დაზოგეთ კომუნალური ხარჯები
ალექსანდრა ლალიაშვილი
მსოფლიოს ენერგომატარებლებთან დაკავშირებული პრობლემები ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მწვავედ აწუხებს. მიზეზი ბევრია, ევროპისთვის გაზის მთავარი მიმწოდებელი რუსეთი, რომელიც ბუნებრივ რესურსებს ხშირად პოლიტიკური მანიპულციისათვის იყენებს, ბუნებრივი კატაკლიზმები მოფლიოს სახვდასხვა რეგიონში, აფრიკულ და აზიურ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები, რომლებიც ნავთობის ფასს სულ უფრო არაპროგნოზირებადს ხდიან. აღსანიშნავია, რომ ენერგომატარებლების მიწოდების პარალელურად, იქმნება ძალიან დიდი პრობლემები ენერგიის არაეფექტურ მოხმარებასთან დაკავშირებითაც. ამიტომაც მსოფლიოში უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ განახლებადი ენერგიის, ამ სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების დონის ამაღლებას.
მიმდინარე წლის 11-15 აპრილს ევროპაში მდგრადი ენერგეტიკის ყოვლწლიური კვირეული ჩატარდა. კვირეულის ორგანიზატორები იყვნენ ევროკომისიის ენერგეტიკის მთავარი დირექტორატი, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების ევროპული სააგენტო, სხვა ევროპული ინსტიტუტები, ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები.
ამ კვირეულის ფარგლებში მდგრადი ენერგეტიკისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” ორგანიზებით ჩატარდა. კვირეულის მხარდამჭერები იყვნენ საერთაშორისო კორპორაცია BP და აშშ-ის მთავრობა USAID-ის ახალი ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივის პროქტის (NATELI) ფარგლებში. კვირეულზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდა, მათ შორის, თემატური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროექტების განმახორციელებელმა კომპანიებმა, დონორმა ორგანიზაციებმა, შესაბამისმა სამინისტროებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. როგორც კავშირის “ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველოს” დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა განაცხადა, კვირეულის მიზანია, განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის განვითარებას შეუწყოს ხელი და ამ მიზნით, საზოგადოებას განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის, როგორც გლობალური, ასევე ლოკალური, ეკოლოგიური, სოციალური და ეკონო-მიკური მნიშვნელობა შეახსენოს.
კვირეულის მსვლელობისას ჩატარდა განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა. “კვირეულის ფარგლებში ჩატარებული განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენის მიზანია, იმ კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან ენერგეტიკული ტექნოლოგიების ბიზნესში, მივცეთ საშუალება შეხვდნენ პოტენციურ მომხმარებლებს და ასევე გაცვალონ ერთმანეთთან ინფორმაცია. გარდა ამისა, ამ გამოფენით, სადაც ჩვენ თითქმის ერთი სეგმენტის კომპანიებს მოვუყარეთ თავი, გვინდა თითოეულ მათგანს დავანახოთ, რომ ის მარტო არ არის ბაზარზე. ინოვაციური ტექნოლგიების შემომტან კომპანიებს ხშირად არაკონკურენტულ გარემოში ჰგონიათ თავი, რის გამოც პროდუქციას მაღალ ფასებს ადებენ. გვინდა ამ კომპანიებს გაუჩნდეთ კონკურენციის შეგრძნება, რათა მათი პროდუქცია მოსახლეობისათვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს.
ს.ე. – რამდენად არსებობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში ენერგიის დაზოგვის კულტურა?
გ.ა. – ეს კულტურა არსებობს, თუმცა კი, განვითარებას საჭიროებს. ენერგეტიკასთან დაკავშირებული ჩვენი ყოფითი კულტურა მუდმივად მოწყვლადია და ის, რაც გუშინ არ იყო მნიშვნლოვანი, ხვალ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. თუნდაც ჩაუქრობელი ნათურა და არა მარტო იმიტომ, რომ რამდენიმე ლარით მეტი გადასახადის გადახდა გვიწევს, არსებობს ეკოლოგიური მომენტიც. საქართველოში ენერგოდაზოგვითი კულტურა განვითარებას საჭიროებს. ფეხი უნდა ავუწყოთ ტექნოლოგიურ ცვლილებებს.
ამ სფეროში მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებაზე მუშაობა არის მუდმივი პროცესი. ჩვენ ამისთვის ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს. ყველაზე მასშტაბური პროექტი არის “ენერგოავტობუსი”. ენერგოავტობუსი წარმოადგენს მოძრავ გამოფენას, რომელშიც ამ ტექნოლოგიების პატარა ნიმუშებია და მას მოსახლეობას ვაცნობთ, ინფორმაციას ვაწვდით, ვურიგებთ ნაბეჭდ მასალებს, სადაც თითოეული ტექნოლო-გიის შესახებ მოცემულია ეკონომიკური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური ინფორმაციები. ასევე ვთანამშრომლობთ დიდ კომპანიებთან, რომელთაც დაინახეს და გააცნობიერეს ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების საჭიროება. მაგალითად, განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენის ორგანიზება “თიბისი ჯგუფის” დამსახურებაა. ღონისძიებებში ჩართულინა არიან: “ბილაინი”, კომპანია “ვუდსერვისი” და სხვა კომპანიები.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვირეულის ფარგლებში ჩატარდა განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა, სადაც სხვადასხვა კომპანიებმა ის პროდუქტები წარმოადგინეს, რომლებიც ენერგიის დაზოგვას უწყობენ ხელს.
საქართველოში არსებობს დანიური კომპანია “დანფოსის” ოფიციალური წარმომადგენლობა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ენერგოდამზოგავ პროდუქციას. “კომპანიის მუშაობის ძირითადი მიმართულება არის ენერგო დაზოგვები ენერგიის მოხმარების სხვადასხვა ეტაპზე: ენერგიის გენერაციიდან მოყოლებული, თერმორეგულატორებითა და გადაცემის ნაწილში, სარქველებით დამთავრებული. ეს ეხება არა მარტო ელექტროენერგიას, არამედ წყლით მომარაგების სისტემებსაც” – აღნიშნავს Danfoss-ის წარმომადგენელი საქართველოში, ემზარ ჯგერენაია.
მაგალითისათვის, Danfoss-ის შვილობილი კომპანია Devi-ის პროდუქცია DeviHeat, უნიკალური გამათბობელი სისტემაა თბილი იატაკის მოსაწყობად. DeviHeatმოიცავს გამათბობელ კაბელს, კაბელის სამაგრ ელემენტებს და თერმორეგულატორს, რომელიც მართავს სისტემას. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, გათბობის ტრადიციულ სისტემასთან შედარებით Deviheat სისტემა დანახარჯების 20%-ით შემცირების საშუალებას იძლევა.
Danfoss-ი მომხმარებელს ასევე სთავაზობს ენერგოდამზოგავ სარქველებს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი 20%-მდე ეკონომიას აკეთებს. ოთახის ტემპერატურა მუდმივად ცვალებადია, რეგულატორისა და სარქველის საშუალებით კი მთელს სახლში თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის მიღწევაა შესაძლებელი. მოწყობილობა აღიქვამს ოთახში არსებულ ტემპერატურას და ინარჩუნებს მას სასურველ ნიშნულზე. შედეგად, ჰაერის (არაეფექტური) გათბობის მხოლოდ 1C-ით შემცირება უზრუნველყოფს სითბოს 5-8%-ის ეკონომიას. თერმორეგულატორი არ საჭიროებს პროგრამირებას. სხვადასხვა ტიპის გათბობის სისტემების მართვის ფუნქციები, ჩაპროგრამირებულია და დაარქივებულია რეგულატორში. ინტელექტუალური რეგულატორი საჭიროებისამებრ დაარქივებულ ინფორმაციას დისპეჩერულ პუნქტს გადასცემს.
დღეს თბილისის სკოლები თბება რადიატორული სისტემებით, რომელიც მოიხმარს უამრავ ენერგიას და ენერგიის არასწორი გადანაწილების გამო სრულიად არაეკონომიურია. Danfoss-ს აქვს შემუშავებული მოდელირებული პროექტი, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს სკოლების ეფექტური გათბობა და დაიზოგოს საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხები ენერგოდამზოგავი სარქველების საშუალებით. ემზარ ჯგერენაია: “თუ თბილისის ყველა სკოლაში დაინერგება სფერული სარქველები, შედეგად მივიღებთ გათბობის სრულ კომფორტს, რადგან მათი არსებობის შემთხვევაში, ერთნაირად თბება ყველა სართული, შენობის ნებისმიერი ადგილი და არ იკარგება სითბო, როგორც ეს არსებული გათბობის პირობებში ხდება. ეს მარტივი მოწყობილობები, სარქველების სახით, მონტაჟდება არსებული გათბობის სისტემებზე, რომელთაც ერთვის სისტემური სარქველები. ჯამში ეს ყველაფერი გვაძლევს 35%-იან ეკონომიას. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გზით, ძალიან მარტივად, ყოველგვარი რეკონსტრუქციების გარეშე შეიძლება მივიღოთ ძალიან დიდი თანხის ეკონომია”.
კომპანია “კავკასუს სოლარი” მომხმარებელს სთავაზობს წყლის გამაცხელებლებს, ელექტროენერგიისა და განათების სისტემებს, რომლებიც მზის ენერგიაზე მუშაობენ. კომპანიას ქართულ ბაზარზე შემოაქვს სხვადასხვა სახის მზის სანათები, რომლებიც აბსოლუტურად ავტონომიურია და არავითარი დამატებითი ენერგიის წყაროს არ საჭიროებენ, ისინი საჭირო ენერგიას იღებენ მხოლოდ მზისგან. დაბნელებისა და გათენების დროს ავტომატურად ირთვებინ და ითიშებიან. ირაკლი ამანათიშვილი, “kavkasus solar-ის” დირექტორი: “ჩვენი კომპანია დაფუძნდა 2009 წელს, პროდუქცია შემოგვაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ევროპიდან და ჩინეთიდანაც. ჩვენი მომხმარებლები, ძირითადად, არიან კომპანიები, კორპორატიული სექტორის წარმომადგენლები და სხვადასხვა ფიზიკური პირები, ძირითადად, კერძო ბინების მფლობებელბი. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში, ჯერჯერობით, ძალიან დაბალია ენერგოდაზოგვითი კულტურა. მომხმარებელი, ჯერჯერობით, არ აქცევს პროდუქციის შეძენისას ამას დიდ ყურადღებას. მაგრამ ეს სეგმენტი ნელ-ნელა ძალას იკრებს, ვინაიდან განახლებადი ენერგოწყაროების გამოყენება უახლოეს მომავალში უალტერნატივოა”.
მზის ენერგიის გამოყენების ერთიან სისტემებს სთავზობს მომხმარებელს კომპანია “ატლანტა სოლარ ჯო-რჯიაც”. მისი პროდუქცია უზრუნველყოფს გათბობის, ცხელი წყალის, კონდიცირების, განათებისა და ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოხმარებას. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, იოსებ შუშიაშვილი აღნიშნავს, მათი კომპანიის მიზანია ისეთი ტექნოლოგიის შემოტანა და გავრცელება ქართულ ბაზარზე, რომელიც ემსახურება მიმდინარე კომუნალური ხარჯების შემცირებას. “თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენი კომპანიის მომხმარებელი კერძო პირები ნაკლებად არიან, უფრო კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები. იმიტომ, რომ კერძო მომხმარებელს ეს პროდუქცია ეძვირება. მართალია, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა, მაგრამ მომხმარებელი ამას დღეს არ აქცევს დიდ ყურადღებას. ძირითადად, ყველას იაფიანი პროდუქცია აინტერესებს, მომხმარებლისთვის, ჯერჯერობით, მაინც ფასია მთავარი” – აღნიშნავს იოსებ შუ-შიაშვიოლი.
იგივე ტენდენციებზე საუბრობს კომპანია “ახალი ნათების” წარმომადგენელი თორნიკე გაბინაშვილი: “ჩვენი კომპანია წარმოადგენს ეკონომიურ და დიოდურ ნათურებს, დიოდური ნათურები უფრო ეკონომიურია, ვიდრე ჩვეულებრივი ეკონომიური ნათურები. ჩვენთან მათი ფასი ცოტა მეტია. მაგალიად, ჩვეულებრივი, 100-ვატიანი ნათურა, რომელიც ღირს 90 თეთრი, იგივე სიმძლავრის ეკონომიური ნათურა ჩვენთან ღირს 5 ლარი. მაგრამ ის შემდეგში 80%-იან ეკონომიას აკეთებს. რაც შეეხება მომხმარებელს, ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიურ ნათურებზე მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. ხალხი ხვდება, რომ უმჯობესია პროდუქციის შეძენისას ცოტა მეტი გადაიხადოს და შემდეგ ელქტროენერგია დაზოგოს. ამით კი, საკუთარი ჯიბის გარდა, გავუფრთხილებით გარემოსაც”.
კომპანია “გეო ნოვაცია ჰოლდინგი” მომხმარებელს თბოიზოლაციასა და ჰიდროიზოლაციას სთავაზობს. მაია წერედიანი, მარკეტინგის მენეჯერი: “2 წელიწადზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე ვართ და შეიძლება ითქვას, მომხმარებელი ნელ-ნელა ხვდება, რომ ხარისხს და პროდუქციის თვისებებს უნდა მიანიჭოს უპირატესობა. ჩვენი მასალის გამოყენების შემხთხვევაში, ფაქტობრივად 40%-ით ხდება ენერგიის ეკონომია. ჰიდროიზოლაციის სახურავზე წასმის დროს ხდება ენრგიის არეკვლა და უკან დაბრუნება და ამ გზით ხდება ენერგიის დაზოგვა.
ს.ე. – რამდენად ხელმისაწვდომია რიგითი მომხმარებლისათვის თქვენი პროდუქცია?
მ.წ. – ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი პორდუქცია ქართული ბაზრისთვის იაფიანია. ჰიდროიზოლაციის რიგით მომხმარებელზე გათვლა ცოტა რთული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ის დიდი მოცულობით ენერგიის ეკონომიას იძლევა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად აქცევს ქართველი მომხმარებელი ყურადღებას ამ თუ იმ პროდუქციის ენერგოეფექტურობას, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა ჩავატარეთ. აღმოჩნდა, რომ, სამწუხაროდ, მომხმარებელთა დაახლოებით 40% პროდუქციის შეძენისას ამ კითხვას საერთოდ არ სვამს, მათთვის მთავარი – დაბალი ფასია. ნაკლებად ინტერესდებიან პროდუქციის თვისებებით. თუმცა, თანდათან იზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც ხარისხს ანიჭებენ უპირატესობას. უკვე აქცევენ ყურადღებას იმასაც, თუ რამდენად ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს ყიდულობენ. ეს, ალბათ, იმის ბრალიც არის, რომ მომხმარებლის ეკონომიური მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია და მათ აქვთ იმის საშუალება, რომ აქცენტი ხარისხზე გააკეთონ.
როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით, მოსახლეობა არც თუ დიდ ყურადღებას აქცევს ამა თუ იმ პროდუქციის ენერგოეფექტურ თვისებებს. მაგრამ, კომპანიების წარმომადგენლები იმასაც აღნიშნავენ, რომ ტენდენცია ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება. მით უმეტეს, რომ მომხმარებელს სულ უფრო დიდი არჩევანის საშუალება აქვს, ვინაიდან ქათულ ბაზარზე წლიდან წლამდე იზრდება იმ კომპანიათა რაოდენობა, რომლებიც მომხმარე-ბელს ენერგოდამზოგავ ან მთლინად განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე პროდუქციას სთავაზობენ.