26 მაისი ანუ ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის თავისებურებები
სოფიკო სიჭინავა
26 მაისი ჩვენთვის მეტად ფაქიზი და მტკივნეული თარიღია. საქართველო უკვე მერამდენედ თავიდან იწყებს სახელმწიფოს მშენებლობას. მაშინაც, 26 მაისს მთავრობას (მინისტრთა კაბინეტს) ვქმნიდით და სახელმწიფოს აშენებას ვცდილობდით. მთავრობის კაბინეტი შევქმენით და…
რა არის საერთო და სხვაობა მაშინდელ და დღევანდელ 26 მაისს შორის, რაში მდგომარეობს სახელმწიფოების მშენებლობის ქართული თავისებურება? ამ საკითხებზე გვესაუბრება “ახალი ფრაქციის” წევრი, პარალამენტარი ფიქრია ჩიხრაძე.
– 26 მაისი ქართველებისთვის საკმაოდ ემოციური თარიღია. მასში ისტორიული და საუკუნეებგამოვლილი თავისუფლების სურვილია აკუმულირებული. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს რეალიზებული თავისუფლების სიმბოლოა. უფრო ემოცია და სურვილია ჩადებული. ვგულისხმობ წინა საუკუნის დასაწყისში მომხდარ და, გნებავთ, ამ საუკუნის დასაწყისში მიმდინარე მოვლენებს. მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მიიღო, ეს იმდენად ხელოვნურად გამოწვეული პროცესი იყო, რომ მას საქართველოს ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა. დამოუკიდებელმა ქვეყანამ სამი წელი იარსება. ამას მოჰყვა საბჭოთა ხელისუფლების დამყარება, რამაც ბევრი რამ დაამუხრუჭა, გაამრუდა, მაგრამ თავისუფლებისაკენ სწრაფვა ერში არ დაიკარგა და არ შეიბღალა. 80-იანი წლების შუა პერიოდში ისევ აზვირთდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა. ცუდი და სამწუხაროა, რომ მე-20 საუკუნის მიწურულში მოცემული სერიოზული შანსი ჩვენმა ქვეყანამ ვერ გამოიყენა, რომ იმ პერიოდის პროცესებიდან გამომდინარე, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა მსოფლიოში, გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, რაც საქართველოს გააჩნია, თავისუფლად შეიძლებოდა, რომ 21-ე საუკუნეს თუ ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრიობით არა, სერიოზული გარანტიებით შევხვედროდით. დღეს, პრაქტიკულად, არსებობს დეკლარირებული დამოუკიდებელი საქართველო, დე-იურე, როგორც იტყვიან, თავისუფალი საქართველო, მაგრამ რეალობაში დამოუკიდებლობას სერიოზული საფრთხეები ახლავს. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყანამ უკვე რამდენიმე წელი ბიუჯეტი ვერ შეასრულა და იმასაც, რომ მართალია, ქართველი ხალხის თავისუფლებისადმი დამოკიდებულება არ შეცვლილა, მაგრამ ამ ტიპის დამოუკიდებლობისადმი უდავოდ შეიცვალა და ფიქრობს, რომ ასეთი თავისუფლება მას არაფერში სჭირდება. ვფიქრობ, რომ ასეთი განწყობა ძალიან სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის.
– მინისტრთა კაბინეტის შემოღება შეიძლება ქცეულიყო ახალ ათვლის წერტილად, ისევ პარტიული ინტერესები რომ არ წამოწეულიყო წინა პლანზე. მთელი ის აჟიოტაჟი, რაც მმართველი ძალის მხრიდან წამოვიდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა მმართველ ძალაში სიტუაციის გადარჩენის მცდელობა. როცა კრიზისია, მას ვერც მმართველი ძალა ვერ გადაურჩება, რადგან თვითონ არის ამ კრიზისის შემქმნელი და ინსპირატორი. ბუნებრივია, ეს მათ შინაგან მდგომარეობაზეც აისახება. მთელი უბედურება იმაში მდგომარეობდა, რომ მინისტრთა კაბინეტის შემოთავაზებული მოდელი იმისთვის კი არ შეიქმნა, რომ იგი კრიზისული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი იყო, უბრალოდ ამის დეკლარირება ხდებოდა. მაგრამ ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ მოქალაქეთა კავშირს პასუხისმგებლობა აეცილებიანა, ყველაფერი გადაებრალებინა ძველი მოდელისთვის და ეთქვა, ამ ახალ მოდელში ჩვენ რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ. რეალურად, ეს იყო პარტიული ურთიერთობების, კონკრეტულად, ჟვანია-შევარდნაძის ურთიერთობის გადარჩენის მცდელობა; სამომავლოდ, ჟვანიასთვის ხელისუფლებაში მოსვლის სერიოზული გარანტიების შექმნა. ამ დროს არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ ქვეყნისთვის მართლა ასე აუცილებელია თუ არა ეს მოდელი. ერთი წლის წინ, როდესაც იყო ამისი სერიოზული მცდელობა, მხედველობაში მაქვს ისტორიული ხელმოწერები, მმართველი ძალა ამას განგაშით შეხვდა და წამყვანი კომიტეტების თავმჯდომარეებმა თავიანთი ხელმოწერები უკან წაიღეს. ეს მოინათლა გადატრიალებად, შეთქმულების მცდელობად და ა.შ. როცა ერთი წლის თავზე მოგიბრუნდებიან ეს ადამიანები და გიმტკიცებენ, რომ მინისტრთა კაბინეტი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსია, ცხადია, ეჭვი ჩნდება და სრულიად საფუძვლიანადაც – მოქალაქეთა კავშირში არის კრიზისი, ამ კრიზისის დასაძლევად მათ სჭირდებათ რაღაც ახალის მოგონება, რომ პასუხი არ აგონ იმაზე, რაც აქამდე ხდებოდა. ამ ბოლო დროს ძალიან სულელური რამ მოიფიქრეს, რომ ყველაფერზე პასუხისმგებლობა თავის თავზე თურმე ოპოზიციამ უნდა აიღოს, ხოლო თავად პასუხისმგებლობაზე სიტყვის გაგონებაც არ სურთ. ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
– ბოლო ხუთი წელია, რაც დილემად იქცა ის საკითხი, თუ ვინ ჩაიბარებს შევარდნაძის შემდეგ ხელისუფლებას. მესმის, რომ ძალიან ბანალური, მაგრამ ძალიან საინტერესოა, გახდება თუ არა ჟვანია პრეზიდენტი?
– ვფიქრობ, რომ პირდაპირი არჩევნების გზით მას პირველ კაცად ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვს. ამას ჟვანიაც კარგად აცნობიერებს. სწორედ იმიტომ ხდება ჩვენი სახელისუფლებო მოწყობის სისტემის მოდელირება, რომ ჟვანიას საშუალება მიეცეს ხელისუფლების სათავეში არჩევნების გარეშე, კონსტიტუციური ცვლილებების წყალობით აღმოჩნდეს”.