ექსპორტის ლოკომოტივის გამწევი ძალა
მაკა ღანიაშვილი
იაპონიის რადიაციული კატასტროფის შემდეგ, ბევრი ფიქრობდა, რომ ეს ატომური ენერგიის ეპოქის დასასრულის დასაწყისი იყო. მართლაც ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა, გამოაცხადეს, რომ არსებულ ატომურ სადგურებს ეტაპობრივად დახურავდნენ და ნელ-ნელა მთლიანად განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადავიდოდნენ. უფრო მეტიც, გერმანიაში ამაზე ფიქრი ჯერ კიდევ ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, 1986 წელს დაიწყეს. 2000 წელს გერმანიის მთავრობამ ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა შეაჩერა და განაცხადა, რომ არსებულ 17 სადგურსაც 2021 წლამდე სრულად დახურავდა. გერმანული გეგმით, 2021 წლისათვის განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ქვეყანას ენერგიის 50% უნდა მიეღო, ხოლო 2050 წლისათვის უკვე 100%. მაგრამ ამ მიზნის განხორციელება არცთუ მარტივი გამოდგა.
გერმანელებმა მიზნები ნელ-ნელა შეცვალეს, ჯერ იყო და ატომური ენერგეტიკული სადგურების საბოლოოდ გაუქმების თარიღი 2036 წლამდე გადასწიეს, შემდეგ კი, კონსერვატიული პარტიის ინიციატივით, სულაც 2050 წლამდე გადაწევაზე დაიწყო ლაპარაკი. გერმანია ენერგიის მოხმარების მი-ხედვით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში, მოხმარებული ენერგიის 25% კი ატომური თბოლექტროსადგურებიდან მიიღება. ატომური ენერგიის ჩანაცვლება ენერგიის ალტერნატიული წყაროებით მთავრობისათვის ძალიან დიდ დანახარჯებთან და “ენერგეტიკულ შიმშილთან” იქნება დაკავშირებული. ამიტომაც ცდილობდა გერმანიის მთავრობა ატომური ელექტროსადგურების ლიკვიდაციის თარიღის გადაწევას, მაგრამ საქმეში კვლავ “იაპონური ტრაგედია” ჩაერია.
იაპონიის ფუკუსიმას ტრაგედიისთანავე, 2011 წლის მარტში გერმანიის მთავრობამ კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება ატომური სადგურების გაუქმების შესახებ. მართალია, გერმანია გულხელდაკრეფილი არც აქამდე მჯდარა (1998 წლიდან 2011 წლამდე ალტერნატიული ენერგოწყაროებით მიღებული ენერგიის წილმა მთლიან მოხმარებაში 4,7%-დან 20,8%-მდე აიწია), თუმცა ეს ჯერ ზღვაში წვეთია. შემდეგი 10 წელი იქნება ტრანსფორმაციის ეტაპი, ენერგეტიკის ახალ წყაროებზე გადასასვლელად. ექსპერტთა შეფასებით, ამ პერიოდში ეკონომიკის სტიმულირებისათვის დამატებით 240-260 მილიარდი ევრო იქნება საჭირო. მზის ენერგიის გადამამუშავებელი სადგურის მშენებლობა 53 მილიარდი ევრო ჯდება, ქარის ენერგიის გადამამუშავებელის კი – 20 მილიარდი.
ატომური ენერგიის ჩანაცვლების კიდევ ერთი გზა ელექტროენერგიაა. საინეტერსოა, მაშინ, როცა ევროპა ატომური ენერგიისაგან თავის დაღწევას ცდილობს, უჩნდება თუ არა დამატებითი შანსი იმ ქვეყნებს, რომლებიც ელექტრო ენერგიის ექსპორტს ახდენენ ან ცდილობენ ექსპორტიორებად უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდნენ? როგორც პრემიერი ნიკა გილაური აცხადებს, ენერგეტიკა ხდება ჩვენი ექსპორტის ლოკომოტივი. რამდენად გვაქვს ამის შანსი? მოახდენს თუ არა ფუკუსიმას ტრაგედია ზეგავლენას ქართული ენერგეტიკის საექსპორტო პოტენციალზე?
15 ახალი ჰესი და ახალი საექსპორტო პოტენციალი?!
საქართველოში 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. ჰესების პროექტებს ემატება ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება. მსხვილმასშტაბიანი პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველო რეგიონში დენის მსხვილ მწარმოებლად უნდა ჩამოყალი-ბდეს. “15 ახალი ჰესი იმისათვის, რომ აღარასდროს დავბრუნდეთ წარსულში” – საქართველოს მთა-ვრობის ახალი ლოზუნგია. ლოზუნგი მაცდურად მიმზიდველი ჩანს, მაგრამ, როგორც ექსპერტები განმარტავენ, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
გარდა იმისა, რომ ხელისუფლების ეს ამბიციური გეგმა ბევრ კითხვას უჩენს გარემოს დამცველებს (მათი თქმით, წყლის ქვეშ აღმოჩნდება ათასობით ჰექტარი ტყის მასივი და სოფლები; ათასობით ადამიანს მოუწევს საკუთარი სახლ-კარის დატოვება; განადგურდება ფლორისა და ფაუნის უმნიშვნელოვანესი სახეობები, შეიცვლება მიკროკლიმატი), საქართველოს მთავრობის ეს მასშტაბური პროექტი ეკონომისტთა ნაწილშიც იწვევს ეჭვებს. ექსპერტთა ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს იმ გათვლებს, რომ 15 ჰესის აშენება შეამცირებს მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფს და ქვეყანას მსხვილ შემოსავალს მოუტონს ექსპორტიდან.
არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარე, მანანა ქოჩლაძე: “გარემოსდამცველები არ ვეწინააღმდეგებით ყველა ჰესის მშენებლობას, ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ ჰესების მშენებლობას, რომელთა განხორციელების შედეგად, ვიცით, რომ მოხდება მდინარეთა ეკოსისტემების განადგურება (მაგ. მდ. თერგის და ფარავნის შემთხვევაში), ადგილი ექნება ადამიანთა გადასახლებას, ტერიტორიების დატბორვას, მათ შორის ტყეების, სასოფლო სამეურნეო სავარგულების, საძოვრების განადგურებას, მიკროკლიმატის ცვლილებას თავისი თანმდევი უარყოფითი მოვლენებით. ჩვენ ვეწინააღმდეგებით დიდი ჰესების მშენებლობას, ვინაიდან კაშხლების მსოფლიო კომისიის რეკომენდაციებით, დიდი კაშხლების მშენებლობის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული საზოგადოებრივი კონსენსუსის გზით მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის განვითარების ყველა მდგრადი ალტერნატივა ამოწურულია (მდგრადი ალტერნატივა არ გულისხმობს ორგანულ საწვავს და ატომურ ელექტროსადგურებს)”.
როგორც გარემოს დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, კაშხლების მსოფლიო კომისიის რეკომენდაციებით საჭიროა ქვეყანამ შემდეგი ქმედებები განახორციელოს სანამ დიდი ჰესის მშენენლობის საკითხს გადაწყვეტს: საზოგადოების ფართო მონაწილეობით უნდა შემუშავდეს საქართველოს ენერგო-სექტორის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც განიხილავს ყველა რეალისტურ ალტერნატივას (მათშორის, მცირე ჰიდროსისტემებს, ქარისა და მზის ენერგეტიკას, ბიომასას), რათა შეირჩეს საქართველოს ბუნებისა და მოსახლეობისათვის ყველაზე უმტკივნეულო და ოპტიმალური ვარიანტი.
მანანა ქოჩლაძე: “რაც შეეხება დარიალის, ჭოროხის, ნენსკრას და ფარავანის ჰესებს, აქ დგება კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ქართული ნოუ ჰაუს შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ამან მთლიანად შეიძლება მოსპოს ქვეყნის მდინარეები. ლაპარაკია, მდინარის კალაპოტში საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10%-ის დატოვებაზე და, რომ თურმე ეს საკმარისი იქნება, ზოგადად, მდინარის ეკოსისტემისთვის. რა სტანდარტს ან გამოცდილებას ეყრდნობიან სრულიად ბნელით მოცულია. ადრე წერდნენ, რომ ეს იყო საერთაშორისო სტანდარტი და როდესაც ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და დავამტკიცეთ, რომ მსგავსი სტანდარტი არ არსებობს და რომ 40%-ს ქვემოთ მდინარის წყლის ხარჯის დატოვება მთელი რიგი მეთოდოლოგიებით უკვე პრობლემატურად განიხილება, ამის შემდეგ ამოიღეს სიტყვები “საერთაშორისო სტანდარტთან შესაბისობაში”. თუმცა ვერ ახსნეს, თუ რატომ უნდა იყოს წყლის სანიტარული ხარჯი 10% (თან ყველა მდინარეზე, რომლებიც ეკოსისტემურად განსხვავდებიან) და არა მაგალითად, 5%, 15%, 30% ან მეტი”.
საქართველოს მთავრობაში ძირითად ყურადღებას პროექტის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ამახვილებენ. ნიკა გილაური: “დაგეგმილ პროექტებში დასაქმდება 13 ათასზე მეტი ადამიანი, ელექტროენერგიის გამომუშავება, არსებულთან შედარებით 2-ჯერ გაიზრდება. ჩვენ აღარ ვყიდულობთ ელექტროენერგიას, ჩვენ ვაწარმოებთ მას”. ჰესების მშენებლობებზე ახალი სამუშაო ადგილების შექ-მნასთან ერთად საქართველოს მთავრობა ინვესტიციების მოცულობის ზრდასაც მოელის. დაახლოებით 4-5 წლის მანძილზე საქართველოში 4 მილიარდ აშშ დოლარამდე დამატებითი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს. ინვესტიციებს საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში, ძირითადად, თურქეთი ახორციელებს. სწორედ თურქეთში მოხდება დენის ექსპორტი. მაგრამ სპეციალისტები და ექსპერტები მთავრობის ეკონომიკურ გათვლებასაც ეჭვვეშ აყენებენ.
მხოლოდ ხუდონჰესის მაგალითზე საუბრისას ასოციაცია “მწვანე ალტერნატივის” წა-რმომადგენელები ჰესის მშენებელ კომპანია თრანს Eლეცტრიცა Lიმიტედ-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე დაყრდნობით, ამბობენ, რომ ამ ხელშეკრულე-ბით საქართველო სარგებლის მაგივრად ვალდებულებებს იღებს.
მანანა ქოჩლაძე: “ჩვენ გავაანალიზეთ არსებული მემორანდუმები კომპანიებთან და ვნახეთ, რომ რისკები უფრო მეტია სახელმწიფოსთვის, ვიდრე მოგება. მაგალითად, ავიღოთ ფარავანი ჰესი – მემორანდუმში ნათქვამია, რომ ის ზამთარში მიაწვდის ელექტროენერგიას ქართულ სისტემას მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ ხშირად მდ. ფარავანი ზამთარში იყენება. რაც შეეხება ექსპორტს, დიდ მოგებას აქედან არ უნდა ველოდეთ, ვინაიდან ექსპორტი განთავისუფლებულია გადასახადისგან. ინვესტორს ასევე არ აქვს ვალდებულება დაასაქმოს ადგილობრივი მაცხოვრებლები. მას ასევე 1 დოლარად გადაეცა მიწა, რომელიც მერე ჩადო ბანკის კრედიტის უზრუნველყოფისთვის. ამასთანავე ინვესტორი იხდის მხოლოდ მოგების და ქონების გადასახადს (ჩვენი გათვლებით, ეს იქნება საკმაოდ მცირე – სულ 1-2 მილიონი წელიწადში).
ამ პროექტის განხორციელებისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საერთაშორის საფინანსო კორპორაციის მიერ ჯამში 80 მლნ აშშ დოლარი ჩაიდო, თუმცა საქარ-თველოსთვის ამ პროექტიდან უკუგება დაბალია, რისკები მაღალი (მათ შორის, ხერთვისის დატბორვის, მოსახლოებისთვის საძოვრების შემცირების, მდინარის ეკოსისტემის განადგურების და ა.შ.). უფრო მეტ პრობლემებს ვაწყდებით ისეთი დიდი ჰესების შემთხვევაში, როგორიცაა ხუდონი და ნამახვანი, სადაც ამ ყველაფერს ემატება მოსახლეობის გადასახლება, დიდი ოდენობით ტერიტორიების დატბორვა, კიდევ უფრო ნაკლები ეკონომიკური სარგებელი და ა.შ.” – დასძენს მანანა ქოჩლაძე.
მსგავს ტენდენციებს უსვამს ხაზს საქართველოს ყოფილი ენერგო ომბუდსმენი, დავით ებრალიძე: “ჩემი აზრით, ის პროექტი, რომელსაც ახლა სახელმწიფო ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით, არ არის ქართული ეკონომიკისა და ქართული ენერგეტიკის განვითარებისთვის წინგადადმული ნაბიჯი. ვინაიდან სახელმწიფომ ჰიდრო პოტენციალი გაასხვისა ისეთი პირობით, რომელიც არ ითვალისწინებს ქართულ ენერგეტიკაში ამ ჰესების მიერ გენერირებული ელექტროენერგიის მონაწილეობას. ამ ჰესებში გენერირებული ელექ-ტროენერგიის ძირითადი მოცულობა გათვალისწინებულია ქვეყნის გარეთ გასატანად და არა ქართული მოხმარებისათვის. ამიტომ, ჩემი აზრით, მცდარი შეფასებაა, რომ ეს პროექტები გამიზნულია ქართული ენერგეტიკის უკეთესი მომავლისთვის. ეს ასე არ არის. ინვესტორს შეუძლია გენერირებული ენერგიის მთელი მოცულობა გარეთ გაიტანოს. კონტრაქტში ჩადებულია მხოლოდ იმის პირობა, რომ ზამთარში გენერირებული ენერგიის რაღაც ნაწილი დარჩეს საქართველოში. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ზამთარში ჩვენი მდინარეები წყალმეჩხერია და ელექტროენერგიის გენერირება ძა-ლიან მცირეა. ამიტომ საუბარია ადგილობრივი მოხმარებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიის ძალიან მცირე რაოდენობაზე. ანუ ეს ჰესები ქართული მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი.
ს.ე. – მაგრამ ექსპორტიდან ხომ მიიღებს ქვეყანა შემოსავალს?
დ.ე. – ამ მხრივაც დიდი შემოსავალი არ იქნება, რადგან ელექტროენერგია არ იბეგრება აქციზით, ამდენად ექსპორტირებული ელექტროენერგიის აქციზიდან შემოსავალი არ იქნება. ექსპორტი არ იბეგ-რება არც დღგ-თი და ვერც დღგ-დან მივიღებთ შემოსავალს. რაც შეეხება მოგების გადასახადს, ესეც უმნიშვნელო იქნება, ვინაიდან ყველა ეს მშენებლობა არის კაპიტალტევადი და მრავალი წლის განმავლობაში ამ კომპანიებს მოგება არ ექნებათ. ამდენად, ეკონომიკური თვალსაზრისითაც ამ ჰესების მშენებლობის პროექტს ექნება ნულოვანი ეფექტი.
ერთადერთი დადებითი რაც ამ პროექტს აქვს, ის არის, რომ მშენებლობის პროცესში დასაქმდება იაფი მუშახელი და ბეტონის საწარმოები დაიტვირთებიან. არადა, ეს არის მიზერული ეფექტი იმასთან შედარებით, როდესაც შენ ჰიდრორესურსს, ანუ ისეთივე რესურსს, როგორიც არის ბუნებრივი აირი, ნავთობი და ა.შ. ფაქტობრივად ანიავებ. წარმოგიდგენიათ, რომ ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყნები, ვთქვათ, აზერბაიჯანი, ნავთობის დამუშავების ნებართვებს მხოლოდ იმ პირობით გასცემდეს, რომ ჭაბურღილზე დაასაქმონ ადგილობრივი მუშახელი. ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყნებისთვის ეს არის უდიდესი შემოსავლის წყარო და ამ თანხებით არსებობენ, პირველ რიგში კი, აქციზის გადასახადით ნავთობსა და გაზზე. ჩვენთან ეს არ იქნება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს პროექტები იქნება საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიისთვის სრულიად ნეგატიური. ფაქტობრივად, ჩვენ საქართ-ველოს ენერგეტიკას ვართმევთ ამ რესურსს. საკითხავია, თუ რატომ დაინტერესდა ამ ქვეყანაში ასე ჰესების მშენებლობით უცებ ამდენი ინვესტორი. ჰესების აშენების პოტენციალი ადრეც იყო, მაგრამ ინვესტორების ბუმი არასოდეს დამდგარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა მთავრობამ მათ ძალიან კარგი პირობები შესთავაზა, რომელსაც სხვა ქვეყანაში არ აძლევენ”.
ექსპერტები იმ გარემოებასაც უსვამენ ხაზს, რომ ახალი ჰესების აშენების შემდეგ, საქართველოს არათუ მოგება, არამედ ზედმეტი დანახარჯები ექნება, რომელიც გადამცემი ხაზების მშენებლობასთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო თავის ფულით აშენებს გადამცემ ხაზებს, იმისათვის, რომ ახალი ჰესების მიერ გენერირებული ელექტროენერგია გაატაროს. “გამოდის, რომ სახელმწიფო დამატებით თანხებს ხარჯავს იმისათვის, რომ ეს რესურსი გავიდეს ქვეყნიდან. მომგებიანი კი არა, ამ კუთხით თუ შევხედავთ, საერთოდ წამგებიანი გამოდის ეს პროექტები სახელმწიფოსათვის – ამბობს ებრალიძე – აქ კიდევ ერთია მთავარი საკითხი, როდესაც მთავრობა ამბობს, რომ საქართველო ხდება ექსპორტიორი ქვეყანა, აქ იმაზე კი არ არის საუბარი, ექსპორტიორობა კარგია თუ ცუდი. ჩვენ უნდა ვიკითხოთ, ეს ექსპორტი რა ეკონომიკურ მოგებას გვაძლევს. საინტერესოა, რა ფასად იყიდება დენი საზღვარგარეთ საქართველოდან. რატომღაც ამას არავინ ამბობს. ეს სერიზულ კვლევას საჭიროებს. მე ვიცი, რომ ეს ხდება ძალიან დაბალ, მიზერულ ფასებად. ფაქტობრივად, ჰიდროენერგიის გენერაციის ფასად. ეს საკითხია მთავარი გამოსაძიებელი. რატომ ყიდიან ასეთ დაბალ, ფაქტობრივად თვითღირებულების ფასად დენს? მაშინ, როცა ჩევნ ზამთარში თბოელექტროსადგურებში გენერირებული ელექტროენერგია გვიჯდება ჰიდრო ჰესებში გენერირებული ენერგიის ხუთმაგი ფასი. იმიტომ, რომ გაზს ვყიდულობთ და მას გადავამუშავებთ. გამოდის, რომ ჩენ 5-ჯერ იაფად ვყიდით და 5-ჯერ ძვირად ვყიდულობთ ენერ-გორესურსებს. ჩვენი მთავარი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი ენერგია გავყიდოთ ფულად, არამედ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ბარტერი, როცა გვაქვს მეტი, მაშინ გავცეთ და როცა დაგვჭირდება სანაცვლოდ, ისევ მივიღოთ ელექტროენერგია. საქართველოსთვის მომგებიანი არ არის ელექტროენერგიის გაყიდვა, ეს არის სრულიად განიავება ქართული ენერგეტიკის”.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ის თუ რამდენად შესწევს საქართველოს რეალურად იმის ძალა, რომ 15 ჰიდროელექტროსადგური ამუშაოს. რამდენად რენტაბელური შეიძლება იყოს ეს ჰესები, გვეყოფა თუ არა წყლის რესურსი ამდენი ჰიდროელექტროსადგურისათვის? მანანა ქოჩლაძე: წყალს რაც შეეხება, ვინაიდან არ არსებობს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, ძნელია რამის თქმა. ამასთან, ეს არ არის მხოლოდ 15 ჰესი, ჰესების ჩამონათვალი, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო ლობირებს, ბევრად უფრო დიდია. საკითხი უნდა დაისვას ასე: შესწავლილი აქვს თუ არა ქვეყანას, ეყოფა თუ არა მას წყალი ჰესების ასეთი მაშტაბური მშენებლობისთვის, ისე რომ მან არ შეამციროს მოსახლეობისათვის წყალზე ხელმისაწვდომობა, თან კლიმატის ცვლილების საკითხის გათვალისწინე-ბით. სამწუხაროდ, ასეთი გათველები არ არსებობს”.
არის იმის მოლოდინიც, რომ ახალი ჰესების აშენება ადგილობრივი მოსახლეობისთვის დენის ტარიფს გააიაფებს. მაგრამ ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ ახალი ელექტროსადგურების მშენე-ბლობა დიდ დანახარჯებთან და ინვესტიციებთანაა დაკავშირებული და, შესაბამისად, იქიდან მიღებული ენერგიაც უფრო ძვირი იქნება. ექსპერტი დავით ებრალიძე: “კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ჰესები ადგილობრივ ენერგეტიკულ სისტემაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამიტომაც ტარიფზე მათ დიდი ზეგავლენა არ ექნება. მაგრამ ხელშეკრულებები ინვესტორებთან ისეთი პირობებით რომც გაფორმებულიყო, რომელიც ელექტროენერგიას დიდი მოცულობით დატოვებდა საქართველოში, ეს გაიაფებას კი არა, დენის ტარიფის გაძვირებას გამოიწვევდა. იმიტომ, რომ ჩვენი სატარიფო სისტემა არარაციონალურია. ტარიფის მდგენელში, განაწილების მდგენელი არის ძალიან გაბერილი, უსამართლოდ, ხოლო გენერაციის წილი შეუსაბამოდ მცირეა. ეს გამოიწვია იმან, რომ ჩვენი ჰესების უმეტესობა აშენებული იყო საბჭოთა კავშირის დროს და ის კაპიტალდაბანდებები და ცვეთა, რომელიც იყო მაშინ, შეუსაბამოა დღევანდელ პირობებთან. ახალი ტექნოლოგიებით აშ-ენებული ახალი ჰესების აღდგენითი ღირებულება დააწვება ტარიფს. ამ შემთხვევაში, უნდა გადაიხედოს ტარიფის განაწილების პოლიტიკა. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარი ის კი არ არის, ტარიფზე რა გავლენა ექნება ამ ჰესებს, არამედ ის, რომ ხდება ელექტროენერგიის სრულიად განიავება და საზღვარგარეთ გატანა”.
ჰესების მშენებლობის პროექტებთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის აშენების შესახებ. ეს პროექტიც თურქული ინვესტი-ციით განხორციელდება “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან ერთად”. თბოელექტროსადგური გარდაბანში აშენდება. პროექტი შეეხება 160 მეგავატი სიმძლავრის ახალი მსხვილმასშტაბიანი თბოსა-დგურის მშენებლობას. ის იმუშავებს ადგილობრივ ნახშირზე. როგორც მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნული თბოელექტროსადგური წელიწადში 1 მილიარდ კვ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე საექსპორტოდ. განხორციელებული ინვესტიცია 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს, ხოლო მშენებლობაზე 300 ადამიანი დასაქმდება. თესის ამოქმედების შემდეგ კი დამატებით 100 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით, კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლს შეასრულებს ქართულ ეკონომიკაში ახალი ჰესები და აქვს თუ არა საქართველოს პოტენციალი მნიშვნელოვან ენერგოექსპოტიორად ჩამოყალიბდეს, არ არსებობს. მთავრობისა და ექსპერტების შეხედულება ამ საკი-თხთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებულია.