მერდოკი იმპერიის ნარჩენებთან
მაკა ღანიაშვილი
მემკვიდრეობით მიღებული პატარა ავსტრალიური გაზეთიდან, რუპერტ მერდოკმა ტრანსნაციონალური მედია კორპორაცია შექმნა, რომელიც ორმოცდაათ ჟურნალსა და გაზეთს, ათობით რადიოსადგურსა და ტელეარხს, კინოსტუდიებს, გამომცემლობებსა და ონლაინპროექტებს აერთიანებს. მაგრამ, ბოლო პერიოდში 80 წლის მედიამაგნატს აღარ უმართლებს. 2007 წელს “დოუ ჯონსის” შესყიდვის შემდეგ “ნიუს კორპის” კაპიტალიზაცია მესამედით შემცირდა.
წამგებიანი აღმოჩნდა სოციალურ ქსელ “MySpice” შეძენაც; მერდოკს არც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაუმართლა, როდესაც მან ფსონი ბარაკ ობამას მოწინააღმდეგეზე დადო. ყველაფერი ეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანსა და მის იმპერიას მილიარდობით დოლარი უჯდება. 1987-97 წლებში კორპორაციის კაპიტალიზაცია 7 მილიარდი აშშ დოლარიდან 30 მილიარდამდე გაიზარდა, მომდევნო 14 წელიწადში მისი ღირებულება 76,5 მილიარდი დოლარიდან, 2011 წლის მარტის ბოლოსთვის 46 მილიარდამდე შემცირდა. თუმცა, როგორც ბოლო კვირებში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიოს დაანახა,News Corp ყველაზე უარესი წინ ელოდა.
ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ივლისის დასაწყისში ჯეიმს მერდოკი, რუპერტ მერდოკის მედიაიმპერიის ევროპული და აზიური ნაწილის ხელმძღვანელი, აცხადებდა, რომ კომპანიამ ამ წლის ყველაზე მძიმე პერიოდი უკან მოიტოვა. მედიამაგნატის 38 წლის შვილს მხედველობაში ჰქონდა მოლაპარაკებები British Sky Broadcasting-ის 100%-იანი წილის, 12 მილიარ დოლარად შეძენაზე, რომელიც ფაქტობრივად წარმატებით დაგვირგვინდა და ტელევიზია რამდენიმე თვეში მათ იმპერიას შეუერთდებოდა. ეს კი რუპერტ მერდოკისა და მისი იმპერიის ძლევამოსილებას კიდევ უფრო განამტკიცებდა. თუმცა ყველაფერი 1800-ით შემოტრიალდა. გაფართოებაზე ფიქრს რომ თავი დავანებოთ, News Corporation თავქვე მიექანება. ამის მიზეზი გახდა მერდოკის კუთვნილ ტაბლოიდთა მიერ სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენა და პოლიციელების მოსყიდვა.
ბრიტანეთში აგორებული სკანდალის გამო დააკავეს რებეკა ბრუკსი, News International-ის დირექტორი და News Corp-ის 9 ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი, მათ შორის ენდი კოულსონი, რომელიც 2011 წლის იანვრიდან ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის დევიდ კამერონის პრესმდვინად მუშაობდა.
დიდ ბრიტანეტში ბეჭდური მედიისა და პოლიციის გარშემო აგორებულ ამ სკანდალს, უკვე უწოდებენ 21-ე საუკუნის “მესამე დიდ მიწისძვრას”. ჯერ იყო გლობალური ფინანსური კრიზისის გავლენა, რომელმაც საზოგადოებას ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიმართ დაუკარგა ნდობა, შემდეგ პოლიტიკოსთა მიმართ აგორებული სკანდალები და ამომრჩეველთა მათი მხრიდან გაწბილება, ახლა კი ხალხის ნდობას მედია და პოლიციაც კარგავს.
უკანონო სატელეფონო მოსმენების გარშემო სკანდალი ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, როცა NoW-ის ორი თანამშრომელი დააკავეს და სამეფო ოჯახის წევრების სატელეფონო საუბრების არალეგალურად მოსმენაში დაადნაშულეს. მაშინაც, ამ საქმესNews of the World-ის რედაქტორის ენდი კოულსონის თანამდებობა შეეწირა.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, The Sunday Times-მა სპეციალურად მსახიობიც კი დაიქირავა, რომელიც ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს, გორდონ ბრაუნს ხმით ჰბაძავდა, ბანკში რეკავდა და პრემიერ-მინისტრის საბანკო ანგარიშების დეტალებს ამ გზით იგებდა, შემდეგ კი გაზეთში “ჟურნალისტური გამოძიება” ქვეყნდებოდა. ასეთივე უკანონო გზით მოიპოვეს ინფორმაცია ბრაუნის ახლადშობილი შვილის გარდაცვალების მიზეზებზე, მის სამედიცინო ბარათზე და ა.შ. თუმცა, მთავარი მეთოდი მაინც სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენა იყო. უკანონო მოსმენების შესახებ ახალი დეტალები ივლისის დასაწყისში გამოქვეყნდა. გაირკვა, რომ გაზეთის ჟურნალისტები ლონდონში 2005 წლის 7 ივლისს მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა ოჯახის წევრების სატელეფონო საუბრებსაც უსმენდნენ.
უსმენდნენ ყველას – დეპუტატებს, მინისტრებს, ფინანსისტებს, ბანკირებს, სპორტსმენებს, დედოფალს, პრინცებს და ა.შ. სასამართლოს თანხმობის გარეშე, ნებისმიერი ადამიანის საუბრის ჩაწერა ან მოსმენა კანონის დარღვევაა. ამ ბრალდებით ტაბლოიდ News of the World-ის მთავარი რედაქტორი, ენდი კოულსონი უკვე ზის კიდეც ციხეში. ისევე, როგორც გაზეთის “სამეფო ოჯახის განყოფილების” გამგე კლაივ გუდმანი და კერძო დეტექტივი გლენ მალკეირი, რომლებიც სამეფო ოჯახის წევრთა პირად ცხოვრებაში იქექებოდნენ და უკანონო მოსმენებს მიმართავდნენ.
რუპერტ მერდოკი და მისი შვილი ბრიტანეთის პარლამენტშიც დაიბარეს სპეციალურ მოსმენებზე. მილიარდერს ძალიან არ უნდა იქ მისვლა და ვერც ვერავინ დააძალებდა, რადგან ამერიკის მოქალაქეა, მაგრამ საქმე ისაა, რომ News of the world-ის დახურვის შემდეგ მერდოკი ცდილობს, დარჩენილი აქტივები რაიმე ფასად მაინც გაყიდოს. ამას კი, ბრიტანეთის მთავრობასთან თანამშრომლობის გარეშე ვერ შეძლებს. ამიტომ, როდესაც პრემიერ-მინისტრმა კემერონმა სთხოვა, მოსმენებს დასწრებოდა, უარის თქმა აღარ შეეძლო. რუპერტ მერდოკი და მისი ვაჟი ჯეიმსი პარლამენტში დაკითხეს. მერდოკმა ბრიტანელი კანონმდებლების წინაშე უკანონო სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებული სკანდალის გამო ბოდიში მოიხადა. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საუბრისას, მერდოკმა მომხდარზე პირადი პასუხისმგებლობა არ აიღო.
დაკითხვას წინ უსწრებდა ლონდონის რეგიონის პოლიციის უფროსის მოადგილის, ჯონ იეიტსის გადადგომა. რომელიც პასუხისმგებელი იყო იმაზე, რომ ორი წლის წინ პოლიციამ არ დაიწყო მერდო-კის ტაბლოიდის, News of the World-ის მიერ სატელეფონო მოსმენების გამოძიება. მანამდე, იეიტსის შეფი, ლონდონის რეგიონის პოლიციის უფროსი პოლ სტივენსონიც გადადგა თანამდებობიდან. კომისარი სტივენსონის თქმით, ის თანამდებობიდან იმიტომ წავიდა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, NoW-ს ჟურნალისტების ბრიტანეთის პოლიციასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როცა ამ ტაბლოიდის ჟურნალისტები პოლიციელებს ქრთამს აძლევდნენ სატელეფონო მოსმენების სანაცვლოდ.
დრამატულ მოვლენათა ჯაჭვი ამით არ დასრულებულა. სკანდალის აგორებიდან რამდენიმე დღეში გარდაცვლილი იპოვესNews of the World-ის ყოფილი რეპორტიორი, შონ ჰოარი. ჰოარი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გაზეთის ხელმძღვანელობა ბრიტანეთის მოქალაქეების სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენაში დაადანაშაულა. შონ ჰოარმა ამერიკულ გაზეთ New York Times-თან საუბრისას აღნიშნა, რომ NoW-ში ცნობილი ადამიანებისა და სხვადასხვა კრიმინალური შემთხვევების მსხვერპლთა ტელეფონების მოსმენა იმაზე უფრო ხშირად ხდებოდა, ვიდრე ამას ტაბლოიდის რედაქცია აღიარებდა. ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში კი მან თქვა, რომ გაზეთის ყოფილი მთავარი რედაქტორი, შემდგომში კი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანი, ენდი კოულსონი პირადად ავალებდა მას სატელეფონო საუბრების მოსმენას. ჰოარის ცხედარი მის სახლში, ლონდონის ჩრდილოდასავლეთ რაიონში იპოვეს. სამართალდამცველების თქმით, ჯერჯერობით უცნობია ჰოარის გარდაცვალების მიზეზები. თუმცა, პოლიციელები აცხადებენ, რომ მის გარდაცვალებაში საეჭვო გარემოებებს ვერ ხედავენ.
სკანდალმა ისეთი მასშტაბი შეიძინა, რომ რუპერტ მერდოკი იძულებული გახდა, ბრიტანული ტაბლოიდი საერთოდ დაეხურა. სხვაგვარად შეუძლებელი იყო, ვინაიდან ასეთი სკანდალის შემდეგ გაზეთს არც მყიდველი ეყოლებოდა და არც რეკლამის მიმწოდებელი. ამიტომაც გაზეთის დახურვის გადაწყვეტილება მერდოკის მიერ სრულიად რაციონალური იყო. გაზეთის დახურვამ გამოწივია 200 სამუშაო ადგილის გაუქმება. მისი ბოლო ნომერი 5 მილიონ ეგზემპლარად დაიბეჭდა და სრულად გაიყიდა რამდენიმე საათში. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, NoW-ს ბოლო ნომრის გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისთვის დაიხარჯება. News of the World-ი 168 წლის მან ძილზე იბეჭდებოდა. 2011 წელს ის 2.8 მილიონიანი ტირაჟით გამოდიოდა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მერდოკის მედიაიმპერიის მომავალს ეჭვქვეშ აყენებს. ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ დიდი შანსია ძლევამოსილი და გავლენიანი იმპერიიდან NewsCorp-, უბრალო ოჯახურ ბიზნესად იქცეს. გასათვალისწინებელია მილიარდერის ასაკიც და ისიც, რომ კორპორაციის წილებისთვის უკვე დავობენ მისი მრავალრიცხოვანი მემკვიდრეები: მერდოკს სამი ცოლისგან ექვსი შვილი ჰყავს. დასავლურ პრესაში არა ერთხელ აღუნიშნავთ, რომ მერდოკი ოჯახურ დავებში გარკვევას მეტ დროს უთმობს, ვიდრე მედიაბაზარსა და გლობალური ტენდენციების წინასწარჭვრეტას. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც ღალატობდეს ბოლო პერიოდში მას ალღო.
ისიც ფაქტია, რომ მერდოკის მთავარი პრობლემა დღეს არა იმდენად სატელეფონო სკანდალები და მასთან დაკავშირებული გამოძიებაა, რამდენადაც პრესტიჟის შელახვა. ეჭვგარეშეა, რომ კონკურენტი ბრიტანული გამოცემები, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ, NewsCorp-ისათვის კონკურენცია გაეწიათ, ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რათა მრავალი წლის მანძილზე ბაზრის ლიდერი მეტოქე საბოლოოდ ჩაძირონ და მრავალწლიანი აუტსაიდერობისთვის შური იძიონ.