საბერძნეთი ერთი წლის შემდეგ
მოამზადა სოფიკო სიჭინავამ
2010 წლის აპრილში ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღეს და საბერძნეთს 110 მილიარდი ევროს კრედიტი გამოუყვეს. მას შემდეგ წელიწადი გავიდა, მაგრამ სიტუაცია ამ სამხრეთულ ქვეყანაში არ შეცვლილა: საბიუჯეტო დეფიციტი კვლავინდებურად მაღალია, ეკონომიკა არ იზრდება, უმუშევრობა კი პირიქით – საკმაოდ დიდი ტემპებით იზრდება. ჯერჯერობით, საბერძნეთი ცდილობს ეკონომიკის გადარჩენის მორიგი გეგმა დაამტკიცოს, ევროპაში უკვე სერიოზულად დაიწყეს მისი ვალის რესტრუქტურიზაციის პერსპექტივის განხილვა, ხოლო ბაზარზე ინვესტორებს სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ საბერძნეთი დეფოლტად არ გამოცხადდება.
საბერძნეთი ემზადება კრედიტის გასტუმრების ახალი გეგმის წარმოსადგენად. მაშინ, როცა ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ვერ მოახერხეს საბერძნეთისთვის სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით შეთანხმება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში უკვე დაიწყეს ევროზონის რეფორმირების შესაძლებლობის განხილვა. თანხის მოცულობა მსოფლიოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ დიდი იყო – 110 მილიარდი ევრო. ირლანდიამ 85 მილიარდი ევრო მიიღო, პორტუგალიამ – 80 მილიარდი.
შეშფოთებული ევროპა საბერძნეთის ვალის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობას განიხილავს. რეკორდულად გაიზარდა სახელმწიფო სავალე ობლიგაციების შემოსავლიანობა, უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთი პირველი სახელმწიფო გახდა ევროზონაში, რომელმაც საკუთარი ვალის დასაფარად კრედიტი მიიღო, როგორც ცნობილია, 30 მილიარდი ევრო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოყო, ხოლო 80 – ევროკავშირმა, მთავარ კრედიტორად გერმანია იქცა. ამ კრედიტის მისაღებად საბერძნეთს მოუწია პირობა დაედო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა (კრედიტის პირობების თანახმად), 2014 წლისთვის საბიუჯეტო დეფიციტმა არ უნდა გადააჭარბოს მშპ-ის 3%-ს, საბერძნეთმა თავის თავს ასეთი ამოცანა დაუსვა – 2015 წლისთვის დეფიციტმა მშპ-ის მხოლოდ 1% უნდა შეადგინოს.
არითმეტიკული შეცდომები
ცოტა ხნით წარსულში დავბრუნდეთ, როცა საბერძნეთმა კრედიტი მიიღო – ევროკავშირს ეგონა, რომ 2009 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი შემცირებული მშპ-ის 13,6%-ს შეადგენდა, ხოლო სახელმწიფო ვალი 115%-ს. 2010 წლის ბოლოსთვის მშპ-ის შემცირებას 4%-მდე ელოდნენ, ხოლო დეფიციტისას კი – 8,1%-მდე. 2011 წლისთვის დეფიციტი უნდა შემცირებულიყო “მხოლოდ” 2,5%-ით.
ინფორმაციის მასობრივ საშუალებებში ბოლო პერიოდში ახალი ციფრები გამოჩნდა. როგორც გამოირკვა, 2009 წლის ბიუჯეტის რეალური დეფიციტი იყო 15,4% და არა 13,6%. 2010 წლისთვის ის შემცირდა 10,6%-მდე და ვერ ჩამოვიდა 2,5%-იან პუნქტამდე.
საბერძნეთის ხელისუფლება მაინც იმედოვნებს, რომ 2011 წლისთვის საბიუჯეტო დეფიციტი 7,4%-იან ნიშნულს მიაღწევს, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის I კვარტალში ხარჯებმა გეგმით გათვალისწინებულ ნორმას 1,4 მილიარდი ევროთი უკვე გადააჭარბა. მშპ-ის ვარდნის ტემპებიც არასწორად იქნა შეფასებული. 2010 წელს მშპ შემცირდა 4,5%-ით, ხოლო 2011 წლის პროგნოზით, შემცირდება კიდევ 3,2%-ით. მიუხედავად ყველაფრისა, საბერძნეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისინი შეძლებენ კრედიტორების მოთხოვნის შესრულებას.
ჩაკეტილი წრე
გასული წლის განმავლობაში საბერძნეთის ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რომელიც დასახული მიზნისკენ მიიყვანდა ქვეყანას. პირველ რიგში, მან უარი თქვა საპენსიო გადარიცხვების წილის გაზრდაზე, რომელიც ისედაც შეადგენს მშპ-ის 11,6 %-ს. 2050 წლისთვის დაპირებული 24%-ის ნაცვლად, პენსიების წილი მშპ-ში მხოლოდ 2,5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ცვლილებები შევი-და შრომით კანონმდებლობაში, ის უფრო მოქნილი გახდა. ხელისუფლება ასევე შეეცადა მონოპო-ლიებისგან გათავისუფლებულიყო – მაგალითის სახით ევროპელ ექსპერტებს საავტომობილო სატვირ-თო გადაზიდვების დარგი მოჰყავთ.
თუმცა, ყველაზე დიდი ალბათობაა იმისა, რომ მშპ-ის კლება საერთო სურათს ძალიან გააფუჭებს. ერთად ერთი მაჩვენებელი, რომლის დადებითი ტემპები შეიძლება შენარჩუნდეს, ეს უმუშევრობის მაჩვენებელია. თუმცა, რეალურად არც ამაშია რამე დადებითი. თუკი 2009 წლის შუა პერიოდში უმუშევრობა იყო 9%-ის დონეზე, 2011 წლისთვის უკვე 15,5%-ს შეადგენს. უბრალო ბერძნებს გადასახადების გაზრდა და შემოსავლების კლება ელოდებათ. 2010 წელს საჯარო მოხელეებისთვის შრომის ანაზღაურება 15-20%-ით შემცირდა, ხოლო, როგორც ექსპერტები ამბობენ, ასეთ სიტუაციაში საბერძნეთის ხელისუფლების ოპტიმიზმი გვაფიქრებინებს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის მიჯნა.
საზოგადოებრივი აზრი
საბერძნეთის პრობლემა მთელს ევროპას ადარდებს, მაგრამ განსაკუთრებით შეშფოთებულია გერმანია. ანგელა მერკელი საბერძნეთის მოქალაქეებზე ზუსტად ისე უნდა დარდობდეს, როგორც თავისი ქვეყნის მოქალაქეებზე, რადგან სწორედ მისი ხელისუფლებაა საბერძნეთის უმსხვილესი კრედიტორი. ერთი წლის წინ ოპოზიცია მთელი ძალებით ცდილობდა არ დაეშვა კრედიტის გამოყოფა გაღარიბებული მეზობლისთვის, მაგრამ მმართველმა პარტიამ მაინც თავისი გაიტანა.
და ახლაც, ოფიციალურ დონეზე პირველად გერმანიამ განაცხადა საბერძნეთის ვალის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობის შესახებ. 14 აპრილს გერმანიის ფინანსთა მინისტმა, ვოლფგანგ შოიბლემ გაზეთ Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო ვალის თაობაზე გადაწყვეტილებას ივნისში მიიღებენ, როცა ევროკავშირში საბერძნეთის ეკონომოკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ მოხსენებას წარადგენენ. თუმცა, იქვე დასძინა, რომ საბერძნეთის სა-ვალე პრობლემების გადასაწყვეტად შესაძლოა საჭირო გახდეს ზოგიერთი დამატებითი ნაბიჯი. თუმცა, მოგვიანებით საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, კრისტინ ლაგარდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საბერძნერთის ვალის არანაირ რესტრუქტურიზაციაზე საუბარიც კი არ არის.
თავისი განცხადებით გამოსვლა საბერძნეთის ფინანსთა მინისტრსაც მოუწია, გეორგოს პაპაკონსტანტინუმ საზოგადოებრიობის დასამშვიდებლად განაცხადა, რომ საბერძნეთი უკვე ნათელი მომავლის გზას შეუდგა და ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებს.
დეფოლტის ფასი
საბერძნეთში არსებულ სიტუაციაზე თავისი მოსაზრება აქვთ ბირჟის ტრეიდერებს. შოიბლეს ფრთხილი განცხადებების მიუხედავად, 10-წლიანი სახელმწიფო ვალდებულებების შემოსავლიანობა 13%-მდე ავიდა. შედარებისთვის: მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტის შემოსავლიანობა შოიბლეს მშობლიურ ქვეყანაში მხოლოდ 3%-ს შეადგენს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ინვესტორები საბერძნეთისადმი ნდობას კარგავენ.
მსგავსი ტენდენციები შეიმჩნევა საკრედიტო დეფოლტური სვოპების ბაზარზეც (CDS, credit default swap). CDS – ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც სახლემწიფო დეფოლტისგან გარანტიას იძლევა 10 მილიონი აშშ დოლარის გაანგარიშებით. 1 აპრილისთვის ჩDშ-ის ფასი 987 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 15 აპრილს კი იგი უკვე 1097 დოლარამდე გაიზარდა. შედარებისთვის: ერთი წლის წინ მსგავსი ინსტრუმენტის ფასი მხოლოდ 347 დოლარი იყო. ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, The Daily Telegraph წერს, რომ ინვესტორები დეფოლტის ალბათობას 60%-ით აფასებენ.
ბერძნული აღდგომა
15 აპრილს საბერძნეთის ხელისუფლებას უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირების ახალი გეგმა. ამის მაგივრად მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გაჩნდა განცხადება იმის შესახებ, რომ გეგმა აღდგომის შემდეგ გამოქვეყნდება.
არაპოპულარული გადაწყვეტილებების დღესასწაულების შემდეგ გახმოვანება საკმაოდ ცნობილი პრა-ქტიკაა, ამიტომ ბერძენი მოსახლეობისთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა. გარდა ამისა, 15 აპრილსვე საბერძნეთის მთავრობამ გაახმოვანა ელექტროენერგიის უმსხვილესი ნაციონალური მიმწოდებლის PPC-ს პრივატიზების გეგმის შესახებ. Agence France-Presse-ის ინფორმაციით, საკუთრების უფლება კერძო ინვესტორის ხელში გადავა, თუმცა სახელმწიფო კომპანიის მართვაში მონაწილეობას მიიღებს. ეს ღონისძიება საბერძნეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული სახელმწიფო აქტივების მასშტაბური პრივატიზების ფარგლებში ტარდება. ხელისუფლებამ მარტში გამოაცხადა, რომ ამ გზით იგი აპირებდა 50 მილიარდი ევროს მიღებას, ანუ წლიური მშპ-ის 22%-ის.
საბერძნეთი ევროპის სახელმწიფოებიდან პირველი შეეჯახა დეფოლტის საფრთხეს. მასზე გამოცდილ, სავალე კრიზისში ქვეყნის დახმარების მეთოდებს ევროკავშირი წარმატებით იყენებს ირლანდიასა და პორტუგალიაში. ექსპერტები ამბობენ, რომ ახლა საბერძნეთს შეუძლია პრეცენდენტი შექმნას და ევროპის სახემლმწიფოებს შორის დეფოლტის გამოცხადებაშიც პირველი იყოს. ეს ფაქტი “დაეხმარება” ევროკავშირს, საჭიროების შემთხვევაში, ახალი მეთოდები სხვა ქვეყნებშიც უმტკივნეულოდ გადაიტანოს.