მსოფლიოს მომავალზე ეკონომისტები და გეოლოგები ვერ თანხმდებიან

რედაქციისგან

ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც ეკონომიკურ არენაზე ძალთა გადანაწილება თვალშისაცემად იცვლება. აზია ლიდერობისთვის ემზადება, აფრიკის მზე ამოსვლას იწყებს, რასაც ვერ ვიტყვით ევროპაზე…
მსოფლიო ბანკმა უკვე შეამცირა გლობალური ზრდის პროგნოზი: გლობალური ეკონომიკა გაიზრდება არა 3,6%-ით, როგორც ადრე ვარაუდობდნენ, არამედ მხოლოდ 2,5%-ით. თუმცა, ექსპერტებს ბევრად თვალისმომჭრელად შორეული მომავალი ეჩვენებათ.

Citigroup-ის ანალიტიკოსების შეფასებით, 2030 წლამდე მთელს პლანეტაზე მშპ-ის დადებითი დინამიკა საშუალოდ იქნება 4,6%, ხოლო 2030-დან 2050-მდე – 3,8%. 40 წლის მანძილზე მსოფლიო მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 5-ჯერ გაიზრდება – 2010 წლის 72 ტრილიონი დო-ლარიდან 2050 წლისთვის 380 ტრილიონ დოლარამდე. ზრდის დრაივერად გადაიქცევიან განვითარებადი ქვეყნები: სახელმწიფოები, რომლებიც დღეს უღარიბესი ქვეყნების სიის სათავეში არიან, არნახულ ზრდას მიაღწევენ და ყველა შესაძლებლობა ექნებათ, რომ ლიდერები გახდნენ. რასაც ვერ ვიტყვით ევროპაზე, რომლის დაისი, როგორც ჩანს, გარდაუვალია.
ბანკ HSBC-ის სპეციალისტების გათვლებით, რომელიც იანვარში გამოქვეყნდა მოხსენებაში “მსოფლიო 2050 წელს”, პლანეტის წამყვანი ეკონომიკები 30-დან 19 შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება იმ ქვეყნებით, რომლებიც დღეს განვითარებადად იწოდებიან. ჩინეთისა და ინდოეთის პარალელურად (რომლის პირველობაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება), უახლოეს ათწლეულში სწრაფ ზრდას აჩვენებენ ნიგერია, პერუ და ფილიპინები. წინა რიგებში აღმოჩნდება თითქმის მთელი აფრიკა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია.
“მიმდინარე ანგარიშის მსოფლიო დისბალანსი აღმოფხვრილი იქნება აშშ-სა და ევროპაში დასაქმებისა და მწარმოებლურობის დონის ამაღლების წყალობით, ასევე, ბრიკის ქვეყნებისა და სხვა განვითარებადი ეკონომიკების მოხმარების დადებითი დინამიკის გამო, ანუ ყველა მოგებული დარჩება”, დარწმუნებულია SaxoBank-ის მთავარი ეკონომისტი. ექსპერტების აზრით, თავის შესაძლებლობებს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოავლენს აფრიკა. 38 წლის შემდეგ აფრიკას ბრიკის თანამედროვე ქვეყნის სტატუსი ექნება, ამასთან, მომავალი 50 წლის მანძილზე კონტინენტზე დემოკრატიული ცვლილებების წყალობით, მის ქვეყნებში გაიზრდება მწარმოებლურობა და ეკონომიკური განვითარების ტემპები.
აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ეკონომიკის მოსალოდენელი აღმავლობის საფუძველი უნდა გახდეს მოსახლეობის მნიშვნელოვანი მატება. HSBC-ის პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის იგი მოსახლეობის რიცხოვნობით პრაქტიკულად მიუახლოვდება აშშ-ს, ხოლო ეთიოპიაში იქნება 2-ჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე დიდ ბრიტანეთში ან გერმანიაში. შავი კონტინენტის ბევრ ქვეყანაში მოსახლეობა გაორმაგდება, მაგალითად, ტანზანიაში გასამმაგდება (138 მილიონი ადამიანი დღევანდელი 45 მილიონის საპირისპიროდ).
სწორედ ახალგაზრდა შრომისუნარიანი მოსახლეობა გახდება ინდოეთის განვითარების დრაივერი და შესაძლებლობას მისცემს მას გლობალურ ეკონომიკაში თავისი წონა 2050 წლისთვის 13%-მდე გაზარდოს 2009 წლის 2%-იანი მაჩვენებელი – მიიჩნევენ PricewaterhouseCoopers-ის ექსპერტები. ეროვნული კორპორაციები შესაძლებლობას მიიღებენ არა მხოლოდ დააკმაყოფილონ ახალი საშუალო კლასის მზარდი მოთხოვნილებები, არამედ დაფუძნდნენ უცხოურ ბაზრებზე და შეავიწროვონ დასავლური კომპანიები. ამ ფონზე, თვალსაჩინო გახდება ჩინეთის დემოგრაფიული პოლიტიკის ნეგატიური ეფექტი – “ერთი ოჯახი – ერთი შვილი”: 2020 წლისთვის შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი ქვეყანაში შემცირებას დაიწყებს, შესაბამისად, ქვეყნის მშპ-ც – წელიწადში საშუალოდ 5%-მდე 2050 წლამდე. მიუხედავად ამისა, ჩინელების კეთილდღეობა ამაღლდება: 40 წლის მანძილზე ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 800%-მდე გაიზრდება, თუმცა ვერ მიაღწევს აშშ-ის მაჩვენებელს. თუკი დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქის შემოსავალი აშშ-ის მოქალაქის შემოსავლის 7%-ია, 2050 წელს ეს მაჩვენებელი 32%-ს იქნება.
HSBC ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ეკონომიკის განვითარებაზე მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის გავლენა, როგორც ფაქტორი, არ წარმოადგენს პანაცეას და რომ მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა თავის შედეგს მხოლოდ ნაყოფიერ ნიადაგზე გამოიღებს, ანუ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შეიქმნება განათლებისა და ჯანდაცვის თანამედროვე სისტემები, იმოქმედებენ დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონები, ეფექტური სახელმწიფო აპარატი.
გარდა ამისა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ბუნებრივი სიმდიდრეები, რომელიც დღეისთვის სუსტ ეკონომიკებს გააჩნიათ. მოვიდა მათი გამოყენების დრო. ასე მაგალითად, ნიგერიის კეთილდღეობა დაფუძნებულია უდიდეს სანავთობე მარაგებზე: დღეს ეროვნული ექსპორტის 93% ნედლ ნავთობზე მოდის. ექსპერტები მიუთითებენ დღეს პრაქტიკულად გამოუყენებელ რესურსს, ისეთის, როგორიცაა სასოფლო სამერურნეო პროდუქტები. კვების პროდუქტებზე ფასების გლობალური მატების გათვალისწინებით, ეს არც თუ ურიგო კოზირი იქნებოდა მათ ხელში, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება ნიგერიაში მასშტაბური რეფორმების გატარება: მოცემულ მომენტში აგრარული პროდუქციის დიდ ნაწილს წვრილ-წვრილი ფერმები აწარმოებენ.
განვითარებად ეკონომიკებს მიმდინარე არასტაბილურობაც ხელს აძლევთ. “სანამ 38 წლით წინ გავიხედავდეთ, სასურველი იქნებოდა, ამდენივე წლით უკან გაგვეხედა და გაგვეხსენებინა რა ხდებოდა 38 წლის წინ, რა მდგომარეობაში იყო მსოფლიო 1970-იან წლებში? ენერგეტიკული კრიზისი, მაღალი ინფლაცია და ზრდის დაბალი ტემპი, ყოველივე ეს დღევანდელობას გვაგონებს – კრიზისი ეს ყოველთვის ახალი შესაძლებლობებია”.
ჩიტიგროუპ-ის შარშანდელი კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ათეულში არ იქნება არც ერთი ევროპული სახელმწიფო. ლიდერებად გადაიქცევიან ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, ინდონეზია და ნიგერია. ფინანსური კორპორაციის ანალიტიკოსების პროგნოზით, ამ პერიოდისთვის განვითარებადი აზიური რეგიონების წილი მსოფლიო მშპ-ის ნახევარი იქნება, მაშინ როცა დასავლეთ ევროპის წილი 7%-ს გაუტოლდება (ინფორმაციისთვის – 2010 წელს 19%).
HSBC-ის ექსპერტები ევროპის მიმართ ბევრად ოპტიმისტები არიან: მათ მიერ შედგენილ ტოპ ათეულში გერმანიისთვის, დიდი ბრიტანეთისთვისა და საფრანგეთისთვის ადგილები მოიძებნა. დასავლეთ ევროპის პოტენციალის შეზღუდვა დაკავშირებულია არა რეგიონის კრიტიკულ ვარდნასთან, არამედ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ამის გარეშეც მაღალ მაჩვენებელზე და რასახარბიელო დემოგრაფიულ სურათზე. HSBC-ის შეფასებით, 2050 წლისთვის გერმანიაში შრომისუნარიანი მოქალაქეების რაოდენობა შემცირდება 29%-ით, პორტუგალიაში 24%-ით, იტალიასა და ესპანეთში 23%-ითა და 11%-ით შესაბამისად. შრომისუნარიანი მოსახლეობა იმავე ნიგერიაში ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. დემოგრაფიული ტვირთი დააწვება რუსეთსაც: 40 წლის მანძილზე შრომისუნარიანი ასაკის ადამიანები ყოველწლიურად შემცირდება 1%-ით, ხოლო მოსახლეობის საერთო რიცხოვნობა 140 მილიონი ადამიანიდან 116 მილიონამდე დაიკლებს.
ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი შემცირების ფაქტის წინაშე აღმოჩნდებიან, იძულებულნი გახდებიან ეძებონ ზრდის სხვა დრაივერი. სხვათა შორის, უკრაინა, რომელსაც მოსახლეობის შემცირებას 36 მილიონ ადამანამდე უწინასწარმეტყველებენ (2010 წელს 45 მლნ), ბანკის ანალიტიკოსების აზრით, შეძლებს 2050 წლისთვის რეიტინგში მე-40-ე ადგილის მოპოვებას. მოსალოდნელი წარმატების მიზეზი – განათლების სისტემისა და საკანონმდებლო ბაზის განვითარებაა. 2050 წლისთვის წამყვანი ეკონომიკების სიაში ექსპერტებმა რუსეთს მე-15-ე ადგილი მიაკუთვნეს.
ზემოთ მოყვანილი პროგნოზების პარალელურად, არსებობს სხვა ვარაუდებიც იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიოში მომავალი 40 წლის მანძილზე. იმ დროს, როდესაც ეკონომისტები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის წარმოუდგენელ ზრდას წინას-წარმეტყველებენ, ამერიკელი გეოლოგი ლოურენს სმიტი თავის წიგნში “ახალი ჩრდილოეთი: მსოფლიო 2050 წელს” აბსოლუტურად საწინააღმდეგო მოსაზრებებს ავითარებს. მისი თეზისები დაფუძნებულია არა ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზზე, არამედ მოსალოდნელ კლიმატურ ცვლილებებზე. როგორც ირკვევა, 21-ე საუკუნის შუა პერიოდში ძალთა თანაფარდობა, შესაძლოა, სულაც არ იყოს ისეთი, როგორსაც ბანკის ანალიტიკოსები ხედავენ თავიანთი კაბინეტებიდან. ლოურენს სმიტი ფიქრობს, რომ გლობალური დათბობის გამო აშშ-ის სამხრეთ რეგიონები, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია კატაკლიზმების ეპოქაში შევლენ: მათ გვალვა და წყალდიდობები ემუქრება, შიმშილი, წყლის უკმარისობა. მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ახალი ჩრიდლოეთის ქვეყნები – ტერიტორიები, რომლებიც ჩრდილოეთ განედის 45 გრადუსს ზემოთ მდებარეობენ. განვითარების ბუმი მოხდება რვა ქვეყანაში, რომელსაც მკვლევარი ჩრდილოეთის რომს უწოდებს. ეს ქვეყნებია: კანადა, ისლანდია, დანია, ნორვეგია, შვედეთი, ფინლანდია, რუსეთი და აშშ (ჩრდილოეთის შტატები), ეკონომიკურ უპირატესობებს შორის, რომლებიც მათ აყვავებას უზრუნველყოფს, ნედლეულის მარაგებია და ყველაზე მთავარი სიმდიდრე არა ნავთობი და გაზი, არამედ წყალია.