ეშაფოტზე აყვანილი მორიგი მინისტრი
მაია რაზმაძე
გია ბარამიძემ ულტიმატუმების მთელი ნუსხა წარადგინა გადასახადების მინისტრობაზე თანხმობის სანაცვლოდ. მიხეილ მაჭავარიანმა მეტი გაბედულება გამოიჩინა და პოსტზე უარი არ თქვა. თუმცა, დიდი ოპტიმიზმის მიუხედავად მუშაობაში სასურველ შედეგებს მაინც ვერ მიაღწია. საბოლოოდ კი, დიდი ხმაურით დატოვა (თუ აიძულეს დაეტოვებინა) სავარძელი. ევან ძნელაძეს მინისტრის სკამის მხოლოდ გაცვლა მოუხდა. ბოლო წლინახევრის მანძილზე მისთვის ეს უკვე მეხუთე თანამდებობაა.
როგორ უშველის და საერთოდ უშველის თუ ვერა ყოფილი ქონების მართვის მინისტრი აქილევსის ქუსლად ქცეულ გადასახადების ამოღების საკითხს, ალბათ, მალე დავინახავთ.
ლევან ძნელაძე “მმე”-ის სტუმარია.
ბატონო ლევან, რა ცვლილებების გატარება მიგაჩნიათ აუცილებლად, რომ გადასახადების ამოღების სფეროში მდგომარეობა გამოსწორდეს?
დღევანდელ ვითარებაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების სტაბილური საფუძვლები გააჩნდეს, ფისკალური საფუძველი, რაც გადასახადების მობილიზებაში, ერთიანი საგადასახადო სისტემის ფორმირებაში გამოიხატება. ამის უზრუნველყოფა ნებისმიერი ამბიციის, პრობლემის, წინააღმდეგობის მიუხედავად უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზულად შეერყევა საფუძველი იმ ძირითად საყრდენებს, რაზეც ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტია დამოკიდებული.
სწორედ ამ საკითხების მოგვარებაში ვხედავ ჩემი, როგორც ამ სისტემის ხელმძღვანელის, უმთავრეს ამოცანას. სისტემა აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს. პროგნოზირება მიჭირს – რამდენად შევძლებ ამას. მაგრამ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ეს განსაკუთრებული დავალებაა და შედეგის გათვლა რთულია, თუ არ იქნება თანადგომა და საქმიანობის კოორდინაცია.
თქვენ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განაცხადეთ თანხმობა ამ პოსტზე…
როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ადამიანს, რომელიც ობიექტურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და შეუძლია განსაზღვროს თავისი წვლილი ამ საქმეში, უფლება მაქვს განვაცხადო, რომ ამ დავალებას ვერ განვერიდებოდი. ბუნებრივია, თუ მისი შესრულება გამიჭირდება, სათანადო შეფასებების და რეაგირების საფუძველზე, თანამდებობას დავტოვებ და ჩემს ნაცვლად უფრო ღირსეული პიროვნება მოვა, ვინც უკეთესად და წარმატებით გაუძღვება სისტემას.
თავის დროზე მიხეილ მაჭავარიანიც საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ, რეალურად საქმე არც ისე კარგად წაუვიდა.
ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღვნიშნავ ბატონი მიხეილის, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის, პოზიტიურ და განსაკუთრებულ როლს. მან ახალი სიტყვა თქვა საგადასახადო სისტემის ფორმირების საქმეში. ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგადასახადო სისტემაში რეფორმის პროცესს. ვფიქრობ, ბედნიერი ვიქნები, როგორც მისი კოლეგა და თანამოაზრე, თუ უფრო გავაძლიერებ ამ რეფორმას და ლოგიკურ შედეგამდე მივიყვან. ანუ თუ მივაღწევთ ქვეყანაში ერთიანი საგადასახადო სისტემის შექმნას, სადაც ყველა ინსტიტუტი შეასრულებს იმ ვალდებულებებსა და ფუნქციებს, რაც მას კონსტიტუციით, კანონით ევალება.
მიხეილ მაჭავარიანიც ითხოვდა თანადგომას, მაგრამ…
იცით, ბატონი მიშასადმი თანადგომაზე არ არის საუბარი, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე. თუ არ იქნება ეკონომიკური სტაბილურობა, არც ეს სისტემა და არც მისი მინისტრი იარსებებს.
გია ბარამიძემ უარი თქვა გადასახადების მინისტრობაზე. მიშა მაჭავარიანი “გაწირეს”. ალბათ, პიროვნებებში არ არის საქმე. იქნებ, სისტემაა აუწყობელი?
ქვეყანაში ერთიანი საფინანსო-საბიუჯეტო სისტემა უნდა იყოს, რაც ერთიან საგადასახადო სისტემას გულისხმობს. ეს ყველაფერი ინფორმაციული და სამართლებრივი თვალსაზრისით ერთიანობაში უნდა განიხილებოდეს და ერთიანი შეფასებები ეძლეოდეს. ამასთან, გარკვეულ ნაწილში ბიუჯეტის უფლებამოსილებები ტერიტორიულ თუ სხვადასხვა სამართალსუბიექტებს შორის გამოკვეთილი და განსაზღვრულია. ეს ნორმატივებში, საგადასახადო კოდექსში აისახება. მაგრამ ჩემი აზრით ერთიანი სტრუქტურა არ ნიშნავს ერთ ჭერქვეშ, ერთი ქოლგის ქვეშ არსებობას. ამისთვის მარტივი მაგალითის მოყვანა შეიძლება: ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას თავიდან ბოლომდე ფინანსთა სამინისტრო იღებს (ეს მისი პრეროგატივაა). ის აყალიბებს როგორც საგადასახადო, ისე საბიუჯეტო პოლიტიკას და ხაზინის მეშვეობით აღასრულებს ამ პოლიტიკას ხარჯების ნაწილში. შემოსავლების ნაწილში ასეთი აღმასრულებელი სტრუქტურა, რაღაც ეტაპზე, როცა რეფორმა დასრულდება, საგადასახადო სამსახური იქნება როგორც დამოუკიდებელი, მაგრამ მნიშვნელოვანი საქვეუწყებო დაწესებულება. ხარჯების თვალსაზრისით აღსრულების ნაწილში, სათანადო ნორმატიული უზრუნველყოფის და ერთიანი სისტემის ფარგლებში, ეს იქნება ხაზინა, ხოლო საბაჟო სამსახურის ინსტიტუტი განვითარების გარკვეულ ეტაპზე გახდება არა ფისკალური დატვირთვის მქონე, არამედ მისი საქმიანობა, ძირითადად, მიმართული იქნება ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის ექსპორტ-იმპორტზე, სადაც ობიექტურად და სრულყოფილად აღირიცხება ქვეყნის საზღვარზე ესქპორტისა და იმპორტის ოპერაციები, აგრეთვე რეჟიმის შერჩევა. ეს ბაზა ხელმისაწვდომი იქნება საგადასახადო სამსახურისთვის, რათა შემდგომ, სივრცეში ობიექტურად და სრულყოფილად ამოიღონ გადასახადები.
და ეს ცვლილებები პოზიტიურ შედეგებს მოიტანს?
ძალიან რიტორიკული კითხვაა. რა საჭიროა ისეთი ცვლილებები, რომლებიც პოზიტიურ შედეგებს არ მოიტანს!
თქვენ ძალიან მოკლე დროში თავბრუდამხვევი სისწრაფით გამოიცვალეთ თანამდებობები. პიროვნულად რა განცდა გაქვთ?
განწყობის თვალსაზრისით ძალიან რთული და მძიმეა შინაგანად, ამოცანის გააზრების, პრიორიტეტების გამოყოფის მხრივაც. შინაგანი დისკომფორტიც მაქვს, რადგან ასეთ კოლექტივთან ურთიერთობა მიხდება. შეუძლებელია ახალ თანამდებობაზე მიხვიდე და ისევე აზროვნებდე, როგორც წინამორბედი. ბუნებრივია, აპარატიც, სისტემაც ახალ ხედვაზე გადასვლას საჭიროებს, ვალდებულებების და პასუხისმგებლობების აღებას… დამერწმუნეთ, ძალიან რთულია, სირთულეს ვგრძნობდი, მაგრამ რეალურად გაცილებით რთული აღმოჩნდა. ვგრძნობ, რომ მაქვს უნარი, ეს დატვირთვა გადავიტანო და ვფიქრობ, თავს გავართმევ თუ ფიზიკურად შევძელი. სამწუხაროდ, დღე-ღამეში 24 საათი მუშაობისთვის არასაკმარისია.