სამრეწველო წარმოება აშშ-ში ადგილიდან ვერ იძვრის
აკაკი როგავა
აშშ-ის სამრეწველო წარმოება უკვე მეორე თვეა “ზამთრის ძილს” თავს ვერ ართმევს. სამრეწველო წარმოების მოცულობამ ვერც თებერვალსა და მარტში ვერ შეძლო 9 თვის მანძილზე აშშ-ის რეალურ სექტორში დემონსტრირებული გაზრდილი აქტივობის გაგრძელება. ყველაზე მეტად შემაშფოთებელია დამამუშავებელ დარგებში აქტივობის შემცირება – აქ წარმოების მოცულობა თვიურ გაანგარიშებაში შემცირდა 0,2%-ით. დამამუშავებელ მრეწველობაზე კი მოდის ქვეყნის მთლიანი სამრეწველო წარმოების მოცულობის 75%.
ექსპერტრბი სვამენ კითხვას, რა არის ეს, აშშ-ის ეკონომიკის რეალურ სექტორში მოსალოდნელი ვარდნის აშკარა სიგნალი თუ წინა თვეების საკმაოდ სერიოზული ზრდიდან დროებითი გადახვევა? ექსპერტები იმაზეც საუბრობენ, რომ დროა დამამუშავებელმა მრეწველობამ, რომელიც ამერიკის ეკონომიკის აღდგენის საკითხში წამყვანი როლი ითავა, პირველობა მომსახურების სფეროს დაუთმოს. იქნებ ჯერ ადრეა განგაშის ზარის ჩამოკვრა და ეს არის მხოლოდ მცირეხნიანი შესვენება ახალი სიმაღლეების დაპყრობის წინ. უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის I კვარტალში დამამუშავებელ მრეწველობაში ზრდა მაინც იყო და მან შეადგინა 1,7% და ეს მაშინ, როცა წინა სამი თვის განმავლობაში 1984 წლიდან მოყოლებული პირველად დაფიქსირდა ყველაზე დიდი ზრდა. წლიურ გაანგარიშებაში დამამუშავებელ მრეწველობაში ზრდამ მიმდინარე წლის I კვარტალში შეადგინა 10,4%. სხვათა შორის, ზრდა დაფიქსირდა დარგის ყველა სეგმენტში, ავტომობილებისა და მისი სათადარიგო ნაწილების წარმოების გამოკლებითაც კი, სადაც ზრდა წლიურ გამოხატულებაში 40% იყო; დანარჩენ დამამუშავებელ სექტორებში 2012 წლის I კვარტალში მთლიანმა ზრდამ შეადგინა 8,3%. რამდენიმე წამყვანი დარგის გამოკლებითაც კი, წარმოების მოცულობა, როგორც მინიმუმ, 5%-ით არის გაზრდილი. რა თქმა უნდა, სამრეწველო წარმოების ლიდერი ავტომშენებლობის დარგია – აქ მარტშიც კი წარმოების ზრდა თვიურ გაანგარიშებაში შეადგენდა 0,6%-ს თებერვლის 0,8%-იანი ზრდის შემდეგ. ამერიკული წარმოების ავტომობილებზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში ნარჩუნდება. მიწურულ კვარტალში, ავტომწარმოებლების ანგარიშების მიხედვით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე დარგში გაყიდვების მოცულობა ყველაზე მაღალი აღმოჩნდა. მომპოვებელ სექტორებში წარმოების მოცულობა მარტში თებერვალთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა, ხოლო კომუნალური მომსახურების სფეროში 1,5%-ით. სხვათა შორის, ორივე სექტორმა მიმდინარე წლის I კვარტალი წლიურ გამოხატულებაში შემცირებით დაასრულა – 5,4%-ითა და 13,8%-ით შესაბამისად.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემების მიხედვით, შეიძლება დავასკვნათ, რომ 2012 წლის პირველი სამ თვეს სამრეწველო წარმოების მოცულობამ 5,4%-ით მეტი ზრდა აჩვენა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. “კომპანიები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი მოკლევადიან პერსპექტივაში ზრდასთან დაკავშირებით, მაგრამ სიტუაციას ბენზინზე მზარდი ფასები აფუჭებს”, – ნათქვამია ფედერალური სარეზერვო სისტემის მოხსენების დასკვნაში.
როგორც ჩანს, აშშ-ის მონეტარული ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკას. აპრილის ბოლოს ფედრეზერვის მეთაურმა ბენ ბერნანკემ განაცხადა, რომ აუცილებელია კერძო მოხმარების მხარდაჭერის გაგრძელება, რომელიც აშშ-ის ეკონომიკის მთავარი დრაივერია. მხარდჭერა კი მოცემული სიტუაციაზე ადაპტირებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკით არის შესაძლებელი. ბენ ბერნანკეს განცხადებით, მისი უყწება განაკვეთებს რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დატოვებს, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდეს.