რატომ ასეთი მაღალი?
ალექსანდრა ლალიაშვილი
მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, არაბულ სამყაროში განვითარებული მოვლენები ბოლო პერიოდში პირდაპირ აისახება ნავთობისა და საწვავის ფასებზე. საწვავის ფასის მომატება პრობლემებს მხოლოდ მძღოლებსა და მგზავრებს არ უქმნის. ბენზინისა და დიზელის გაძვირება საზოგადოების უდიდეს ნაწილს აზარალებს, რადგან საწვავის ხარჯი თითქმის ყველა სახის საქონლისა და მომსახურების ფასწარმოქმნაში აისახება. ენერგომატარებლების გაძვირება განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აგდებს ნავთობიმპორტიორ ქვეყნებს. მთლიანად იმპორტიერბულ საწვავზეა დამოკიდებული საქართველოც. ცხადია, მსოფლიოში ფასების ცვალებადობა, ჩვენთანაც მეყსეულად აისახება. წლის დასაწყისიდან ბენზინის ფასი 30%-ით, ხოლო დიზელის საწვავის ფასი 37%-ით გაიზარდა. თუმცა, ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებას მნიშვნელოვნად ამძიმებს საწვავის ადგილობრივ ბაზარზე არსებული არაჯანსაღი ვითარება.
ეჭვს ძალიან ბევრი ფაქტი აღძრავს. რატომ ღირს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი საწვავი ერთი ფასი? რატომ ემთხვევა დროში ფასის ცვლილება იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის სხვადასხვა ქვეყნიდანაა იმპორტირებული? რატომ ღირს ბენზინი საქართველოში უფრო ძვირი, ვიდრე სომხეთში? მაშინ, როცა საწვავი სომხეთში საქართველოს გავლით შედის და მისი ღირებულება უნდა იზრდებოდეს ტრანსპორტირების ხარჯის გამო.
კიდევ უფრო არალოგიკური ვითარებაა შექმნილი დიზელის საწვავთან დაკავშირებით. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც დიზელის საწვავი ბენზინზე უფრო ძვირია. “ნავთობპრო-დუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის” ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბენზინის საერთაშიროსო ფასი დაახლებით 5%-ით აღემატება დიზელის ფასს, ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში 1 ტონა დიზელზე აქციზის გადასახადი 20%-ით ნაკლებია 1 ტონა ბენზინთან შედარებით. მიუხედავად ამისა, საქართველოში დღეს დიზელი ბენზინზე დაახლოებით 4.5% ძვირია.
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ორგანიზაციამ” გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ აზერბაიჯანში დიზელი 0.74 ლარი ღირს, ხოლო ბენზინი – 0.98. ბელორუსში დიზელის ფასი 1.48 ლარია, ბენზინის – 1.70. საბერძნეთში დიზელი 3.12 ლარი ღირს, ბენზინი – 3.55. იტალიაში დიზელის ფასი 3.26 ლარია, ბენზინის – 3.64. საქართველოში ამ ფონზე დიზელის ფასი 2.5-დან 2.4 ლარამდე მერყეობს, მაშინ, როცა ბენზინის მაქსიმალური ფასი 2.35 ლარია. ამასთანავე, მოლდოვაში და უკრაინაში დიზელი 12%-ით იაფია ბენზინზე, სომხეთში – 24%-ით, რუსეთში -20%-ით, ყაზახეთში – 18%-ით.
საქართველოში მოხმარებული დიზელის საწვავის 75% შემოდის აზერბაიჯანიდან, სადაც საცალო ქსელში საწვავი ღირს 75 თეთრი. ისმის კითხვა – რამდენად შესაძლებელია ჯანსაღი კონკურენციის პირობებში 75 თეთრად ნაყიდი საწვავი აქ იყიდებოდეს 2.20-2.35 ლარად?!
როგორც ვიცით, დიზელზე მუშაობს სასოფლო სამეურნეო ტექნიკის ძირითადი ნაწილი, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თითქმის ყველა სახის მსხვილი გადამზიდავი თუ წვრილი სადისტრიბუციო ტრანსპორტი. შესაბამისად, დიზელის ფასებთან დაკავშირებული სიტუაცია, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრობლემად უნდა ჩავთვალოთ. მით უფრო, ბოლო პერიოდში ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში სოფლის მეურნეობა სტრატეგიულ დარგად არის მიჩნეული.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი საწვავის ბაზარზე არსებული ეგრეთ წოდებული “კარტელური გარიგების” შესახებ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დიზელს არ ეხება.
საზოგადოებრივი მოძრაობა “პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” უკვე წელიწადზე მეტია სწავლობს საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებულ სიტუაციას. ამ ხნის მანძილზე მოძრაობის წევრებმა ბაზარზე დააფიქსირეს რამდენიმე ტიპის სერიოზული გადაცდომა, რომლებიც ძირითადად გამოწ-ვეულია თავისუფალი კონკურენციის პრინციპების სრული იგნორირებით.
საწვავის საცალო ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშე არსებობს. ეჭვებს ამ ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენციის შესახებ, პირველ რიგში, კომპანიების მიერ იდენტური საფასო პოლიტიკის გატარება იწვევს. პირველი ის, რომ ბაზარზე არსებულ ყველა კომპანიას თითქმის ერთნაირი ფასები აქვთ და მეორე, ფასების ცვლილება დროში ზუსტად ემთხვევა. საწვავის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის არსებობის შემთხვევაში, მსგავსი სიტუაციის არსებობა შეუძლებელი იქნებოდა.
თავად კომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვს საწვავი (“ვისოლი” – იტალიიდან, “რომპეტროლი” – რუმინეთიდან, “სოკარი” – აზერბაიჯანიდან, “ეკო” – საბერძნეთიდან, “ლუკოილი” – ბულგარეთიდან). მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინება, უკვე იძლევა იმის თამამად თქმის საფუძველს, რომ საქართველოში ევროპიდან და აზერბაიჯანიდან შემოტანილი საწვავი ერთი და იგივე ფასი არ უნდა ღირდეს. იმავე ტრანსპორტირების ფაქტორის გათვალისწინების შემთხვევაში, საფასო პოლიტიკის დროში დამთხვევაც წარმოუდგენელია.
გარდა ამისა, საინტერესოა, თავად ნავთობიმპორტიორების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია “სოკარი” საქართველოში საწვავის ბაზრის 70%-ს ფლობს. სხვა კომპანიები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანიდან შემოტანილი საწვავი მათ ქსელში მხოლოდ მცირე რაოდენობით იყიდება. მაშინ ისმის კითხვა, ვინ ყიდის აზერბაიჯანულ საწვავს, როგორც ვიცით, კომპანია “სოკარს” საცალო ბაზრის მხოლოდ მცირე ნაწილი უჭირავს. ანუ, რეალურად, საწვავის ბაზარზე, ძირითადად, მხოლოდ “სოკარის” მიერ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი იყიდება, ევროპული საწვავი კი მხოლოდ მცირე რაოდენობით შემოდის ქვეყანაში. ამას ადასტურებს კიდევ ერთი ფაქტი, 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული საწვავის დაახლოებით 90% (450 მილიონი ლარის ღირებულების) აზერბაიჯანიდან იყო შემოტანილი, რაც შეეხება ევროპულ საწვავს, იტალიიდან დაახლოებით 5% (27 მილიონის), ხოლო რუმინეთიდან – 4% (19 მილიონი ლარის) შემოდის.
მოძრაობამ “პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” მომხმარებელს შესთავაზა ფასების კალკულაცია, რომელიც საერთშორისო სტანდარტებით მოქმედებს. ამ სტანდარტების მიხედვით: 1 ტონა სუპერის ფასი 1584 ლარია, საიდანაც ტრანსპორტირების ხარჯი არის 124 ლარი, აქციზის – 250 ლარი, დღგ-ის – 352 ლარი, დამატებითი ხარჯები – 231 ლარი, მოგება – 127 ლარი. გამოდის, რომ ამ გათვლებით, 1 ლიტრი სუპერის ფასი 1.95 ლარია, მაგრამ ქართულ ბაზარზე ის რეალურად ღირს 2.35 ლარი. საერთაშორისო სტანდარტებით, საწვავის იმპორტიორი კომპანიები მოგების დაახლოებით 5%-იან მარჟაზე მუშაობენ. კვლევის ავტორებს მაგალითად მოჰყავთ ისეთი კომპანიები, როგორიც არის Exxon Mobile, რომლის წლიური მოგება 6.8%-ს შეადგენს, ჩჰევრონ მოგების 6.4%-იანი მარჟით დაConocoPhillips წლიური 3.5%-იანი მოგებით.
ასევე, 1 ტონა რეგულარის ფასი 1469 ლარია. ტრანსპორტირების ხარჯი – 40 ლარი, აქციზი 250 ლარი, დღგ – 316 ლარი, სხვა ხარჯები – 207 ლარი, მოგება – 114 ლარი. ამ კალკულაციით, 1 ლიტ-რი რეგულარის ფასი 1.75 ლარია, მაგრამ ქართულ ბაზარზე ის 2.15 ლარად იყიდება.
თითქმის ანალოგიური სიტუაციაა დიზელთან დაკავშირებით. 1 ტონა დიზელის ფასი 1370 ლარია, ტრანსპორტირების ხარჯი – 40 ლარი, აქციზი – 150 ლარი, დღგ – 281 ლარი, დამატებითი ხარჯი – 184 ლარი, მოგება 101 ლარი. ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, 1 ლიტრი დიზელის ფასი 1.77 ლა-რია, მაგრამ ჩვენთან ის 2.25 ლარი ღირს.
#1 ცხრილი საქართველოსა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში საწვავის საცალო ფასების შედარებას გვაძლევს. მართალია, განვითარებულ ქვეყნებში ბენზინის ფასი 3 ლარს აღემატება, მაგრამ ამ ფასში ძალიან დიდი წვლილი მაღალ გადასახადებზე მოდის. საქართველოში ნავთობიმპორტირ კომპანიებს ხარჯი ბევრად ნაკლები აქვთ, ვიდრე ევროპაში, მხოლოდ მუშახელის ფასების შედარება და იგივე გადასახადებს შორის სხვაობა რად ღირს. ამიტომაც, ამ მონაცემების გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველო საწვავის ფასების მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანაა მსოფლიოში.
საინტერესოა, რა შედეგს გამოიღებს ის პროტესტი, რაც დღეს საზოგადოებაშია გაჩენილი საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ექსპერტები ბევრს საუბრობენ ხელისუფლების კეთილი ნების არქონაზე და, მათი თქმით, საწვავის ბაზარზე არსებული კარტელური გარიგების არსებობის მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის. სხვათა შორის, ამ სიტუაციაში დროული იქნება გავიხსნოთ, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა ფიჭური კავშირგამბულობისა და ფარმაცევტულ ბაზრებზე არსებულ მონოპოლიურ სიტუაციასთან დაკავშირებით. საზოგადოების ზეწოლითა და მთავრობის კეთილი ნებით ეს პრობლემები ავად თუ კარგად მოგვარდა. ცვლილებების შემდეგ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ეკონომიკური სუბიექტების შესვლა ბევრად გაადვილდა. “ფარმადეპო”, “ნარინჯისფერი აფთიაქი” ერთმანეთს მედიკამენტებზე დაბალი ფასებით ეჯიბრებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ “პეესპესა” და “ავერსის” შესახებ, რომლებთაც სხვადასხვა პროდუქციაზე პერმანენტული ფასდაკლებები აქვთ. რაც შეეხება მობილური კავშირგაბმულობის ბაზარს, აქაური კომპანიების მუშაობით ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის დაინტერესების შემდეგ, აქციზის, ზღვრული ტარიფის დაწესებისა და პორტირების შესაძლებლობამ, კომუნიკაციის ეს საშუალება მკვეთრად გააიაფა. მოხდება თუ არა იგივე საწვავის შემთხვევაში?
ექსპერტები მთავრობის არალოგიკურ ნაბიჯებსაც აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ ეჭვს აქაც ბევრი რამ ბადებს. მაგალითად, საწვავის კორპორატიული შესყიდვები. იმ შემთხვევაში, როცა მთავრობა მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საწვავს ყიდულობს, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე. თუმცა, საქართველოში არავითარი საერთაშორისო ტენდერი არ ტარდება და ხდება საწვავის პირდაპირი შესყიდვა – აღნიშნავენ ექსპერტები.
ამ მონაცემებიდანაც ცხადია, რომ დღეს საქართველოში საწვავის ფასებთან დაკავშირებით არსებობს უამრავი კითხვა, რომელზე პასუხიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა მიიღოს: რატომ ღირს საქართველოში ერთნაირი ფასი საწვავი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან არის იმპორტირებული? რატომ ემთხვევა დროში საწვავზე ფასების ცვლილება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პროდუქტი სხვადასხვა ქვეყნიდან არის იმპორტირებული? რატომ ღირს საწვავი საქართველოში, აზერბაიჯანისგან განსხვავებით 300%-ით ძვირი (გასაგებია, რომ აზერბაიჯანი საწვავის მომპოვებელია, მაგრამ ფასებში ამხელა სხვაობა, მაინც არალოგიკურია), მაშინ, როცა საწვავის უმეტესი რაოდენობა ჩვენთან მეზობელი ქვეყნიდან შემოდის? რატომ ღირს საქართველოში ბენზინი უფრო ძვირი, ვიდრე სომხეთში? დღეს სომხეთში რეგულარის ტიპის ბენზინი 430 დრამი ანუ 1.9 ლარი ღირს, პრემიუმი 450 დრამი, ანუ 1.99 ლარი, ხოლო სუპერის ტიპის ბენზინი 470 დრამი, ანუ 2.07 ლარი. როგორც ვიცით, სომხეთში ბენზინი და, ზოგადად, საწვავი, საქართველოს გავლით შედის და, როგორც მინიმუმ, მას უნდა ემატებოდეს საქართველოში ტრანსპორტირების ღირებულება, ამასთან, სომხეთში არ შედის შედარებით იაფი აზერბაიჯანული ბენზინი.