შრომის პირობების გაუმჯობესება აუცილებელი პირობაა
ლიდა დონდუა
შრომის პირობები უპირველეს ყოვლისა ის გარემოა, რომელშიც მუშაკი შრომობს, ის საწარმოო ვითარება, რომელიც წარმოებაში იქმნება მის გარშემო. იგი განსაზღვრულია ტექნიკის და ტექნოლოგიის დონით, სანიტარულ-ჰიგიენური პირობებით, საყოფაცხოვრებო მომსახურებით. შრომისა და დასვენების დადგენილი რეჟიმით შრომის პირობების გაუმჯობესებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი ქმნის პირობებს წარმოების პროცესის ეფექტურად განხორციელებისათვის. ამიტომ ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა და ეთმობა შრომის პირობების შემდგომ გაუმჯობესებას.
სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის საწარმოებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოპტიმალური მიკროკლიმატის შექმნას, სამუშაო ადგილების რაციონალურ განათებას, ჰაერის გამტვერიანებისა და ხმაურის თავიდან აცილებას, ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველყოფას. შრომის პროდუქტიულობა დამოკიდებულია აგრეთვე საწარმოო შენობის, მოწყობილობის ფერზე. ფერები გავლენას ახდენენ თბურ შეგრძნებაზე, ადამიანთა მხედველობის დაღლასა და ორიენტაციაზე.
შრომის პირობების გაუმჯობესებაზე გავლენას ახდენს წარმოების გათვალისწინებით შერჩეული მუსიკა. ამ ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება მუსიკის ემოციური ზემოქმედება შრომითი პროცესის ორგანიზაციის სრულყოფისათვის. ადამიანის შრომისუნარიანობა, მისი დამოკიდებულება შრომისადმი მნიშვნელოვნად განისაზღვრება ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა, კოლექტივის წევრთა ურთიერთდამოკიდებულება, მუშაკთა განწყობილება, მუშაობის დროს წარმოქმნილი სხვადასხვა სახის დადებითი და უარყოფითი ემოციები.
აუცილებელია შეიქმნას ნორმალური ფსიქოლოგიური კლიმატი, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა, კოლექტივის ხელმძღვანელობის მეთოდები, ხელმძღვანელთა პირადი მუშაობის სტილი, ხელქვეითებთან მათი ურთიერთდამოკიდებულების ფორმები.
გარკვეული მნიშვნელობა აქვს წარმოების კულტურის მაღალ დონეს. წარმოების მაღალი კულტურის უზრუნველყოფა მრავალმხრივი კომპლექსური პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაში მთავარი როლი ენიჭება შრომის რაციონალური პირობების შექმნას თითოეულ საამქროში, განყოფილებაში, ყოველ საწარმოო უბანზე, ყოველ სამუშაო ადგილზე.
შრომის პირობების გაუმჯობესებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მწვანე ნარგავებს, ყვავილებს, ბუჩქებს, ხეებს, რომლებიც არა მარტო სიმყუდროვეს ქმნიან, არამედ სარგებლობაც მოაქვთ იმით, რომ ჰაერს ასუფთავებენ მტვრისაგან, აუმჯობესებენ მის შემადგენლობას. ამ მხრივ, კარგ გავლენას ახდენს მოხერხებული სამუშაო ტანსაცმელი. მსუბუქ და ლამაზ ტანსაცმელში მუშაკი თავს უფრო თავისუფლად, მოხერხებულად გრძნობს.
შრომის პირობების განუყოფელი ნაწილია სანიტარულ საყოფაცხოვრებო საწარმოში მომსახურება. ბევრ საწარმოში შემუშავებულია სამუშაო ადგილების ესთეტიზაციის ღონისძიება, სწორად არის მოწყობილი სასმელი წყლის ხმარების რეჟიმი, განსაკუთრებით ცხელ საამქროში, სადაც დღე-ღამის განმავლობაში ადამიანი 50-60 გრამ მარილს კარგავს.
შრომის პირობების სრულყოფა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს შრომის პროცესების ორგანიზაციაზე, ქმნის ჯანსაღ ზემოქმედებით ვითარებას, ზრდის მუშაობისადმი ინტერესს, ამცირებს კადრების დენადობას, ხელს უწყობს მუშაკთა შემოქმედებითი ინიციატივის განვითარებას, შრომის დისციპლინის განმტკიცებას და, საბოლოოდ, ამაღლებს წარმოების ეფექტიანობას.
დიდი ყურადღება უნდა მიექცეს წარმოების მუშაკთა შრომისა და დასვენების მეცნიერულად დასაბუთებული რეჟიმის დადგენას, მუშაკთა მაღალშრომისუნარიანობის შენარჩუნებას, რაც შესაძლებელი ხდება შრომისა და დასვენების რეჟიმის სწორად დადგენით. შრომისა და დასვენების რეჟიმი არის საწარმოში დადგენილი დროის განაწესი, რომელიც ახდენს მუშაობისა და დასვენების დროის განსაზღვრული მორიგეობით რეგლამენტაციას. სამუშაო ცვლის, თვისა და წლის განმავლობაში ცვლაში შრომისა და დასვენების რეჟიმს განსაზღვრავს სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა, მიკროპაუზების პერიოდულობა და ხანგრძლივობა. შრომისა და დასვენების რეჟიმი სამუშაო კვირისა და თვის განმავლობაში განისაზღვრება სამუშაო დღეებისა და საათების დადგენილი რაოდენობით, სამუშაო და დასვენების დღეების მორიგეობით, სხვადასხვა ცვლაში მორიგეობის წესით. შრომისა და დასვენების რეჟიმს წლის განმავლობაში განაპირობებს მუშაობის საათები და დღეების რაოდენობა წელიწადში, ძირათად და დამატებით შვებულებათა დადგენილი პერიოდულობა და ხანგრძლივობა.
საწარმოებში შრომისა და დასვენების რეჟიმის რაციონალიზაცია შემდეგი მიმართულებით უნდა განხორციელდეს: შიგაცვლის რაციონალური რეჟიმის დამუშავებით, ყოველკვირეული რეჟიმის ორგანიზაციით, შრომისა და დასვენების წლიური რეჟიმის სწორი ორგანიზაციით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მშრომელთა აქტიური დასვენების ორგანიზაციას.
ყოველგვარი შრომა გარკვეულ წესრიგსა და სახალხო მეურნეობის ყველა რგოლის ზემოქმედების ზუსტ შეთანხმებას მოითხოვს. დისციპლინის ხასიათი შრომის პროცესში მოცემულ საზოგადოებაში გაბატონებული საწარმოო ურთიერთობით განისაზღვრება. წარმოების საბაზრო ეკონომიკის წესი წარმოშობს და ავითარებს შრომის ახალ დისციპლინას. შრომის დისციპლინა გამოხატავს საწარმოო ურთიერთობას, რომელიც ექსპლუატაციისაგან თავისუფალ მუშაკთა თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარებას ემყარება.
შრომის დისციპლინა ფართო ცნებაა. იგი გულისხმობს მშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერ შესრულებას წარმოების საშუალებებისა და სამუშაო დროის რაციონალური გამოყენებით. შრომის საგნების დამუშავების რეჟიმის, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და შრომის დაცვის უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესრულებასთან ერთად იგი აგრეთვე მოიცავს შრომის ტექნოლოგიასა და საწარმოო დისციპლინას.
შრომის დისციპლინა არის მომუშავეთა მიერ სამუშაო დღის დადგენილი განაწესის თანმიმდევრული და ზუსტი შესრულება. ტექნოლოგიური დისციპლინა ითვალისწინებს ტექნოლოგიური პროცესების დადგენილი რეჟიმის თანმიმდევრულობასა და წესების ზუსტ დაცვას. საწარმოო დისციპლინა მოიცავს საწარმოო დავალებათა მკაფიო განაწილების, მოწყობილობის ინსტრუმენტების, აღჭურვილობისა და სხვა მატერიალური ფასეულობისადმი მზრუნველობით მოპყრობას, ხელმძღვანელების განკარგულებათა და მითითებათა შესრულებას, შრომის პირობების ჯეროვნად გათვალისწინებასა და უშუალო მწარმოებელთა დროულად უზრუნველყოფას წარმოებისათვის საჭირო მასალებით, ინსტრუმენტებით, ნედლეულით და სხვა.
შრომის დისციპლინის დარღვევათა გამომწვევი მიზეზების ანალიზი შრომის დისციპლინის განმტკიცებისათვის ბრძოლის ძირითად გზებს გვიჩვენებს. ასეთი გზებია სამუშაო ადგილების მომსახურების გაუმჯობესება, შრომის ორგანიზაციის კოლექტიური ფორმების დანერგვა, შრომის პირობების გაუმჯობესება, უდისციპლინო მუშებზე ზემოქმედების მეთოდების გამოყენება, შრომის ანაზღაურების ორგანიზაციის სრულყოფა, მშრომელთა შემოქმედებითი ინიციატივისა და აქტივობის ამაღლება.
შრომითი დისციპლინის განმტკიცებისა და მისი ორგანიზაციის დონის ამაღლებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მუშაკთა შემოქმედებითი ინიციატივის შემდგომ განვითარებას. ამიტომ წარმოების ორგანიზაციისა და მართვის ამოცანათა გადაჭრის მიზნით უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს მშრომელთა კულტურულ-ტექნიკური დონის ზრდას, მათი შემოქმედებითი აქტივობის ამაღლებას.