ყავა თუ ჩაი
ალექსანდრა ლალიაშვილი
საქართველო ტრადიციულად ჩაის მწარმოებელი ქვეყანაა. რას ნიშნავს ტრადიციები და რა შემოგვრჩა ამ ტრადიციებისაგან? საინტერესოა, რამდენად იცის “ჩაის ქვეყნის” მოსახლეობამ ჩაის მოხმარების წესები? რას ნიშნავს იყო “ჩაის ქვეყანა” მაშინ, როცა მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჩაის დაყენებაც კი არ იცის და როცა ბაზარზე არსებული ჩაის თითქმის 90% იმპორტირებულია? რა ადგილს იკავებს ქართველების ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს სასმელი? შეძლო თუ არა ყავამ მისი ჩანაცვლება?
ფაქტია, რომ ყავა უფრო დიდი რაოდენობით მოიხმარება დღეს საქართველოში, ვიდრე ჩაი. ამას იმპორტირებული ყავისა და ჩაის მოცულობის შედარებაც მოწმობს (ცხრილი 1). საქართველოში ყოველწლიურად უფრო მეტი ყავა იმპორტირდება, ვიდრე ჩაი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორივე ამ პროდუქტის შემთხვევაში, ბაზრის უდიდესი წილი იმპორტირებულ პროდუქციას უკავია, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართველები ყავას ჩაიზე დიდი რაოდენობით მოიხმარენ. რა განაპირობებს ყავის პოპულარობას?
საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქართველებისათვის ჩაი უმეტესად ასოცირდება ოჯახთან, დასვენებასა და სიმშვიდესთან. ყველაზე მეტ ჩაის მომხმარებელი მიირთმევს ოჯახში, შემდეგ – სამუშაო ადგილზე. ჩაი ყველაზე ხშირად და მეტი რაოდენობით იყიდება მყიდველთა ახლოს მდებარე მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში.
რაც შეეხება ყავას, როგორც ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, ყავა გაცილებით ახლოს დგას სამკურნალო საშუალებებთან, ვიდრე საკვებ პროდუქტებთან. ყავის კვებითი ღირებულება ნულია, რადგან იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება კი მასში საკმაოდ ბევრია. მრავალი მეცნიერის აზრით, ყავა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, ავადმყოფებისთვის მის უსაფრთხოებას კი მხოლოდ მეოთხედი აღიარებს. ექიმთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს სასმელი არცთუ უვნებელია გასტრიტის, წყლულოვანი დაავადებების, ქოლეცისტიტის, ღვიძლის ციროზის, ჰიპერტონიის, გულის იშემიური დაავადების დროს, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
ალკოჰოლიზმით დაავადებულებში ყავა ხელს უშლის ღვიძლის ცეროზის განვითარებას – ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მედიკოსები, რომლებიც 20 წლის განმავლობაში თითქმის 130 ათას ადამიანს აკვირდებოდნენ. მათი მონაცემებით, დღეში 1-3 ფინჯანი ყავის მიღება ცეროზის განვითარების რისკს 40%-ით ამცირებს, ხოლო 4 და მეტი ფინჯნისა – 80%-ით. იაპონელმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ყავა თითქმის ორჯერ ამცირებს ღვიძლის კიბოს განვითარების ალბათობას, რაც, მათი აზრით, სასმელში შემავალი ანტიოქსიდანტების დამსახურებაა. ჰარვარდელი მკვლევარები კი გვამცნობენ, რომ დღეში 2-3 ფინჯანი ყავის სმა ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის ალბათობას 30-40%-ით ამცირებს, ხოლო 4 ფინჯნისა – 50%-ით. გარდა ამისა, დღეში 3-4 ფინჯანი ყავა უკეთესად იცავს შაქრიანი დიაბეტისგან, ვიდრე 6-8 ფინჯანი მწვანე ჩაი.
ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე ყავის ზემოქმედებამ გამოიწვია. მეცნიერთა ნაწილი ირწმუნება, რომ ყავა ზრდის სისხლის წნევას და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ გულსისხლძარღვთა სისტემის-თვის ყავა უვნებელია. მაგალითად, ჰარვარდისა და მადრიდის უნივერსიტეტების მეცნიერები გულის პრობლემებს ყავას კი არა, ცხოვრების არაჯანსაღ სტილს აბრალებენ: ყავის მოყვარულები უფრო მეტს ეწევიან, მეტად ეტანებიან ალკოჰოლურ სასმელებს და არ მისდევენ სპორტს, ამიტომაც უფრო ხშირად ემართებათ გულისა და სისხლძარღვების დაავადებები. მაგრამ ცოტა ხნის წინ ბერძენმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტ ყავას სვამს ადამიანი, მით უფრო ნაკლებელასტიურია მისი სისხლძარღვები და, შესაბამისად, მით უფრო მაღალია ინფარქტის, ინსულტისა და ჰიპერტონიის განვითარების რისკი.
ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის, სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ. არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ყავა საშიშია, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც ეს სასმელი რგებს. არიან ისეთებიც, ვისთვისაც ყავის სმა უბრალოდ ტრადიციად ქცეული ჩვეულებაა. მაგრამ საკითხავია ისიც, თუ როგორი ყავა იყიდება ქართულ ბაზარზე? საიდან შემოდის ის და რამდენად ხარისხიანია?
ყავის იმპორტი
მსოფლიში ყავის 2 ჯიში არსებობს: არაბიკა და რობუსტა. აქედან არაბიკა არის მაღალი ხარისხის ჯიში, ხოლო რობუსტა დაბალი, რომელიც, ძირითადად, ვიეტნამში, ინდონეზიასა და ინდოეთში მოდის. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ყავის 70-75% არის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული რობუსტას ჯიში. არაბიკას ჯიში გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში. საქართველოში მასიურად შემოდის ყველაზე დაბალი ხარისხის (ინდოეთი, ვიეტნამი) ხშირად წინა წლის მოსავლის რობუსტას ჯიშის ყავა.
საქართველოში 2011 წელს 13,113 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ყავის იმპორტი გან-ხორციელდა, რაც 33%-ით აღემატება 2010 წლის მონაცემს. 2010 წელს საქართველოში 9,858 მლნ. აშშ დოლარის, 2009 წელს 10,311 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ყავის იმპორტი განხორციელდა (ცხრილი #2). მზა სახით საქართველოში ყავა ძირითადად სომხეთიდან და თურქეთიდან, მცირე ნაწილი კი ევროპიდან შემოდის.
როგორც ყავის რეალიზატორ ქართული კომპანიებში აღნიშნავენ, ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე სომხურ ყავაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა. “სომხური ყავა დაფასოებული იყიდება და არავინ იცის შიგნით რა არის. შეიძლება, მაგალითად, მუხუდო ერიოს” – აცხადებენ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ყავაში ბარდის გამოყენება ყავის ფასს 30%-ით ამცირებს, რაც სომხური ყავის იმპორტიორებს დიდ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. დღეს ბაზარზე 100 გრამი ყავის ღირებულება 1,30 ლარი, ხოლო 1 კილოგრამი ელიტარული ყავის ფასი 8 ლარია.
სკანდალი სომხური ყავის “რიო გრანდეს” ირგვლივ ჯერ კიდევ ორი წლის წინ აგორდა. სომხური ყავის მწარმოებელ კომპანიებს ქართული მხარე უხარისხო პროდუქციის გამოშვებაში ადანაშაულებდა, რასაც კატეგორიულად უარყოფდა “რიო გრანდეს” რეალიზატორი კომპანია. მისი წარმომადგენელები ირწმუნებოდნენ, რომ სომხური ყავა უმაღლესი ხარისხის, სუფთა პროდუქციაა.
“ყაზბეგი ყავას” წარმომადგენელთა თქმით, ქართული კომპანიების ფინანსური პრობლემების მიზეზი ისაა, რომ ქართული ბაზარი მთლიანად სომხურ კომპანიებს აქვთ მონოპოლიზებული და მას შემდეგ, რაც ბაზარზე ანტიმონოპოლიური რეგულაციები არ არსებობს, ქართული ბიზნესი უკუსვლას განიცდის. კომპანია “ყაზბეგი ყავის” შემდეგ სომხური კომპანიების მონოპოლიაზე ყავის სხვა მწარმოებლებიც ალაპარაკდნენ. მათი განცხადებით, სომხური პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, მაგრამ მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს, რომ ნატურალურ ყავას არ სვამს. ეტიკეტზე კი მითითებულია, რომ ეს არის უმაღლესი ხარისხის, სუფთა ყავა, როდესაც რეალურად, მისი ხარისხი საშუალოს ვერ სცდება და 50% მასში სოიოა. საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს მინარევებით სავსე ყავის წარმოებას, თუმცა მწარმოებელი მომხმარებლის წინაშე ვალდებულია პროდუქციაზე შემადგენლობა მიუთითოს.
მართალია, ქართული კომპანიები მათ არასახარბიელო მდგომარეობას დემპინგურ ფასებს აბრალებენ, მაგრამ ექსპერტთა შეფასებით, იმას რომ, სომხური ყავა საქართველოს ბაზარზე წლების განმავლობაში იყო ლიდერი რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში კი, ის რომ ადგილობრივი ბიზნესმენები არასათანადოდ ავითარებდნენ ყავის წარმოებას. უმეტესობას არ აქვს შესაბამისი დანადგარები და მუშაობს მოძველებული ტექნიკით. იქნება ეს მოსახალი და დასაფქვავი, თუ შესაფუთი დანადგარები. კომპანიები არ ახორციელებენ ჯეროვან მარკეტინგულ პოლიტიკას. განუვითარებელია სადისტრიბუციო ქსელი.
ჩაის ქვეყანა
რაც შეეხება ჩაის, 2011 წ. იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტზე 1,650 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების 1 937 ტ. ჩაი გავიდა, იმპორტის სიდიდემ ამავე პერიოდში 4,478 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან ექსპორტი სულ 22 ქვეყანაში გავიდა. ექსპორტის მიხედვით ლიდერობს მონღოლეთი 618 ტონით (32%), უკრაინა (266 ტონა/14%), გერმანია (196 ტონა/10%) და თურქმენეთი (168 ტონა/9%), ექსპორტის 35% დანარჩენ 18 ქვეყანაზე მოდის. იმპორტი 25 ქვეყნიდან განხორციელდა. იმპორტის მიხედვით პარტნიორი ქვეყნების პირველი სამეულია აზერბაიჯანი – 333 ტონით (45%), შრი-ლანკა – 170 ტონა (23%) და ირანი – 101 ტონა (14%), იმპორტის 18% დანარჩენ 22 ქვეყანაზე მოდის.
საექსპორტო ჩაის 1 კგ.-ს საშუალო ფასი 0,85 აშშ დოლარია, იმპორტირებულის კი 6,1 აშშ დოლარი. ადგილობრივმა წარმოებამ 2010 წ. 3 500 ათასი ტონა შეადგინა (შედარებისთვის, 2009 წელს იგივე მაჩვენებელი იყო 5 800 ტონა, 2008 წელს – 5 400 ტონა, ხოლო 2007 წელს – 7 500 ტონა). ფე-რის მიხედვით მომხმარებლებში ყველაზე პოპულარულია შავი ჩაი, დაფასოების მიხედვით – ჩაი ერთ-ჯერად პაკეტებში. საშუალო მომხმარებელი ჩაის არჩევს საკუთარი გამოცდილებით, შემდეგ რიგში კი სხვისი რჩევით. ამასთანავე, ზამთარში იყიდება დაახლ. 1,35-ჯერ მეტი ჩაი, ვიდრე ზაფხულში.
2006 წლიდან დღემდე ჩაის ექსპორტი “ჩაის ქვეყნიდან” თვალშისაცემად მცირდებოდა. ეს მაჩვენებელი 2006 წლის 3818 ტონიდან 2009 წლისთვის 52 ტონამდე დაეცა, თუმცა 2010 წელს ექსპორტმა 1491 ტონა შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა 2006-დან 2009 წლამდე 783-დან 888 ტონამდე იზრდებოდა, 2010 წელს კი ჩაის იმპორტი 796 ტონამდე ჩამოვიდა. 2005 წლის შემდეგ სხვაობა იმპორტირებულ და ექსპორტირებულ ჩაის შორის იმპორტირების სასარგებლოდ იცვლება (ცხრილი #4). ქართული კომპანიებიდან ადგილობრივ საცალო ქსელში – გურიელი (ჯეოპლანტი), სამაია, მარნეული და ტყიბულის ჩაი ლიდერობენ. ქართული ჩაის წილი ქართულ ბაზარზე მხოლოდ 18-20%-ია. ეს ძალიან მცირე მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს ბაზარზე ამ დროსათვის 20-მდე ადგილობრივი მწარმოებელი მოქმედებს. ესპორტ-იმპორტის შედარებისას ნათელი ხდება, რომ მათი წარმოება არცთუ მსხვილმასშტაბიანია.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ორივე კულტურის (ჩაი და ყავა) შემთხვევაში, ადგილობრივი ბიზნესმენების პრობლემა, პირველ რიგში, საწარმოო კულტურის დაბალი დონეა. მაღაზიებში, ერთი თვალის შევლებითაც ნათლად ჩანს თუ რა დაბალი ხარისხის შეფუთვა აქვს ქართულ ნაწარმს. დღეს საქართველოში მწვავე პრობლემაა პროდუქციის შეფუთვის საკითხი. ექსპერტთა შეფასებით, ამ პრობლემის გადაწყვეტა თავისუფლად შეიძლება სახელმწიფო სუბსიდიებით. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში იარსებებს რამდენიმე შემფუთავი ქარხანა, რომელიც კომპანიების მომსახურებას გაუწევს, ცალკე კომპანიებს აღარ დასჭირდებათ პროდუქციის შესაფუთად კოლოსალური თანხების დახარჯვა, რომელიც საზღვარგარეთის ქარხნების მომსახურებაზე იხარჯება. ხშირად კი თანხების უქონლობის გამო. არც ის არის აუცილებელი, რომ ყველა კომპანიას თავის შემფუთავი ქარხანა ჰქონდეს. ამ პრობლემის მოგვარება ქვეყანაში რამდენიმე მაღატლექნოლოგიური ქარხნის არსებობით შეიძლება, რომელიც დანარჩენ კომპანიებს კომერციულ მომსახურებას გაუწევს.