მერკელის დანაშაულებრივი ეგოიზმი
ლევან ასათიანი
ბრიუსელში, ევროზონის ქვეყნების მეთაურთა სამიტის შემდეგ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გადაღლილი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ჩანდა. სამიტის წინა ღამით მან ბერლინში უმძიმესი შვიდასაათიანი მოლაპარაკება აწარმოა საფრანგეთის პრეზიდენტ, ნიკოლა სარკოზისთან, და-სახმარებლად ფრანკფურტიდან ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ ტრიშეს გა-მოძახებაც კი გახდა აუცილებელი.
ხუთაშაბათს დილას სამიტზე საფრანგეთისა და გერმანიის ხელმძღვანელები საერთო დღის წესრიგით გამოვიდნენ, რამაც შედეგიც განაპირობა: ევროპული სავალუტო კავშირის 17 სახელმწიფოს მეთაურებმა გადაწყვიტეს, საბერძნეთის კრიზისულ ეკონომიკას 109 მილიარდი ევროთი დახმარებოდნენ. დახმარების პირველი პაკეტი 110 მილიარდი ევროთი განისაზღვრა, რომელიც გასული წლის მაისში დაუმტკიცდა ქვეყანას. ამასთან, პირველი კრედიტის გადახდის ვადა გაიზარდა 7,5-დან 15 წლამდე (შესაძლოა, ის კიდევ გაიზარდოს 30 წლამდე). ამავე კრედიტზე განაკვეთი შემცირებულია 4,5%-დან 3,5-მდე. შედარებისთვის: ივლისის ბოლო კვირას ორწლიანი ბერძნული ობლიგაციის შემოსავლიანობამ გადააჭარბა ფანტასტიურ წლიურ 42%-ს. ბოლოს გამოყოფილი 109 მილიარდი ევროდან 50 მილიარდს კერძო სექტორი გაიღებს, ეს უკანასკნელი მერკელის უდავო გამარჯვებაა, რომელიც სწორედ ამ გადაწყვეტილებას ლობირებდა. ნიკოლა სარკოზი თავიდან უარს აცხადებდა კერძო კრედიტორების მონაწილეობაზე და აპელირებდა ახალ საბანკო გადასახადზე, ხოლო საერთაშორისო საბანკო ასოციაცია (IIF) კერძო სექტორის წილის შემცირებას 17 მილიარდ ევრომდე ითხოვდა.
საეჭვო გამარჯვება
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ანგელა მერკელის სიხარული ჯერ ნაადრევია. საბერძნეთისთვის გაღებული გულუხვი დახმარება, რომელის შესახებ გადაწყვეტილებაც ბრიუსელის სამიტზე ნაჩქარევად მიიღეს, ბევრ რამეში სასოწარკვეთილების ჟესტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ჯერ მხოლოდ მიმდინარე წელს საბერძნეთის ხელისუფლება ვალდებულია კრედიტორებს 32 მილიარდი ევრო გადაუხადოს. მთლიანი გადასახდელები მომავალ ოთხ წელიწადში შეადგენს 127 მილიარდს, უახლოეს ხუთ წელიწადში კი 205 მილიარდ ევროს. საბერძნეთის საერთო ვალი უკვე შეადგენს მშპ-ის 150%-ს, ერთ წელიწადში იგი სავარაუდოდ 167%-მდე გაიზრდება, ხოლო ფული ვალის მომსახურებისთვის ქვეყანას უკვე აღარ აქვს. ახალი კრედიტის გარეშე საბერძნეთის ხელისუფლებას ისღა დარჩენოდა, რომ თავი გაკოტრებულად გამოეცხადებინა, მაგრამ მეზობელი ქვეყნები ამას არ დაუშვებდნენ.
თუმცა, მიუხედავად ამისა, საბერძნეთმა ფაქტობრივად წარმართა გაკოტრების პროცედურის შეკვეცილი ვარიანტი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კერძო საკრედიტო ინსტიტუტების მიერ საბერძნეთისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევრო არა მხოლოდ 13 მილიარდი ევრო ობლიგაციაა, რომლის მიყიდვასაც ევროპელი კერძო კრედიტორები დათანხმდენენ სტაბილიზების ევროპული ინსტიტუტისთვის (ESFS) დისკონტით. ეს ასევე არის 37 მილიარდი ევრო ობლიგაცია, რომლის გაცვლასაც დათანხმდნენ კერძო ინვესტორები ახალ, უფრო გრძელვადიან ბერძნულ ქაღალდებზე. საუბარია, ვალის ნამდვილ, მხოლოდ ნაწილობრივ რესტრუქტურიზაციაზე და ამიტომაც საკრედიტო სააგენტოებმა უკვე განაცხადეს, რომ მათთვის მსგავსი ოპერაცია საბერძნეთის ნაწილობრივ გადახდისუუნარობას ნიშნავს.
რეიტინგის ასეთი შემცირება, პირველ რიგში, ბერძნულ ბანკებს დაარტყამს, რადგან მათ რეკაპიტალიზაციას მკვეთრად გაართულებს. სამიტის ექსპერტების შეფასებებით, ბერძნულ ბანკებს სასწრაფოდ დასჭირდებათ 25 მილიარდი ევრო. მოსალოდნელია, რომ ამ ფულს ნაწილობრივ საბერძნეთის მთავრობა გაიღებს სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლებით. ფაქტობრივად, ევროპელ ლიდერებს მოუწიათ არჩევანი გაეკეთებინათ ძალიან ცუდ და ცუდ სცენარს შორის. არჩევანი ამ უკანასკნელზე გაკეთდა.
რესტრუქტურიზაცია ჰორიზონტზე
დღეს ძალიან ცოტა ექსპერტს თუ სჯერა, რომ ბერძნულ ეკონომიკას შანსი აქვს სავალე კრიზისიდან მხოლოდ ევროპული კრედიტებით გამოვიდეს, თუნდაც ყველაზე შეღავათიანი. “საბერძნეთის მიერ ვალის გადაუხდელობის რისკი საკმაოდ მაღალია. ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღებულმა რეფორმების მძლავრმა პაკეტმა რეცესია გამოიწვია. მთავრობა იმაზე მეტ ეკონომიას აკეთებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რამაც სიტუაცია გააუარესა. სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირება გარდაუვალი იყო, იმდენად, რამდენადაც საბერძნეთს შემოსავლების ზრდის საშუალება არ ჰქონდა – პირველ რიგში, გადასახადების ხარჯზე. საბერძნეთის ხელისუფლების გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ რაც შეიძლებოდა დიდი ეკონომია გაეწიათ თავიდან, რომ ორი წლის შემდეგ ზრდა მიეღოთ”, – აცხადებენ ექსპერტები. ჯერჯერობით ბერძნული ეკონომიკა არ აჩვენებს მდგრად განვითარებას: IW Koln-ის შეფასებით, მართალია, 2012 წლისთვის საბერძნეთის მშპ-ის ზრდა 2011 წელთან შედარებით 0,6% იქნება, მაგრამ ეს ვერ შეძლებს გასული ორი წლის ვარდნის კომპენსირებას, როცა მშპ ჯერ თავიდან 4,5 და შემდეგ 2,9%-ით შემცირდა.
Deutsche Bank Research-ის ანალიტიკოსი, ნიკოლაუს ჰაინენი აცხადებს, რომ: “ბერძნული ეკონო-მიკის მასშტაბური ზრდის გარეშე იმის შანსი, რომ ქვეყანა ვალებს გადაიხდის, ძალიან დაბალია, ხოლო ეკონომიკის ზრდა ჯერჯერობით არ შეინიშნება, რადგან ინვესტორები, მომხმარებლები ბერძნულ ინსტიტუტებს არ ენდობიან. ეს არის შეკრული წრე, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს მზარდ სახელმწიფო ვალსა და ზრდის ნელ ტემპს, რომელიც შეუძლებელია გაირღვეს დამატებითი კონიუნქტურული პროგრამებით”. სწორედ ამის გამო, ჰაინერის აზრით, ადრე თუ გვიან საბერძნეთის მთელ ვალს რესტრუქტურიზაცია ელოდება – “საბერძნეთის ვალის რესტრუქტურიზაცია არა მხოლოდ დასაშვებია, არამედ ძალიან რეალური. თუმცა, თავიდან იქნება მცდელობა, რომ საბერძნეთი დახმარების პროგრამებით რაც შეიძლება დიდ ხანს იყოს მიერთებული “წვეთოვანასა და ხელოვნურ კვებაზე” იქამდე, სანამ ინვესტორები საბერძნეთში თავიანთ სარისკო პოზიციებს არ დახურავენ. სისტემური კრიზისის აღკვეთას ასე შეეცდებიან”, – ფიქრობს ჰაინენი.
საშიში პოზიციები
რისკისშემცველი ბერძნული ფასიანი ქაღალდების საკმაოდ დიდი ოდენობა ჯერ ისევ კერძო ინვესტორების ხელშია, რაც ევროზონის სტაბილიზების სერიოზულ პრობლემად რჩება – ნებისმიერ მომენტში შეიძლება ამ ქაღალდებმა კერძო ბანკების აქტივებში მრავალმილიარდიანი ცარიელი ადგილები გააჩინოს, რომლის გადაფარვაც სახელმწიფო ბიუჯეტებს სასწრაფოდ მოუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ცენტრალური ბანკი მაისიდან მოყოლებული აქტიურად ყიდულობდა ბერძნულ ობლიგაციებს და ამით ცდილობდა მათი შემოსავლიანობის მაჩვენებლების შემცირებას და საბერძნეთის მთავრობას უადვილებდა ბაზარზე ფულის მიღებას, 360-მილიარდიანი ბერძნული ვალის თითქმის ნახევარი ჯერ ისევ კერძო ინვესტორების პორტფელებშია (ბრიტანული ბანკის Bარცლაყს-ის შეფასება), პირველ რიგში, ევროპული ფინანსური ინსტიტუტების პორტფელებში.
საბერძნეთის მთავარი კერძო ინვესტორად ისევ გერმანული ბანკები არიან. კრიზისის დასაწყისში მათ ეკუთვნოდათ 30 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ბერძნული ქაღალდები. ბოლო თვეებში ეს მოცულობა შემცირდა, მაგრამ დღემდე გერმანული საკრედიტო ინსტიტუტები ფლობენ ბერძნულ სავალე ვალდებულებებს 24,7 მილიარდი ევროს მოცულობით, აქედან 18,3 მილიარდი სახელმწიფო ობლიგაციებზე მოდის (ბერძნული ბანკებისა და კომპანიების ვალი შეადგენს 1,3 და 5,1 მილიარდ ევროს შესაბამისად).
ორ გერმანულ უმსხვილეს ბანკს: Commerzbank-სა და Deutsche Bank-ს ეკუთვნით ობლიგაციები 3 და 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების. გერმანული ბანკების პორტფელებში ბერძნული ფასიანი ქაღა-ლდები იკავებენ მეოთხე ადგილს სხვა ევროპული სახელმწიფოების სახელმწიფო ობლიგაციებს შორის – იტალიის (35 მილიარდი), ესპანეთის (20,4 მილიარდი), საფრანგეთი (19,5 მილიარდი). ამასთან, იტალიურ, ესპანურ და ფრანგულ პორტფელებში გერმანული ბანკების სახელმწიფო ობლიგაციები მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებენ მოცემული ქვეყნების ბანკებისა და კომპანიების სავალე ანგარიშებთან შედარებით.
სწორედ ამიტომ, კრიტიკოსების აზრით, რომლებიც ანგელა მერკელს საბერძნეთის ეკონომიკაში სულ უფრო და უფრო მეტი ფულის გადაქაჩვაში ადანაშაულებენ, სინამდვილეში გერმანიის პოლი-ტელიტა საკუთარი ბანკების გადარჩენას ცდილობს. ამ მოსაზრებაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი. ფრანგული ყოველკვირეული გამოცემის Le Canard enchaоnй-ის მონაცემებით, მერკელთან შეხვედრამდე ნიკოლა სარკოზიმ გერმანელი კანცლერის პოზიციას დანაშაულებრივი ეგოიზმი უწოდა (ელისეის სასახლემ გამოცემის მტკიცება არ უარყო).
ინტერვენცია ყველაზე მნიშვნელოვანია
ბრიუსელის სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ანგელა მერკელის უდავო გამარჯვებით დასრულდა, გახდა სტაბილიზების ფონდის (ESFS) უფლებების გაფართოება. ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ ექსპერტებში გამეფებული იყო მოსაზრება, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ბერძნული ქაღალდების შესყიდვის პროცედურა, რომელიც გასული წლის მაისში დაიწყო, თანდათანობით შეწყდებოდა. მაგრამ აღნიშნულ სამიტზე გაცხადდა, რომ ESFS-ს ევროზონის ნებისმიერი ქვეყნის ობლიგაციის შესყიდვის უფლება ეძლეოდა. მართალია, მას ამისთვის ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროზონის ქვეყნების მეთაურთა თანხმობა დასჭირდება.
ფაქტიურად საფუძველი ეყრება ევროზონის შიგნით ისეთი ორგანოს ჩამოყალიბებას, რომელიც თავისი უფლებამოსილებით ახლოს იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. საბერძნეთის კრიზისმა ევროპაში ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაში პოლიტიკური მექანიზმის თვისობრივი გარდაქმნა განაპირობა. ასეთი მექანიზმი თანდათანობით მეტ უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირის განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებში და, პირველ რიგში, გერმანიაში. დღეს უკვე გერმანიის მოსახლეობის ნახევარს არ მოსწონს თუ როგორ წყვეტს ბერძნულ პრობლემებს მათი მთავრობა.
“აქამდე საბერძნეთის კრიზისის გადაწყვეტაში გერმანიის მონაწილეობა აქტიური იყო, თუმცა არა თანამიმდევრული. მას თავისი პოზიცია ბოლო მომენტში არა ერთხელ შეუცვლია. ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ეს პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემაა გერმანიის მოსახლეობისათვის, რომლებიც საკუთარი ხელისუფლებისა და ევროპულ საკითხებში მათი კომპეტენტურობის მიმართ ნდობას კარგავენ. ევროზონის რისკები ტექნიკური დონიდან პოლიტიკურ დონეზე გადადის, ვთქვათ, როგორ გააკეთონ სტაბილიზების ფონდის ორგანიზება. ეს ყველაფერი კი ნაკლებად კონტროლირებადი ხდება”, – აცხადებს ექსპერტი ნიკოლაუს ჰაინენი DB Research-იდან.