იაფი საკვები პროდუქტების ეპოქა დასრულდა
ალექსანდრა ლალიაშვილი
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკის ტრადიციული დარგები (მაგალითად, ნედლეულის მოპოვება-გადამუშავება და მრეწველობა) მეორეხარისხოვანი გახდა. ეკონომიკური განვითარების ფერხულში ეს დარგები უკანა პლანზე გადავიდნენ და მათი ადგილი მომსახურების სფეროდან წარმოშობილმა საბანკო და საფინანსო ინსტიტუტებმა დაიკავეს. XXI საუკუნის მილიარდელების უდიდესი ნაწილი არა მწარმოებლები, არამედ ფინანსისტ-სპეკულანტები არიან, რომლებიც ფულს უმეტესად ვალუტების კურსებს შორის სხვაობის წყალობით შოულობენ. მაგრამ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს არაფრის მწარმოებელი დარგების დომინირება მსოფლიო ეკონომიკაში?
მიიჩნევა, რომ დღეისათვის, იმ დარგების სიჭარბე, რომლებიც დაკავშირებულია რესურსების მოპოვება-გადამუშავებასთან (სოფლის მეურნეობა, თევზჭერა და ა.შ.), ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დაბალ მაჩვენებელზე მეტყველებს, ახლა ხომ მთავარი ფინანსური ინსტიტუტებისა და ბაზრების განვითარებაა. მაგრამ ამ “ჭეშმარიტებას” სერიოზული ბზარი 2011 წლის პირველ ნახევარში გაუჩნდა, როდესაც მსოფლიო ბაზრებზე სურსათის ფასების 30-35%-იანმა ზრდამ მთელ მსოფლიოში გაამწვავა ინფლაციური პროცესები. ექსპერტები სურსათის დეფიციტის საფრთხეზეც ალაპარაკდნენ. კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ეკონომიკური სიძლიერე ქვეყნის მწარმოებლურობაზე და არა ვალუტებს შორის კურსთა სხვაობაზეა დამოკიდებული.
2010-2011 წლებში, მსოფლიოში, აგრარული სექტორი არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო შემცირებული წარმოებით გამოირჩეოდა, რამაც გაზარდა ფასები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. ქვეყნები ცდილობენ აგრარული სექტორის დაფინანსების მომატებით გაზარდონ წარმოება, რათა თავიდან აიცილონ საკუთარ ბაზრებზე ამა თუ იმ პროდუქტების დეფიციტი და ფასების ზრდა.
მართალია, FAO-ს მონაცემების მიხედვით, მიწოდების ზრდის ხარჯზე, საკვებ პროდუქტებზე მსოფლიო ფასების ინდექსი 2011 წლის ბოლოსთვის 8%-ით შემცირდა (სექტემბრიდან დეკემბრამდე), თუმცა გლობალური ფასები კვლავაც ძალიან მაღალია. 2011 წლის ფასების საერთო დონე 24%-ით აღემატება 2010 წლის ფასების ინდექსს. ექსპერტები ფასების შესამცირებლად ერთადერთ გამოსავალს ხედავენ – სოფლის მეურნეობის მწარმოებლურობისა და შესაბამისად მიწოდების ზრდა. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, საკვები პროდუქტების მწარმოებელი, გლობალური კომპანია Unilever-ის დირექტორმა, პაულ პოლმანმა განაცხადა: “იაფი საკვები პროდუქტების ეპოქა დასრულებულია. ჩვენი ვარაუდით, საკვები პროდუქტების ფასი 2012 წელს მინიმუმ 2-3%-ით გაიზრდება”. სპეციალისტები მთავრობებს ურჩევენ, უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ სოფლის მეურნეობის სექტორს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაა გამორიცხული რამდენიმე თვის წინანდელი საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული კრიზისი 2013 წელსაც განმეორდეს.
საინტერესოა, განვითარების რა გზას ირჩევს საქართველო?
საქართველო ორი კურდღლის მადევარს ემსგავსება – ქვეყანაში ვერც ფინანსური ბაზარი ვითარდება და სოფლის მეურნებაც სულ უკან-უკან მიდის. ექსპერტთა შეფასებით, დღეისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება 13-15 წლის წინანდელი მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა შეადგენს და-ახლოებით 1900 აშშ დოლარს წელიწადში, რაც ნაკლებია არათუ განვითრებული ქვეყნების ანალო-გიურ მაჩვენებელზე, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მაჩვენებელზეც. საქართველოს შრომის ბაზარზე ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სექტორშია, ყველაზე დაბალი კი სოფლის მეურნეობაში. “საქსტატის” მონაცემებით, 2011 წლის მეოთხე კვარტალში საფინანსო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 1367 ლარი იყო, სოფლის მეურნეობაში მხოლოდ 353 ლარი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით კი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილი ოჯახური მეურნეობების მთლიან შემოსავლებში მხოლოდ 6-7%-ს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის წარმოების 90%-ზე მეტი განკუთვნილია საკუთარი მოხმარებსთვის. გარდა ამისა, შინამეურნეობების წილი მთლიან ნათეს ფართობებში შეადგენს 90-95%-ს. დარგის მიმართ ბიზნეს ინტერესი თითქმის ნულის ტოლია.
1992 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო მიწაზე საკუთრების უფლების გადაცემა ქალაქად და სოფლად მცხოვრებთათვის. საკუთრებაში გადასაცემი სასოფლო-სამეურნეო მიწის მთლიანი ფონდი შეადგენდა 763 000 ჰექტარს. 2005 წლისათვის ფერმერთა სარგებლობაში იმყოფებოდა დაახლოებით 1 000 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. 2005 წელს ჩატარდა სასოფლო სამეურნეო მიწების აღწერა და გამოვლინდა, რომ 726 021 პირს აქვს მფლობელობაში მიწა, რომლის საშუალო ფართობი არის 1,37 ჰექტარი. დაახლოებით 140 000 პირს აქვს მიწა მფლობელობაში, რომლის ფართობი 0.2 ჰექტარზე ნაკლებია. დამატებით, 360 000 პირის მფლობელობაში არსებული მიწა 1 ჰექტარზე ნაკლებია. დაახლოებით 16 000 ფერმერს აქვს 4 ჰექტარი და მეტი მიწა მფლობელობაში, რაც მთელი სასოფლო სამეურნეო მიწის 40%-ს შეადგენს. როგორც მონაცემებიდან ჩანს, სასოფლო სამეურნეო მიწა ძალიან დანაწევრებულია. პატარ-პატარა ნაკვეთები არაეფექტურია სასოფლო სამეურნეო წარმოების თვალსაზრისით, ასევე მიწის ნაწილი მოცდენილია შიდა გზების და დამაკავშირებელი ბილიკების გამო. წვრილი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან სამეურნეო ნოვაციების შეძენა-დანერგვა არარენტაბელურია. შედეგად, სასოფლო-სამეურნეო მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუმუშავებელია. ამასთან, საგადასახადო კოდექსის თანახმად, 5 ჰექტარამდე მიწის მფლობელები განთავისუფლებულნი არიან გადასახადებისაგან, რაც მფლობელებს არ უჩენს მოტივაციას იჯარით გასცენ ან სულაც განკარგონ გამოუყენებელი მიწა.
სოფლის მეურნეობის სექტორში უკვე ორი ათეული წელია მნიშვნელოვანი ინვესტიციები არ განხორციელებულა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული სარწყავი მიწების საერთო ფართობი 552000 ჰექტარიდან 290000 ჰექტარამდე შემცირდა. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სოფლის მეურნებას რუსეთის ემბარგომ. მხოლოდ 2006 წელს საქართველოში ექსპორტი 115 მილიონი დოლარით შემცირდა, საიდანაც დაახლოებით 2/3-დი სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდიოდა. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა კიდევ ერთი საშიში ტენდენცია: საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში სოფლის მეურნეობა იმდენად დაბალშემოსავლიანია, რომ, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობა უარს ამბობს მიწის დამუშავებაზე და ურჩევნია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩენით გაუჩნდეს შემოსავის ალტერნატიული წყარო – უმწეოთა დახმარება.
სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივას სოფლის კონსოლიდაციაში ხედავს “ეკონომი-კური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” პრეზიდენტი კახა უგულავა: “ეს პატარ-პატარა მეურნეობები ამინდს ვერ შექმნიან, ახალ ტექნოლოგიებს ვერ დანერგავენ. ახალი ტექნოლოგიებია ყველგან, დაწყებული მიწათმოქმედებით და დამთავრებული მეცხოველეობით. რაღაცნაირად უნდა მოხდეს გაერთიანება, რომ დიდი მეურნეობა შეიქმნას და ვისაც საშუალება ექნება, ეს ტექნოლოგიები აქაც დანერგოს. სხვანაირად წარმოუდგენელია თითო-თითო ფერმერმა შეძლოს თუნდაც იმხელა ინვესტიცია განახორციელოს, რომ გაიზარდოს 1 ჰექტარზე მოსავლის რაოდენობა ან 1 სულ პირუტყვზე წარმადობა და ასე შემდეგ”. მეურნეობების გამსხვილება და სოფლად ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროდუქტიულობის გაზრდა, უცხო ქვეყნების პრაქტიკიდან გამომდინარე, ნაკლებ მუშახელს მოითხოვს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 ჰექტარ ფართობზე სიმინდის მოსაყვანად, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი ფერმერის ფიზიკური შრომაა საჭირო, საქართველოში კი სოფლად დასახლებული 700 ათასი ოჯახი თითო-თითო ჰექტარს, ანუ, ჯამში, 700 ათას ჰექტარს ფლობს.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ამ პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი გზა იქნებოდა ფერმერული კოოპერატივების შექმნა. თუმცა, როგორც მთავრობაში, ასევე ფერმერებში კოოპერატივი იწვევს საბჭოთა კოლმეურნეობის ასოციაციას და მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საგადასახადო კოდექსი მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს ფიზიკურ პირებზე, რომლებიც დასაქმებულნი არიან სოფლის მეურნეობაში. გარდა 5 ჰექტრამდე მიწაზე არსებული ქონების გადასახადზე შეღავათისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირი გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან თუ ერთობლივი შემოსავალი წლიურად არ აღემატება 200 000 ლარს. სასოფლო სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირი მთლიანად არის გათავისუფლებული დამატებული ღირებულების გადსასახადისაგან (გარდა რამდენიმე სახის პროდუქციის, მაგ კვერცხის წარმოებისას). სოფლის მეურნეობაში დაწესებული საგადახადო შეღავათები არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე. შესაბამისად, ფერმერების მიერ კოოპერატივების ან ამხანაგობების დაფუძნება არამომგებიანია.
მარტის დასაწყისში “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” მოაწყო პრეზენტაცია – “2011 წლის საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივის მიმოხილვა – წლიური შეჯამება”. კვლევის ავტორებმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლების მიმოხილვისას მასში სოფლის მეურნეობის წილის სიმცირეზეც ისაუბრეს. სოფლად ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მაგრამ მის მიერ შექმნილი დოვლათი სულაც არ არის ამ მაჩვენებლის პროპორციული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 7 პროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენს. “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” კოორდინატორი ნინო ევგენიძე: “დასაქმებულთა 50% სოფლის მეურნეობაშია. ამ ხალხის 17-18% დღეში იღებს 1 დოლარზე ნაკლებ შემოსავალს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობა არავითარ როლს არ თამაშობს მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში”.
მთავრობის მხარდაჭერა
2011 წლამდე საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის სექტორისადმი მხოლოდ “იაფი კრედიტისა” და “ბურების ჩამოსახლების” მსგავსი პროგრამებით და ისეთი ერთჯერადი ღონისძიებებით შემოიფარგლებოდა, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ნავთობპროდუქტებისა და სასუქის დარიგება სოფლად, მექანიზაციის პროგრამა, ყურძნის ჩაბარების სუბსიდირება და ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის შემოტანა, რომელიც ნაკლებად წარმატებულად მიიჩნია თავად პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც. სოფლის მეურნეობის “გარდარჩენის” კიდევ ერთი, მსგავსი გეგმა წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ბოლო გამოსვლისას: “უახლოესი 3 კვირის განმავლობაში ჩვენ შევიძენთ 250 ახალ ტრაქტორსა და 400 მისაბმელ აგრეგატს; ამიტომ ამ წლის 1 ივნისამდე მექანიზაციის ყველა ცენტრი, ჯამში, აღჭურვილი იქნება 563 ერთეული ტრაქტორით, 50 ერთეული კომბაინით, 22 ერთეული სპეცტექნიკით და 1470 ერთეული გუთნითა და ტრაქტორზე მისაბმელი სხვა ტექნიკით – რაც მთავარია, ეს ყველაფერი ადვილად ხელმისაწვდომი იქნება დაი-ნტერესებული ფერმერებისათვის”.
თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, მსგავსი ღონისძიებების უმთავრესი შედეგი, მხოლო საბიუჯეტო ხარჯებისა და ინფლაციური მოლოდინების ზრდა იყო. საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ჩატარებული მცირერიცხოვანი კვლევები არ არის დაკავშირებული სფეროში არსებულ პრობლემებთან. შემცირებულია სასოფლო-სამეურნეო პროფილის პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა, აგრარული უნივერსიტეტის ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებები მოძველებულია. ფერმერების უმეტესობა საკუთარი თავისა და ცოდნის იმედად არის მიტოვებული. ამ ცოდნის დონე კი ძალიან დაბალია. ყველა ეს პრობლემა კომპლექსში ქმნის იმას, რომ ჯერჯერობით აგროსექტორი არის თვითგადარჩენის საშუალებაა და არა ბიზნესი, რაც თავისთავად წარმოქმნის კიდევ ერთ უზარმაზარ პრობლემას – მიუხედავად ფინანსურ სახსრებზე დიდი მოთხოვნისა, სოფლის მეურნეობის სფეროსთვის კრედიტები პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონა-ცემებით, 2012 წლის იანვრის მდგომარეობით კომერციულ ბანკებს გაცემული აქვთ დაახლოებით 102 მილიონი ლარის სესხი იურიდიულ პირებზე, სადაც სოფლის მეურნეობის წილი მხოლოდ 1 149 ათასი ლარია. კომერციული ბანკების დაბალი ინტერესი სექტორის მიმართ აიხსნება მაღალი რისკით სოფლის მეურნეობაში, ასევე ნაკლები მიმზიდველობით ისეთ სექტორებთან მიმართებაში, როგორიცაა მშენებლობა ან ვაჭრობა და ფინანსური შუამავლობა. ამას, ასევე, ემატება ფერმერების უუნარობა – შეიმუშავონ გამართული ბიზნეს გეგმა ან სხვა სათანადო დოკუმენტაცია.
მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო სექტორი ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ სწრაფად ვითარდება საქართველოში, სოფლის მეურნეობის სექტორი არც სადაზღვევო კომპანიებისთვის არის მიმზიდველი. ამის მიზეზია მაღალი რისკები სოფლის მეურნეობაში, სტიქიური უბედურებებების გაზრდილი ალბათობით და დარგის დაბალი პროდუქტიულობა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველოში მოსავალს თითქმის არავინ აზღვევს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა ვერ იქცა სრულფასოვან ბიზნესად, მიწების თითქმის 85-90% წვრილი ფერმერების ხელშია, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვასაც კი არ აწარმოებენ, შედარებით მსხვილი მეურნეობები კი დაზღვევის სიძვირისა და სადაზღვევო პაკეტების სიმწირის გამო არ აზღვევენ მოსავალს.
სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ არ გაურბიან სადაზღვევო რისკებს, უბრალოდ, ისინი ვერ აიღებენ საკუთარ თავზე ყველა შესაძლო, მათ შორის, არასადაზღვევო რისკს. მათი თქმით, უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში აგროსექტორი ვერ ჩამოყალიბდა ბიზნესად. უცხოელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანია მთავრობის ძალისხმევა. მათი შეფასებით, მთავრობის ინიციატივის მიზანი, გააფართოოს სოფლის მეურნების დაკრედიტება, კარგად უნდა იყოს განსაზღვრული, რადგან მან რეალური მოგება უნდა მოუტანოს იმ ფერმერებს, რომლებიც დაფინანსებას საჭიროებენ. ამის შემდეგ გაჩნდება დაზღვევის მოთხოვნაც. თუმცა ამას მასობრივი სახე უნდა ჰქონდეს.
მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ახალი პროგრამები სოფლის დასახმარებლად
მიმდინარე წლის მარტში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში დაიწყო ახალი ეკონომიკური შესაძლებლობის ინიციატივის პროგრამის (NEO) განხორციელება. USAID-ისა და გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც განხორციელდება USAID-ის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივის ფარგლებში.
(NEO)-ს USAID-ის მეშვეობით აშშ-ის მთავრობა აფინანსებს. პროექტი შემუშავებულია ისეთი მუნიციპალიტეტებისა და თემების დახმარების მიზნით, როგორიცაა შავშვები. შავშვები იმის გამო შეირჩა, რომ ამ სოფელში დევნილთა კომპაქტური დასახლებაა, ომის დროს კი რუს ჯარისკაცებს სო-ფლის ყანებში საგუშაგოები ჰქონდათ განთავსებული და გასვლის წინ ეს ყანები გადაწვეს. დაზარალებული სოფლის მოსახლეობაც აქტიურად იქნება პროექტის განხორციელებაში ჩართული, სწორედ იქ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფებმა უნდა გამოკვეთონ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები და დონორების დახმარებით მათი გადაჭრა დაიწყონ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის აზრით, პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ის არის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იქნება მასში ჩართული. შავშვებში საინიციატივო ჯგუფმა სამუშაო უკვე ჩაატარა და გამოიკვეთა, რომ სოფელს სჭირდება სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების აღდგენა, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, დახმარება სოფლის მეურნეობასა და სოციალურ საკითხებში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის დევიდ რობინსონის თქმით, ახალი 4-წლიანი პროგრამის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ზრდა, სასურსათო უსაფრთხოება, მცირემასშტაბიანი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და დევნილი ოჯახების დახმარება. აღნიშნული პროექტი საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში, 84 თემში განხორციელდება და დახმარება დაახლოებით 70 ათას ოჯახს გაეწევა.
ცვლილებები იგეგმება საგადასახადო კოდექსშიც. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებში საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილება. კანონპროექტი საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრე-წველო გადამუშავებამდე მიწოდებას (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) დამატებითი ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებს. ცვლილება ასევე შეეხება, საქართველოში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი ან გაცივებული ხორცის, აგრეთვე ყველის მიწოდებას.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებამ შესაძლოა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირება გამოიწვიოს. თუმცა, მისი ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია. კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზებას ეწევიან. მათ საგადასახადო ტვირთი შეუმცირდებათ. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, რუსუდან კემულარიას განცხადებით, ცვლილების მიზანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებაა. “ცვლილებები დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – აღნიშნავს კემულარია.
ჯერჯერობით პრობლემა უამრავია. მიუხედავად მცირე ეკონომიკური წინსვლისა, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში განიცადა, პრობლემა ჯერაც უამრავია. უმუშევრობა და სიღარიბე ქვეყნის მთავარ გამოწვევებად რჩება. ის დარგი, რომელიც დიდი ხანია, მსოფლიოს განვითარეული ქვეყნების შემოსავლის უმთავრეს წყაროდ იქცა, საქართველოში ჯერ ისევ ჩანასახოვან სტადიაშია – ბაზრის სიმცირის, ბიზნეს სექტორის განუვითარებლობის, საკანონმდებლო ხარვეზებისა თუ სხვა პრობლემების გამო საქართველოში ფინანსური ბაზარი ძალიან სუსტადაა განვითარებული. პარალე-ლურად, არასათანადო ყურადღება ექცევა ეკონომიკის ისეთი ტრადიციული დარგების განვითარების საქმესაც, როგორიცაა სოფლის მეურნეობა. რითაც ტრადიციულად გამოირჩეოდა ქართული ეკონომიკა.
ექსპერტთა შეფასებით, სოფლის მეურნეობის სექტორში ტექნიკით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, რადგან ამ ეტაპზე ეს სექტორი მის დეფიციტს განიცდის და ფერმერებს რიგში უწევთ დგომა, რაც დროით ხარჯებს უკავშირდება, ასევე სიმცირის გამო ძვირია ტექნიკით მომსახურების სერვისი. ამიტომ აუცილებელია პრიორიტეტული სექტორების შერჩევა, სადაც რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველოს შედარებითი უპირატესობა აქვს. ასევე საჭიროა შიდა ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და ინფორმაციის მიწოდება გლეხებისთვის, ინვესტიციები ტექნოლოგიებში, ინფრასტრუქტურაში და განათლებაში, დაზღვევის სისტემების განვითარება და იაფი ფინანსური რესურსის მოძიება ფერმერებისთვის. ექსპერტები სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთის ბაზრის გახსნას, ასევე ევროპასთან და აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობას, ბიო და ეკო მეურნეობების განვითარებას ასახელებენ.