ლოკომოტივი მსოფლიო ავტოწარმოებისთვის
აკაკი როგავა
ავადმყოფი გადარჩა და გამოჯანმრთელება დაიწყო – ასეთი დიაგნოზი დაუსვეს აშშ-ის საავტომობილო ბაზარს ნიუ-იორკის ავტოსალონის მონაწილეებმა. გამოფენის სტატუსი, რომელიც აპრილის ბოლოს გაიმართა, მაგალითად, დეტროიტის, ჟენევისა და პარიზის სალონებისას ჩამოუვარდება, მაგრამ ეს ღონისძიება იმით იყო გამორჩეული და აღსანიშნავი, რომ ნიუ-იორკული მოტორ-შოუში დიდი გამოცოცხლება შეინიშნებოდა: ავტოსალონზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით სამი ათეული მსოფლიო და შვიდი ათეული სამხრეთამერიკული პრმიერა. ნიუ-იორკის საავტომობილო გამოფენაზე მონაწილეების აქტიურობის ზრდა იმით აიხსნება, რომ ამერიკული ავტობაზარი დამაჯე-რებლად განაგრძობს აღდგენას. სულ რამდენიმე წლის წინ თავს დატეხილი კრისიზისის გამო უფსკრულის პირას იდგნენ “დიდი სამეულის” წარმომადგენელი კომპანიები:Chrysler, General Motors და Ford. ამ პერიოდში მათი რეკორდული მაჩვენებლები თითქმის სამჯერ შემცირდა და რომ არა სახელ-მწიფოს მხრიდან მიღებული მრავალმილიარდიანი დახმარება, ისინი გაკოტრდებოდნენ.
ახლა მდგომარეობა შეიცვალა. აშშ-ში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები ბაზრის მონაწილეებს ოპტიმიზმს ნამდვილად მატებს: მარტში ის 13%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ავტომშენებლები ელიან, რომ მაჩვენებლები მიმდინარე წელსაც საკმაოდ კარგი იქნება. თუკი რამდენიმე თვის წინ საუბრობდნენ, რომ აშშ-ის ბაზარი 2012 წლისთვის მიაღწევდა მაქსიმუმ 14 მილიონ ავტომობილს, ახლა ბევრი დამკვირვებელი დარწმუნებულია, რომ 14,5-14,7 მილიონი ერთეულის ბარიერს ავტომშენებლები ძალიან ადვილად გადალახავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზრდა შარშანდელთან შედარებით 10-15%-იანი იქნება.
სხვა განვითარებული ქვეყნების სტაგნაციაში მყოფი ბაზრების (მოსალოდნელია, რომ დასავლეთ ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 8-10%-ით დაიკლებს) ფონზე, ამერიკული ბაზარი მსოფლიო ავტოინდუსტრიის განვითარების ძირითადი დრაივერი ხდება. “მსოფლიო საავტომობილო ბაზარი მიმდინარე წელს გაიზრდება სამი მილიონი ავტომობილით. აქედან მილიონს აშშ მოგვცემს, მილიონს – ჩინეთი, დანარჩენი მილიონი გადანაწილდება განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე, როგორიც არის ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, თურქეთი და სხვა”, – განაცხადა ნიუ-იორკის სალონზე Renault-Nissan-ის ალიანსის მეთაურმა კარლოს გონმა. ოპტიმისტურად არის განწყობილი Toyota Motor-ის ამერიკული ქვეგანყოფილების ვიცე-პრეზიდენტი მარკ ტემპლინი: “აშშ-ის ავტობაზარი სწრაფად აღდგება და განჭვრეტად მომავალში ის თავის ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბებს, როცა გადალახავს 16-17 მილიონიან ზღვარს წელიწადში. ზრდის მიზეზი ბევრია, მაგრამ მათგან უმთავრესი მდგომარეობს იმაში, რომ კრიზისის დროს ადამიანები ეკონომიის მიზნით არ ყიდულობდნენ ახალ ავტომობილს, რის შედეგადაც ავტოპარკი მოძველდა. ახლა ამერიკულ გზებზე ავტომობილების საშუალო ასაკი 11 წელია, ამიტომაც ამერიკელები დღეს ხალისით ათვალიერებენ ახალ მანქანებს”.
ვის ერგება აშშ?
მსოფლიო კონცერნები სათავისოდ “ამერიკული ნამცხვრის” დიდი წილის მოჭრას გეგმავენ. ყველაზე აგრესიულად განწყობილნი იაპონელები არიან, რომლებიც შარშან მარტში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაკარგული პოზიციების გამყარებას ცდილობენ. მიწისძვრის გამო აშშ-ში გაყიდული იაპონური ავტომობილების მოცულობა 38%-დამ 30%-მდე შემცირდა. ბოლო ანგარიშების მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში იაპონელებმა აღდგენა შეძლეს: ახლა მათ მანქანებზე დაახლოებით 40% ისევ მოდის, მაგრამ იაპონურ კომპანიებს მეტის იმედი აქვთ. ნიუ-იორკული ავტოსალონის წინა დღეს თოყოტა-მ ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოების გაფართოების შესახებ განაცხადა. თოყოტა კანადაში, ტორონტოსთან ახლოს, ვუდსტოკში მდებარე ქარხანაში 80 მილიონი დოლარის ინვესტირებას აპირებს, სადაც საქონლის გამოშვების მოცულობა ერთი მესამედით გაიზარდა 200 ათას ავტომობილამდე წელიწადში. ხოლო ნიუ-იორკში Toyota-m Avalon-ის განახლებული მოდელის მსოფლიო პრემიერა მოაწყო. ამ სიახლით იაპონელები იმედოვნებენ, რომ დიდი სედანების ბაზარზე კონკურენტებს შეავიწროვებენ. მეორე იაპონურმა ბრენდმა Nissan-მა განაცხადა, რომ მას ამერიკულ ბაზარზე Altima-ს განახლებული მოდელი გაჰყავს – საშუალო ზომის სედანების კლასში მისი მთავარი იარაღი. აშშ-ში ეს მოდელი კონკურენციას გაუწევს ისეთ ბესტსელერებს, როგორიცაა Сamry და Honda Accord.
Honda-ს საქმე აშშ-ში არც ისე შეუფერხებლად მიდის. ამ იაპონური მარკის გაყიდვები აშშ-ში 5%-ით შემცირდა. Hondaცდილობს, ამერიკის კონტინენტზე სასწრაფოდ გამოასწოროს სიტუაცია. ავტოსალონის წინა დღით მან მექსიკაში ახალი ქარხნის მშენებლობის შესახებ გააკეთა განცხადება და იმედი აქვს, რომ განახლებული Crosstour წარმატებას მიაღწევს, რომელიც ნიუ-იორკში კონცეპტის სტატუსით იყო წარმოდგენილი.
ამერიკის ბაზარს ევროპელებიც უტევენ. დღეს ყველაზე წარმატებული მარკა Volkswagen-ია. მარტის შედეგებით გაყიდვებმა 35%-ს მიაღწია. მსგავსი მაჩვენებელი ამერიკის კონტინენტზე გერმანულ მარკას 1973 წლიდან არ ჰქონია, როცა ლეგენდარული “ხოჭოს” ტრიუმფის ხანა იყო. გერმანულ კომპანიას აშშ-ის ბაზრის ასათვისებლად გამზადებული აქვს ახალი უნივერსალი გაზრდილი გამავლობით – Alltrack, რომელიც ნიუ-იორკის ავტოსალონზე პირველად იყო წარდგენილი.
ამერიკელი ავტომწარმოებლები თავდაცვისთვის მზად არიან. ისინი ცდილობენ ავტომობილების ბუმის წინ განაახლონ თავიანთი მოდელები. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერა ნოუ-იორკის ავტოსალონზე იყო ჩჰევროლეტImpala. საშუალო ამერიკელისთვის ეს მანქანა იგივეა, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებთათვის ავტომობილი “ვოლგა” იყო. აღნიშნული მოდელის გამოშვება 1950 წლები-დან დაიწყეს, ერთი პერიოდი Impala იყო ამერიკის ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი. სწორედ ახალი თაობის Impala-ს წყალობით, General Motors გეგმავს ორიგინალური დიზაინითა და ინტერიერის ხარისხიანი მოპირკეთებით ძველი დიდება დაუბრუნოს დიდ სედანს – Traverse-ს. ამ მანქანას კროსოვერ Chevrolet-ის “ახალ სახეს” უწოდებენ და მისი საშუალებით GM-მ იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ამერიკელები არ აპირებენ იაპონელებს ტექნოლოგიურად ჩამორჩენ. სხვათა შორის, თრავერსე ყველაზე უსაფრთხო ავტომობილის ტიტულის პრეტენდენტია – ამ მანქანაში მძღოლსა და წინ მჯდომ მგზავრს შორის პირველად გაჩნდა უსაფრთხოების ბალიში. სტატისტიკის მიხედვით, საგზაო შემთხვევებისას წინა სავარძლებზე მსხდომი მზგავრები ერთმანეთს აზიანებენ.
Ford სეზონზე კონცენტრირებულია უგზოობისთვის განკუთვნილი მანქანების ხარისხის გაუმჯობესებაზე: ნიუ-იორკში მან წარმოადგინა ძლიერი ძრავით აღჭურვილი Ford Explorer Sport с 350-ის ახალი ვერსია. Ford-მა აქტიურად დაიწყო თავისი პრემიალური ბრენდის Linkoln-ის აღდგენა. ნიუ-იორკში წარმოდგენილი იყო ამ მარკის ლუქს სედანი – MKZ.
განვითარების საინტერესო დინამიკა აჩვენა ამერიკული “დიდი სამეულის” მესამე მონაწილე Chrysler-მა. მარტის შედეგებით კომპანიამ ამერიკელი მწარმოებლისთვის გაყიდვების რეკორდული ზრდა აჩვენა – 34%. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაბალი ბაზის ეფექტი უფროა (Chrysler კრიზისას ძალიან დაზარალდა), მაინც უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საკმაოდ წარმატებულად ახორციელებს თავის ახალ მარკეტინგულ სტრატეგიას, მათ შორის, ცალკეულ ბრენდებში მოდელური რიგის დიფერენცირებას ახდენს. ასე მაგალითად, შტატებისთვის საკულტო პიკაპი Dodge ღამ დიდი ხანია გამოყოფილია, როგორც დამოუკიდებელი მარკა: ამ დიდ ავტომობილებს უკვე უბრალოდ Ram-ს უწოდებენ Dodge-ის გარეშე.
“მწვანე ტალღა”
ამერიკის საავტომობილო ბაზარზე უახლესი ტრენდი “მწვანე ტალღაა”. ამერიკელები სერიოზულად დაფიქრდნენ თავიანთი მანქანების ეკონომიურობაზე. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ში, ერთი მხრივ, ბენზინის ფასი კატასტროფულად იმატებს, ხოლო, მეორე მხრივ, სულ უფრო პოპულარული ხდება ბუნების დაცვის იდეა. ასეთ სამომხმარებლო დაკვეთაზე მწარმოებელი ძრავის ეკონომიურობის ზრდით პასუხობს. მაგალითად, საუბარი დაიწყეს დიზელზე მომუშავე ძრავის უფრო ფართო გამოყენებაზე. ამ საკითხში განსაკუთრებით დიდი გატაცებით აქტიურობენ ევროპელები. ნიუ-იორკში Porsche-ს მარკამ დიზელის Porsche Cayenne-ის ამერიკული პრემიერა გააკეთა. დიზელის ავტომობილებს პროპაგანდას უწევენ იაპონელებიც – კომპანია Mაზდა-მ გამოფენაზე წარმოადგინა დიზელზე მომუშავე ძრავები Sky Active, რომლებიც ასევე მონტაჟდება ახალ, კომპაქტურ, უგზოობისთვის განკუთვნილ Mazda CX-5-ზეც.
დღემდე მიიჩნეოდა, რომ დიზელზე მომუშავე ძრავი შეიძლებოდა მხოლოდ სატვირთო ავტომობილს ჰქონოდა. გარდა ამისა, პრობლემაა ის, რომ ხარისხიანი დიზელის საწვავი ყველგან ხელმისაწვდომი არ არის. აშშ-ში უფრო წარმატებით იყიდება ეკონომიური მანქანის სხვა ტიპი – ჰიბრიდული ძრავით. Toyota-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ყველაზე პოპულარული ჰიბრიდული მოდელი – Pრიუს – კომპანიის სხვა მოდელებს შორის აშშ-ში გაყიდვებით მესამე ადგილზეა. იაპონური ჰიბრიდებისთვის კონკურენციის გაწევას ამერიკელებიც ცდილობენ. ნიუ-იორკის სალონზე ჰიბრიდული მანქანების ფართო სამოდელო რიგი აჩვენა Ford-მა. ამერიკული კომპანია ფსონს ჰიბრიდული Ford Fusion-ის გაყიდვაზე დებს, რომელიც თავის დროზე დასახელდა, როგორც წლის საუკეთესო ჩრდილოამერიკული მანქანა.
General Motors ცდილობს წინ წამოსწიოს ჰიბრიდულძრავიანი Chevrolet Volt – ავტოსალონზე პირველად იქნა ორგანიზებული ელექტრომანქანების სპეციალური პავილიონი, სადაც მსურველებს გასეირნების საშუალებაც ჰქონდათ. გამოფენის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ, რომ ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს სპეციალური სამთავრობო პროგრამები. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა ავტოპარკის ელექტრომანქანებით ჩასანაცვლებლად მოლაპარაკებებს საავტომობილო გიგანტ “ჯენერალ მოტორსთან” აწარმოებდა.
თუმცა, ჯერჯერობით, არ ღირს “მწვანე” ავტომობილების როლის გადაჭარბებულად შეფასება ამერიკულ ბაზარზე. აშშ რჩება დიდი, ძლიერი და ტევადი ავტომობილების ქვეყნად: აქ პიკაპები და უზარმაზარი, უგზოობისთვის განკუთვნილი ავტომობილები ბატონობენ. სტატისტიკის თანახმად, გასული წლის შედეგებით, შტატებში ყველაზე გაყიდვადი მოდელი არის Ford F-ის სერიის პიკაპი და ძლიერი და ტევადი ჩჰევროლეტ შილვერად.
რა ხდება აქ?
საქართველოში ჰიბრიდულძრავიან ავტომობილებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია, თუმცა, ექსპერტების შეფასებით, რამდენიმე წელიწადში ჰიბრიდული და ელექტროძრავიანი ავტომობილების გაყიდვები გაიზრდება. ამიტომ ალტერნატიული ძრავების მქონე მანქანების შემოყვანას სულ უფრო მეტი კომპანია გეგმავს.
ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში ჰიბრიდულ ძრავიანი მანქანების იმპორტს ახორციელებს, “ტოიოტა ცენტრია”.
სამწუხაროდ, საქართველო კვლავ რჩება ძირითადად მეორადი ავტომობილების მომხმარებელ ქვეყნად. 2011 წლის ბოლოს 750 ათასამდე რეგისტრირებული ავტომობილი ფიქსირდება, რაც გასულ წელთან შედარებით 7,4%-ით მეტია (წყარო: შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტი). აქედან 20 წლის და უფრო ძველი ავტომობილების წილი 44%-ია, 11-20 წლის ავტომობილები – 47%, 7-10 წლის – 4.5%, 4-6 წლის – 3% და 1-3 წლის – 1.5%;
ავტოიმპორტიორი კომპანიები გასული წლის მეორე ნახევარში აღნიშნავდნენ, რომ მათი გაყიდვები თითქმის ომამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ავტომობილების ქართული ბაზარი გააქტიურდა, ბაზრის მოთამაშეები ამ პერიოდისთვის რეალიზაციის 40%-იან ზრდაზეც საუბრობდნენ. თუმცა, რეალიზაციის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეექსპორტის წახალისებამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გასული წლის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველო ავტომობილების რეექსპორტის თვალსაზრისით რეგიონის საკვანძო ქვეყნად იქცა. აღნიშნულ კვლევაში საქართველოში გასაყიდად ჩამოტანილი და შემდეგ ქვეყნიდან ექსპორტირებული მანქანების რაოდენობაა აღრიცხული. შედეგების თანახმად, საქართველოში ავტომობილების რეექსპორტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4,5-ჯერ გაიზარდა. 40%-ით მოიმატა იმპორტმა, ახალი მანქანების რიცხვი კი ქვეყანაში 10%-ით გაიზარდა.
ამასთან, ბოლო პერიოდში რუსეთში წარმოებული ავტომობილები საერთოდ არ შემოსულა. მსგავსი კომპლექსური კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებელში ავტომანქანების რეექსპორტის წილი დაახლოებით 25%-ია.
საავტომობილო ბაზარი საქართველოში საკმაოდ მასშტაბური, ლიკვიდური და სწრაფად მზარდია, რაც, პირველ რიგში, განპირობებულია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობით. რეექსპორტის წახალისებამ საქართველოს საავტომობილო ბაზარი გამოაცოცხლა და სპეციალისტების შეფასებით, საქართველომ გამოკვეთილად შეიძინა რეგიონალური საავტომობილო საბაზრო ცენტრის ფუნქციები, რაც, თავის მხრივ, ქმნის მიმზიდველ შესაძლებლობას და ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, მათ შორის იმპორტიორებისთვის, გადამზიდავებისათვის, შემკეთებლებისათვის, გადამყიდველი შუამავლებისათვის და ბაზრის სხვა მონაწილე/ოპერატორებისთვის. 2011 წელს საქართველოს საექსპორტო კატეგორიებში საავტომობილო ექსპორტს გამოკვეთილად ლიდერის პოზიცია ეჭირა 350 მილიონი აშშ დოლარის საერთო ბრუნვით.
სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალააქები მეორად ავტომობილებს, ძირითადად, საქართველოში, კერძოდ რუსთავში მდებარე საავტომობილო ბაზარზე იძენენ.
საქართველოში ავტომობილებზე ფასი ბევრად დაბალია, ვიდრე აზერბაიჯანსა და სომხეთში. მაგ-ალითისთვის: თუ საქართველოში “ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილის საშუალო ფასი 5 ათასი დოლარია, აზერბაიჯანში მისი ღირებულება თითქმის ორჯერ მეტია. აქაურ ფასს განაპირობებს გამარტივებული და მოქნილი საბაჟო და საგადასახადო რეჟიმები, დაბალი ტარიფები, რასაც აზერბაიჯანის მოქალაქეებიც ადასტურებენ. მათი თქმით, საბაჟო პროცედურების გავლა საქართველოში ბევრად იაფია, ვიდრე აზერბაიჯანში. ავტომობილების განბაჟება საქართველოში ავტომობილის ღირებულების დაახლოებით 5%-ს შეადგენს მაშინ, როცა აზერბაიჯანში ავტომობილის ღირებულების 25%-ია.
საქართველოში რეგისტირებულ მსუბუქ ავტომობილებში ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილების წილი 95,7%-ია, დიზელის ძრავზე კი მხოლოდ 4,3% ფიქსირდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების 89,6% ფიზიკურ პირებზეა რეგისტრირებული, დანარჩენი იურიდიულ პირებზე. ავტოპარკში 65.7% – მსუბუქ ავტომობილებს, 17.5% – ჯიპებს, 9.8% – სატვირთო ავტომობილებს, 6.6% – სამგზავრო ავტომობილებს, 0.4% – კი მოტოციკლებს უჭირავს. ზრდა, ძირითადად, უცხოური (არასაბჭოთა) წარმოების ავტომობილების ხარჯზე მოდის. ამ დროსათვის ავტოპარკში 270 ათასამდე (36%) საბჭოთა წარმოების ავტომობილი ფიქსირდება.
ყველაზე მეტი ავტომობილი თბილისშია რეგისტრირებული – 38,7%, შემდეგ მოდის: იმერეთი – 13%, ქვემო ქართლი – 10.2%, აჭარა – 7.6%, კახეთი – 7.2%, სამეგრელო-სვანეთი – 5.7%, შიდა ქართლი – 5.3%, სამცხე-ჯავახეთი – 4.5%, მცხეთა-მთიანეთი – 2.8%, აფხაზეთი – 2.2%, გურია – 2.1%, რაჭა – 0,4%; ახალი ავტომობილების რეგისტრაციის მაჩვენებელმა 2011 წელს 3261 ერთეული შეადგინა და გასულ წელთან შედარებით 32,6%-ით გაიზარდა.
სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებს შორის ყველაზე მეტი “ფორდი” (23 454) და “მერსედესი” (8673) ფიქსირდება. 2011 წელს საქართველოში 68 ათასამდე ავტომობილი შემოვიდა, მათ შორის უმრავლესობა “მერსედესი” და “ოპელი”. ექსპორტზე გავიდა 12 ათასამდე ავტომობილი. ახალ ავტომობილებს შორის იმპორტში “ტოიოტა”, “ჰიუნდაი”, “შკოდა” და “კია” ლიდერობენ.