გერმანია ოპტიმიზმს ინარჩუნებს, ევროზონა კი პესიმიზმმა მოიცვა
აკაკი როგავა
ევროპაში დაძაბულობის მოხსნა, მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდა კიდევ ერთხელ საბერძნეთის უმართავი დეფოლტისთვის გვერდის ავლა და ევროზონის გადარჩენა, ევროპის საქმიანი წრეებისთვის გრძელვადიანი პოზიტიური ეფექტის მქონე არ აღმოჩნდა.
აპრილის შუა რიცხვებში საკუთარი კვლევა გამოაქვეყნეს ლიმბურგის ინსტიტუტის (Sentix) ეკონომისტებმა, სადაც მოცემული სტატისტიკა ასახავს ინვესტორებს შორის ოპტიმიზმის შემცირებას. ევროზონის ინვესტორებს შორის განწყობის ინდექსი შენტიხ-ის მიერ გამოკითხული 847 ინვესტორის პასუხების შედეგებით მიმდინარე წლის აპრილში ბოლო ოთხი თვის მანძილზე პირველად შემცირდა – მარტის მინუს 8,2 პუნქტიდან მინუს 14,7 პუნქტამდე. არანაკლებ შემცირდა ევროზონის მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის ინდექსი – მარტის მინუს 14 პუნქტიდან 20 პუნქტამდე. კიდევ უფრო შემცირდა (მინუს 2,3 პუნქტიდან მინუს 9,3 პუნქტამდე) ინვესტორების მოლოდინის ინდექსი, რომლებიც, ალბათ, ვარაუდობენ, რომ ეკონომიკაში ვარდნა გაგრძელდება. შენტიხ-ის ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ: “ევროპის ხელისუფლება ძალისხმევის მაქსიმუმს მიმართავს ევროპული ეკონომიკის სტაბილიზებისთვის, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ერთი თვის მერე მას შემდეგ, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გაატარა სამწლიანი რეპოს მეორე რაუნდი. ევროზონის ეკონომიკის აღდგენას ხელს უშლის აზიასა და გერმანიაში ეკონომიკური ზრდის ვარდნა”.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მონეტარულმა ხელისუფლებამ სამწლიანი რეპოს ოპერაციებით (გრძელვადიანი რეფინანსირების მეორე რაუნდის ფარგლებშიLTRO) შეძლო მნიშვნელოვანად განემუხტა სიტუაცია, რომელიც ევროზონას დაშლით ემუქრებოდა, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ევროპის საქმიან წრეებში მხოლოდ მოკლევადიანი ოპტიმიზმი აღმოცენდა. ევროპაში სერიოზულად და ხანგრძლივად სიტუაციის შეცვლა მხოლოდ წო-ნიან მიზეზებს შეუძლია, რომ მან ინვესტორების რწმენის ამაღლება შეძლოს. გარდა ამისა, სახელმწიფო ხარჯების ძლიერი შეკვეცა ევროზონის პერიფერიულ ქვეყნებში ამცირებს შიდა მოთხოვნას, ხოლო მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდა, ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება, რომლის მდგომარეობასაც გლობალური ინვესტორები დაჟინებით ადევნებენ თვალყურს, მხოლოდ ინვესტორების შეშფოთებას აძლიერებს და ნეგატიურად აისახება ევროპის საქმიან კლიმატზე.
ოფიციალური ბრიუსელიც იზიარებს შეშფოთებას ევროზონის ეკონომიკის მომავლის შესახებ. ევროკომისიის ეკონომისტების შეფასებით, 2012 წლის შედეგებით ევროზონის მშპ შემცირდება 0,3%-ით. ევროკომისიის ანალიტიკოსების პროგნოზით, ჩვიდმეტი ქვეყნიდან რვა – რეცესიას ვერ გაექცევა. თუმცა, ამასთან, ევროპის ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყანა – გერმანია – მიმდინარე წლის შედეგებით შეძლებს აჩვენოს 0,6%-იანი ზრდა.
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ ღირს პესიმიზმში გადავარდნა, რადგან ბევრი ანალიტიკოსია დარწმუნებული, რომ უკვე ამ გაზაფხულზე ევროზონა რეცესიიდან გამოვა. ეს შესაძლებელი გახდება რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობის წყალობით. პირველ რიგში კი, ევროპის ცენტრალური ბანკის ექსპანსიური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამო. გარდა ამისა, ამერიკის ეკონომიკის აღდგენის პროგრესიული ხასიათი საკმაოდ წონიანი არგუმენტი გახდება ევროზონის სტაბილური აღდგენის სასარგებლოდ. თუმცა, მიმდინარე წლის შედეგებით ევროზონის მშპ-ის ზრდის ხილვა ბევრ ექსპერტს შესაძლებლად არ ეჩვენება.
ანალიტიკოსები ევროპის სავალე კრიზისთან დაკავშირებითაც არ იკვებებიან ილუზიებით – უახლოეს თვეებში არა თუ არ იქნება გადაწყვეტილი სუვერენული ვალის კრიზისი, არამედ წლის მეორე ნახევარში გამწვავების ახალ ტალღას პროგნოზირებენ. რაც შეეხება ევროზონის ეკონომიკის აღდგენას, მას 2013 წლისთვის ელოდებიან.
იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორი სისწრაფით იზრდება ოპტიმიზმი გერმანელ ბიზნესმენთა განწყობაში, განმეორებითი რეცესიის სცენარის, რომლის შესახებაც წლის დასაწყისში აქტიურად საუბრობდნენ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ საქმიან წრეებში აღარავის სჯერა.
2011 წლის IV კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით მშპ-ის 0,2%-იანმა კლებამ, ევროზონის სავალე კრიზისის ტალღის გამძაფრებამ და ევროზონის დაშლის თემის მუსირებამაც კი ვერ გატეხა გერმანელი ბიზნესმენები და ანალიტიკოსები. როგორც ევროპული ეკონომიკის კვლევის მანჰაიმის ცენტრისა (ZEW) და მიუნხენის ინსტიტუტის (IFO) ექსპერტთა კვლევები აჩვენებენ, საქმიან წრეებში ოპტიმიზმი წლის დასაწყისიდან მეოთხე თვეა ზედიზედ იზრდება.
ZEW-ის ექსპერტების ანგარიშის თანახმად, უახლესი ნახევარი წლის მანძილზე გერმანიის ეკონომიკური განვითარების მიმართ ინვესტორებისა და ანალიტიკოსების მოლოდინის ინდიკატორი ZEW Survey (Economic Sentimeნტ) მიმდინარე წლის აპრილში მარტის 22,3 პუნქტიანი ნიშნულიდან 23,4 პუნქტამდე გაიზარდა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო ორი წლის მანძილზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქმიანი რწმენის აპრილის ინდექსი, რომლის გასაანგარიშებლად ინსტიტუტის ექსპერტებმა დაახლოებით 350 ანალიტიკოსი და ინვესტორი გამოკითხეს, აჩვენებს უახლოესი 6 თვის მანძილზე გერმანიაში ბიზნესის განვითარების პერსპექტივის მათ საკმაოდ ოპტიმისტურ შეფასებას.
რაც შეეხება გერმანული ეკონომიკის მდგომარეობის მიმდინარე შეფასებას, ნათელია, რომ ის დიდ შეშფოთებას არ იწვევს – მაკროეკონომიკური სტატისტიკის გაუმჯობესების მოლოდინმა, გერმანიაში მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციის ინდიკატორს – ZEW Survey (Current Situation) საშუალება მისცა მარტის 37,6 პუნქტიანი ნიშნულიდან 40,7 პუნქტამდე გაზრდილიყო.
მიუნხენის ინსტიტუტის IFO-ის სპეციალისტების კვლევის შედეგებმაც დაადასტურეს გერმანიის საქმიან წრეებში კლიმატის გაუმჯობესება. საქმიანი აქტივობის მაჩვენებელი (IFO Business Climate) 2012 წლის აპრილში მარტის 109,8-პუნქტიანი ნიშნულიდან 109,9 პუნქტამდე გაიზარდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ცხრა თვის მანძილზე. მიმდინარე მომენტში ბიზნესის შეფასების მაჩვენებელმაც (Current Assessment) მოახდინა მცირედი ზრდის დემონსტრირება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით – 117,4 პუნქტიდან 117,5 პუნქტამდე. ხოლო უახლესი ნახევარი წლის მანძილზე საქმიანი მოლოდინის ინდექსი (IFO Expectations) მარტის 102,7 პუნქტიდან არ შეცვლილა. 7000 გერმანული კომპანიის მმარ-თველების, ინვესტორებისა და ანალიტიკოსების გამოკითხვებმა აჩვენა, რომ გერმანიაში ეკონომიკური ზრდის პოტენციალი საკმაოდ მაღალია. ფრანგული ბანკის Societe Generale-ის წამყვანი ეკონომისტის, კლაუს ბაადერის შეფასებით, IFO-ს საქმიანი კლიმატის მიმდინარე მაჩვენებლები შეესაბამება ეკო-ნომიკის 3%-იან ზრდას, რომლის მოლოდინიც უახლეს მომავალში არ უნდა იყოს. “მიუხედავად ამისა, კვლევა ადასტურებს, რომ მშპ-ის შემცირება 2011 წლის IVკვარტალში და 2012 წლის I კვარტლის სუსტი მაჩვენებელები დროებითი მოვლენაა”, – აცხადებს ექსპერტი.
ამასობაში, გერმანელი მრეწველები მეზობელ ქვეყნებში მათ საქონელზე მოთხოვნის ზრდას აღარ ელოდებიან, რადგან აზიური ბაზარი ყველაზე პერსპექტიული ხდება და ისინიც ამ ფაქტორს აქტიურად იყენებენ. კომპანიები მთელი ძალებით ცდილობენ დააკმაყოფილონ გერმანულ, მაღალი ხარისხის საქონელზე ჯერ კიდევ მაღალი მოთხოვნა განვითარებად ქვეყნებში და, პირველ რიგში, ჩინეთში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და რუსეთში. ლუქს კლასის Bayerische Motoren Werke AGავტომობილების წარმოებაში მსოფლიო ლიდერი ამ წელიწადში მოგების ზრდას გეგმავს. BMW-ს აღმასრულებელი დირექტორის, ნორბერტ რეიტჰოფერის თქმით, წლის დასაწყისიდან პირველ ორ თვეს კონცერნის გაყიდვებმა ყველა რეკორდი მოხსნა. საბურავების წარმოებაში მსოფლიო ლიდერი Continental AG კი 2012 წლისთვის მოგების 5%-ით გაზრდას გეგმავს. “თუკი ჩინეთის ეკონომიკა 7%-ით გაიზრდება, საავტომობილო ბაზარი მინიმუმ 5%-იან ზრდას აჩვენებს”, – დარწმუნებულია Continental AG-ის აღმასრულებელი დირექტორი, ელმარ დეგენჰარტი. როგორც ჩანს, გერმანელი ბიზნესმენები ელიან, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა განვითარებად ქვეყნებში შეძლებს ევროპაში მისი ვარდნის კომპენსირების მოხდენას.
როგორც ჩანს, გერმანელ ბიზნესმენებს შორის ოპტიმისტური განწყობის მატება ერთდროულად რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. პირველი, ეჭვგარეშეა ევროზონის მონეტარული ხელისუფლებისადმი ინვესტორების ნდობა, ქვეყანაში საქმიანი კლიმატი ხომ იმის მიუხედავად უმჯობესდება, რომ სავალე კრიზისი ისევ გამწვავდა, ამჯერად უკვე ესპანეთსა და იტალიაში. მეორეც, ბიზნესმენებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ევროპაში, აშშ-ში და მთლიანად მსოფლიოში. გარდა ამისა, წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში მონეტარული ხელისუფლების წარმომადგენლები ეკონომიკის მხარდაჭერას კვლავ აგრძელებენ და ისევ ინარჩუნებენ დაბალი განაკვეთების კურსსა და მსუბუქ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. გერმანელ ინვესტორებსა და მრეწველებს ალბათ ოფიციალური ბერლინის პოზიციაც შთააგონებს. გერმანიის მონეტარული ხელისუფლების ბოლო პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება 2011 წლის 3%-დან 0,6%-მდე. უკვე 2013 წელს მშპ შესაძლოა 1,8%-ით გაიზარდოს. სხვათა შორის, გერმანიის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი, რომელიც წამყვანი ინსტიტუტების ექსპერტებმა ერთობლივად გააკეთეს, (მათ შორის IFO-ც) უფრო ოპტიმისტურია – 2012 წელს მშპ შესაძლოა 0,9%-ით გაიზარდოს, ხოლო 2013 წელს 2,0%-ით.