კორუფცია და ეტიკეტები ქართულად
ირაკლი წინამძღვრიშვილი
ანტიმონოპოლიური სამსახურის ინიციატივამ – ყველა საქონელზე, პროდუქტზე ქართული წარწერის აუცილებლობის შესახებ, ჩვენი ერის ჭეშმარიტი მამულიშვილები და პატრიოტები ჭეშმარიტად აღაფრთოვანა. მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეთა შორისაც მოიძებნებიან ჭეშმარიტი პატრიოტები, მათ უმრავლესობას ამ კანონპროექტმა კიდევ ერთი საფრთხე დაანახვა – ახალი მაკონტროლებელი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ იყო ინიცირებული, თუმცა, საქართველოს პარლამენტის “მრეწველთა” ფრაქციის წევრს, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჯამბულ ბაკურაძის დაჟინებული თხოვნით თუ მოთხოვნით განხილვები გაჭიანურდა: ბატონმა ჯამბულმა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის (ან სამსახურის) დაზუსტება ითხოვა.
ნელია, ვინმემ ქართული წარწერის, ეტიკეტის წინააღმდეგ გაილაშქროს, ეს მართლაც არაპოპულარული ნაბიჯი იქნებოდა. ალბათ, ყველასათვის მისაღები და სასურველი იქნებოდა, ყველა წამლის, კანფეტის, შეხვეულის, მასტიკის… თუ სხვა ათასგვარი საქონლის ეტიკეტზე ქართული წარწერა ყოფილიყო. საქართველოში დამზადებულ პროდუქტზე, ეს, ბუნებრივია, პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ რამდენად მოხერხდება და შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება უცხოურ ფირმებში და რამდენად სწრაფად, ეს კიდევ ცალკე საკითხია.
“სამწუხაროდ, ვიცი და ნანახი მაქვს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ისეთი მეორადი წარმოებები, სადაც ისეთი პროდუქტი იფუთება ლამაზ ბრჭყვიალა ქაღალდებში, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ იგზავნება საქართველოს გარდა! ის პროდუქტი საკვებად უვარგისია! საინტერესოა, რას დააწერენ ასეთ პროდუქტებს ქართულად? ალბათ, “ვარგისია”, შენახვის ვადა 2 წელი და ა.შ… სამწუხაროდ, იმ პროდუქტების თუ წამლების ექსპერტიზა და შემდეგ მათი ანოტაციის მომზადება კანონით გათვალისწინებული არ არის. ეს კანონის ხარვეზია!” – აცხადებს ჯამბულ ბაკურაძე.
ამა თუ იმ პროდუქტის ექსპერტიზის ჩატარების თემა ცალკე საკითხია, პრობლემას კონტროლისა და კონტროლიორების დაზუსტება წარმოადგენს. მაშინ, როდესაც კონტრაბანდის წინააღმდეგ ირაზმებიან მაკონტროლებელი ორგანოები, კონტრაბანდის მასშტაბები არა თუ მცირდება, პირიქით, კატასტროფულ საზღვრებს აღწევს.
ჯამბულ ბაკურაძე: – მაკონტროლებელი ორგანოები სოკოებივით მრავლდებიან, შესაბამისად, იზრდება კონტრაბანდის რაოდენობაც. ანუ, მათემატიკურ ფორმულირებას თუ მივიღებთ, კონტრაბანდის მასშტაბები მაკონტროლებელთა რაოდენობის პირდაპირპროპორციულია! საოცარი ის არის, რომ ამ მაკონტროლებელთაგან კონკრეტული პასუხისმგებელი არც ერთი არ არის. მე პარლამენტის წინაშე დავსვი საკითხი – იყოს ეს ორგანიზაცია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკითხის შემომტანი პარლამენტში – ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც პასუხს აგებს კანონის შესრულებაზე!
სამართალდამცავი ორგანოები, ადმინისტრაციული ინსპექცია, უბნის ინსპექტორი, გამგეობის, მერიის, საკრებულოს თანამშრომლები… კიდევ ბევრი “შემწუხებლისგან” გათავისუფლდეს მეწარმე, თუკი ანტიმონოპოლიური სამსახური ამ ფუნქციას შეასრულებს. ეს უკანასკნელი ყველა ამ შემმოწმებელს შეცვლის.
“აქტის შედგენა რაიმე დარღვევის შემთხვევაში ანტიმონოპოლიურ სამსახურს უნდა დაეკისროს!” – აცხადებს ბაკურაძე, – “შესაბამისად, პასუხისმგებლობა საზოგადოების და კანონის წინაშე მას უნდა დაევალოს!”
ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პირვანდელ პროექტში პასუხისმგებლობა მხოლოდ რეალიზატორს ეკისრებოდა, ანუ ისევ და ისევ ყველაზე დაჩაგრულ ფენას. განხილვაზე გამოითქვა შენიშვნა, გაფართოებულიყო პასუხისმგებელ პირთა წრე: მათ რიცხვში შესულიყვნენ იმპორტიორები ანუ შემომტანები, საბაჟოს თანამშრომლები.
“საქართველოში ტვირთი 10-11 შემოსასვლელიდან შემოდის. ჩვენ არ გვსურს, არ ძალგვიძს ამ 11-იოდე შემოსასვლელის გაკონტროლება და 140 ათასზე მეტ სავაჭრო ობიექტში დავდევთ და ვაკონტროლებთ, ეს წარმოუდგენელია. ქალაქში ვაჭრობა უნდა მოვაწესრიგოთ. “ციგნებს” რომ მარმელადი, წამლები და ათასგვარი პროდუქტი დააქვთ თბილისის ქუჩებში, ვინ შეამოწმებს, ვინ ნახავს, ქართული წარწერა აქვს თუ არა? ვინ შეადგენს აქტს? ამიტომ, თუ არ მოწესრიგდა ვაჭრობის და მომსახურების სისტემა, ყოველგვარ ქმედებას აზრი ეკარგება!”
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქ-მა ნინო ბურჯანაძემ ბრძანა, რომ ხან კანონების მისაღებად და სხდომის დასაწყებად კვორუმი არ იკრიბება და ხან კანონენს დამკვრელური ტემპით ვღებულობთ. ასეთი “დამკვრელური ტემპით” მიღებულ კანონებში კოლიზიები მრავლად არის და კორუფციის წყაროებსაც, შესაბამისად, მრავლად პოულობენ. შემდეგ კი “მიხუთშაბათებულ” კანონებში ცვლილებების შეტანას თვეებს ანდომებენ, ამ თვეებში კი მეწარმეებს წურბელები ავიწროვებენ.