არაჰარმონიული შრომითი კავშირები
ლევან ასათიანი
საქართველოში შრომითი უფლებების საკითხი ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს. გავლენიანი ორგანიზაციის საანგარიშო დოკუმენტში პირდაპირაა ნათქვამი, რომ მათ შეშფოთებას განაპირობებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი კონვენციების არასათანადოდ შესრულება.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააუმჯობესოს შრომითი უფლებები. შრომითი უფლებების გაუმჯობესება ერთ-ერთი მოთხოვნაა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დასაწყებად. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი შრომის კოდექსის ცალკეული მუხლების გადახედვაზე მსჯელობენ. თუმცა, იქნება თუ არა ეს საკმარისი, რათა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები შესრულებულად ჩაითვალოს, ჯერჯერობით, უცნობია. ევროკავშირთან ერთად საქართველოს ხელისუფლებას შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას ამერიკაც ურჩევს. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შრომის კოდექსის მიმართ 35-პუნქტიანი შესწორება უკვე გააკეთა და მთავრობამ ეს შესწორებები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, კანონი უკრძალავს დამსაქმებელს პროფკავშირის წევრების დისკრიმინაციას. ასეთი მოქმედებებისთვის, შესაძლოა, დადგეს მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და მოთხოვონ მათ დასაქმებულის სამსახურში აღდგენა და გაცდენილის ანაზღაურება. მოქმედი შრომის კოდექსით კი, პეტრიაშვილის თქმით, ნებადართულია, რომ დამსაქმებელმა გაათავისუფლოს მუშაკი სამსახურიდან დასაბუთების გარეშე და დისკრიმინაციულ საფუძველზე, (სქესობრივი, პოლიტიკური წევრობის ან სხვა მიზეზის გამო) ან პროფკავშირული საქმიანობისათვის.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების” და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, განსაზღვრულ იქნა საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება სოციალური პოლიტიკის “ევროპის სოციალურ ქარტიასთან” თანხვედრაში მოყვანასთან დაკავშირებით. “ევროპის სოციალური ქარტიის” რატიფიცირება საქართველოში მოხდა 2005 წელს და წარმოადგენს ქვეყანაში ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებების გარანტიას. ქარტიაში მოცემული სოციალური და ეკონომიკური უფლებები იძლევა ევროპაში დაცულ უფლებათა შორის არსებული უთანასწორობის შესწორების საშუალებას.
2006 წელს საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახურის გაუქმებამ დაამძიმა შრომის ბაზრის მდგომარეობა. ქვეყანაში არ არსებობს ადამიანური რესურსების ამსახველი საინფორმაციო ბაზა და კომუნიკაცია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა შორის პირად კონტაქტებს ემყარება. რთულია მოიძიო რეალური წყარო, თუ რა ადამიანური რესურსით არის შესაძლებელი საქართველოში დიდი საინვესტიციო პროექტების განხორციელება და ინვესტორისათვის ადგილობრივი მუშახელის შეთავაზება.
2008 წლამდე საქართველოში სოციალური დიალოგის წარმოება, ფაქტობრივად არ ხორციელ-დებოდა. შრომით ურთიერთობებში დაინტერესებულ მხარეებს შორის კონტაქტს ჰქონდა ინდივიდუალური ხასიათი ყოველგვარი სისტემური რეგულირების გარეშე. მაგალითისათვის, 2006 წელს შრომის ახალი კოდექსის მიღებისას სახელმწიფოს არანაირი კონსულტაცია არ გაუვლია პროფ-კავშირებთან და მეტიც, წარმოდგენილ კოდექსს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაც. 2008 წლის ბოლოს ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას – პროფკავშირებს, დამსაქმებლებსა და სახელმწიფოს შორის, რის შემდეგაც სოციალურმა დიალოგმა შედარებით სისტემური სახე მიიღო, მაგრამ ეს მაინც არ გახდა საკმარისი ამ ურთიერთობების ეფექტიანობისათ-ვის. სამმხრივი კომისიის მონაწილე მხარეები არიან: საქართველოს მთავრობა, დამსაქმებელთა გა-ერთიანებები და პროფესიული კავშირები. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. სამხრივი კომისია, ძირითადად, იკრიბება კვარტალში ერთხელ, თუმცა რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება რიგგარეშე სხდომის ჩატარებაც.
საქართველოს პროფესიული გაერთიანებების კონფედერაციის პოზიცია, სოციალური დიალოგის წარმოებასთან დაკავშირებით ცალსახაა. პროფესიონალური გაერთიანებების წარმომადგენელთა აზრით, ქვეყანაში სოციალური დიალოგის გაგების დეფიციტია. მართალია, ამ ეტაპზე მთავრობას, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციებს შორის დაიწყო საუბარი სოციალურ და შრომით თემებზე, პროფკავშირების წარმომადგენელთა შეფასებით, მთავრობა მაინც ნელი ნაბიჯით მიდის ქვეყანაში სოციალური დიალოგის სისტემური მოდელის ჩამოყალიბებისა და მისი საკანონმდებლო დონეზე უფრო მკაფიოდ განმტკიცებისაკენ, რაც მთელ რიგ პრობლემებს ქმნის აღნიშნულ სფეროში.
საქართველოში სოციალური დიალოგი, ჯერჯერობით, განვითარების დაბალ სტადიაზეა, გაცილებით მძიმე მდგომარეობაა სოციალური დიალოგის საწარმოო დონეზე განხორციელების კუთხით. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამქირავებლების ინტერესების უგულვებელყოფასთან, რაც, ხშირ შემთხვევაში, გამოწვეულია შრომით კანონმდებლობაში დისკრიმინაციული მუხლების არსებობით. განსაკუთრებული დავის საგანი მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო შრომის კოდექსის 37 და 38 მუხლები, სადაც დამსაქმებელს ენიჭება შეუზღუდავი უსფლებამოსილება, მიზეზების მითითების გარეშეEსამუშაოდან დაითხოვოს დასაქმებული, ერთთვიანი კომპენსაციის მიღების პირობით. პროფკავშირების წარმომადგენელთა შეფასებით, დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს მე-5 მუხლიც, სამუშაოზე აყვანასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, დასაქმებული ვალდებული არ არის ამტკიცოს მიზეზი, თუ რატომ მოხდა პირის სამუშაოზე აყვანა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, გაი რიდერის შეფასებით, რომელიც მან საქართველოსთან დაკავშირებით 3 თვის წინ გააკეთა, ქართული შრომის კოდექსი საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა. რიდერის თქმით, ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება შრომით ურთიერთობებს საქართველოში და ბოლო დროს შემაშფოთებელ ინფორმაციებს იღებენ.
შრომის კოდექსის გადახედვას ითხოვს საქართველოს სახალხო დამცველიც. როგორც გიორგი ტუღუშმა 1 თვის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, შრომის კოდექსით, ძირითადად, მხოლოდ ფეხმძიმე ქალების უფლებებია დაცული, თუმცა ისიც – მეტ-ნაკლებად. მისი თქმით, ქვეყანას, რომელიც აცხადებს მზადყოფნას, მოახდინოს სრული ინტეგრირება ევროკავშირში, მოუწევს გადახედოს იმ სტანდარტებს, რომლებიც მოქმედი შრომითი კანონმდებლობით არის დადგენილი.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებები და იმათი უფლებებიც, რომელთა დამსაქმებელთან ურთიერთობა რეგულირდება მოქმედი კოდექსით, უნდა გადაიხედოს და მათი დაცვის სტანდარტი ამაღლდეს. შეგახსენებთ: გაერთიანებული პროფკავშირების განცხადებით, თუ მოქმედი შრომის კოდექსი არ შეიცვლება, საქართველოს, შესაძლოა, ევროკავშირთან და ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებაში პრობლემები შეექმნას.
მაგრამ ქართველი დამსაქმებლები შრომის კოდექსთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ ცვლიან. დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ სამმხრივი კომისიის ფორმატში ჯანდაცვის ახალ მინისტრს და პროფკავშირებთან შეხვედრა გაიმართა. თუმცა, რაიმე კონკრეტულ ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებამდე საკითხის დამუშავება სამუშაო ჯგუფებმა უნდა მოახდინონ. დამსაქმებელთა ასოციაციის წა-რმომადგენელთა შეფასებით, თუ მთავრობას ან პროფკავშირებს ცვლილებები სურთ, ისინი მზად არიან განსახილველად. თუმცა, მყარ არგუმენტებსაც მოითხოვენ. ბიზნეს სექტორს მიაჩნია, რომ დღეს არსებული კოდექსი საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება და ის დამსაქმებელსა და დასაქმებულს საშუალებას აძლევს ყველა საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტონ.
შრომის კოდექსის გადახედვას პროფკავშირები უკვე წლებია ცდილობს. თუმცა, შესაძლო გადახედვაზე საუბარი მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ამ კუთხით გააქტიურების შემდეგ გადაწყდა. ერთადერთი, რის შეცვლასაც ხელისუფლება ჯერჯერობით თანხმდება, ისაა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში პირს წერილობით ახსნა-განმარტებას მისცემენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიგი წერეთელის განცხადებით, მოსალოდნელია გაიზარდოს დასაქმებულის გარანტიები სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, თუმცა კონკრეტულად რა გარანტიები ექნებათ სამსახურიდან გათავისუფლებულებს, ჯერჯერობით უცნობია.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შრომის კოდექსში შედის კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვით, დამქირავებელს უფლება ეძლევა დასაქმებულის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება უვადოდ გადადოს. მოქმედი კანონით კი, დამსაქმებლების მიერ თანამშრომლებისადმი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა მხოლოდ 90 დღე შეიძლება გაგრძელდეს. როგორც დამსაქმებელს, ასევე დასაქმებულს გაფიცვის უვადო შესაძლებლობა ექნება. დამსაქმებლის შემთხვევაში, იგულისხმება სიტუაცია, როდესაც, მაგალითად, იგი უარს ამბობს საკუთ-არი ვალდებულებების შესრულებაზე დაქირავებულის წინაშე.
არსებული კანონმდებლობით, ორივე მხარეს გაფიცვა მხოლოდ 90 დღით შეუძლია, თუმცა, ეს შეზღუდვა ახალ კოდექსში მოიხსნება. მისივე ინფორმაციით, ცვლილება შევიდა პროფესიული კავშირების კოდექსშიც. არსებული კანონით, დარგობრივი პროფკავშირის შექმნა 100 წევრის პირობებში იყო შესაძლებელი, ხოლო ცვლილების შეტანის შემდეგ ეს რიცხვი 50-მდე შემცირდება.
“მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია, თუმცა არ მოიცავს პროფკავშირების მიერ წლების განმავლობაში დაყენებული, შრომის კოდექსის ყველაზე პრობლემატური მუხლების ცვლილებებს”, – აღნიშნა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსმა, პაატა ბელთაძემ. მისივე თქმით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მზად არის, აქტიურად ჩაერთოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის პროცესში და ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროფკავშირების მიერ მომზადებული სასიცოც-ხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.
საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქართველ ექსპერტთა რეკომენდაციებით, საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეიმუშაოს გეგმა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობისა და შრომითი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ამისათვის კი აუცილებელია გატარდეს საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმები. საქართველოს განახლებული “შრომის კოდექსისა” და სხვა ნორმატიული აქტების მიღება უნდა გახდეს დაქირავებულთა, დამქირავებელთა და სახელმწიფოს ინტერესების ჰარმონიზაციის საფუძველი, რომელიც ხელს შეუწყობს შრომითი ურთიერთობების მოქნილობას. ამასთან განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მუშაკთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის რეალური საფუძვლების განმტკიცებას. კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს, თუ როდის უზრუნველყოფს შეღავათებს, გარანტიებსა და კომპენსაციებს სამუშაოს მიმცემი და როდის ახორციელებს ამას სახელმწიფო ან სხვა ორგანიზაცია.