ეკონომიკის დღე, ეკონომიკა და ეკონომისტები
სოფიკო სიჭინავა
ტრადიციისამებრ სექტემბრის მეორე პარასკევს აღინიშნება ეკონომისტის დღე, რომელიც ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ვლადიმერ პაპავას მიერ დაწესდა და ჟურნალ “ეკონომისტის” გამოსვლასთან არის დაკავშირებული.
ამერიკაში დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად, ამჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ისევ აღნიშნა ეს თარიღი, შეიძლება ითქვას, მეტად რთულ ვითარებაში, როცა საქართველო ეკონომიკური შოკის მოლოდინშია, როცა ქვეყანაში ჯეროვანი ეკონომიკური აზრი და ეკონომისტები არ ფასდებიან; იმ სიტუაციაში, როცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ჯანსაღი ეკონომიკური აზრი არ არსებობს ან თუ არსებობს, რჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. და მაინც, სად არიან ეკონომისტები და რა ხდება ეკონომიკაში? ამ საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი გელა ხანიშვილი. რულიად საქართველოს მივულოცავ ამ დღეს,
მაგრამ, სამწუხაროდ, იგი ეკონომისტებზე და მთლიანად საზოგადოებაზე მთელი სრულყოფილებით არ აისახება. იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვასწავლიდნენ და ცდილობდნენ დაეცვათ ის ეკონომიკური თეორიები, რომლებზედაც აღიზარდნენ, საბოლოოდ მოუხდათ ამ თეორიების საწინააღმდეგოს არა მარტო გაზიარება, არამედ პრაქტიკაში ამ მოსაზრებების რეალობა დაინახეს. სწორედ მათ მინდა მივულოცო და ვუთხრა, რომ მათი შრომა და გარჯა არ დაკარგულა უკვალოდ, რადგან დღეს თუ ვინმეს სერიოზული პრეტენზიები აქვს ეკონომისტობაზე, სწორედ მათი შრომის შედეგია. საზოგადოებაში შექმნილ კრიზისს ყველაზე დაუცველი და მოუმზადებელი სწორედ ეკონომისტთა დიდი ნაწილი შეხვდა. არადა, მათი მოვალეობა იყო არა მარტო მომავალი თაობების აღზრდა, არამედ მათი პროფესიული სიძლიერეც იმაზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ აუღებდნენ ალღოს ეკონომიკის განვითარებას. სწორედ ისინი უნდა წაძღოლოდნენ ქვეყანას, ხოლო უარეს შემთხვევაში, საკუთარი თავისთვის მაინც უნდა მოეწყოთ – კეთილდღეობა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. სახარბიელო მდგომარეობაში არც შემდგომი თაობა აღმოჩნდა. მათ ისწავლეს სხვა თეორიები პრაქტიკაში კი სულ სხვა თეორიების გატარებამ მოუწიათ. ისინი მოექცნენ წარსულსა და მომავალს შორის. თუმცა, ნაწილობრივ გაართვეს კიდეც თავი. ეს დღე ყველაზე მეტად იმ ბედნიერი ახალგაზრდა თაობის ეკონომისტებისთვისაა მისალოცი, რომელთაც იმ ეკონომიკური მოდელის შესწავლა და გაცნობა უწევთ არა მარტო ყურმოკვრით გაგონილი ზოგადი ფრაზებით, ავტორებით და სახელმძღვანელოებით, არამედ ისინი ამ ყველაფერს პრაქტიკულად ითვისებენ და სწავლობენ. მათთვის არც კომპიუტერია უცხო ხილი და არც ინტერნეტი, მათ არც წიგნის შოვნის პრობლემა აქვთ. თუკი მატერიალური კეთილდღეობაც ხელს უწყობთ, ფაქტობრივად, ოთახიდან გაუსვლელად ნებისმიერი ბიბლიოთეკის მკითხველი შეუძლიათ გახდნენ.
ეკონომისტთა დღეს მივულოცავ, ზოგადად, პრესას და განსაკუთრებით თქვენს ჟურნალს. ძალიან ძნელია საზოგადოების ნიჰილისტური დამოკიდებულებების, მძიმე ეკონომიკურ პირობებში, მაშინ, როცა პროფესიული აზრის და სიმართლის მოსმენა არავის უნდა, შექმნა ჟურნალი, რომელიც რაღაცას არა ემოციის გამოსაწვევად გამოაქვეყნებს, არამედ მისი ყველა სტატია, ყველა ინფორმაცია ქვეყნის აღმშენებლობის დატვირთვის მატარებელი იქნება.
მიმაჩნია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით უფრო მეტი უნდა კეთდებოდეს თავისუფალი გამოცემების, თავისუფალი ეკონომისტების მხრიდან და ეს დღესასწაული არ უნდა იყოს ვიწრო უწყებრივი დღესასწაული. როცა იგი ფართო ფენებსაც მოიცავს, ეკონომისტის დღე სხვა დატვირთვას მიიღებს.
მე ოპტიმისტურად ვუყურებ ჩემი ქვეყნის მომავალს და საქართველოს ეკონომისტების როლს მის განვითარებაში. როცა საქართველოს პარლამენტს, კანცელარიას გადახედავ, აღმოაჩენ რომ ქვეყანას, რომელსაც ყველაზე მეტი აღმშენებლობითი პროცესები აქვს გასავლელი, ყველა რგოლში განიცდის ეკონომისტთა ნაკლებობას, ვისთვისაც ეკონომიკური კრიტერიები გასაგები მაინც არის, პროფესიონალიზმზე და სიღრმეებზე რომ აღარ ვისაუბროთ.
ამერიკაში დატრიალებულმა ტრაგედიამ შოკში ჩააგდო მთელი მსოფლიო. პანიკამ მოიცვა საფინანსო ბაზრები. ამ მხრივ, საქართველოში ჯერჯერობით არაფერი იგრძნობა, როგორ ფიქრობთ, ეს მოვლენები იქონიებს თუ არა გავლენას ჩვენს ქვეყანაზე?
საბოლოოდ, ალბათ, იქონიებს. შეუძლებელია მსოფლიოში ასეთ კატაკლიზმებს დაედოს სათავე და ჩვენამდე ამან არ მოაღწიოს. მაგრამ ჩვენ იმდენად უმნიშვნელო როლს ვასრულებთ მსოფლიო ეკონომიკაში, რომ ნებისმიერი ასახვა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მნიშვნელობით, ასევე უმნიშვნელო იქნება. ის, რომ ქვეყანაში არც საფონდო ბაზარი გვაქვს და არც აქცია იცის რეალურად ვინმემ რა არის და არც მისი ყიდვა-გაყიდვა აინტერესებს ვინმეს, ეს ცალკე უბედურებაა. პრობლემისთვის და სიკეთისთვის კომუნიკაციებმა სამყარო ერთნაირად დააპატარავა. ამდენად, პირდაპირი გავლენა შეუძლებელია, თორემ ირიბად ნებისმიერი რამ, სიკეთე თუ უარყოფითი მოვლენა, რაც დოლარს ემუქრება, ემუქრება საქართველოსაც. ლარი აღარ ასრულებს განმსაზღვრელ როლს. მას რომ განმსაზღვრელი როლი ჰქონდეს, მაშინ ამდენი ხანი ჩვენ ასეთი კურსით ვერ ვიქნებოდით.
გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა სხვა მომენტსაც – ადამიანის სწრაფვას ერთგვარი სამოთხის შექმნის იდეისადმი. იმას, თუ რამდენად პირობითია უსაფრთხოება და სტაბილურობა. აღმოჩნდა, რომ თვით პენტაგონსაც კი არ აქვს უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტია. ამერიკაშიც კი დაუცველი აღმოჩნდა ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე და არა მარტო სიცოცხლე. სავაჭრო ცენტრში განთავსებული ტრანსნაციონალური კომპანიები წაიშალა. იქ სერიოზული ინტელექტუალური ძალა მუშაობდა, რომელიც, ფაქტობრივად, გაქრა. ამერიკას არ გაუჭირდება ახალი ცათამბჯენების აღმართვა, მაგრამ იქ მუშაობდა ხალხი, რომლებიც ძალიან ბევრს ნიშნავდნენ ამა თუ იმ კომპანიისთვის და დღეს ისინი აღარ არიან.
როგორც ექსპერტები ამბობენ, მოვლენების შემდგომმა განვითარებამ, შესაძლოა ხუთი წლით მაინც უკან დასწიოს საქართველოს ეკონომიკა.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების მასშტაბებს თუ გადავხედავთ, ვერანაირი გარე ფაქტორი ვერ მოახდენს ისეთ გავლენას, როგორც შიგნით ჩვენი ცალკეული სახელისუფლებო გადაწყვეტილებები. ვერ გეტყვით დასწევს თუ არა ეს მოვლენები საქართველოს, შესაძლოა წინ წასწიოს კიდეც. გააჩნია რა ტერიტორიული მოთხოვნა გაჩნდება ქვეყანაზე და საქართველო როგორ პოლიტიკას აირჩევს. ჩვენ სერიოზულ დახმარებას ვიღებთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჩემდა გასაკვირად და გასახარად, 14 სექტემბერს ამერიკიდან, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტიდან მოვიდა დასტური საქართველოში 35 ათასი ტონა ჰუმანიტარული ხორბლის მოწოდებაზე. არადა, ცნობილი ტრაგედია 11 სექტემბერს მოხდა. ამით მინდა გითხრათ, რომ მართალია, ამერიკა საომარ მდგომარეობაშია, მაგრამ ქვეყანა არ არის პანიკაში ჩავარდნილი. ყველა სხვა დარგთან ერთად, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტიც თავის მოვალეობას ასრულებს.
2002 წლის ბიუჯეტის პარამეტრების ირგვლივ უკვე მიმდინარეობს დებატები, თუ გაეცანით და როგორია თქვენი კომენტარი?
ბიუჯეტს არ გავცნობივარ, მაგრამ პრესაში გამოქვეყნებული ციფრებით გარკვეული წარმოდგენა მაქვს. იცით როგორი შთაბეჭდილება მრჩება? ქვეყანამ მთლიანობაში ვერ გააცნობიერა პრობლემათა ის სიღრმე, რომელიც ბიუჯეტის შესრულება არშესრულებასთან არის დაკავშირებული. ჩემთვის გაუგებარია ერთი მომენტი – საკონსტიტუციო ვადის მიხედვით მთავრობამ ბიუჯეტი პარლამენტში პირველ ოქტომბრამდე უნდა წარადგინოს. ეს, რა თქმა უნდა, ხორციელდება და მიდის დავა მის პარამეტრებზე, ამავე დროს 9 ოქტომბრამდე იგივე მთავრობამ უნდა მიიღოს ბიუჯეტის 300 მლნ-იანი სეკვესტრი. ჩემთვის ყოვლად გაუგებარია მთავრობის პოზიცია, როდესაც ერთი ხელით ხედავს სირთულეებს და 300 მლნ-მდე სეკვესტრს აკეთებს და მეორე ხელით თხოულობს გაიზარდოს მომავალი წლის ბიუჯეტში “წყლის” რაოდენობა და მომავალი საბიუჯეტო წლის ბოლოს ისევ სეკვესტრი განახორციელოს. ყოვლად პარადოქსული სიტუაციაა. ჩვენ თუ ვერ შევძელით ზოგადი საკანონმდებლო ბაზის ორიენტირება იმ მიმართულებით, რომ მან ეკონომიკა თვითონ გადაიყვანოს ლეგალურ რელსებზე და მუდამ ვიქნებით იმ კეთილი ძიების მოლოდინში, რომლებიც ამას გააკეთებენ მარტო იმიტომ, რომ სხვაზე უფრო კარგი “ბიჭები” არიან, ქვეყანა მარცხისთვის არის განწირული. არ შეიძლება მუდმივად ეძებდე განტევების ვაცს პიროვნებაში. თქვენ თუ გადახედავთ სეკვესტრების ისტორიას, ნახავთ, რომ ასეთი მასშტაბური სეკვესტრი ჯერ არ განხორციელებულა. არადა, ალბათ, ნოღაიდელის დაპირებაც გახსოვთ – ეს იქნება ბოლო სეკვესტრი! რომელიც, სამწუხაროდ, არ შესრულდა.