მთავარი მოვლენები ციფრებში სსფ 2012 წელს ევროზონის მშპ-ის შემცირებას 0,5%-ით ვარაუდობს
აკაკი როგავა
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,3%-ით გაიზრდებოდა. კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით, სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის იანვარში თვიურ გამოხატულებაში 0,2%-ით გაიზარდა. 2011 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ფასები 0,1%-ით არის მომატებული.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებითვე, ქვეყანაში სამრეწველო ფასებმა (PPI ინდექსი) მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით მოიმატა 0,1%-ით. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი თვიურ გამოხატულებაში მოიმატებდა 0,3%-ით. 2011 წლის დეკემბერში აშშ-ის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,1%-ით შემცირდა თვიურ გამოხატულებაში. სამრეწველო ფასები, კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით, მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,4%-ით. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, 2011 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი თვიურ გამოხატულებაში გაიზარდა 0,3%-ით. აშშ-ში 2012 წლის იანვარში სამრეწველო წარმოების მოცულობა არ გაზრდილა წინა თვესთან შედარებით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 0,6%-ის ფარგლებში ვარაუდობდნენ. გასული წლის იანვართან შედარებით აშშ-ში სამრეწველო წარმოების მოცულობა გაიზარდა 3,4%-ით. სამრეწველო სიმძლავრეების გამოყენების კოეფიციენტი 2012 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,1 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 78,5%. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი შეადგენდა 77,3%-ს. 2011 წლის დეკემბერში სამრეწველო წარმოების მოცულობა, გადასინჯული მონაცემებით, თვიური გაანგარიშებით გაიზარდა 1%-ით (თავდაპირველი მაჩვენებელი იყო 0,4%), რაც შეეხება სამრეწველო სიმძლავრეების გამოყენების კოეფიცინეტს, მან შეადგინა 78,6% (თავდაპირველად ვარაუდობდნენ 78,1%-ს).
კვლევვითი ორგანიზაციის Conference Board-ის მონაცემებით, აშშ-ში წამყვანი ეკონომიკური ინდიკატორები 2012 წლის იანვრის შედეგებით გაიზარდა 0,4%-ით. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,5%-ით გაიზრდებოდა. 2011 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი, დაზუსტებული მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,5%-ით (ადრე ვარაუდობდნენ 0,4%-იან ზრდას). ნოემბერში ამ მაჩვენებლმა მოიმატა 0,3%-ით.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კაპიტალის წმინდა მოდინებამ 2011 წლის დეკემბერში შეადგინა 87,1 მილიარდი დოლარი, ერთი თვით ადრე დაფიქსირდა კაპიტალის მოდინება 42,9 მილიარდი დოლარის ოდენობით. 2011 წლის დეკემბერში უცხოელების მიერ ამერიკული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების შესყიდვის მოცულობამ შეადგინა 1,6 მილიარდი დოლარი (ნოემბერში – 21,1 მილიარდი დოლარი). უცხოელების მიერ ამერიკული მოკლევადიანი ფასიანი ქაღლდებისა და სხვა ფულადი ვალდებულებების გაყიდვების მოცულობამ შეადგინა 18,3 მილიარდი დოლარი (ერთი თვით ადრე – 38,0 მილიარდი დოლარი), ხოლო კაპიტალის გადინებამ, რომელიც წარმოიშვა ამერიკული და უცხოური ბანკების კუთვნილ ფულად ვალდებულებებს შორის განსხვავებით, 2011 წლის დეკემბერში შეადგინა 21 მილიარდი დოლარი (ერთი თვით ადრე დაფიქსირდა მოდინება 58 მილიარდის ოდენობით).
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში საცალო გაყიდვების მოცულობამ მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით მოიმატა 0,4%-ით. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი თვიურ გაანგარიშებაში 0,7%-ით გაიზრდებოდა. 2011 წლის იანვართან შედარებით საცალო გაყიდვების საერთო მოცულობა 2012 წლის იანვაში გაზრდილია 5,8%-ით.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებითვე, წარმოებული საქონლის, მაკომპლექტებლებისა და ნახევარფაბრიკატების მარაგების მოცულობამ აშშ-ის საწყობებში, 2011 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,4%-ით. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი თვიურ გაანგარიშებაში გაიზრდებოდა 0,5%-ით. წლიურ გამოხატულებაში კი, ეს მაჩვენებელი გაზრდილია 7,7%-ით. ამერიკული საწარმოების გაყიდვები, 2011 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 0,7%-ით არის მომატებული, ხოლო 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,9%-ით.
აშში-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ახალი სახლების მშენებლობის მოცულობამ მიმდინარე წლის იანვაში წინა თვესთან შედარებით მოიმატა 1,5%-ით და შეადგინა 699 ათასი ერთეული. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი იქნებოდა 670 ათასი ერთეული. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარში ახალი სახლების მშენებლობის მოცულობა 9,9%-ით მეტი აღმოჩნდა 2011 წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით (636 ათასი ერთეული). გადასინჯული მოანცემებით, 2011 წლის დეკემბერში ახალი სახლების მშენებლობის მოცულობა 1,9%-ით შემცირდა (ადრე 4,1%-იან შემცირებას ვარაუდობდნენ) და შეადგინა 689 ათასი ერთეული. ახალი სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდნება მიმდინარე წლის იანვარში, წინა თვის გადასინჯულ მონაცემთან შედარებით გაიზარდა 0,7%-ით 676 ათას ერთეულამდე, ხოლო 2011 წლის იანვართან შედარებით ნებართვების რაოდენობა გაიზარდა 19%-ით.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, უმუშევრობის შემწეობისთვის სახელმწიფოსადმი პირველადი მიმართვების რაოდენობამ კვირის მანძილზე, რომელიც დასრულდა 2012 წლის 11 თებერვალს, დაიკლო 348 ათასამდე. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი იქნებოდა 365 ათასი. დაზუსტებული მონაცემებით, 4 თებერვალს დასრულებული კვირის მიხედვით, განაცხადების რაოდენობამ შეადგინა 361 ათასი და არა 358 ათასი, როგორც ადრე ვარაუდობდნენ.
სსფ 2012 წელს ევროზონის მშპ-ის შემცირებას 0,5%-ით ვარაუდობს
Eurostat-ის წინასწარი მონაცმებით, ევროზონის მშპ 2011 წლის IV კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით შემცირდა 0,3%-ით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის კლებას 0,4%-ის ფარგლებში ელოდნენ. 2010 წლის IV კვარტალთან შედარებით გასულ კვარტალში ევროკავშირის მშპ გაიზარდა 0,7%-ით. 2010 წლის IV კვარტალში ევროკავშირის 27 ქვეყანაში კვარტალურ გამოთვლაში მშპ შემცირდა 0,3%-ით (როგორც ევროზონაში), ხოლო წლიურ გამოთვლაში გაიზარდა 0,9%-ით. ევროზონის ეკონომიკის კვარტალური ვარდნა 2009 წლის II კვარტლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. 2012 წელს ექსპერტების უმეტესობა ევროზონაში რეცესიას ვარაუდობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მიმდინარე წელს ევროზონის მშპ შემცირდება 0,5%-ით. მთელი 2011 წლის მანძილზე ევროზონის მშპ გაიზარდა მხოლოდ 1,5%-ით, ხოლო ევროკავშირისა კი – 1,6%-ით. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ გერმანიის მშპ, ევროზონის უმსხვილესი ეკონომიკის, 2011 წლის IV კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით შემცირდა 0,2%-ით, მაშინ, როცა საფრანგეთის მშპ, პირიქით, 0,2%-ით გაიზარდა. საბერძნეთის ოფიციალური სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, ქვეყნის მშპ, რომელსაც ევროზონიდან გასვლა ემუქრება, 2011 წლის IV კვარტალში 2010 წლის IV კვარტალთან შედარებით შემცირდა მთელი 7%-ით.
Eუროსტატ-ის მონაცემებით, ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 2011 წლის დეკემბერში განისაზღვრა 9,7 მილიარდი ევროთი. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტი შეადგენდა 3,5 მილიარდ ევროს. 2011 წლის ნოემბერში უკვე გადასინჯული მონაცემებით, ევროზონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა შეადგინა 6,3 მილიარდი ევრო, ადრე ვარაუდობდნენ, რომ პროფიციტი 6,9 მილიარდი ევრო იყო. 2010 წლის დეკემბერში ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა შეადგინა 1,7 მილიარდი ევრო. ევროზონაში შემავალი 17 სახელმწიფოს ექსპორტის მოცულობა, 2011 წლის დეკემბერში, წლიურ გაანგარიშებაში გაიზარდა 9%-ით, ხოლო იმპორტისა კი – 1%-ით. თვიურ გაანგარიშებაში, 2011 წლის დეკემბერში ევროზონის ექსპორტი, სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, გაიზარდა 0,1%-ით, ხოლო იმპორტი შემცირდა 0,9%-ით. ევროკავშირის 27 ქვეყანაში სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა 2011 წლის დეკემბერში, წინასწარი მონაცემებით, შეადგინა 1,7 მილიარდი ევრო, მაშინ, როცა 2010 წლის დეკემბერში დეფიციტმა შეადგინა 12,1 მილიარდი ევრო. ამასთან, 2011 წლის დეკემბერში 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 11%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი არ შეცვლილა. ევროზონის სამრეწველო წარმოების მოცულობა 2011 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 1,1%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ თვიურ გამოანგარიშებაში მაჩვენებელი შემცირდებოდა 1,2%-ით. წლიურ გამოხატულებაში კი ევროზონის სამრეწველო წარმოების მოცულობა 2011 წლის დეკემბერში 2,0%-ით შემცირდა. დაზუსტებული მონაცემებით, 2011 წლის ნოემბერში სამრეწველო წარმოების მოცულობა თვიურ გაანგარიშებაში არ შეცვლილა. ევროკავშირის 27 ქვეყანაში სამრეწველო წარმოების მოცულობა 2011 წლის დეკემბერში თვიურ გამოხატულებაში შემცირდა 0,6%-ით, ხოლო წლიურ გაანგარიშებაში – 0,9%-ით.
ევროპული ავტომწარმოებლების ასოციაციის (ACEA) ანგარიშის მიხედვით, ახალი ავტომობილების გაყიდვების მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,1%-ით შემცირდა და შეადგინა 968769 ავტომანქანა. მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების მოცულობა შედარებით გაზრდილია რუმინეთში (86,4%-ით – 4937 მანქანამდე). საანგარიშო პერიდში ეს მაჩვენებელი შემცირდა პორტუგალიაში (მინუს 47,4%-ით – 6949 მანქანამდე), საფრანგეთში (მინუს 20,7% – 147057 მანქანამდე) და იტალიაში (მინუს 16,9% – 137119 მანქანამდე).
2011 წელს საფრანგეთის მშპ 1,7%-ით გაიზარდა
საფრანგეთის ეროვნულის სტატისტიკური ბიუროს (Iნსეე) წინასწარი მონაცემებით, 2011 წლის IV კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ქვეყნის მშპ 0,2%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის კლებას 0,2%-ის დონეზე ელოდნენ. 2011 წლის III კვარტალში ქვეყნის მშპ 0,3%-ით გაიზარდა კვარტალურ გაანგარიშებაში. 2011 წლის შედეგებით საფრანგეთის მშპ, წინასწარი მონაცემებით, 1,7%-ით გაიზარდა.