აშშ 30 თვე საბიუჯეტო დეფიციტით ცხოვრობს
სარედაქციო წერილი
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის მარტში ქვეყნის სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0,5%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები სწორედ ასეთ ზრდას ვარაუდობდნენ. დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში იანვართან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0,5%-ით გაიზარდა, რასაც ვარაუდობდნენ კიდეც. კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით, სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის მარტში თვიური გაანგარიშებით 0,1%-ით გაიზარდა. თებერვალში ამ მაჩვენებელმა 0,2%-ით მოიმატა.
შრომის სამინისტროს მონაცემებითვე, აშშ-ის სამრეწველო ფასები (ინდექსი PPI) მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა. ანალიტკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი თვიური გაანგარიშებით 1%-ით მოიმატებდა.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის მწარმოებელთა ინდექსი თვიური გაანგარიშებით 1,6%-ით გაიზარდა. სამრეწველო ფასები კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით, მარტში, წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში ამ მაჩვენებელმა 0,2%-ით მოიმატა.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში სამრეწველო წარმოება 0,8%-ით გაიზარდა. ანალიტკოსები ცოტათი ნაკლებ, 0,6%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. მიმდინარე წლის მაჩვენებელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, სამრეწველო წარმოების მოცულობა გაზრდილია 5,9%-ით. გამოყენებული სამ-რეწველო სიმძლავრეების მოცულობა მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,5 პროცენტული პუნქტით და მიაღწია 77,4%-ს, გასულ წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 72,8%-ს.
მიმდინარე წლის თებერვალში სამრეწველო წარმოების მოცულობა, გადასინჯული მონაცემებით, თვიური გაანგარიშებით 0,1%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა 0,1%-იან კლებას იუწყებდონენ, ხოლო გამოყენებული სიმძლავრეების კოეფიციენტმა 76,9%-ს მიაღწია (ადრე იუწყებოდნენ, რომ მაჩვენებელი 76,3%-ს შეადგენდა).
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცმებით, იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2,7%-ით. ამასთან, ფასებმა ექსპორტზე 2011 წლის მარტში 1,5%-ით მოიმატა. ანალიტკოსები ვარაუდობდნენ, რომ იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები 2,2%-ით გაიზრდებოდა, ხოლო ექსპორტირებულზე – 0,88%-ით. 2011 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით აშშ-ში იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფა-სები, საბოლოო მონაცმებით, 1,4%-ით გაიზარდა (ანალიტიკოსები სწორედ ამ ციფრს ვარაუდობდნენ), ხოლო ექსპორტირებულზე – 1,4%-ით (ადრე 1,2%-იან ზრდას ვარაუდობდნენ). წლიური გამოთვლით, იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები მარტში გაიზარდა 9,7%-ით, ხოლო ექს-პორტირებულზე კი, 9,5%-ით.
ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, აშშ-ის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი მიმდინარე წლის თებერვალში იანვართან შედარებით შემცირდა 45,76 მილიარდი დოლარით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლს 44 მილიარდი დოლარის დონეზე ვარაუდობდნენ. მიმდინარე წლის იანვარში სავაჭრო ბალანსის უარყოფითმა სალდომ, გადასინჯული მონაცემების თანახმად, შეადგინა 46,97 მილიარდი დოლარი, ადრე იუწყებოდნენ, რომ დეფიციტი 46,3 მილიარდი დოლარი იყო. თებერვალში აშშ-ის იმპორტის მოცულობამ შეადგინა 210,88 მილიარდი დოლარი, ხოლო ექსპორტის მოცულობამ – 165,12 მილიარდი დოლარი (+2,6%). ამასთან, წლიური გაანგარიშებით, აშშ-ის იმპორტი მიმდინარე წლის თებერვალში 14,4%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი ქვეყნიდან – 14,2%-ით.
აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა მიმდინარე წლის მარტში შეადგინა 188 მილიარდი დოლარი, რომელიც გასული წელთან შედარებით თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. ერთი წლის წინ საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი 65 მილიარდი დოლარი იყო. ეს მონაცემები აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. აშშ-ში საბიუჯეტო დეფიციტი ზედიზედ უკვე 30 თვე გრძელდება. 2010-2011 ფინანსური წლის პირველი 6 თვის მანძილზე, რომელიც 2011 წლის ოქტომბერს დასრულდება, ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 829 მილიარდ დოლარს მიაღწია. თებერვალში ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით გაზრდილია, მაშინ ის 717 მილიარდ დოლარს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში კონგრესის საბიუჯეტო მმართველობამ საბიუჯეტო დეფიციტის დინამიკის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2010-2011 ფინანსური წლის საბიუჯეტო დეფიციტი მიაღწევს 1,5 ტრილიონ დოლარს, ანუ ქვეყნის მშპ-ის 9,8%-ს.
ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ში მიმდინარე წლის თებერვალში კაპიტალის წმინდა მოდინებამ შეადგინა 97,7 მილიარდი დოლარი, იანვარში კი ეს მაჩვენებელი, გადასინჯული მონაცმებით, შეადგენდა 30,6 მილიარდ დოლარს (ადრე 32,5 მილიარდ დოლარს ვარაუდობდნენ).
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცმების თანახმად, 2011 მარტში საცალო გაყიდვების მოცულობა წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,4%-ით. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი აღნიშნულ პერიოდში მოიმატებდა 0,5%-ით. გასული წლის მარტის მონაცემებს მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდთან თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ ზრდა 7,1%-იანია. მიმდინარე წლის თებერვალში, თვიური გაანგარიშებით, საცალო გაყიდვების მოცულობა, გადასინჯული მონაცემების თანახმად, გაიზარდა 1,1%-ით (ადრე 1,0%-იან მატებას იუწყებოდნენ).
EUROSTAT იუწყება, რომ…
ევროპის სტატისტიკური სააგენტოს Eurostat-ის მონაცემებით, 2011 წლის მარტში ევროზონის სამომხმარებლო ფასები, საბოლოო მონაცემებით, წლიური გაანგარიშებით, 2,7%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ინფლაცია 2,7% იქნებოდა. 2011 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები ევროზონაში 1,4%-ით გაიზარდა. Eurostat-ის წინასწარი მონაცემებით, რომელიც 31 მარტს გამოქვეყნდა, ევროზონაში წლიური ინფლაცია მარტში გადაიხედა 2,6%-დან 2,7%-მდე. 2011 წლის თებერვალში გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით ევროზონის სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2,4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტში, ევროკავშირის 27 ქვეყანაში, სამომხმარებლო ფასები, წლიური გაანგარიშებით, 3,1%-ით გაიზარდა, ხოლო თვიურით – 1,1%-ით.
იგივე Eurostat-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში მოცემული ინფორმაციით, 2011 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, ევროზონაში, სამრეწველო წარმოების მოცულობა 0,4%-ით გაიზარდა. ექსპერტები ამ მაჩვენებლის ზრდას თვიურ გამოსახულებაში 0,5%-მდე ვარაუდობდნენ. წლიური გაანგარიშებით, ევროზონაში სამრეწველო წარმოების მოცულობამ 2011 წლის თებერვალში 7,3%-ით მოიმატა. გადასინჯული მონაცემების თანახმად, 2011 წლის იანვარში თვიურ გამოხატულებაში ამ მაჩვენებლემა დაიწია 0,2%-ით. ევროკავშირის 27 ქვეყანაში თვიური გაანგარიშებით, სამრეწველო წარმოების მოცულობა გაზრდილია 0,2%-ით, ხოლო წლიურით – 7%-ით.
Eუროსტატ-ის მონაცემებით, ევროზონაში სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა მიმდინარე წლის თებერვალში შეადგინა 1,5 მილიარდი ევრო. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ დეფიციტი 4,0 მილიარდი ევრო იქნებოდა. 2011 წლის იანვარში, გადასინჯული მონაცემების თანახმად, სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა შეადგინა 15,6 მილიარდი დოლარი, ადრე იუწყებოდნენ, რომ მაჩვენებელი 14,8 მილიარდი ევრო იყო. თებერვალში კი, სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა 1,4 მილიარდი ევრო შეადგინა. ევროზონაში შემავალი 17 სახელმწიფოს ექსპორტი, მიმდინარე წლის თებერვალში, წლიური გაანგარიშებით, გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი – 26%-ით. რაც შეეხება თვიურ გამოხატულებას, სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, ევროზონის ექსპორტი თებერვალში გაიზარდა 1,6%-ით, ხოლო იმპორტი – 1%-ით. ევროკავშირის 27 ქვეყნის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, მიმდინარე წლის თებერვალში, წინასწარი მონაცმებით, განისაზღვრა 9,6 მილიარდი ევროთი, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე დეფიციტი შეადგენდა 7,5 მილიარდ ევროს. ევროკავშირის ქვეყნებში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი მიმდინარე წლის იანვარში შეადგენდა 30,2 მილიარდ ევროს. ამასთან, 2011 წლის თებერვალში გასულ წელთან შედარებით ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 26%-ით, ხოლო იმპორტისა ასევე – 26%-ით. თვიური გაანგარიშებით კი, ევროკავშირში შემავალი 27 ქვეყნის ექსპორტი სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის თებერვალში გაიზარდა 0,7%-ით, ხოლო იმპორტი შემცირდა 0,2%-ით.
ჩინეთის რეგულატორი აქტიურობს
ჩინეთი ისევ ინფლაციას ებრძვის და ცდილობს, დარეზერვების აუცილებელი მოთხოვნის გაზრდის გზით, მიმოქცევიდან 53,6 მილიარდ დოლარიანი ლიკვიდობის ამოღებას. ჩინეთის სახალხო ბანკის გადაწყვეტილება სავალდებულო დარეზერვების ნორმის 50 საბაზისო ბუნქტით გაზრდის შესახებ ინვესტორებისთვის და ანალიტიკოსებისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, მით უფრო ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ინფლაციური ზეწოლა მარტში კიდევ უფრო გამძაფრებულია.
ქვეყანაში 2011 წლის მესამე თვის სამომხმარებლო ფასები 5,4%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ანალიტიკოსებს უფრო ოპტიმისტური მოლოდინი ჰქონდათ და ამ მაჩვენებლის 5,2%-ის დონეზე მატებას ვარაუდობდნენ, თებერვლის ზრდის ტემპები ხომ უფრო მისაღებ 4,9%-იან ნიშნულზე იყო. ასეთი დინამიკა შეესაბამება I კვარტალში რეალური მშპ-ის გადახურებული ზრდის ტემპებს ქვეყანაში. შეგახსენებთ, რომ ის წლიური გამოთვლით 9,7%-ს უდრიდა ანალიტიკოსების კონსესუს-პროგნოზის 9,4%-იანი მაჩვენებლის საწინააღმდეგოდ.
ჩინეთის ეროვნული ბანკის სიტუაციაში ჩარევის აუცილებლობა ფულადი მასის სტატისტიკამაც დაასაბუთა. წლიური გამოთვლით, აგრეგატი M2 მარტში 16,6%-ით გაიზარდა. თავისი შემადგენლობით ასეთი ფართო აგრეგატის ზრდის ტემპი ბოლოს 2008 წელს დაფიქსირდა. მართალია, მაშინ იგი შეესაბამებოდა დამავალ ტრენდს, რომლის შემდეგაც შეინიშნებოდა ერთგვარი ასხლტომა, რომელიც ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული. სავალდებულო დარეზერვების ნორმის 50 ბაზისურ პუნქტამდე აწევა (20,5%-მდე) შეესაბამება ეკონომიკიდან 53,6 მილიარდი დოლარის ლიკვიდობის ამოღებას, ეს გაანგარიშება საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო CNBC-მ გააკეთა. ჩინეთის რეგულატორის ოფიციალური მონაცემებით, დარეზერვების ახალი მოთხოვნები ძალაში 21 აპრილიდან შევიდა.
“ცხელ უცხოურ ფულად” ნაკადებზე კონტროლის დაკარგვის შიშით, ჩინეთის ხელისუფლება დარეზერვების ნორმის გაზრდას ამჯობინებს, ვიდრე საკვანძო განაკვეთის აწევას. მაგალითად, მიმდინარე წლის I კვარტალში ჩინეთის სახალხო ბანკის ბალანსზე უცხოური ვალუტის რეზერვები 200 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია 1 მილიარდი დოლარის მოცულობის კვარტალური სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ფონზე (იგივე CNBC-ის მონაცემები). ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჩინეთის შეშფოთება საკმაოდ საფუძვლიანია.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მთავარი განაკვეთი 6,31%-ს უტოლდება და ბანკები სესხის გაცემისას მასზე აკეთებენ ორიენტირს, ხოლო კომპანიები – თავიანთი საინვესტიციო პროექტების მოყვანილი ღირებულების გაანგარიშებისას. სესხების ღირებულების გაზრდისას და მაღალი ინფლაციის მოლოდონის პირობებში, კეთილდღეობა, რომელიც კომპანიების ფულად ღირებულებაში გამოიხატება, განვითარებად, ახალგაზრდა ფირმებიდან, უფრო ხანდაზმულ და მსხვილ ჰოლდინგებზე ნაწილდება. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ამ უკანსაკნელმა უკვე დაასრულა კაპიტალის დაბანდების ძირითადი პროგრამები და ფულადი ნაკადების გენერირება შეუძლია, მაშინ, როცა ახალგაზრდა ფირმები ახლა ეძებენ განვითარებისთვის საჭირო სახსრებს და უახლოეს წლებში მხოლოდ უარყოფითი ფულადი ნაკადების გენერირებას შეძლებენ, რომლებიც დასაფინანსებელ თანხებს მოიზიდავენ გაზრდილი განაკვეთით.
კლასიკური მაკროეკონომიკური სკოლა აუცილებელი დარეზერვების ნორმის ზრდას ყოველთვის განიხილავდა, როგორც საკმაოდ უხეშ მეთოდს, რომელსაც მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა ეკონომიკიდან ლიკვიდურობის ამოღების ყველა ინსტრუმენტი უშედეგოდ ნაცადია. თუმცა, ზემოთ აღწერილი პრობლემების კუთხით, ეს მეთოდი არც თუ უხეშია, ვინაიდან კორპორატიული ფინანსირების თვალსაზრისით, ქვეყანა საინვესტიციო და მოდერნიზაციულ კლიმატს ინარჩუნებს. “მიმაჩნია, რომ ჩინეთის რეგულატორის მიერ სავალდებულო დარეზერვების ნორმის შემდგომი ზრდა უკვე უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი, მაგრამ განაკვეთების ზრდას ჯერ არ უნდა ველოდოთ”, – CNBC-ს მოჰყავს Citic Securities-ის მთავარი ეკონომისტის სიტყვები.
“კვების პროდუქტების ფასები ჩინეთის ინფლაციის დრაივერად რჩება: მარტში იგი 11,7%-ით გაიზარდა წლიურ შეპირისპირებაში წინა მაჩვენებლებთან 11% და 10,3%. თუმცა, მიუხედავად ამისა, უფრო შემაშფოთებელია არასასურსათო ინფლაცია ადრინდელი 2,5% და 2,6% 2,7%-მდე. მსოფლიო სასაქონლო-სანედლეულო ბაზრებზე მარტის არასტაბილურობასთან ერთად, ეს, ჩინეთში, მიმდინარე წლის ინფლაციის ტემპების ჩვენეული პროგნოზების ერთგვარ რისკს ქმნის. ადრე ვვარაუდობდით, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2011 წლისთვის 4,3%-მდე გაიზრდებოდა”, – მსჯელობენBarclays Capital-ში. შეგახსენებთ, რომ ადრე ჩინეთის რეგულატორის სამომხმარებლო ინფლაციის სამიზნე ნიშნული 4% იყო.
ტრიშემ გარისკა
ვროპელებისთვის ცხოვრება ისევ ძვირდება, მარტში ფასების ზრდა ბოლო 2,5 წლის მანძილზე ყველაზე შთამბეჭდავი იყო. ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც წლიური ინფლაცია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებულ კომფორტულ 2%-იან ზღვარს სცილდება. მარტის ინფლაციამ ყველა პროგნოზს გადააჭარბა. წლიურ გამოხატულებაში CPI ინდექსი 2,7%-მდე გაიზარდა თებერვლის 2,4%-დან. თვიურ გამოხატულებაში კი, დაფიქსირებულია ამ ინდექსის მაქსიმუმი – 1,4%. ასეთი მაღალი ფასების ზრდა არ დაფიქსირებულა ამ მაჩვენებლის კვლევის, ანუ 2005 წლის აპრილის შემდეგ. ეს მონაცემები ლუქსემბურგში ევროპის სტატისტიკურმა ბიურომ გამოაქვეყნა. “მთავარი დამნაშავე” წლის დასაწყისიდან სანავთობე კოტირებების შეუჩერებელი ზრდაა ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური სიტუაციის გაუარესების ფონზე.
წლის დასაწყისში სანავთობე კოტირებებმა უკვე 18%-მდე აიწია, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში “შავი ოქროს” ღირებულების ექსპერტული პროგნოზებიც საკმაოდ მაღალია. მაგალითად, Deutsche Bank-ის ანალიტიკოსები ელიან, რომ ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება მიმდინარე წელს შეიძლება კიდევ 16%-ით გაიზარდოს 117,50 დოლარამდე. ექსპეტების ამ მოსაზრებას ლიბიაში საომარი მოქმედებები და საუდის არაბეთში რეზერვების კლება ამყარებს. გარდა ამისა, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ MENA-ს რეგიონის სხვა ქვეყნებში პოლიტიკური არასტაბილურობა არ გაიზრდება. ეს ფაქტორები ნავთობის ფასში სპეკულატური შემადგენლის წილს ზრდის და ამიტომ, პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულდება, რაც, როგორც სჩანს, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების ბოლო არგუმენტი გახდა.
7 აპრილს, ჟან-კლოდ ტრიშეს უწყებამ პირველი ნაბიჯი გადადგა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გზაზე და რეფინანსირების საბაზისო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა და ამით, არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი განაკვეთის თითქმის სამწლიანი ეპოპეა დაასრულა (2008 წლის ივლისიდან). ევროპის ცენტრალური ბანკი განვითარებულ ქვეყნებს შორის პირველი რეგულატორი გახდა, რომელმაც მზარდ ინფლაციას ომი გამოუცხადა და emerging markets-ის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს მიუერთდა. 40 წლის მანძილზე ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპელმა მონეტარებმა საპროცენტო განაკვეთების აწევა თავიანთ ოკეანისგაღმელ კოლეგებზე ადრე დაიწყეს.
ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრებისთვის ადვილი არ იყო არჩევანი გაეკეთებინათ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებასა და პერიფერიული ქვეყნების ეკონომიკების (ირლანდია, საბერძნეთი, პორტუგალია) მხარდასაჭერ ზომებს შორის. ევროს მიმოქცევის ზონაში შემავალი ქვეყნების ეკონომიკების განვითარების ძლიერი განსხვავების ფონზე, რთულია ევროპის ცენტრალური ბანკის მოქმედების ერთგვაროვნად შეფასება. თავის გადაწყვეტილებაში ტრიშეს უწყება, ერთი მხრივ, ორიენტირებული იყო გერმანიაზე, რომლის ეკონომიკური ზრდა გასულ 2010 წელს შეადგენდა 3,6%-ს და, სადაც წლიური ინფლაცია ზედიზედ მეორე თვე კომფორტულ 2%-ზე მაღალია, თუმცა, მეორე მხრივ, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება მკვეთრად არყევს ისედაც არამყარი რეგიონის პერიფერიული ქვეყნების პოზიციებს. ბრიტანეთის ხელისუფლების ყოფილი კოსნულტანტი და ახლა FTI Consulting Inc-ის მმართველი დირექტორი, ვიკი პრაისი ფიქრობს, რომ სესხების გაძვირება საბერძნეთისთვის, პორტუგალიისთვის, ირლანდიისთვისა და, შესაძლოა, ესპანეთისათვისაც კი მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.
და მაინც, ჟან-კლოდ ტრიშეს უწყებამ არჩევანი ინფლაციასთან ბრძოლაზე გააკეთა. ფასების ზრდა ევროზონის მოსახლეობის შრომის საზღაურის კომპენსაციას ითხოვს. შრომის ანაზღაურების ზრდა, თავის მხრივ, ინფლაციას გამოიწვევს, მაგამ თუკი ინფლაცია დიდი ხნის მანძილზე გადასცდება კომფორტულ 2%-იან ნიშნულს, მაშინ ხელფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. სწორეს ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად აღლევებს ევროპის მონეტარულ ხელისუფლებას და ამიტომ ცდილობს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებით თავიდან აიცილოს იგი. როგორც ჩანს, ევროპის ცენტრალურ ბანკში მიაჩნიათ, რომ რეგიონის წამყვანი ეკონომიკის ქვეყნები შეძლებენ გაძვირებული სესხების პირობებშიც გააგრძელონ ეკონომიკის აღდგენის პროცესი და ამით, მთელი ევროზონის ქვეყნებს დაეხმარონ, ხოლო, რაც შეეხება რეგიონის პერიფერიული სახელმწიფოების პრობლემებს, სავარაუდოდ, ამ პრობლემების სირთულის მიხედვით მისი გაჩენისას გადაწყდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს ევროზონის ეკონომიკას შესაძლოა 1,6%-იანი ზრდა ჰქონდეს, რაც დაბალია გასული წლის 1,7%-იან ზრდასთან შედარებით. ფონდის ეკონომისტების გამოთვლით, გერმანიის ეკონომიკას 2011 წელს შეუძლია 2,5%-იანი ზრდა აჩვენოს, ხოლო საფრანგეთისას – 1,6%-იანი. ჟან-კოლდ ტრიშემ ფრანკფურტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საზოგადოება დაარწმუნა, რომ მისი უწყება უკიდურესად დიდი ყურადღებით დააკვირდება ინფლაციის გამომწვევ მზარდ რისკებს, რაც, ნათელია, იმას ნიშნავს, რომ უკვე გადადგმული ნაბიჯის გამეორება გამორიცხული არ არის. ბევრი ანალიტიკოსი თანხმდება, რომ წლის ბოლომდე ევროპის ცენტრალური ბანკის საბაზისო განაკვეთი 1,75%-მდე აიწევს.
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია შენელდა
მარტის ინფლაციურმა სტატისტიკამ ბრიტანელებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუტანა: ბოლო რვა თვის მანძილზე დიდ ბრიტანეთში ფასების ზრდა პირველად შეჩერდა – სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მატება მარტში ორჯერ დაბალი აღმოჩნდა თებერვლისაზე. ლონდონის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, თებერვალთან შედარებით მარტის CPI გაიზარდა 0,3%-ით, თბერვალში კი 0,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. წლიურ გამოხატულებაში CPI აიწია 4,0%-მდე, მაშინ, როცა თებერვლის წლიური ინფლაცია შეადგენდა 4,4%-ს. წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა სამოხმარებლო ფასების ინდექსი (ენერგომატარებლების, კვების პროდუქტების, ალკოჰოლისა და თამბაქოს ფასების გამოკლებით – Core CPI) – 3,4%-დან 3,2%-მდე. ინფლაციური ზეწოლის შემსუბუქება, პირველ რიგში, შესაძლებელი გახდა კვების პროდუქტების ფასების შემცირებით. ბრიტანელი რიტეილერების დანაპირებმა, სუპერმარკეტებში ფასდაკლებების შესახებ, თავის დადებითი ეფექტი მოახდინა. მარტში კვების პროდუქტების ფასები 1,4%-ით შემცირდა – ფასების ასეთ შემცირება 2007 წლის ივლისის შემდეგ არ ყოფილა. ქვეყანაში სანავთობე კოტირებების შეუჩერებელი ზრდაც კი ვერ გახდა ინფლაციური პროცესების გამძაფრების მიზეზი, რაც ინვესტორებს შორის პოზიტიურ განწყობას იწვებს. სულ ცოტა ხნის წინაც კი, ინგლისის ბანკის მიერ პროგნოზირებული, ინფლაციის 5%-მდე ზრდა, სავსებით რეალური იყო. მარტის ინფლაციამ ცხადყო, რომ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის 5%-იანი ინფლაცია საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის ტემპების წარმატებით გაგრძელების შესაძლებლობა ეჭვებს ბადებს.
2010 წლის IV კვარტალში ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში შემცირდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით მშპ-მ 0,5%-მდე დაიწია. ბრიტანულმა ეკონომიკამ ვერ გაუძლო ისეთ სერიოზულ გამოცდას, როგორიც სანედლეულო ბაზარებზე ფასების შეუჩერებელი ზრდა იყო, განსაკუთრებით კი, ნავთობსა და კვების პროდუქტებზე. ყოველივე ამას სახელმწიფო ბიუჯეტის რადიკალური შემცირებაც დაემატა.
დიდ ბრიტანეთში ზედიზედ უკვე თექვსმეტი თვეა, რაც ინფლაცია გადასცდა ინგლისის ბანკის მიერ დადგენილ კომფორტულ 2%-იან მაჩვენებელს და თხუთმეტი თვეა 3%-იანი ბარიერიდან არ ჩამოდის. ეჭვაგრეშეა, რომ ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება სასაქონლო ბაზრებზე მიმდინარე ფასების ზრდით არის გამოწვეული, ხოლო, რაც შეეხება სანედლეულო ბაზრებს, აქაც, მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით, მაღალი ფასები მომავალშიც შენარჩუნდება. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინფლაციური ზეწოლა მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან გაყიდვებიდან გადასახადის ზრდა, რომელიც ძალაში იანვარში შევიდა, ნედლეულის სიძვირესთან ერთად, ეჭვგარეშე გამოიწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდას.
მერვინ კინგის უწყებაში არა ერთხელ განაცხადეს, რომ სამომხმარებლო ფასების პროგნოზი უმთავრესი მიზეზი გახდა, ეფიქრათ, გაეფართოებინათ თუ არა სავალე ვალდებულებების გამოსყიდვის პროგრამა თუ შეეჩერებინათ სტიმულები. მარტის ინფლაციის სტატისტიკა ბრიტანეთის მონატარულ ხელისუფლებას ამოსუნთქვისა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხეულხლებად დატოვების საშუალებას აძლევს. მარტში ინფლაციური ზეწოლა რომ გაძლიერებულიყო, ინგლისის ბანკს გაუჭირდებოდა აეხსნა, რატომ არ მიბაძა ევროპის ცენტრალურ ბანკს და არ გაზარდა სააღრიცხვო საბაზისო განაკვეთი, დიდ ბრიტანეთში ინფლაცია ხომ ბევრად მაღალია, ვიდრე ევროზონაში. მერვინ კინგის უწყებაში, ჯერჯერობით, სიტუაციას უკვირდებიან, ეგრეთ წოდებული, წაიტ-ანდ-სეე-ის პოლიტიკას აწარმოებენ. ბრიტანეთის მონეტარული ხელისუფლება, ჯერეჯრობით, არ ცვლის სავალე ვალდებულებების გამოსყიდვის პროგრამას, რომლის მოცულობაც, მოცემულ მომენტში, 200 მილიარდი ფუნტი სტერლინგია. ძველ ნიშნულზე რჩება რეფინანსირების საბაზისო განაკვეთი (0,5%).
ნისლიანი ალბიონის მონეტარული ხელისუფლება, რომელიც, ერთი მხრივ, ცდილობს დააბალანსოს ინფლაციის მზრდადი რისკები და, მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდის შენელება, ინფლაციური ზეწოლის შესაჩერებლად არჩევანს სახლემწიფო ხარჯების შემცირებაზე აკეთებს. მაგრამ, ისეთი ღო-ნისძიებები, როგორებიცაა დამატებული ღირებულებისა (VAT) და გაყიდვებიდან გადასახადის გაზრდა (20%-ით), ასევე, სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი შემცირება, ბრიტანელ-ებს დიდ ტვირთად დააწვებათ მხრებზე. თუმცა, ახლა მათთვის ცხოვრება შედარებით გაიაფდა – მარტში საცალო ფასები 5,3%-ით გაიზარდა თებერვლის 5,5%-თან შედარებით. დიდ ბრიტანეთში სწო-რედ საცალო ფასების ინდექსი მიიჩნევა ცხოვრების ღირებულების მთავარ განმსაზღველად, რომლის მიხედვითაც ხდება შრომის ანაზღაურების ინდექსაცია.
კიდევ ერთხელ ეკონომიკის მხარდაჭერაზე აქცენტის გაკეთებით, მერვინ კინგის უწყება, ექსპერტების ვარაუდით, თავის პოლიტიკას უახლოეს მომავალში არ შეცვლის. მოცემულ მომენტში, საფინანსო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინი მიმდინარე წლის აგვისტოსთვის გადაიწია.
ექსპერტებს არ სჯერათ, რომ მონეტარული ხელისუფლება ეკონომიკას მხარდაჭერის გარეშე დატოვებს იმ პირობებში, როცა ეკონომიკა არა მხოლოდ შიდა ფაქტორის წნეხის ქვეშ არის, როგორიცაა ბიუჯეტის რადიკალური შემცირება, ისე გაუარესებული საგარეო ფაქტორების უარყოფითი გავლენის ქვეშაც – MENA-ს ქვეყნებში სერიზულად გამწვავებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო სანედლეულო ბაზრებზე მკვეთრად გაზრდილი ფასები.
ამერიკელი მომხმარებელი უცნაურად იქცევა
შრომის ბაზრის მოკლევადიანმა სტაბილიზებამ და ინფლაციის ზომიერმა ზრდამ აშშ-ის მოქალაქეებს ოპტიმიზმის საფუძველი მისცა. მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ გაანგარიშებული სამომხმარებლო განწყობის ინდექსი, აპრილში, წინასწარი გათვლებით, უეცრად 2,1 პუნქტით აიწია ნიშნულამდე – 69,9. ანალიტიკოსები პროგნოზში შეცდნენ: სამომხმარებლო რწმენის კონსენსუს-შეფასება რეალურ ნიშნულს 0,8 პუნქტით ჩამორჩა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სამოხმარებლო განწყობის ტრენდი ცვალებადი და ამოუცნობია.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი ვალატიური კომპონენტების გამოკლებით (კვების პროდუქტების და ენერგომატარებლები) თვიურ შეპირისპირებაში მარტში შეადგენდა 0,1%-ს, რაც გამოიხატა ინფლაციის შენელებაში. ეს ხელს აძლევს ქვეყნის ახლანდელ მონეტარულ ხელისუფლებას მოქმედი პრეზიდენტის მომხრეთა რიცხვში, რომლებიც რაოდენობრივი ლიბერალიზმის პროგრამას ახორციელებენ. შეგახსენებთ, რომ CPI ჯერ კიდევ თებერვალში 0,2%-ს შეადგენდა თვიურ შედარებაში. ანალიტიკოსები ამ ჯერზეც ფიქრობდნენ, რომ საკვანძო ფასები გაიზრდებოდა და ამიტომ მარტის შედეგებით ფრიად გაკვირვებულები დარჩნენ.
“გამოკითხვისას ამერიკელები აღნიშნავდნენ, რომ მათ კრედიტ-ბარათებზე ნაკლები პრობლემები ექმნებოდათ, პრაქტიკულად ყველა სახის ანგარიშის გადახდისას პრობლემების რიცხვი შემცირდა, სამედიცინო მომსახურების გადახდის გამოკლებით. ამ სფეროში ყველაფერი მართლაც არც ისე სასიხარულოა”, – ასეთი კომენტარი გააკეთა მენდი უოკერმა (Consumer Reports-ის კვლევითი ცენტრის, სამომხმარებლო განწყობასთან დაკავშირებული პროექტების რედაქტორი) CNBC-სთვის სამომხმარებლო განწყობისა და ინფლაციური ზეწოლის შესახებ. თუმცა, ანალიტიკოსებს შორის არსებობს პოზიტიურისგან სავსებით განსხვავებული შეხედულებაც.
“ბოლოს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა ის საერთო შთაბეჭდილება გაამძაფრა, რომ აშშ-ის ეკონომიკა ახლა საკმაოდ მძიმე პერიოდს გადის. მაგალითისთვის ავიღოთ, სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელი, რომლის თანახმადაც, იმპორტი თებერვალში 3%-ით შემცირდა თვიურ შეპირისპირებაში, თუმცა, იმდენად, რამდენადაც უფრო ჩქარი ტემპით შემცირდა ექსპორტი (-3,7%), სავაჭრო ბალანსის დეფიციტი მოსალოდნელზე უფრო ნელა შემცირდა. გარდა ამისა, მარაგების მონაცემებიც მოსალოდნელზე სუსტი იყო: ზრდა თვიდან თვემდე 0,5% მოსალოდნელი 0,8%-ის ნაცვლად. გამაწბილებელი იყო საცალო გაყიდვების მარტის სტატისტიკა. საწვავზე ფასების შესამჩნევი ზრდის მიუხედავად, გაყიდვები მხოლოდ 0,4%-ით გაიზარდა”, – აღნიშნავენRaiffeisen-ის ანალიტიკოსები ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
ბაზრებთან დაკავშირებულ ნეგატიურ შეხედულებას თუ საფუძვლად მივიჩნევთ, ლოგიკური იქნება ველოდოთ, რომ ასეთი სტატისტიკის ფონზე, მზარდი ინფლაციური მოლოდინები და გაყიდვების შემცირება, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების განაკვეთები უნდა გაიზარდოს. ცეცხლზე ნავთს ასხამს შრომის ბაზარიც. სურათი გააფუჭა უმუშვრობისთვის შემწეობაზე პირველადი მიმართვის სტატისტიკამ (9 აპრილს დასრულებული კვირის მიხედვით). ამ მონაცემებით, ასეთი ადამიანების რიცხვმა ერთ კვირაში 30 ათასი ადამიანით მოიმატა და 412 ათასი შეადგინა.
ეკონომიკის დოლარით გაჯერებას, მართალია ხანმოკლე ვადით, მაგრამ მაინც შეუძლია შრომის ბაზრის შველა, თუმცა, მართალია, საშუალოვადიან პერსპექტივაში ფუჭდება ქვეყნის საკრედიტო პორტფელი. ასე მაგალითად, პრეზიდენტ ობამას მიერ დასახულ ამოცანას, საბიუჯეტო დეფიციტის 4 ტრილიონი დოლარით შემცირების შესახებ უახლესი 12 წლის მანძილზე სპეციალისტები არაერთგვაროვნად იღებენ. ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ სათუოა აშშ-მ თავისი მოკლევადიანი მიზნების გადაწყვეტით, მსოფლიო ეკონომიკას საშუალო და გრძევლადიან პერსპექტივაში უშველოს და დასძინა, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნის მიერ გატარებული პოლიტიკა ისევ “ბუშტის” გაჩენას გამოიწვევს.