უშედეგო მიწის რეფორმა
მაკა ღანიაშვილი
ნებისმიერი ქვეყნის (სახელმწიფოს) განვითარების ერთ-ერთ ძირითად მიზანს ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა წარმოადგენს; ეკონომიკური ზრდის ტემპი კი დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ბუნებრივი რესურსების (მიწა, წყალი, ტყე, წიაღისეული), შრომითი რესურსებისა და კაპიტალის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის მთავრობის ეკონომიკურ უნარზე, გამოიყენოს აღნიშნული რესურსები მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლისთვის. მიწა ყოველთვის განიხილებოდა, როგორც საზოგადოების ნორმალური ცხოვრებისათვის აუცილებელი დოვლათის წარმოების მყარი ეკონომიკური საფუძველი.
როდესაც სახელმწიფომ დაიწყო მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა, 1992 წელს, საკუთრებაში გადასაცემი სასოფლო სამეურნეო მიწის მთლიანი ფონდი შეადგენდა 763 000 ჰექტარს. 2005 წლისათვის ფერმერთა საგებლობაში იმყოფებოდა დაახლოებით 1 000 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. 726 021 პირს აქვს მფლობელობაში მიწა, რომლის საშუალო ფართობი არის 1,37 დექტარი. დაახლოებით 140 000 პირს აქვს მიწა მფლობელობაში, რომლის ფართობი 0.2 ჰექტარზე ნაკლებია. დამატებით, 360 000 პირის მფლობელობაში არსებული მიწა 1 ჰექტარზე ნაკლებია. დაახლოებით 16 000 ფერმერს აქვს 4 ჰექტარი და მეტი მიწა მფლობელობაში, რაც მთელი სასოფლო სამეურნეო მიწის 40%-ს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ სასოფლო სამეურნეო მიწა ძალიან დანაწევრებულია. მცირე მიწების დამუშავება გლეხებისათვის არარენტაბელურია. შედეგად, სასოფლო-სამეურნეო მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუმუშავებელია. ამასთან, საგადასახადო კოდექსის თანახმად, 5 ჰექტარამდე მიწის მფლობელები განთავისუფლებული არიან გადასახადებისაგან, რაც მფლობელებს არ უჩენს მოტივაციას იჯარით გასცენ ან სულაც განკარგონ გამოუყენებელი მიწა. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სექტორში უკვე ორი ათეული წელია მნიშვნელოვანი ინვესტიციები არ განხორციელებულა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული სარწყავი მიწების საერთო ფართობი 552000 ჰექტარიდან 290 000 ჰექტარამდე შემცირდა.
მეტყველებს თუ არა ეს ყველაფერი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია პრიორიტეტებგანსაზღვრული აგრარული პოლიტიკა? როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი, თანაც უფრო მაღალი ტემპებით, ვიდრე მისი ექსპორტი?
იმ ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ მიწის, როგორც წარმოების ძირითადი საშუალების, მაქსიმალური უკუგებით გამოყენების აგრარული პოლიტიკა, როგორც წესი, გადაწყვეტილი აქვთ საკუთარი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა. მათ რიცხვშია აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია და სხვა, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ სურსათის მსოფლიო ბაზრის ფორმირებაში და კონიუნქტურის განსაზღვრაში.
დღეისათვის საქართველო სამწუხაროდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებიც სურსათზე მოთხოვნილების უდიდეს ნაწილს იმპორტირებული საკვები პროდუქტების ხარჯზე იკმაყოფილებენ. გასულ წელს ბოსტნეულის იმპორტმა ჩვენს ქვეყანაში რეკორდი მოხსნა. 2011წელს, 2010 წელთან შედარებით კარტოფილის იმპორტი 19,4-ჯერ გაიზარდა. მაშინ როცა რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველოში კარტოფილის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 100%-ს აღწევდა. 1,2-ჯერ გაიზარდა ხახვის იმპორტი. 3,4-ჯერ – სტაფილოს იმპორტი, 1,6-ჯერ – კიტრის იმპორტი. რაც შეეხება სიმინდს, მისი იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა. 2011 წელს ქვეყანაში 11,7 მილიონი დოლარის სიმინდი შემოვიდა. ამავე დროს, 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა სიმინდის ექსპორტი. თუ 2010 წელს ქვეყნიდან ექსპორტზე 2,650 მილიონი დოლარის სიმინდი გავიდა, ეს მაჩვენებელი 2011 წელს 2,6-ჯერ შემცირდა და 994 ათასი დოლარი შეადგინა. ეს ყველაფერი იმის ფონზე, როცა ქვეყანაში არსებობს ასობით ათასი ჰექტარი დაუმუშავებელი მიწა და ასიათასობით უმუშევარი ადამიანი.
მიწის რეფორმა საქართველოში
აგრარული რეფორმის I ეტაპი ქვეყანაში 1992-1998 წლებში განხორციელდა. მისი უმთავრესი მიზანი იყო სასოფო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და წარმოების სხვა საშუალებებზე კერძო საკუთრების დამკვიდრება, მიწაზე მეურნეობრიობის ძველი საწარმოო ორგანიზაციული ფორმების ახალი სამართლებრივ-ორგანიზაციული სტრუქტურებით ჩანაცვლება. აღნიშნულ ტრანსფორმაციას შედეგად უნდა მოჰყოლოდა დადებითი ძვრები როგორც საწარმოო-ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით, კერძოდ: მიწის რაციონალური გამოყენება და დაცვა ეროზიული და სხვა სახის არასასურველი პროცესებისაგან, მიწების პროდუქტიულობის ამაღლება, გლეხურ მეურნეობათა შემოსავლების ზრდა და სოფლად ცხოვრების დონის ამაღლება.
რეფორმირების პროცესში გაუქმდა მიწაზე სახელმწიფოს მონოსაკუთრება, მოსახლეობამ გარკვეული ნორმის ფარგლებში, მიწა მიიღო უფასოდ. განხორციელდა ასევე ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობის დემონტაჟი და სექტორის ცენტრალიზებული მართვის სისტემა შეიცვალა საკანონმდებლო და ეკონომიკური ბერკეტებით, მაგრამ რეფორმა ამაზე წინ არ წასულა. მიწის მესაკუთრე გლეხები გადაულახავი საწარმოო-ფინანსური თუ ტექნიკურ-ტექნოლოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელთა დაძლევას ისინი დღემდე ვერ ახერხებენ. აგრარულმა რეფორმამ სასურველი სოციალური და ეკონომიკური შედეგები ვერ გამოიღო, რასაც ადასტურებს აგრალური სექტორის საწარმოო პოტენციალის გამოყენების მეტად დაბალი დონე და სურსათით თვითუზრუნველყოფის არადამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი. ერთ-ერთი არსებითი ხასიათის პრობლემა, რომელიც მიწის რეფორმამ წარმოშვა ქვეყანაში მიწების დანაწევრება და მრავალნაკვეთიანობაა. ასეთი მეურნეობები ძირითადად თვითუზრუნველყოფაზე არიან ორიენტირებულნი.
აგრალური რეფორმის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წელს მიღებული კანონი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ”.
ექსპერტთა შეფასებით, აღნიშნულმა კანონმა ფაქტობრივად აკრძალა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ანუ იჯარის წესით გამოყენების მთელ მსოფლიოში აპრობირებული და დანერგილი ფორმა, რათაA ქვეყანაში მიწის მოიჯარეთა ნაცვლად მიწის იძულებით მესაკუთრეთა ახალი ფენა გაეჩინა. სპეციალისტთა ნაწილმა თავის დროზე აღნიშნული ფაქტი შეაფასა, როგორც ხელისუფლების ზეწოლა აგრომეწარმეებზე და მათი უფლებების შელახვა. მათი მტკიცებით, კანონმა გზა გადაუკეტა აგროწარმეობისაკენ მიწის ბევრ ყოფილ მოიჯარეს, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, მიწის იჯარა არის ერთადერთი მისაღები გზა მიწაზე მეურნეობრიობის, მათთვის, ვისი კაპიტალიც შეზღუდულია, ანუ ვისაც არ აქვს იმდენი ფინანსური რესურსი, რომ მიწაც შეიძინოს საკუთრებაში და მეურნეობაც მოაწყოს (შეიძინოს საჭირო ტექნიკა, პირუტყვი, სასუქი და წარმოების სხვა საშუალებები). იჯარის მიმზიდველობა (უპირატესობა) განპირობებულია სწორედ იმით, რომ მოიჯარეს შეუძლია სახსრების შედარებით მცირე ნაწილით იქირაოს მიწა, ხოლო დანარჩენი წარმოების სხვა ხარჯებს მოახმაროს.
ფაქტია, რომ ხელისუფლების ჩანაფიქრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აგრესიული პრივატიზებისას არ გამართლდა; როგორც მოსალოდნელი იყო, აგრომეწარმეებმა უსახსრობის გამო ვერ დაისაკუთრეს ფაქტიურად მუქთად შეთავაზებული მიწები.
2007 წლის მაისში ხელისუფლებამ წარმოადგინა ახალი წინადადება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე პრივატიზების თაობაზე. მართალია, მთავრობამ მალე უკან გაიტანა საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, მაგრამ იმავე წლის სექტემბერში შეტანილი ახალი კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე პირდაპირი წესით მიყიდვის უფლებას, ამჯერად საქართველოს პრეზიდენტს ანიჭებს.
ექსპერტთა ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პიწის უცხოელებზე პრივატიზაციის დაკანონებას. მათი შეფასებით, “როგორც პირველი, ასევე მეორე კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმა საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ ინტერესებს. ხალხის “სასიკეთოდ” მიღებულ ამგვარ გადაწყვეტილებებს ქვეყნისათვის გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეუძლია. ქვეყნისათვის სულ ერთია, აუქციონზე ჩაქუჩის ერთი დარტყმით გაიყიდება ქართული მიწა უცხოელზე თუ პრეზიდენტის ერთი ხელის მოწერით. ორივე შემთხვევაში სავალალო შედეგთან გვექნება საქმე, ანუ ქართული მიწა არაქართული გახდება, რაც, კარგად თუ დავუკვირდებით, სხვა არაფერია თუ არა საკუთარი ტერიტორიის ნებაყოფლობითი ინტერნაციონალიზაცია” – ამბობდნენ ისინი.
სპეციალისტთა შეფასებით, ხელისუფლება მიწის სარფიანად გაყიდვით კი არა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე გლეხობისათვის მეურნეობრიობის ნორმალური პირობების შექმნით უნდა იყოს დაკავებული. მან ხელი უნდა შეუწყოს სოფლად მიწის წვრილ მესაკუთრეთა საწარმოო და მარკეტინგულ კოოპერირებას (და არა მათ დაქირავებულ მუშებად გადაქცევის პროცესს), მათი მიწის სრულფასოვან მეურნე მესაკუთრეებად ჩამოყალიბებას. მხოლოდ ამ გზით შეიძლება სოფლად საქონელმწარმოებელთა გადაქცევა მიწის ნამდვილ პატრონად, ქვეყნის დამცველად და პატრიოტად. სოფელს სჭირდება არა ერთი ან რამდენიმე ათეული მიწის მესაკუთრე, არამედ რაც შეიძლება ბევრი მკვიდრი აგრომეწარმე-მესაკუთრე, რომელიც ინდივიდუალურად თვითონ გაუძღვება ან კოოპერაციულ საწყისებზე წარმართავს მეურნეობას.
უფრო მეტიც, ქვეყანაში დღემდე ვერ მოხერხდა ერთიანი, ფართო წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნა, რომელიც არა ერთი რომელიმე დარგის, ბიზნესჯგუფის თუ სახელმწიფო სტრუქტურის, არამედ ქვეყნის მიმდინარე და სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით შეაფასებდა სარეალიზაციოდ გამზადებული უცხოური თუ ეროვნული პროექტების, აგრეთვე უმნიშვნელოვანესი სამთავრობო გადაწყვეტილებების დადებით და უარყოფით მხარეებს, ჩაუტარებდა მათ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ექსპერტიზას და მხოლოდ ამის შემდეგ აუნთებდა მწვანე შუქს პროექტს.
საქართველოში არ აღირიცხება მიწები და არ ხდებამიწის ბალანსის შედგენაც. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 2004 წლის მონაცემებით, 3025.8 ათას ჰექტარს შეადგენდა. ხოლო საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2008 წლის მონაცემებით, აღრიცხულია მხოლოდ 838.0 ათასი ჰექტარი. საინტერესოა, სად დაიკარგა 2187.6 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა?
2004 წელს ქვეყანაში ლიკვიდირებულ იქნა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. მართალია, მისი ფუნქციები სხვადასხვა სამინისტროებზე გადანაწილდა (იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების), მაგრამ ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას, მიწების აღრიცხვისა და მიწის ბალანსის შედგენისა, რომელსაც საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი ასრულებდა, დღემდე არც ერთი სამინისტრო არ ასრულებს. მიწების აღრიცხვისა და მიწის ბალანსის შედგენის ფუნქციები ჯერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცა, რომელმაც გაურკვეველი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ ფუნქციების მიღებაზე. შემდგომ იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, თუმცა, შედეგი არც ამას მოყოლია.
დღეს ძნელად წარმოსადგენია სხვა რომელიმე ქვეყანა, სადაც მთავრობას მხოლოდ პრივატიზებული (ან საპრივატიზებო) მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები აინტერესებდეს და არ იცოდეს, როგორ იცვლება ქვეყანაში მიწის კატეგორიები.
მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული ტექნიკური და ფინანსური დახმარებისა, საქართველოს დღემდე არ გააჩნია მიწის სრულყოფილი სახელმწიფო კადასტრი, რომელიც მიწის რაოდენობრივ აღრიცხვასთან ერთად უნდა მოიცავდეს მიწის ხარისხობრივ აღრიცხვას, მიწის ეკონომიკურ შეფასებას და მიწით მოსარგებლეთა სახელმწიფო რეგისტრაციას. დღეს საქართველოში მხოლოდ მიწათმოსარგებლეთა სახელმწიფო რეგისტრაციის სისტემაა მოწესრიგებული, რომელიც ბაზარზე მიწის ყიდვა-გაყიდვის, ჩუქების და მიწის მემკვიდრეობით გადაცემის ფაქტებს აღრიცხავს. რაც შეეხება მიწის ხარისხობრივი ნიშნით აღრიცხვას (რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რამდენად ღირებულია სამეურნეო თვალსაზრისით ესა თუ ის მიწის ნაკვეთი როგორც ბუნებრივი რესურსი და წარმოების საშუალება) მასზე მუშაობა დღემდე დაწყებულიც არ არის.
მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე მსჯელობა უხერხულიცაა, როცა არ არსებობს მიწის ფონდის რაოდენობრივ-ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგი, ანუ მიწაზე დაკვირვების ორგანიზაციული სისტემა. მან უნდა გამოავლინოს მიწასთან დაკავშირებული ყველა ნეგატიური პროცესი და მოვლენა, რათა გატარდეს შესაბამისი ზომები მათი დროული აღმოფხვრისათვის. საყურადღებოა რომ ყველა ქვეყანაში მიწის მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენს როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა. მიწაზე მონიტორინგი ხორციელდება სახელმწიფო სტრუქტურის მიერ და ის პრაქტიკულად უზრუნველყოფს მიწის სახელმწიფო კადასტრის ინფორმაციულ მომსახურებას და შესაბამის კონტროლს მიწის გამოყენებასა და დაცვაზე
მიწის მონიტორინგმა პასუხი უნდა გასცეს კითხვებს – როგორია მიწათსარგებლობის საერთო მდგომარეობა ქვეყანაში, რა არასასურველი ცვლილებებია მოსალოდნელი მიწის ნაყოფიერებაში და რა პრევენციული ზომებია მისაღები მის აღსაკვეთად, როგორია ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიული პროცესების დინამიკა, როგორია ნიადაგში ჰუმუსისბალანსი, მიმდინარეობს თუ არა მიწის დაჭაობების ან გაუდაბნოების პროცესი, როგორია პესტიციდებით, მძიმე მეტალებით და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებისდონე და. ა.შ. ამ კითხვებზე შესაბამისი პასუხების მოძიება დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან არ არსებობს მონიტორინგის შესაბამისი სამსახური.
მიწის პრივატიზაცია
ამ პოლიტიკის (უფრო სწორედ არათანამიმდევრული პოლიტიკის) შედეგი სახეზეა, დღეს საქართველოში მიწები ისე სხვისდება რომ, უკეთეს შემთხვევაში, მოსახლეობა ამის შესახებ მხოლოდ ჭორის დონეზე თუ იგებს. ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ სად და რა მოცულობით მიწას ყიდულობს ჩვენს ქვეყანაში უცნობია.
რამდენად გამართლებულია მიწის უცხოელებზე პრივატიზაცია? იქნებ ეს პოლიტიკაა სწორი გამოსავალი იმ ქვეყნისათვის, რომლის სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს? ხშირად გვესმის ახალი ამბები იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩამოვლენ ინდოელები, ჩინელები ან ბურები, რომლებიც დიდი რაოდენობით მიწას შეისყიდიან, მაგრამ რა პირობით ყიდულობენ, ან რას სთავაზობენ ისინი ადგილობრივ მოსახლეობას ეს უცნობია. სანამ სოფლის მეურნეობას მთავრობა დაეხმარება, მიწები მასობრივად გადადის უცხოელთა ხელში
თუ დედაქალაქში, განსაკუთრებით კი ძველ თბილისში, არაბები აქტიურობენ, რეგიონებში ინდოელები, ბულგარელები და ჩინელები მომრავლდნენ, რომლებიც ჰექტრობით სასოფლო-სამეურნეო მიწებს ყიდულობენ. სახნავ-სათესი მიწებით უცხოელების დაინტერესებას გლობალურ სასურსათო დეფიციტს უკავშირებენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სასურსათო კრიზისი მომავალში საგანგაშოდ გამწვავდება და ხალხმრავალ ქვეყნებს მოსახლეობის გამოკვების პრობლემა დაუდგება. ამიტომ დიდი სახელმწიფოები თადარიგს იჭერენ და მესამე სამყაროს ქვეყნებში მიწებს აქტიურად ყიდულობენ.
კახეთსა და ქვემო ქართლში უცხოელები დაახლოებით წელიწადია გამოჩნდნენ. ქართული მიწებით განსაკუთრებით ინდოელები და ბულგარელები დაინტერესდნენ. სახნავ-სათესი მიწები დედოფლისწყაროში ებრაელებმაც შეიძინეს. როგორც ამბობენ, აქ მათთვის იდეალური ფასებია და კლიმატური პირობებიც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით-უკეთესი, ამიტომ უცხოელები საკვები პროდუქტების საწარმოებლად სახნავ-სათეს მიწებს ყიდულობენ. მათ მიწები როგორც კერძო პირების, ასევე სახელმწიფოსგანაც შეისყიდეს და როგორც ამბობენ, საკმაოდ დიდი ფართობები. ზოგიერთ შემთხვევაში გარიგებები ასობით ჰექტარზეა დადებული. ინდუსები ამბობენ, რომ მათ მიწები აფრიკაშიც აქვთ ნაყიდი, მაგრამ საქართველო ტერიტორიულად უფრო ახლოსაა და აქ ბიზნესის კეთება მათთვის ხელსაყრელია.
უცხოელები სადაც კი თავისუფალ მიწას ნახავენ, რომელიც სარწყავ სისტემასთან ახლოს მდებარეობს, ამოწმებენ მიწის ხარისხს, მარილების შემცველობას, სინჯებს იღებენ და თუ ეკოლოგიურად სუფთაა, ყიდულობენ. როგორც ამბობენ, ქართულ მიწას კარგი ფასი აქვს, ჰექტარის ფასი კახეთში 400-დან 700 დოლარამდე მერყეობს, იმის შესაბამისად, თუ სად მდებარეობს, მისასვლელ გზასა და სარწყავ სისტემასთან რამდენად ახლოს არის. კახეთში, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაიონებში ინდოელები უმეტესად ხორბლისა და სიმინდის მოყვანას აპირებენ. უცხოელები მიწის ნაკვეთებს მარნეულშიც ყიდულობენ, ბაღჩეული კულტურების მოსაყვანად, თუმცა შედარებით მომცრო ფართებს. ჰექტარი ამ რეგიონში უფრო ძვირია, 2 ათასი დოლარის ფარგლებშია, რადგან იქ თავისუფალი მიწები ცოტა დარჩა.
საქართველოში მკვიდრად იკიდებენ ფეხს ჩინელებიც. ამჯერად ჩინელები ხელისუფლებას სოფლის მეურნეობაში 40 მილიონი ლარის ინვესტირებას აპირებენ. საუბარია კახეთის რეგიონზე. კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ჩინეთის სახალსო რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას უკვე შეხვდა. ამ ეტაპზე პროექტის კონკრეტული დეტალები უცნობია. მაგრამ ცნობილია, რომ ჩინელები ძირითადად, ჩინეთიდან ჩამოყვანილ მუშახელს ასაქმებენ, ხოლო ქართველებს მინიმალურ ანაზღაურებას აძლევენ. ჩინური კაპიტალის შემოდინება ქვეყანაში ამით არ შემოიფარგლება. 2011 წლის ბოლოს გაირკვა, რომ ჩინელი ბიზნესმენები საქართველოში “ჰუალინის საერთაშორისო ეკონომიკური ზონის” ფარგლებში 150 მილიონი დოლარის ინვესტირებას აპირებენ.
ცოტა ხნის წინ ეკონომიკის სამინისტრომ საგარეჯოს 7 სოფლის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები (5,2 ათასი ჰექტარი მიწა) დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ტაიებ რაშიდმანეშს მიყიდა. აუქციონზე ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი 980 ლარად გაიყიდა მაშინ, როდესაც კახეთში 1 ჰექტარი მიწის ფასი 1500 ლარიდან იწყება. რადგან კახეთში და მათ შორის, საგარეჯოში სასოფლო-სამეურნეო მიწები მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა.
საქართველოს ეკონომიკისა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით საგარეჯოს რაიონის სოფლებში – ლამბალო, თულარი, დუზაგრამა, იორმუღანლო, ყანდაურა, გიორგიწმინდა, შიბლიანი 51 794 128 კვ/მ მიწის ნაკვეთი აუქციონზე 5 084 469 ლარად გაიყიდა. 5 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 2 708 117 ლარი იყო. საგარეჯოს მიწების მფლობელი საჯარო რეესტრში 2011 წლის 5 აგვისტოსაა დარეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი და ერთპიროვნული მმართველი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ტაიებ რაშიდმანეშია. ეკონომიკის სამინისტრომ ამ რაოდენობის მიწის ნაკვეთი ერთ ლოტად გამოიტანა, და მიწის შესაძენად მყიდველს მხოლოდ ერთი პირობა წაუყენა, გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა 790 156 ლარის ოდენობით. ბუნებრივია, ერთ ლოტად ამხელა ტერიტორიას ვერც ერთი ფერმერი ვერ იყიდდა.
ექსპერტთა შეფასებით, სამინისტროს მიერ გაწერილი საპრივატიზაციო პოლიტიკა მხოლოდ უცხოელებზეა მორგებული. ეკონომიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საქართველოს თითოეული რაიონის გამგეობაში მუშაობს მათი წარმომადგენელი, სადაც მიწის ნებისმიერ მყიდველს შეუძლია, აუქციონების ჩატარების თარიღებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია მოიკითხოს. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მიწების ყიდვისას ადგილობრივ მოსახლეობაზე არანაირი შეღავათები არ ვრცელდება, მიწას აუქციონზე ყველაზე მეტის გადამხდელი ყიდულობს.
ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არსებულ რთულ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაში მიწების გაყიდვა უცხოელებზე უნდა აიკრძალოს. უმჯობესია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გრძელვადიანი იჯარით გაცემა, ისევე როგორც ყაზახეთშია.
“სასოფლო-სამეურნეო მიწებს სხვა ქვეყნის მოქალაქეები არ უნდა ყიდულობდნენ. ეს არის უზარმაზარი პოლიტიკური შეცდომა. მსოფლიოში მსგავს რამეს არავინ აკეთებს. ხელისუფლება ქართველი გლეხის არაკონკურენტული მდგომარეობით სარგებლობს და მიწებს უცხოელებზე ყიდის. ეს ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას ნიშნავს. სასწრაფოდ გააუქმეს კანონი იჯარის შესახებ და ქართველებს აიძულებენ, რომ მიწები გაყიდონ”, – ამბობს სოფლის მეურნეობის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი.
ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული აუქციონის წესით მიწები გორის რაიონის სოფლ გარეჯვარში, თორტიზასა და კარალეთშიც ჰექტრობით გაყიდა. აუქციონი სოფელ ატენსა და წეროსხევსაც შეეხო. ორივე სოფელში 8 ათასი კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი გაიყიდა. ბოლო ორი აუქციონით ეკონომიკის სამინისტრომ 92 ათასი ლარი მიიღო. ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით თითქმის ყოველდღე ელექტრონული აუქციონები იმართება. გარდა შიდა ქართლისა, აუქციონზე მიწის ფართები საქართველოს ყველა რაგიონიდან გადის.
ქვეყანაში, რომელიც ითვლება აგრარულ სახელმწიფოდ და სადაც მოსახლოების 55% არის დასაქმებული ამ სფეროში, ხელისუფლებამ იმის მაგივრად რომ ხელი შეუწყოს და უკეთესი პირობები შეუქმნას გლეხს, პირიქით უყიდის ყველაფერს. მნივნელოვანია ის ფაქტი, რომ მიწის გასხვისება ელექტრონული აუქციონით ხდება და გლეხს იმ მიწას, საიდანაც სარგებელს თვითონ და მთელი სოფელი იღებდა, ისე უყიდიან, რომ ინფორმაციაც არა აქვს. იქნებ არსებობს საკითხის მეორე მხარეც, დაახლოებით 20 წელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი უკან-უკან მიდის, სჭირდება თუ არა მას “ახალი სისხლის გადასხმა” და მიწის უცხოელებისთვის გადაცემა? რომლებიც ქვეყანაში ახალ მეთოდებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს დანერგავენ. ექსპერტთა ნაწილს ამ კითხვაზე შემდეგი პასუხი აქვს – რა თქმა უნდა ეს ასეა და ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად უცხოური ინვესტიციების წახალისება, მაგრამ ამ ქვეყნების უმეტესობა, მიწას კი არ ყიდის, არამედ გრძლვადიანი იჯარით გასცემს.