გერმანიის საქმიანი წრეების ოპტიმიზმი ანალიტიკოსებს აოცებს
აკაკი როგავა
გერმანიის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, 2011 წლის IV კვარტალში ქვეყნის მშპ წინა კვარტალთან შედარებით შემცირდა 0,2%-ით სეზონური და კალენდარული ფაქტორების გათვალისწი-ნებით. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,3%-ით შემცირდებოდა. 2010 წლის IV კვარტალთან შედარებით გერმანიის მშპ საანგარიშო პერიოდში 1,5%-ით გაიზარდა. როგორც სტატისტიკური ბიურის მასალებშია აღნიშნულია, 2011 წლის IV კვარტალში მშპ-ის შემცირებაზე გავლენა იქონია საგარეო ვაჭრობის გაუარესებამ და სამომხმარებლო ხარჯების ცოტაოდენმა შემცირებამ. თუმცა, ინვესტიციებმა ძირითად კაპიტალში თავისი დადებითი წილი შეიტანეს მშპ-ის დინამიკაში. სტატისტიკური ბიურო იუწყება, რომ მთლიანად 2011 წლის მანძილზე გერმანიის ეკონომიკა 3,0%-ით გაიზარდა. სწორედ ეს ციფრი სახელდებოდა წინასწარ მონაცემებშიც.
სამრეწველო ფასები გერმანიაში 2012 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,6%-ით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 0,3%-ის დონეზე ვარაუდობდნენ. 2011 წლის იანვართან შედარებით გერმანიაში სამრეწველო ფასები 3,4%-ით გაიზარდა, გასული წლის დეკემბერში კი, სამრეწველო ფასები, თვიურ გაანგარიშებაში შემცირდა 0,4%-ით, ხოლო წლიური გამოთვლით – 4%-ით.
ეკონომიკური კვლევითი ცენტრის ZEW-ის მონაცემებით, გერმანიის საქმიანი მოლოდინის ინდექსმა მიმდინარე წლის თებერვალში 5,4 პუნქტი შეადგინა წინა თვის მინუს 21,6 პუნქტის სანაცვლოდ. ანალიტიკოსები ამ ინდიკატორის მნიშვნელობას მინუს 15 პუნქტის დონეზე ელოდნენ. მიმდინარე ეკონომიკური პირობების ინდექსი გერმანიაში თებერვალში 28,4 პუნქტიდან 40,3 პუნქტამდე გაიზარდა, პროგნოზი კი 30,0 პუნქტი იყო.
სამომხმარებლო ფასებმა დიდ ბრიტანეთში ერთი წლის განმავლობაში 3,6%-ით მოიმატა
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2012 წლის იანვარში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 3,6%-ით გაიზარდა. ანა-ლიტიკოსები ელოდნენ, რომ სამომხმარებლო ფასები 3,6%-ით გაიზრდებოდა. თვიურ გაანგარიშებაში 2012 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასები 0,5%-ით შემცირდა. 2011 წლის დეკმებერში სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა. სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი (ენერგომატარებლების, კვების პროდუქტების, თამბაქოსა და ალკოჰოლის ფასების გამოკლებით) 2012 წლის იანვარში გაიზარდა 2,6%-ით წლიური გაანგარიშებით, ამ მაჩვენებლის ზრდამ დეკემბერში წლიურ გამოხატულებაში შეადგინა 3,0%. თვიურ გამოხატულებაში კი სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი მიმდინარე წლის იანვარში შემცირდა 0,8%-ით, ხოლო დეკემბერში გაიზარდა 0,5%-ით.
მიმდინარე წლის იანვარში დიდი ბრიტანეთის უმუშევრობის მაჩვენებელი წინა თვის გადასინჯულ მონაცემთან შედარებით არ შეცვლილა და შეადგინა 5,0%. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 5,1%-ს შეადგენდა. უმუშევრობის შემწეობისთვის განაცხადების რაოდენობამ მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით მოიმატა 6,9 ათასით და მიაღწია 1 მილიონ 605 ადამიანს – ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ორი წლის მანძილზე (2010 წლის იანვრიდან). ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ზრდა 3 ათასი იქნებოდა. 2011 წლის დეკემბერში დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის დონემ, გადასინჯული მონაცემებით, შეადგინა 5,0% (ადრეც სწორედ ეს ციფრი სახელდებოდა). ასევე, გადასინჯული მონაცემებით, 2011 წლის დეკემბერში უმუშევრობის შემწეობისთვის პირველადი მიმართვების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1,9 ათასით და არა 1,2 ათასით, როგორც ადრე ვარაუდობდნენ.
მიმდინარე წლის იანვარში დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვების მოცულობა წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,9%-ით. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ თვიურ გამოხატულებაში ეს მაჩვენებელი შემცირდებოდა 0,4%-ით. საცალო გაყიდვების მოცულობა მიმდინარე წლის იანვარში 2011 წლის იანვართან შედარებით გაიზარდა 2,0%-ით.
უმუშევრობა დიდ ბრიტანეთში ბოლო 16 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულზე რჩება
იდი ბრიტანეთის ბოლო დროინდელი სტატისტიკა რეალურ სექტორში აქტივობას მოწმობს, მაგრამ ამ დადებით ინფორმაციებში შერეულია საგანგაშო სიგნალი შრომის ბაზრიდან. მონაცემების თანახმად, უმუშევრობისთვის შემწეობის მიმართვების რაოდენობამ (Jobless Claims) მიმდინარე წლის იანვარში შეა-დგინა 6900, ეს თითქმის ორჯერ მეტია, რასაც ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ (3000) და თითქმის ოთხჯერ მეტი გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, განაცხადების რაოდენობაზე დაყრდნობით გაანგარიშებული უმუშევრობის მაჩვენებელი მეხუთე თვეა ნარჩუნდება 5,0%-ის დონეზე. იანვრის ზრდის შედეგად სამუშაოს მაძიებელი ბრიტანელების რიცხოვნობამ მიაღწია 1,6 მილიონ ადამიანს – ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010 წლის იანვრის შემდეგ.
არანაკლებ პესიმისტურად გამოიყურება შრომის საერთაშორისო სააგენტო ILO-ს მიერ გავრცელებული, 2011 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის მონაცემები შრომის ბაზრის მდგომარეობის შესახებ – ამ პერიოდში უმუშევარი ბრიტანელების რაოდენობა 48 ათასი ადამიანით გაიზარდა 2,67 მილიონამდე. ამდენი უმუშევარი ბრიტანელი ქვეყანაში არ ყოფილა 1995 წლიდან. დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობამ ამ ხნის განმავლობაში მოიმატა 60 ათასი ადამიანით და მიაღწია 29,1 მილიონს. ეს უკანასკნელი ფაქტი შეიძლება ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტისთვის წონიანი არგუმენტი გახდეს იმისთვის, რომ დაადასტურონ შრომის ბაზარზე სტაბილიზების ნიშნების გამოჩენა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საპასუხოდ, რომლებიც აცხადებენ, რომ ბიუჯეტის დეფიციტის ასეთი მკვეთრი შემცირება იმ პირობებში, როცა ეკონომიკას რეცესიამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, გაუმართლებელი იყო. მართალია, ILO-ს ეკონომისტების მიერ ორი თვე ზედიზედ დაფიქსირებული 8,4%-იანი უმუშევრობა ადასტურებს იმას, რომ თექვსმეტი წელია ქვეყანაში ამდენი უმუშევარი არ ყოფილა, მაგრამ ექსპერტების შეფასებით, ის პიკური მაინც არ გახდება. ოფიციალური ლონდონიც აღიარებს, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის უმუშევრობის დონემ, შესაძლოა, 8,7%-ს მიაღწიოს. კერძო კომპანიები, რომლებმაც წარმატებით ჩაანაცვლეს სახელმწიფო ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, მას შემდეგ, რაც ჯორჯ ოსბორნის უწყებამ დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის რადიკალური შემცირება, შესაძლოა ვეღარ გაუმკლავდნენ ამ დონის უმუშევრობას მომავალში. შემცირებები მიმდინარეობს ბევრ მსხვილ ბრიტანულ კომპანიაში. 700 თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება გაახმოვანა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესმა იპოთეკურმა კრედიტორმა) Lloyds Banking Group Plc-მა. ხოლო სიდიდით მეორე ინგლისური ფარმაცევტული კომპანია Astra Zeneca აპირებს 7300 თანამშრომლის დათხოვნას. და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. ბევრი ბრიტანული კომპანია უკვე ცდილობს შეამციროს საოპერაციო ხარჯები და ასეთი კომპანიების რიცხვი მომავალში მხოლოდ გაიზრდება. ამიტომაც, სამუშაო ადგილების შემცირების პარალელურად ნელდება ინგლისელების ანაზღაურების ზრდაც. ლონდონის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, შრომის ანაზღაურება ბონუსების გათვალისწინებით (Avg. Earnings inc bonus) 2011 წლის IV კვარტალში 2,0%-ით გაიზარდა (ასეთივე ზრდა იყო წინა კვარტალშიც), ხოლო შრომის ანაზაურება ბონუსების გაუთვალისწინებლად (Avg. Earnings ex bonus) გაიზარდა ასევე 2,0%-ით წინა კვარტლის 1,9%-იანი ზრდის შემდეგ.
მიუხედავად ყველაფრისა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯორჯ ოსბორნი არ აპირებს კურსი შეცვალოს, იმის გათვალისწინებითაც, რომ განმეორებითი რეცესიის აჩრდილი დიდ ბრიტანეთშიც გამოჩნდა. პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან ერთ ხმაში, ქვეყნის მთავარი ხაზინადარი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირების გეგმამ ქვეყანა იმ კატასტროფული შედეგებისგან დაიცვა, რომელიც ახლა ევროზონაშია მოსალოდნელი.
სიტუაციის გამოსწორებას მერვინ კინგის უწყებაში ცდილობენ, ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ საქმიან წრეებში ადგილობრივი, უკვე საკმაოდ გაფუჭებული კლიმატი, დიდ ბრიტანეთში კრიზისის ვირუსის გავრცელების ნაყოფიერ ნიადაგად არ იქცეს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომაზე (MPC), ინგლისის ბანკმა საბაზისო რეფინანსირების განაკვეთი ისევ უცვლელი დატოვა მინიმალურ 0,5%-იან ნიშნულზე და გააფართოვა “რაოდენობრივი ლიბერალიზმის” პროგრამა (QE) დამატებით 50 მილიარდი ფუნტი სტერლინგით (დაახლოებით 60 მილიარდი ევრო). ამით, “რაოდენობრივი ლიბერალიზმის” საერთო მოცულობა ამჟამად შეადგენს 325 მილიარდ ფუნტ სტერლინგს.
საფინანსო სისტემაში ფასიანი ქაღალდების შესყიდვით ახალი რეზერვების შექმნით, მერვინ კინგის უწყება ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით 50 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ქაჩავს. ინგლისის მონეტარულ ხელისუფლებას თავიანთი ეკონომიკის მდგომარეობაზე მეტად ბრიტანულ ექსპორტზე მოთხოვნის კლება აღელვებს მეზობელ ევროპულ სახელმწიფოებში – ინგლისური მწარმოებლების გასაღების მთავარ ბაზარზე. რაც შეეხება განმეორებით რეცესიას, ამ საკითხში ექსპერტების მოსაზრებები და პროგნოზები განსხვავდება. იმის პარალელურად, რომ NIESR-ის ექსპერტები 2012 წლის შედეგებით ბრიტანული ეკონომიკის 0,1%-იან ვარდნას ვარაუდობენ, ბრიტანელი მრეწველების კონფედერაციაში (CBI) დარწმუნებულნი არიან, რომ ნისლიან ალბიონს რეცესია გვერდს აუვლის და სტაბილური ზრდის გაგრძელებას ელიან.