტიციო პოლიტიკისაკენ
პაატა ლეიაშვილი, ეკ. მეცნ. დოქტორი
ცნობილია, რომ უცხოური კაპიტალის მოზიდვა ეკონომიკური სტრატეგიის ძირითადი კომპონენტია პოსტსოციალისტურ ქვეყნებში. მართლაც, ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა და მისი შემდგომი ზრდა წარმოუდგენელია უცხოური ინვესტიციების გარეშე. ასეთივე დამოკიდებულებაა უცხოური კაპიტალის მიმართ საქართველოშიც, რაც სავსებით გამართლებულია. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოშვება დიდი მასშტაბებით საჭიროებს ღრმა გააზრებას და მრავალი ისეთი საკითხის, რომელიც, სამწუხაროდ, არ არის გათვალისწინებული დღევანდელ ეკონომიკურ პოლიტიკაში. ამან უკვე მოგვიტანა ზიანი და უფრო მეტ ზიანს მოგვიტანს მომავალში, თუ არ მოხდება ეკონომიკური პოლიტიკის კორექცია.
დღეს საქართველოში რეფორმები ტარდება იგივე სტანდარტული მოდელით, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ნერგავენ ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყნებში.1 სწორედ ეს არის ძირითადი შეცდომა, რომ ამ პოლიტიკაში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა. კერძოდ, საქართველო არ შეიძლება მივაკუთვნოთ ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნების კატეგორიას მხოლოდ იმიტომ, რომ აქ დაბალია ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე.2 სტატისტიკური შემოსავლების სიმცირე ჩვენთან განპირობებულია არა ეკონომიკური განვითარების დაბალი დონით, არამედ ეკონომიკური კრიზისით.
საქართველოს გააჩნია ეკონომიკური პოტენციალი, მაგრამ იგი უმოქმედოა. (ამოქმედებულია მხოლოდ 10-20%-ის დონეზე). რა თქმა უნდა, საქართველო არც მაღალი განვითარების ქვეყანაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს მეტ-ნაკლებად განვითარებული ინფრასტრუქტურა, კვალიფიციური მუშახელი და სპეციალისტები, საწარმოო ბაზა, მეცნიერება, განათლების და ჯანდაცვის სისტემა, მაღალია ურბანიზაციის დონე.3 რა თქმა უნდა, ბევრი რამ უმოქმედოა ან საჭიროებს განახლებას, მაგრამ ერთია ისეთი განვითარებადი ქვეყნები, რომელთაც ყოველივე ეს არ გააჩნიათ ან აქვთ ჩანასახურ მდგომარეობაში, და მეორეა, როდესაც ყოველივე ეს არსებობს, მაგრამ უმოქმედოა. ერთია დაბალგანვითარებული ეკონომიკა და მეორეა პარალიზებული ეკონომიკა. ერთი და იგივე პოლიტიკის გატარება ამ შემთხვევებში დაუშვებელია.
ეკონომიკური რეფორმების სქემა, რომელიც ტარდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით, მარტივია. მათი კრედიტები, პირველ რიგში, ხმარდება ქვეყანაში ფინანსურ სტაბილიზაციას, ინფრასტრუქტურის განვითარებას (ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, განათლება, ჯანდაცვა ენერგეტიკას). ანუ მზადდება პოლიგონი უცხოური კერძო კაპიტალის შემოსასვლელად. განვითარებად ქვეყნებში, როგორც წესი, კერძო უცხოურ კაპიტალს იზიდავს იაფი მუშახელი და ბუნებრივი რესურსები, დაბალი კონკურენცია ადგილობრივი კაპიტალის მხრიდან, სუსტი ეკოლოგიური ბარიერები. სწორედ ამ მოზიდულმა კაპიტალმა უნდა ითამაშოს წამყვანი როლი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შექმნასა და მის აღორძინებაში. შეცდომაა ასეთივე პოლიტიკის გატარება საქართველოში. აქ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგია უნდა იყოს მიმართული არა იმდენად ეკონომიკური პოტენციალის შექმნაზე, რამდენადაც არსებული პოტენციალის ამოქმედებაზე.
ჩვენ გვესაჭიროება საკუთარი რეზერვების ამოქმედება, რათა გამოვიდეთ მწვავე ეკონომიკური კრიზისიდან. იმის გამო, რომ ქვეყანაში ტარდება პასიური ეკონომიკური პოლიტიკა და ველოდებით როდის შემოვლენ უცხოელი ინვესტორები, ამის გამო ნაკლები ყურადღება ეთმობა ადგილობრივ მეწარმეებს და ქვეყანაში არსებულ რეზერვებს. ამის შედეგად ეკონომიკა ჯერაც პარალიზებულია და აუარებელი რესურსები ან უმოქმედოა, ან გაედინება საზღვარგარეთ.
პასიური ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპი – “შევქმნათ ყველა პირობა, რათა დავაინტერესოთ უცხოელი ინვესტორები, რომ დააბანდონ აქ უცხოური კაპიტალი” – მით უმეტეს, მცდარია, თუ გავითვალისწინებთ გეოპოლიტიკურ რეალიებს. რუსეთი პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ჩვენთან დიდი მასშტაბებით არ შემოვიდეს დასავლეთის კაპიტალი, რათა საქართველო არ გავიდეს რუსეთის გავლენის სფეროდან. იგი წარმატებით ახერხებს ამას შიდა კონფლიქტების თუ პოლიტიკური აშლილობის პროვოცირებით – შედეგიც სახეზეა. უცხოელი ინვესტორები საქართველოში ძალზე ცოტაა. ასეთ არასტაბილურ ქვეყანაში, სადაც მოუგვარებელია ტერიტორიული კონფლიქტები და არასაიმედოა მმართველობის სტრუქტურები, ინვესტორები მასიურად არც შემოვლენ. ასე რომ, “უცხოელი ინვესტორების ლოდინის” პოლიტიკა მცდარია არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური რეალიების გამოც.
დღეს საქართველოში, უცხოურ კაპიტალში, პირველ რიგში, გულისხმობენ პირდაპირ კერძო უცხოურ ინვესტიციებს, ანუ სამეწარმეო კაპიტალს. მაგრამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის უცხოური კაპიტალის მოზიდვის ერთი ფორმა. არსებობს სხვა ფორმაც. კაპიტალის მოზიდვა შესაძლებელია სასესხო კაპიტალის, ანუ საკრედიტო რესურსების ფორმით. ჩემი აზრით, საკრედიტო რესურსების მოზიდვა (აგრეთვე ლიზინგის ფართოდ დანერგვა) გაცილებით უფრო შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს, ვიდრე პირდაპირი უცხო ინვესტიციები. მე, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ საჭიროა მხოლოდ სასესხო კაპიტალის მოზიდვა და პირდაპირი უცხოური კერძო ინვესტიციების აკრძალვა. (ეს მიუღებელია თუნდაც იმიტომ, რომ ისეთი გლობალური პროექტები, როგორიც არის ნავთობსადენი “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი”, “აბრეშუმის გზა”, ნავთობის მოპოვება და სხვა მსხვილი პროექტები, შეუძლებელია პირდაპირი უცხო ინვესტიციების გარეშე. ეს პროექტები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენთვის, ეკონომიკური, განსაკუთრებით კი პოლიტიკური თვალსაზრისით). საუბარია მხოლოდ საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. დღეს არსებული პრიორიტეტები გადასინჯვას საჭიროებენ.
როგორი სცენარით განვითარდება მოვლენები, თუ პრიორიტეტი მიეცემა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასიურ შემოშვებას ქვეყანაში?
1) ასეთ შემთხვევაში საქართველოში შემოვა არა მარტო უცხო კაპიტალი, არამედ უცხოელი მესაკუთრეც. ცხადია, რომ უცხოელი ინვესტორები იმიტომ იწყებენ წარმოებას საქართველოში, რომ მიიღონ მოგება, დაიკავონ ბაზარი, იქონიონ აქ მუდმივი და სტაბილური შემოსავლების წყარო. ასევე ცხადია, რომ ამ შემოსავლების დიდ ნაწილს ისინი გაიტანენ ქვეყნიდან. დაბანდებული კაპიტალის ანაზღაურების შემდეგ ეს პროცესი არ შეწყდება. ეს იქნება ქვეყნიდან ფინანსური რესურსების გადინების მუდმივი არხი. ამ პროცესის შეჩერება საკანონმდებლო ბერკეტებით, როგორც წესი, ძალზე არაეფექტურია. ეს პრობლემა მწვავედ დგას მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებშიც და სერიოზულ პრობლემებს უქმნის მათ – აფერხებს მათი განვითარების ტემპებს; უცხოელი ინვესტორების მიერ მოგების უკონტროლო გატანა ქვეყნიდან ხორციელდება ფასებით მანიპულირების მეშვეობით; ისინი ხელოვნურად ზრდიან ფასებს იმპორტირებულ მასალებზე, ტექნიკასა და ტექნოლოგიებზე და ხელოვნურად ამცირებენ ფასებს ქვეყნიდან გატანილ პროდუქციაზე. ასე იქმნება კაპიტალის “ნამეტი”, რომელიც უპრობლემოდ აღმოჩნდება დონორი ქვეყნის სეიფებში;
2) მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივი პარტნიორები (როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში) ადვილად თანხმდებიან მათთვის კაბალური ხელშეკრულებების პირობებზე. ეკონომიკის ყველაზე მომგებიანი დარგები აღმოჩნდება უცხოელი კერძო ინვესტორების ხელში, რადგან ქართველი მეწარმეები ვერ გაუწევენ მათ კონკურენციას. საქართველოს შრომითი და ინტელექტუალური პოტენციალის საუკეთესო ნაწილი, საუკეთესო ბუნებრივი რესურსები, ” კაპიკებად ნაყიდი” მსხვილი საწარმოები – ყოველივე ეს მოაკლდება ეროვნულ წარმოებას, შეაფერხებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას;
3) ქვეყნის ეკონომიკას თავს მოახვევენ სპეციალიზაციას, რომელიც მომგებიანია უცხოური კაპიტალისთვის. შესაბამისად, ჩამოყალიბდება ეკონომიკის ისეთი სტრუქტურა, რომელიც არ შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკური და პილიტიკური უსაფრთხოების ინტერესებს. განვითარდება შრომატევადი და არა მეცნიერებატევადი და კაპიტალტევადი დარგები, რადგან ცხადია, რომ უცხო კაპიტალი შემოდის იაფი მუშახელის და იაფი ბუნებრივი რესურსების გამო (აღსანიშნავია, რომ საქართველოში არც ერთ უცხო ინვესტორს ჯერჯერობით არ შემოუტანია უახლესი ტექნოლოგიები. ყველა აქამდე შემოტანილი ტექნოლოგია წარმოადგენს “გუშინდელი დღის” ტექნოლოგიებს);
4) მოსალოდნელია “ჭუჭყიანი დარგების” კონცენტრაცია, ვინაიდან მსოფლიოში ცალსახად შეიმჩნევა განვითარებული ქვეყნებიდან ჭუჭყიანი წარმოების განვითარებად ქვეყნებში გატანის ტენდენცია, რადგან იქ ნაკლებად მკაცრია ეკოლოგიური ბარიერები (ამ ტენდენციამაც უკვე იჩინა თავი საქართველოში);
5) უცხოელი ინვესტორები უფრო ხშირად კაპიტალს აბანდებენ საექსპორტო დარგებში. თავისთავად საექსპორტო პოტენციალის ზრდა დადებითი მოვლენაა, მაგრამ ასეთი ტენდენციის შედეგად საექსპორტო დარგების ხვედრითი წილი ეკონომიკაში შესაძლოა გასცდეს დასაშვებ ზღვარს. ამის გამო გაიზრდება ქვეყნის დამოკიდებულება მსოფლიო ბაზარზე. მსოფლიო ფასების მერყეობის გამო ექსპორტიდან შემოსავლების არასტაბილურობა ართულებს ქვეყნის განვითარების პროგნოზირებას, ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნებას.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არის სტანდარტული სცენარი, რომელსაც ადგილი ჰქონდა უამრავ განვითარებად ქვეყნებში და რომელიც საფუძვლად უდევს ეგრეთ წოდებულ “ჩრდილოეთის და სამხრეთის დაპირისპირებას”. არ არსებობს გარანტია, რომ იგივე არ მოხდება საქართველოშიც. ჯერჯერობით ყოველივე ეს დასტურდება რეალური პროცესებით, რაც მოჰყვა ამერიკელების შემოსვლას ენერგეტიკაში, ავსტრალიელების -ოქროს მოპოვების დარგში, გერმანელების – ჩაის წარმოებაში და სხვა. მიუხედავად მათი მოღვაწეობის მცირე დროისა, უკვე გამოიკვეთა ინტერესების კონფლიქტი უცხოურ კომპანიებსა და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შორის. ცხადია, ინვესტორების დიდი მასშტაბით შემოშვების შედეგად ეს პრობლემები გამწვავდება. ამაზე მეტყველებს საღი ლოგიკაც და, რაც მთავარია, მსოფლიო გამოცდილებაც.
ვნახოთ, რა მოხდება, თუ პრიორიტეტი მიეცემა არა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, არამედ საკრედიტო რესურსების მოზიდვას უცხოეთიდან და ქართველი მეწარმეების დაკრედიტებას (ანუ, თუ პასიური ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვლება აქტიური ეკონომიკური პოლიტიკით):
1) საქართველოს საკრედიტო რესურსების ბაზარზე მიწოდების ზრდა გამოიწვევს სარგებლის განაკვეთის შემცირებას. ამის შედეგად მკვეთრად გაიზრდება ინვესტიციების რაოდენობა;
2) თუ შესაბამის პოლიტიკას გაატარებს საბანკო სისტემა, მაშინ საკრედიტო რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისკენ. აგრეთვე პრიორიტეტული დაკრედიტების მეშვეობით კრიზისიდან გამოვლენ ის დარგები, რომელთა ამუშავებაც შესაძლებელია შედარებით მცირე დანახარჯებით;
3) ამუშავებული საწარმოები ჯაჭვური რეაქციის პრინციპით დაბადებენ მოთხოვნას მომწოდებელი საწარმოების პროდუქციაზე. თანდათან გაიზრდება დასაქმება, შემოსავლები, სამომხმარებლო მოთხოვნა. ეს კიდევ უფრო გამოაცოცხლებს წარმოებას და ა.შ. ხე-ტყის მასალაზე, ფერად ლითონებზე, შრომით და ინტელექტუალურ რესურსებზე გაჩნდება მოთხოვნა ეროვნულ წარმოებაში. ამიტომ შეწყდება მათი მასიური გადინება საზღვარგარეთ;
4) შესაძლებელი გახდება “იმპორტის ჩანაცვლების” პოლიტიკის გატარება, რადგან დღეს უამრავი ისეთი პროდუქცია შემოდის ჩვენთან, რომლის მომგებიანი წარმოება შესაძლებელია ქვეყნის შიგნით შედარებით მცირე კაპიტალური დაბანდებით. შესაბამისად, შემცირდება სავაჭრო ბალანსის დეფიციტიც;
5) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საკრედიტო რესურსების შემოტანის შემთხვევაში საწარმოო ბაზის მესაკუთრეები იქნებიან არა უცხოელები, არამედ ქართველი მეწარმეები. მათ მიერ მიღებული შემოსავლების ძირითადი ნაწილი ისევ საქართველოში იქნება დაბანდებული და არ გავა ქვეყნიდან. ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას მომდევნო ეტაპებზე;
6) მცირე და საშუალო ბიზნესის ინტენსიური განვითარება გააუმჯობესებს და შედარებით გაათანაბრებს ქვეყნის განვითარებას რეგიონალურ ჭრილში. გააძლიერებს ქვეყნის საშუალო ფენას და შეასუსტებს მოსახლეობის პოლარიზაციას. ეს დადებითად იმოქმედებს სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზე;
7) და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ამოქმედდება აქამდე მთლიანად გამოუყენებელი უდიდესი რესურსი, რომელიც გააჩნია საქართველოს მეწარმეობის უნარის მქონე ადამიანების სახით. “მეწარმეობის უნარი” არის ერთ-ერთი წარმოების ფაქტორი, ისეთივე აუცილებელი, როგორც “მიწა”, “შრომა” და “კაპიტალი”. მიუხედავად ამისა დღევანდელი ეკონომიკური სტრატეგია აბსოლუტურად არ ითვალისწინებს იმ უმნიშვნელოვანეს რეზერვს, რომელიც არსებობს საქართველოში.4
შეიძლება დაიბადოს კითხვა: საქართველოს ისედაც დიდი საგარეო ვალი აქვს და კიდევ უცხოური კრედიტების აღება დიდი მასშტაბებით რამდენად გონივრულია? ამის პასუხი ასეთია: დღეისათვის ჩვენი საგარეო ვალი შეადგენს მშპ-ის 59%-ს, ხოლო მთელ რიგ ქვეყებში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. მაგალითად: 1993 წლის მონაცემებით, საგარეო ვალი შეადგენდა (მშპ-სთან მიმართებაში): ავღანეთში – 104%, ანგოლაში – 186%, ტანზანიაში – 234%, მოზამბიკში – 333% და ა.შ.5 ასე რომ, პრობლემა მდგომარეობს არა იმდენად საგარეო ვალის მოცულობაში, არამედ მის ეფექტიან გამოყენებაში. საქართველოს საგარეო ვალი დღეს თავისთავად არ არის ძალიან დიდი, მაგრამ იგი გამოყენებული იყო ძალზე არაეფექტურად, ამიტომ ქვეყნის მშპ დარჩა მცირე და მხოლოდ მის ფონზე გამოიყურება დიდად ჩვენი საგარეო ვალების მოცულობა.
ხელშემწყობი პირობების შექმნა გაცილებით მეტად სჭირდებათ ქართველ მეწარმეებს, ვიდრე უცხოელ ინვესტორებს. უცხოელი და ქართველი მეწარმეები ერთმანეთის კონკურენტები არიან არა იმდენად პროდუქტების ბაზრებზე, რამდენადაც რესურსების შიდა ბაზრებზე. საქმე იმაშია, რომ ქართველი მეწარმეებისაგან განსხვავებით უცხოელების მიერ შექმნილი პროდუქცია უფრო ხშირად საექსპორტოდ არის განკუთვნილი. ამიტომ აქ მათი ინტერესები არ ეჯახება ერთმანეთს, მაგრამ რესურსების შიდა ბაზრებზე უცხოელი და ქართველი მეწარმეები ერთმანეთის კონკურენტები არიან. თუ ქართველ მეწარმეებს ხელი არ მიუწვდებათ საკრედიტო რესურსებზე, ისინი უძლურნი აღმოჩნდებიან უცხოელი კონკურენტების წინაშე.
განვითარებად ქვეყნებში უცხო კაპიტალის როლის შესახებ მსოფლიოში დიდი გამოცდილებაა დაგროვილი, არსებობს უამრავი ლიტერატურა. აღსანიშნავია, რომ 1969 წელს შეიქმნა ეგრეთ წოდებული ანდის პაქტი (მასში შედიოდნენ ბოლივია, კოლუმბია, პერუ, ჩილი, ეკვადორი და მოგვიანებით შეუერთდათ ვენესუელა). ამ პაქტის მონაწილეებმა კარტახენის შეთანხმების თანახმად ვალდებულება აიღეს ნებისმიერი უცხოური საწარმო დროთა განმავლობაში გარდაქმნან ერთობლივ საწარმოდ (ადგილობრივი პარტნიორების სიჭარბით) ან ეროვნულ საწარმოდ. ამავე დროს დაწესებულ იქნა ქვეყნიდან მოგების გატანის ლიმიტი.6 უცხოური კაპიტალისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების (ტნკ) პრობლემების თაობაზე ჯერ კიდევ 1970 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია. ხოლო 1972 წლის 19 მაისის 56 (III) რეზოლუციაში მხარი დაუჭირა განვითარებადი ქვეყნების სუვერენულ უფლებას, მიიღოს ზომები იმისათვის, რომ უცხოურმა კაპიტალმა იმოქმედოს ქვეყნების ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მათ შორის, შეზღუდოს მოგების ქვეყნიდან გატანა. გაეროში 1974 წლის დეკემბერში შეიქმნა საინფორმაციო და კვლევითი ცენტრი ტნკ-ის პრობლემებთან დაკავშირებით. 1972 წელს გაეროს მიერ შეიქმნა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი, რათა შეესწავლა ტრანსნაციონალური კორპორაციების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე და, პირველ რიგში, განვითარებად ქვეყნებზე. უცხოური კერძო კაპიტალის გავლენიდან თავის დასაღწევად მსოფლიოში დაგროვილია დიდი გამოცდილება. განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი ფორმები:
1) ნაციონალიზაცია; 2) შერეული კომპანიების შექმნა აქციების შეძენის გზით; 3) საკონცესიო ხელშეკრულებების გადასინჯვა და სახელმწიფოს წილის გაზრდა ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის პროცესში; 4) საგადასახადო პოლიტიკის გამკაცრება; 5) ერთ დარგში მომუშავე უცხოური ფირმების ლიმიტირება; 6) სპეციალური ზომების მიღება, რათა არ მოხდეს მოგების ფარულად გატანა საზღვარგარეთ; 7) ამ ფირმების მიერ იმპორტირებული ტექნიკის და მასალების ღირებულებაზე მკაცრი კონტროლი და სხვა.
ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ უცხოური კაპიტალის შეტანა განვითარებად ქვეყნებში ძალზე რთული, მრავალწახნაგოვანი პრობლემაა და სიფრთხილეს საჭიროებს.
სამწუხაროდ, საქართველოში იმდენად მწვავეა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, და იმდენად კონცენტრირებულია მთელი ყურადღება მიმდინარე პრობლემების გადაჭრაზე, რომ სათანადო ყურადღებას არ ვუთმობთ არსებული საინვესტიციო პოლიტიკის გრძელვადიან შედეგებს, იმას, თუ რა იქნება 30-40 წლის შემდეგ. არადა, უცხო კაპიტალთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ მაშინ იჩენს თავს მთელი სიმძაფრით, როცა ეს კაპიტალი დამკვიდრდება ეკონომიკის წამყვან დარგებში და ძნელი იქნება მასთან დაპირისპირება და ეროვნული ინტერესების დაცვა.
უცხო ინვესტორებისათვის პრიორიტეტის მინიჭება განსაკუთრებით არასასურველ შედეგებს მოიტანს მონეტარული პოლიტიკის პირობებში, როდესაც მნიშვნელოვნად იზღუდება სახელმწიფოს რეგულატორული ფუნქცია და ეკონომიკური პროცესები სტიქიურად, საბაზრო ძალების კარნახით მიმდინარეობს. შედარებისათვის აღვნიშნავ, რომ აზიის ინდუსტრიულ ქვეყნებში, სადაც მოხდა ეგრეთ წოდებული “ეკონომიკური სასწაული”, არსად ტარდებოდა მონეტარული პოლიტიკა. სახელმწიფო აქტიურად ერეოდა ეკონომიკურ პროცესებში. ასეთ ვითარებაში შესაძლებელი ხდება უცხო კაპიტალის ჩაყენება ქვეყნის ინტერესების სამსახურში და უარყოფითი ეფექტის შემცირება. მიუხედავად ამისა, იაპონიამ თითქმის არ შეუშვა თავის ქვეყანაში უცხოური კერძო ინვესტიციები, ხოლო სამხრეთ კორეამ – შედარებით მცირე მასშტაბებით (არადა აწორედ ამ ქვეყნებმა მიაღწიეს განსაკუთრებით კარგ შედეგებს). რაც შეეხება ამ რეგიონის დანარჩენ ინდუსტრიულ ქვეყნებს (ტაივანი, ჰონკონგი, სინგაპური და სხვ.) – რეფორმების სასტარტო მდგომარეობაში ისინი წარმოადგენდნენ სოფლის ტიპის დასახლებებს, იქ არ არსებობდა არც ინფრასტრუქტურა, არც კვალიფიციური მუშახელი, არც მეწარმეობის უნარის მქონე პირები, არც საწარმოო ბაზა. ასეთ ვითარებაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთადერთი შანსი იყო მათი ეკონომიკური აღმავლობისათვის.
საქართველო უკეთეს სასტარტო მდგომარეობაშია, ვიდრე ზემოხსენებული ქვეყნები, სადაც მოხდა ეკონომიკური სასწაული. როგორც უკვე აღვნიშნეთ გაგვაჩნია ინფრასტრუქტურაც, საწარმოო ბაზაც, კვალიფიციური მუშახელიც და მეწარმეებიც (რაც განსაკუთრებით დეფიციტური ფაქტორია რიგ განვითარებად ქვეყნებში). ამიტომ უცხო კაპიტალიც გაცილებით მცირე მასშტაბით გვესაჭიროება, კიდევ უფრო ნაკლებად – უცხოელი მეწარმეები. უცხოელი ინვესტორების ლოდინის პასიური სტრატეგია უნდა შეიცვალოს აქტიური პოლიტიკით, საკუთარი რეზერვების ამოქმედების, ეროვნული ენერგიის მობილიზაციის სტრატეგიით.
ცნობილია, რომ საბაზრო ეკონომიკა მოძრაობაში მეწარმეს მოჰყავს. მეწარმე არის ის, ვინც იჩენს ინიციატივას ბიზნესში, იღებს გადაწყვეტილებებს, მიდის რისკზე და ა.შ. სწორედ მეწარმემ უნდა მოუყაროს თავი წარმოების ყველა ფაქტორს (შრომას, მიწას, კაპიტალს) ერთიან ტექნოლოგიურ პროცესში და აამუშაოს ეკონომიკა. იმ მოტივით, რომ საქართველოში წარმოების გააქტიურება ვერ მოხდება უცხო კაპიტალის გარეშე, ჩვენ კარს ვუღებთ არა მხოლოდ უცხოურ კაპიტალს, არამედ უცხოელ მეწარმესაც, ინვესტორს, რომელიც თვითონ დააბანდებს ამ კაპიტალს საქართველოში და, შესაბამისად, თვითონ იქნება შექმნილი საწარმოო ობიექტების მესაკუთრეც. საქართველოს სჭირდება არა იმდენად “მეწარმეობის უნარის” (როგორც წარმოების ფაქტორის) იმპორტირება, რამდენადაც კაპიტალის იმპორტირება. რადგან საქართველოში ისედაც უხვად არიან მეწარმეობის უნარის მქონე ადამიანები. აღსანიშნავია, რომ თვით ეს კაპიტალიც საჭიროა შეფარდებითი ოდენობით ეკონომიკის ასამოქმედებლად, რადგან საჭიროა საწარმო ბაზის და ინფრასტრუქტურის განახლება და არა მთლიანად ახლის შექმნა. საჭიროა აგრეთვე საბრუნავი სახსრები, რასაც შედარებით მცირე ოდენობის კაპიტალი სჭირდება და ისიც სწრაფად აინაზღაურებს თავს.
ამასთანავე გასათვალისწინებელია შემდეგიც. თეორიულად შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (თუ მათ არ შეაფერხებს პილიტიკური არასტაბილურობა თუ სხვა მიზეზი) უფრო ეფექტური აღმოჩნდეს და სწრაფადაც განავითარონ ეკონომიკა საწყის ეტაპზე. მაგრამ გრძელვადიან პერიოდში გაცილებით ეფექტურია საკრედიტო რესურსების მეშვეობით ადგილობრივი მეწარმეების დასაქმება და საკუთარი რეზერვების ამოქმედება. ეს იმით აიხსნება, რომ ადგილობრივი მეწარმეების დომინირება ეკონომიკაში ნიშნავს მათი შემოსავლების რეინვესტირებას ეროვნულ ეკონომიკაში. ანუ იწყება ეკონომიკის კუმულატიური ზრდის პროცესი. ხოლო უცხოელი ინვესტორების დომინირება ეკონომიკაში ნიშნავს საფინანსო რესურსების გამუდმებულ გატანას ქვეყნიდან, რაც აუძლურებს ეკონომიკას და აფერხებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს.
IMF-ის კარნახით ჩვენ დავიწყეთ რეფორმები “შოკური თერაპიით”, მაგრამ დღეს ვაგრძელებთ რეფორმებს სულ სხვა მეთოდით. ანუ სავალუტო ფონდის რეკომენდაციებმა ვერ გაამართლა საქართველოს პირობებში და ვერც გაამართლებდა, რადგან არ ითვალისწინებდა საქართველოს რეალიებს, შიდა პოლიტიკურ ფაქტორებს, გეოპოლიტიკურ პროცესებს, პოსტსაბჭოთა ეკონომიკის თავისებურებებს და სხვა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა შევწყვიტოთ მასთან თანამშრომლობა, მაგრამ გვაძლევს არგუმენტებს იმისათვის, რომ IMF-ი უფრო დამყოლი გახდეს ქართული მხარის წინადადებებზე. კერძოდ, რეფორმების პოლიტიკაში მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს შიდა რეზერვების ამოქმედებაზე, რამდენადმე გაიზარდოს სახელმწიფო სექტორისა და რეგულირების როლი, მეტად გავითვალისწინოთ ქართველი მეწარმეების ინტერესები და გეოპოლიტიკური ფაქტორებიც. ამისათვის კი საჭიროა IMF-ის თანხმობაც და დახმარებაც.
ჯერჯერობით საქართველოში არც უცხოელი ინვესტორები აქტიურობენ და არც ქართველები. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენში ვერ დამყარდა ელემენტარული წესრიგი, რომ დიდია ჩრდილოვანი ეკონომიკა, კორუფციის მასშტაბები, კონტრაბანდა, ეკონომიკაში გაბატონდნენ “კლანები”. თუ ყოველივე ეს პრობლემა არ მოგვარდა შეუძლებელი იქნება ნაბისმიერი ეკონომიკური პოლიტიკის ცხოვრებაში გატარება და საერთოდ აზრს დაკარგავს დისკუსიები, თუ რომელი ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი და რომელი მცდარი. ამიტომ ნებისმიერ პოლიტიკაში პირველი გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს ქვეყანაში ეკონომიკური წესრიგის დამყარება..