დეფოლტმა ჩაიარა

აკაკი როგავა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საბიუჯეტო კრიზისი პიკს აღწევს. ექსპერტების შეფასებით, კრიზისმა, რომელიც სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებულმა გაჭიანურებულმა მოლაპარაკებებმა კიდევ უფრო გაამწვავა, აშშ-ის ფინანსური რეპუტაცია საკმაოდ შებღალა.

1946 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ აშშ-ს პროცენტულად ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი ჰქონდა – იგი მშპ-ის 121% შეადგენდა. მაშინ ეს გამოწვეული იყო ომის დროს გაწეული დიდი სამხედრო ხარჯებით. 1960 წლისთვის ვალის და მშპ-ის შეფარდება 60%-მდე, 1980 წლისთვის კი 33,4%-მდე შემცირდა.
ამერიკის სახელმწიფო ვალმა სწრაფი ზრდა 2006 წლიდან დაიწყო. 2010 წელს მისმა თანაფარდობამ მშპს-თან 96,5% შეადგინა. რასაც ხელი დიდად შეუწყო ერაყისა და ავღანეთის ომებმა. ამიტომაც ბევრი ექსპერტი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ამერიკის საბიუჯეტო კრიზისში, სხვაზე მეტად თუ არა, ნაკლებად როდი იყო დამნაშავე თავად “რესპუბლიკური” პარტია. სწორედ ბუშის ადმინისტრაციის დროს დაიწყო ამერიკამ ომები ავღანეთში და ერაყში, რაც ქვეყნის ხაზინას ტრი-ლიონობით დოლარი დაუჯდა. გასულ წელს ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტმა ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. წლევანდელ საფინანსო წელს ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. თუკი ყოველ წელს ამერიკის ხაზინა იძულებული შეიქნა ტრილიონ დოლარზე მეტი თანხა ისესხოს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალის ზრდა კვლავ სწრაფი ტემპებით გაგრძელდება. მაგრამ უსასრულოდ ვალის აღება შეუძლებელია.
ამერიკის სახელმწიფო ვალი ამ დროისთვის 14,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით კი, სახელმწიფო ვალმა არ შეიძლება 14,29 ტრილიონს გადააჭარბოს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ტიმოთი გაიტნერმა კონგრესში გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კონგრესს სხვა ალტერნატივა არ აქვს გარდა იმისა, რომ ტექნიკური დეფოლტის საშიშროება მომავალი 18 თვის მანძილზე მაინც მოხსნას.
თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა და “რესპუბლიკელმა” კონგრესმენებმა ამერიკის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის აწევაზე ჯერ ისევ ვერ მოილაპარაკეს. “რესპუბლიკელებმა” პრეზიდენტს მოკლევადიანი ზღვარის აწევის გეგმა შესთავაზეს, თუმცა, ობამასთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. პრეზიდენტს სურს, სახელმწიფო ვალის ლიმიტის ისეთ ზღვარს მიაღწიოს, რაც 2012 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მაინც ამ საკითხის კვლავ წამოჭრის აუცილებლობას აღარ შექმნის. “რესპუბლიკელები” აცხადებენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უყრიან კენჭს სახელმწიფო ვალის ზღვარის აწევას, თუ სანაცვლოდ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, საბიუჯეტო სახსრების შემცირების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ აშშ-მ სახელმწიფო ვალის ნაწილი 2 აგვისტომდე უნდა გადაიხადოს. და თუ აგვისტოს დასაწყისამდე კონგრესმენები გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, ქვეყანას ტექნიკური დეფოლტი დაემუქრება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონგრესს და თეთრ სახლს სურთ, რომ სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის გაზრდას ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების გრძელვადიანი გეგმაც შეუთანხმონ, მაგრამ ოპონენტებთან კონსესუსს ჯერ ვერ მიაღწიეს. რესპუბლიკელები საჭიროდ მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას მიიჩნევენ მაშინ, როცა თეთრი სახლი გრძელვადიანი დაბეგვრის ამოქმედებას მოითხოვს. “დემოკრატებმა” საკანონმდებლო ორგანოში წარადგინეს წინადადდებები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში მილიონ დოლარს შეადგენს, 3%-ის ოდენობით გადასახადი დაუწესდეთ. “რესპუბლიკელები” კი მოითხოვენ განათლების, ჯანდაცვისა და შრომის ბაზრის მხარდამჭერი პროგრამები შემცირებას.
რა მოელის მსოფლიოს და თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუ რესპუბლიელები და დემოკ-რატები ვერ შეთანხმდნენ და 2 აგვისტოს შემდეგ დეფოლტი მაინც დაშვებული იქნება?
იმ შემთხვევაში, თუ დეფოლტი ტექნიკური იქნება, ანუ არ მოხდება ზოგიერთი გადარიცხვების განხორციელება, მაგრამ ხაზინის სხვა თანხების გაცემა არ შეფერხდება (მაგალითად, პენსიების), ამ შემთხვევაში, მსოფლიო სარეიტინგო სააგენტო კომპანიები იმუქრებიან, რომ გადახედავენ აშშ-ის რეიტინგს, რაც, ეკონომისტების აზრით, ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღის დაწყების წინაპირობა გახდება. უფრო მეტიც, ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ამჯერად კრიზისი გაცილებით უფრო ღრმა იქნება, ვიდრე 2-3 წლის წინ იყო. ვინაიდან, მსოფლიო ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული ამერიკის საფინანსო სისტემაზე. მაგალითად, ჩინური ეკონომიკა. ჩინური ექსპორტის დიდი ნაწილი ამერიკის ბაზარზე მოდის. ჩინეთი ფლობს 3 ტრილიონზე მეტი ღირებულების ვალუტას, ძირითადად დოლარებში. დეფოლტის შემთხვევაში ეს რეზერვები ფარატინა ქაღალდად იქცევა, ხოლო ჩინეთის ეკონომიკაში ბევრად უფრო ძლიერი კრიზისი დაიწყება, ვიდრე ეს 2008-2009 წლებში იყო. ანალოგიური და უფრო პესიმისტური პროგნოზების გაკეთება შეიძლება ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორებიცაა რუსეთი, რომელიც ნავთობის ფასებზე დიდადაა დამოკიდებული.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელებმა მოახერხეს შეთანხმება სახელმწიფო ვალის გაზრდის შესახებ, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ დღევანდელი სიტუაცია კიდევ 1-2 წლით გაგრძელდება, სანამ ამერიკის ვალი ახალ ზღვრულ ნიშნულს არ მიაღწევს. საკითხავია, რა იქნება ამის შემდეგ?