მოვლენები, რომელიც მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკას შეცვლის
სარედაქციო წერილი
რა შედეგს მოიტანს ლიბიური ამბოხება? შეცვლის თუ არა ლიბიაში მიმდინარე მოვლენები არა მარტო ახლო აღმოსავლეთის, არამედ მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას? როგორ გადანაწილდება ძალაუფლება არაბულ სამყაროში? დასავლელი მიმომხილველები და ანალიტიკოსები დღეს ამ საკითხებზე ბევრს მსჯელობენ. ერთი რამ ცხადია, ე.წ. “ჟასმინის რევოლუციების” ტალღაში ყველაზე შეუვალი ლიბია აღმოჩნდა. ამ ფაქტს მთელი მსოფლიო აღიარებს. ლიბიის მმართველი, მოამარ კადაფი მსოფლიოს ქაოსით დაემუქრა, თუ მას თავს არ დაანებებდნენ და აჯანყების ჩახშობაში ხელს შეუშლიდნენ. კადაფმა პირობა შეასრულა.
ისტორიული რაკურსი
ახლო აღმოსავლეთის ტერიტორია, აშშ-სთვის ყოველთვის წარმოადგენდა დიდი ინტერესის საგანს, მნიშვნელოვანი სავაჭრო გზებისა და ნახშირწყალბადის დიდი მოცულობის მარაგების გამო. ამიტომაც აშშ ყოველთვის ცდილობდა ამ მიკრორეგიონის ქვეყნების ლოიალური განწყობის შენარჩუნებას. თუმცა, მუამარ კადაფი არასოდეს ყოფილა ლოიალური მსოფლიოს ზესახელმწიფოს მიმართ. მან მმართველობის 42 წლის მანძილზე სიცოცხლე გაუმწარა ამერიკელ პრეზიდენტებს. ყველაფრი კი იმით დაიწყო, რომ 1969 წელს კადაფმა აშშ-ის სამხედრო ბაზები გაიყვანა ლიბიიდან. 70-იანი წლების დასაწყისში ლიბიაში მოხდა ბანკებისა და ნავთობკომპანიების ნაციონალიზაცია, რომელიც მანამადე დასავლური კომპანიების ხელში იყო. ამ საქმეში მაშინ ლიბიასა და მის მეთაურს, მეორე ზესახელმწიოფო, საბჭოთა კავშირი ეხმარებოდა. მაგრამ საბჭოთა კავშირის დასუსტების კვალდაკვალ, განსაკურებით კი გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ, ლიბიას გაუჭირდა. მარტო დარჩენილს აშშ-მ ყველა ძველი წყენა გაუხსენა – სამხედრო ბაზების გაძევება ქვეყნიდან, ნაციონალიზირებული ნავთობკომპანიები და კავშირები ტერორისტულ ორგანიზაციებთან. 1986 წელს ვაშინგტონმა ლიბია დაბობმა. მაგრამ მიუხედავად ამისა და იმისა, რომ მას საბჭოთა კავშირის სახით ძლიერი მოკავშირე აღარ ჰყავდა, კადაფმა მაინც მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება. ამისათვის გარკვეულ დათმობებზე მოუხდა წასვლა, მან ტერორიზმით დაზარალებულთა საერთაშორისო ფონდში 1.5 მილიარდი აშშ დოლარიც კი გადარიცხა. ამის შემდეგ აშშ-მ აღადგინა დიპლომატიური ურთერთობები ქვეყანასთან, ლიბიის ბაზარზე შევიდნენ საერთაშორისო ნავთობ-კომპანიები მათ შორის: Royal Dutch Shell, Totalდა BP.
დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება ითქვს, რომ კადაფმა მთელი დასავლეთი “გააცურა” – ფსევდო-აღიარებებითა და მონანიებით მან იმდენს მიაღწია, რომ ძალაუფლებაც შეინარჩუნა და დამატებითი ინვესტიციებიც მოიზიდა ქვეყანაში. უფრო მეტიც, იტალიამ კადაფსა და ლიბიას ოფიცია-ლური ბოდიშიც მოუხადა ქვეყნის 30-წლიანი ოკუპაციის გამო.
2009 წელს კადაფი კვლავ ალაპარაკდა ნავთობ კომპანიების ნაციონალიზაციის შესახებ. ამ განზრახვის შესრულება ლიბიის მეთაურმა უცხოელი კომპანიების კონტრაქტების გადასინჯვით დაიწყო. გადაწყდა, რომ მათი წილი ლიბიურ ნავთობ კომპანიებში 10-15%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. პარალელურად გაეროს გენელარული ასამბლეის ტრიბუნიდან, კადაფი განაგრძობდა ტერორიზმისა და რასიზმის “დაგმობას”.
ვაშინგტონის მოთმინების ფიალა ნელ-ნელა იწურებოდა, თუმცა მას საომარი მოქმედებების დაწყებაში ხელს უშლიდა უკვე არსებული 2 კონფლიქიტი ერაყსა და ავღანეთში, ასევე შიდა პრობლემები – ბიუჯეტის 2-ტრილიონიანი დეფიციტი და 14-ტრილიონიანი ვალი. ერაყის და ავღანეთის ომების შემ-დგომ აშშ-ის და ნატოს ჯარების კიდევ ერთხელ მუსულმანურ სამყაროს საქმეებში ჩარევა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგნელების აზრით, კიდევ უფრო გაამძაფრებდა მუსულმანური სამყაროს ანტიამერიკულ განწყობას.
როგორც სჩანს, აშშ ვერც გააქტიურდებოდა ამ მიმართულებით, რომ არა 2010 წლის მიწურულიდან არაბული სამყაროს ბუნტი. სხვა ქვეყნებში დაწყებულმა არეულობებმა ლიბიასაც უწია. ვაშინგტონს ისღა დარჩენოდა, პროცესებისათვის საჭირო მიმართულება და პატარა ბიძგი მიეცა და კადაფის რეჟიმიც დასასრულს მიუახლოვდებოდა.
მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკა იცვლება
ლიბიის მოვლენები განსხვავდება არაბულ ქვეყნებში განვითარებული მოვლენებისაგან. ლიბიის ბუნტს “მშიერ ბუნტად” ვერ მოვნათლავთ, ვინაიდან აქ ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესია სხვა არაბულ ქვეყნებთან შედარებით. მსყიდველობითი უნარის პარიტეტით ლიბიაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 14 000 დოლარს შეადგენს, რაც 2-ჯერ აღემატება ალჟირისა და ეგვიპტის იმავე მაჩვენე-ბელს. რა თქმა უნდა, მსგავსი ეკონომიკური მიღწევები ლიბიაში, პირველ რიგში, ნავთობის მარაგების დამსახურებაა, რომელიც დაახლოებით 6 მილიარდ ტონას შეადგენს, ხოლო გაზის მარაგები – 1.5 ტრილიონ კუბურ მეტრს. თუმცა, გაზისა და ნავთობის გარდა, ლიბიაში ეკონომიკის არც ერთი სექტორი არ არის განვითარებული. მიუხედავად ამისა, ნავთობი და გაზი “ახერხებენ” მოსახლეობის “გამოკვებას” სოციალისტური პრინციპით, რაც საერთო სიმდიდრის ყველაზე თანაბრად გადანაწილებას გულისხმობს. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მასობრივ ბუნტს ლიბიაში ეკონომიკური სარჩული ნაკლებად ჰქონდა, მით უმეტეს, რომ ამ პერიოდში ნავთობზე ფასები და, შესაბამისად, ნავთობიმპორტიორი ქვეყნების შემოსავალიც გაზრდილია.
მთავარი ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით კლანური გარჩევებია. ძალაუფლების გადანაწილება და ნავთობმარაგებზე კონტროლის მოპოვება მარტო ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ასპარეზზე არ ხდება. აქამდე კადაფი ნავთობიდან შემოსავლის თანაბრად გადნაწილების ხარჯზე ახერხებდა 8 ძირითადი დაჯგუფების მართვას. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ბრძოლა კლანებს შორის სამოქალაქო ომში გადაიზარდა. თავიდან აჯანყებულების ხელში ქვეყნის ტერიტორიის 2/3 იყო გადასული, მაგრამ შემდეგ კადაფიმ ძალები მოიკრიბა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაქირავებული სამხედრო ნაწილები შემოიყვანა და ეტაპობრივად იბრუნებდა წართმეულ ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს. დასავლეთი მიხვდა, რომ პროცესებში ჩაურევლობას სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა.
რეაგირებამაც არ დააყოვნა. ამერიკა აქტიურად ცდილობს ლიბიის შიდა არეულობით ისარგებლოს და თავის გავლენა გააძლიეროს ქვეყნის შიგნით, იმისათვის, რომ ლიბიასა და სხვა ქვეყნებში მოვლენების დაწყნარების მომენტისთვის, მხოლოდ ირანის საკითხიღა იყოს გადასაწყვეტი. სავარაუდოა, რომ ცოტა ხანში ყველა არაბულ ქვეყანაში აშშ-ის მიმართ ლოიალურად განწყობილი მათავრობა იქნება და დასავლეთს ისღა ექნება დარჩენილი, რომ ირანშიც ლიბიური სცენარით იმოქმედოს. მით უმეტეს, რომ ირანში განათლებული ახალი თაობა მოდის, მათი “გაჩუმება” კი აჰმადინეჯადს ძალიან გაუჭირდება. დასავლელ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ირანი დღეს იმაზე ნაკლებად ძლევამოსილია, ვიდრე ბევრს მიაჩნია. ამიტომაც დასავლეთს არ უნდა გაუჭირდეს ერთხელ და სამუდამოდ მისი საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა.
რაც შეეხება ევროპას, მისი ლიბიის პროცესებში ასეთი აქტიური მონაწილეობა ერთი მთავარი მიზეზით არის განპირობებული – ენერგომატარებლები. დემოკრატიული ძალების გაძლიერების შემთ-ხვევაში, ევროპა უფრო მშვიდად იქნება ენერგოწყაროების ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორის შემთხ-ვევაში. ამბოხებამდე ლიბია ევროკავშირში იმპორტირებული ნავთობისა და გაზის 15%-ის მომწოდე-ბელი იყო. იტალია იმპორტირებული ნავთობის 40%-ს ლიბიისგან იღებდა, საფრანგეთი – 10%-ს, აშშ – 6%-ს. გარდა ამისა, იტალია ყოველწლიურად ახორციელებდა 8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს ლიბიიდან. კადაფის ჩამოგდების შემდეგ დასავლეთში იმედოვნებენ, რომ ლიბიაში პოლიტიკას აშშ და ევროკავშირი ერთობლივად წაიყვანს. ისინი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შეეცდებიან ენერგომატარებლებზე გავლენის მოპოვებას. როგორც აღვნიშნეთ, ევროპის დამოკიდებულება ლიბიურ ნავთობზე უფრო დიდია, ვიდრე აშშ-ის. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ლიბიურ ამბოხში პირველი ევროკავშირის ქვეყანა, საფრანგეთი ჩაერთო.
გარდა ენერგომატარებლებისა, ევროკავშირს, განსაკუთრებით მის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქვეყნებს, ლიბიაში მშვიდობის დასამყარებლად სხვა ინტერესიც აქვთ – არაბულ ქვეყნებში არასტაბილური გარემო ახალ ლტოლვილებს წარმოშობს, რომლებიც, ძირითადად, სამხრეთ ევროპულ ქვეყნებს აფა-რებენ თავს.
მართალია, ახლა თითქმის ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ კადაფის მმართველობის ხანა და-სასრულს უახლოვდება, თუმცა, ორივე მხარეს, ევროკავშირსაც და ვაშინგტონსაც, ეს ძალიან ძვირი უჯდება. აშშ-ის სტრატეგიისა და ბიუჯეტის კვლევის ცენტრმა (CSBA) გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საჰაერო სივრცის დაკეტვა ლიბიის თავზე აშშ-სათვის ყოველკვირეულად 100-300 მილიონ დოლარის დაკარგვას ნიშნავს. აქამდე ლიბიაში განხორციელებულმა საოპერაციო ხარჯებმა პენტაგონის მონაცემებით, 550 მილიონი, ხოლო დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებით, 800 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საფრანგეთს, ოპერაციის პირველ ეტაპზე კვირაში დაახლოებით 11 მილიონი ევრო იხარჯებოდა. ეს, რაც შეეხება სახმელეთო ოპერაციებს, საავიაციო ოპერაციები კი დანახარჯებს დაახლოებით 10-ჯერ ზრდის.
თუმცა, საკითხავია, ამხელა დანახარჯების მიუხედავად, რამდენად შეიძლება მოვლენები იმ სცენარით განვითარდეს, რომელიც დასავლეთს ხელს აძლევს. შეძლებენ თუ არა ისინი საკუთარი გავლენის მო-პოვებას ლიბიაზე?
ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ძალთა გადანაწილებისათვის ბრძოლაში დასავლეთზე ძლიერი კვლავ არაბული სამყარო აღმოჩნდეს. ამ შეხედულებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ლიბიურ ნავთობსაბადოებზე ფინანსური და მმართველობითი კონტროლი, ასევე, საექსპორტო საკითხები ჯერჯერობით ყატარის ხელშია, რომელიც ასევე წმინდად მონარქიული სახელმწიფოა. ამავე ქვეყანაში მდებარეობს ტელეკომპანია “ალ-ჯაზირა”, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულ მოვლენებში. როგორც ვხედავთ, ლიბიაში დემოკრატიულ ძალებთან ერთად ფეხს მონარქიული სახელმწიფოებიც იკიდებენ. მონარქები კი არასოდეს ზრუნავენ დემოკრატიის გაძლიერებაზე. ამიტომ, სავარაუდოა, რომ კადაფის მმართველობის დასრულების შემდეგ, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში, ისინი არა დემოკრატიის გაძლიერებაზე, არამედ, უბრალოდ, მონარქიის “რეკონსტრუქცია-შელამაზებაზე” იფიქრებენ.
ასევე დამაფიქრებელია კონფლიქტის რეგიონთან ახლოს მდებარე სხვა ქვეყნები, რომლებიც, თავის მხრივ, კონფლიქტის პოტენციურ წყაროს წარმოადგენენ. მაგალითად, ისრაელი. აქამდე ისრაელი ახერხებდა კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას გარემომცველ არაბულ სამყაროსთან, რაშიც დიდი წვლილი ეგვიპტის ყოფილ ლიდერს, ჰოსმინ მუბარაკს მიუძღოდა. მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, რთული განსაჭვრეტია. ძალთა გადანაწილების საკითხში საშიშრობას წარმოადგენს პალესტინის ავტონომიაც. ასევე, თურექთისა და ირანის ფაქტორი.
არეულობებმა მთელი რეგიონი მოიცვა, მაგრამ ახლა სხვა მასშტაბური და საყურადღებო ძვრების ფონზე, ამ ქვეყნებს ცოტა თუ აკვირდება. მათ შორისაა ომანი, რომელსაც დასავლური ბიზნეს-წრეების უმრავლესობა სტაბილურ და რეფორმატორულ სახელმწიფოდაც კი მიიჩნევდა. შემდეგია ერაყის ქურთისტანი, სადაც საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და სადაც ხალხი პროგრესის ნელ ტემპებს და ტრადიციული პოლიტიკური პარტიების კონსერვატიზმს აპროტესტებს. ქურთისტანს მოსდევს იორდანიის სამეფო, სადაც მონარქი ხალხს რეალურ პროგრესს ჰპირდება, ალჟირი სადაც რეპრესიული ხელისუფლება შემოსავლებს და გაღატაკებულ მოსახლეობას შორის უზარმაზარი სხვაობის შემცირებას ცდილობს და მაროკოც კი, სადაც მეფე იძულებულია საზოგადოების უკმაყოფილებაზე მოახდინოს რეაგირება.
ესქპერტები ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ ახლო აღმოსავლეთი სასვსეა პოტენციური კონფლიქტებით. მაგრამ ისიც ცხადია, რომ რეაქციულ ძალებს არ შეუძლია “არაბულ გაზაფხულთან” დაკავშირებული იმედების ჩაკვლა. საქმე ის არის, რომ ფუძემდებლურმა გარდაქმნამ ორ ქვეყანაში, მათ შორის უმნიშვნელოვანეს, ეგვიპტის სახელმწიფოში, ყველას დაანახა, რომ რიგითი ადამიანების უზარმაზარმა მასებმა გადალახეს შიში და ქუჩაში გამოვიდნენ, რათა ხელისუფლების წინაშე საკუთარი უფლებები დაეცვათ.