მშვიდობით, საბერძნეთო…
მოამზადა სოფიკო სიჭინავამ
საბერძნეთში პოლიტიკური ვაკუუმია. პარლამენტმა ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება. ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა და 17 ივნისს ახალი არჩევნები დანიშნა. ბერძენ ხალხს აღარ სურს ქამრების შემოჭერის რეჟიმში ცხოვრება და უკვე მიაჩნიათ, რომ ამაზე უარესი შეუძლებელია მოხდეს. მემარცხენე ძალები, რომლებიც არ აპირებენ ფეხი აუწყონ ევროკავშირის ქვეყნებს ერთობლივ გადაწყვეტილებებში, ქვეყანაში ძალიან პოპულარულნი არიან. ევროპის ლიდერები, ისევე როგორც ბერძნები, ქვეყნის ევროზონიდან გასვლას თეორიულად უკვე განიხილავენ და შესაძლო ვარიანტებს ამუშავებენ. რას შედეგებს მოუტანს საბერძნეთსა და მთლიანად ევროკავშირს ეს ნაბიჯი, პოლიტიკოსები და ფინანსისტები ამ თემაზე უკვე ღიად და აქტიურად საუბრობენ.
დიდი რვიანის შეკრებაზე კემპ-დევიდში ათენს მოუწოდეს, გონს მოეგონ, სანამ გვიან არ არის. ევ-როკომისიის მეთაურმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ დაადასტურა, რომ ევროზონის ქვეყნები მომავალშიც მზად არიან ათენს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინონ იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთი გაა-გრძელებს ადრე შეთანხმებული პირობების შესრულებას. პრობლემა სწორედ ამ უკანასკნელშია – იმედი იმისა, რომ ბერძნები მომავალშიც გააგრძელებენ ეკონომიას, აღარ არსებობს.
ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, მართალია, საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის საფრთხეს ხედავს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ათენი სავალუტო კავშირში დარჩება. “მსურს დავადასტურო საბერძნეთის ევროზონაში დარჩენის ჩვენი ძლიერი სურვილი. თუმცა, რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რომელიმე ქვეყნის გასვლას, ცენტრალურ ბანკს არ აქვს სათანადო უფლებამოსილებები, რომ ამ საკითხის ფარგლებში გადაწყვეტილებები მიიღოს”, – აღნიშნა დრაგიმ. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ასევე განაცხადა რამდენიმე ბერძნულ ბანკთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ. Reuters-ის მონაცემებით, ოთხი ბერძნული ბანკი ამჟამად მუშაობს ისეთ პირობებში, როდესაც მათი ვალდებულებების მოცულობა ბალანსზე არსებულ აქტივებს აჭარბებს. ევროპის ცენტრალური ბანკის წესდება კი ორგანიზაციას პირდაპირ უკრძალავს ასეთი სტრუქტურების დაფინანსებას.
საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის შესახებ სპეკულაცია ჯერ კიდევ შარშანწინ დაიწყო. თუმცა, ადრე საბერძნეთის ძველ ვალუტაზე დაბრუნებას მხოლოდ ფინანსისტები განიხილავდნენ, ხოლო პო-ლიტიკოსები ერთხმად უჭერდნენ მხარს ევროზონის ერთიანობის შენარჩუნებას. ბოლო თვეებში ეს თავდაჯერებულობა გაქრა – საბიუჯეტო ეკონომიის პროგრამის მხარდამჭერმა პარტიებმა 6 მაისის არ-ჩევნებზე სრული კრახი განიცადეს.
ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ არჩევნებზე ტრადიციული პარტიები ისევ დამარცხდებიან, ხოლო თუ მემარცხენეები გაიმარჯვებენ, ისინი სახელმწიფო ეკონომიისგან თავს შეიკავებენ. ევ-როკავშირის ლიდერებმა პირველად გარისკეს წარმოედგინათ, რომ საბერძნეთს ევროკავშირში ვერ შეინარჩუნებდნენ. გერმანიის მთავრობის პრეს-მდივნის მიერ გაკეთებული კომენტარის მიხედვით, გერმანია საბერძნეთში მოვლენების ნებისმიერი მიმართულებით განვითარებისთვის მზად არის. ევრო-კომისიის ექსპერტებმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შეიმუშავა “გრეკზიტზე1” საგანგებო რეაგირების სცენარი. ევროკომისიაც და ცენტრალური ბანკიც მივიდნენ დასკვნამდე, რომ ათენის ევროზონიდან გასვლა არ გამოიწვევს ისეთ არაპროგნოზირებად შედეგებს, როგორიც ორი წლის წინ შეიძლებოდა გამოეწვია.
“არ გამოვრიცხავ საბერძნეთის იძულებით გარიცხვას ევროკავშირიდან, თუკი ათენი უარს იტყვის აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. ეს პროცედურა საკმაოდ ხარჯიანი და რისკიანი იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ ეს სცენარი რეალიზებული არ იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთაურმა, კრისტინ ლაგარდმა.
კრისიტინ ლაგარდამდე ცოტა ხნით ადრე მსგავსი განცხადება ანგელა მერკელმაც გააკეთა. მისი სიტყვებით, გერმანია მზად არის საბერძნეთის ევროზონიდან გასვლისთვის, ამისთვის კი ქვეყანაში შესაფერისი რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო. ამ უკანსაკნელმა განცხადებამ ბერძენი მემარცხენე პოლიტიკოსები გააღიზიანა. მათი ლიდერის განცხადებით, კანცლერი ქვეყანას ისე ექცევა, როგორც პროტექტორატს და თუ ქალბატონ მერკელს ასე მოსწონს რეფერენდუმი, თავის ქვეყანაში მოაწყოს, – აღნიშნავენ მემარცხენეები. პარალელურად, საბერძნეთის “სავალე საათი” შეუჩერებლად წიკწიკებს და თუ მაისში ათენს ეყო სახსრები ბონდებზე ვალდებულებების დასაფარად, ივნისში ის უკვე აღარ იქნება. როგორც ჩანს, საბერძნეთს ყველაზე კარგ შემთხვევაში დროც არ ეყოფა იმისთვის, რომ ქმედუნარიანი მთავრობა ჩამოაყალიბოს. ასეთი ტემპებით ქვეყანა ევროზონის გარეთ უკვე ზაფხულის შუა პერიოდში აღმოჩნდება, ერთ ხელში ფასდაკარგული ბონდებით, ხოლო მეორეში – კარგად დავიწყებული დრაჰმით. ეს საბერძნეთში კარგად იციან. ევროპის ცენტრალურ ბანკს მართლაც არ აქვს რაიმე ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საბერძნეთს დარჩენა აიძულოს. შესაძლოა, ცალკეული ქვეყნები კიდევ ცდილობენ ათენზე ზეწოლის მოხდენას, თუმცა ეს მცდელობები არავითარ შედეგს არ გამოიღებს.
ევროპამ საბერძნეთს უკვე განუსაზღვრა ყველა აუცილებელი პირობა და ახლა გადაწყვეტილება მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებზეა. თავის მხრივ, ევროპას მშვენივრად ესმის, რომ ათენის მხარდაჭერა უფრო იაფი დაუჯდება, რადგან რომისა და მადრიდისთვის დახმარების გაწევა რამდენჯერმე ძვირი იქნება, თავიანთი ფინანსური სიძლიერის ნაწილს კი ევროპის ცენტრალური ბანკი და ნაციონალური ბანკები იმ მომენტისთვის უკვე დახარჯავენ საბერძნეთის დეფოლტისგან გამოწვეული ზარალის ნიველირებაში.
ლიკვიდურობის კრიზისი ქვეყანას დეფოლტამდე ადრე დაემუქრა – ცენტრალური ბანკის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსახლეობამ ანგარიშებიდან დაახლოებით 800 მილიონი ევრო მოხსნა. ამასთან, საბერძნეთის ევროზონიდან გასვლით გამოწვეული ზარალი კრედიტორებმა დათვალეს და აღმოჩნდა, რომ გერმანია 90 მილიარდ ევროს დაკარგავს, ხოლო საფრანგეთი – დაახლოებით 65 მილიარდს. პესიმისტურად განწყობილ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამით საქმე არ შემოიფარგლება. ეკონომიკური კვლევის ბრიტანული ცენტრის აზრით, საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა დაჯდება ევროზონის მშპ-ის 2-3%, ანუ 700-800 მილიარდი ევრო.
ევროკავშირის ვაჭრობის კომისრის კარლ დე გიუხტის განცხადებით, საბერძნეთის ევროზონიდან გასვლისთვის საჭირო გეგმის შემუშავება იმისთვისაც არის საჭირო, რომ მოხდეს დომინოს ეფექტის მინიმიზირება.
ივნისში დაგეგმილმა არჩევნებმა უნდა აჩვენოს, რა სურთ ბერძნებს: ხარჯების შემცირება და ევროზონაში დარჩენა თუ ევროზონიდან გასვლა და ამით ფაქტიურად ქაოსისა და არაპროგნოზირებადი გარემოს გამოწვევა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ბერძენი ხალხის განწყობით დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე ვარიანტი უფრო დასაშვებია.
მიმდინარე მოვლენებმა ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი ევროზონის დაშლის საფრთხეზე აალაპარაკა. იგი მასში შემავალ ქვეყნებს სრული საბიუჯეტო კავშირის შექმნას ურჩევს. “ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ ევროზონის დატოვებამ, შესაძლოა, რისკების მნიშვნელოვანი ზრდა და სავალუტო ბლოკის სრულმასშტაბიანი დაშლა გამოიწვიოს”, – მიიჩნევს დიდი ბრიტანეთის პრემიერი. ამ პრობლემის მოგვარების გზას კი ის ევროზონაში საბიუჯეტო და პოლიტიკური კავშირის შექმნაში ხედავს.
“ევროზონა გზაგასაყარზე დგას: ის ან გაუმკლავდება სიტუაციას ან მას პოტენციური დაშლა ემუქრება. ევროპაში ან იქნება სტაბილური და წარმატებული ევროზონა ეფექტურად დაცული ფინანსური სექტორით, კარგად კაპიტალიზებული და რეგულირებადი ბანკებით, საგადასახადო-საბიუჯეტო ტვირთის გადანაწილებით და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მხარდაჭერით ან ჩვენ ყველანი უცნობ წყლებში აღმოვჩნდებით, რაც უზარმაზარ რისკებს უკავშირდება”, – განაცხადა პრემიერმა. ამასთან, ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საბერძნეთისთვის უმჯობესია ევროზონაში დარჩენა.
რამდენიმე ათწლეულის მანძილზე დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ხოლო შემდგომში უკვე ევროკა-ვშირი მოსახლეობის სოციალური დაცვის დონეს სახელმწიფო ვალის ზრდის ხარჯზე ზრდიდნენ. თავიდან ამას სოციალიზმის მსოფლიო სისტემის წინააღმდეგ იდეოლოგიური ბრძოლის ფარგლებში აკეთებდნენ, ხოლო შემდგომ პოლიტიკური ინერციით, მაგრამ დღეს ცხადი გახდა, რომ ვალის გაზრდა უკვე შეუძლებელია. ექსპერტების განცხადებით, დღეს დასავლეთის ელიტა არასასიამოვნო არჩევანის წინაშე დადგა. ან ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ მოსახლეობის ცხოვრების დონე (მოთხოვნა), რასაც, მაგალითად, აშშ აკეთებს – სახელმწიფო ვალს ზრდის, ან უარი თქვას ამაზე. საქმე იმაშია, რომ თუკი უბრალოდ შეწყვეტენ სახელმწიფო ვალის ზრდას, მოსახლეობის ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცემა. სახელმწიფოებს დღეს ეუბნებიან, რომ მათ არა მხოლოდ უნდა შეამცირონ ვალები, არამედ, გაისტუმრონ ძველი ვალდებულებებიც (რომლებსაც დიდი ხნის მანძილზე არავინ იხდიდა, არამედ რეფინანსირდებოდა და იზრდებოდა), ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური ხარჯები კიდევ უფრო უნდა შემცირდეს. შესაძლოა, ეს რეალური სოციალ-პოლიტიკური კატასტროფა აღმოჩნდეს. პირველ რიგში, წინასწარი ანალიზიც ცხადყოფს, რომ ამ შემთხვევაში გაქრება ეგრეთ წოდებული საშუალო კლასი, არა მხოლოდ ადამიანები საშუალო შემოსავლებით, არამედ ადამიანები, რომლებიც აწესებენ ტიპურ სამომხმარებლო ქცევას არა მხოლოდ საქონელსა და ყოველდღიურ მომსახურებასთან, არამედ – პოლიტიკურ მომსახურებასთან მიმართებაშიც.
როგორც კაცობრიობის გამოცდილება აჩვენებს, ადამიანებისგან რაიმე მოითხოვო შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მათ სამაგიროდ რაიმეს სთავაზობ. არის მეორე გზა – მკაცრი მუქარის ქვეშ მას რაიმე წაართვა. ევროკავშირის თანამედროვე პოლიტიკური ელიტები თავიანთ მოქალაქეებს სთავაზობდნენ მაღალი ცხოვრების დონეს, რომელიც ყველა შესაძლო არხებით რეკლამირდებოდა, პირველ რიგში, ტელევიზიით (ახლა უკვე ინტერნეტით). მაგრამ თუ მოსახლეობის უმრავლესობა ისე გაღარიბდება, რომ ეს დონე მათთვის მიუწვდომელი იქნება, მაშინ სოციალური დაძაბულობა მკვეთრად გაიზრდება. ამასთან, მომქმედი პოლიტიკური ელიტის თვალსაზისით ეს ტოტალური კატასტროფა იქნება, რადგან ისინი ვერავის მიმართავენ დახმარებისთვის – მდიდარ ელიტას ისინი ნაკლებად დააინეტრესებთ, ხოლო ღარიბები მათ ვერაფერს შესთავაზებენ. ამას სხვაგვარად ჰქვია მთლიანი კარიერული და ცხოვრებისეული კრახი. ეს უკვე კარგად შეინიშნება საბერძნეთის მაგალითზე, რომელიც არც თუ სასიხარულო პროცესებში პირველი მერცხალი გახდა. აქ არჩევნებს უფრო და უფრო რადიკალური პოლიტიკური ძალები იგებენ. მათი ლოგიკა ხალხისთვის გასაგები და ხელმისაწვდომია: ჩვენ აღარ შეგვიძლია სახელმწიფო ვალის ზრდა და სოციალური ხარჯების გაზრდა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია არ გადავიხადოთ ძველი ვალები და ამით ცხოვრების დონის შემცირება არ გავხადოთ კატასტროფული.
მიხეილ ხაზინი (ექსპერტული კონსულტირების კომპანია “ნეოკონის” პრეზიდენტი): “რასაკვირველია ასეთ პოზიციას შეუძლებელია თან არ ახლდეს სხვადასხვა სახის არგუმენტაცია, მათ შორის წმინდა ემოციური, რომელიც აღწერს მთლიანობაში ფინანსისტებისა და მათ შორის ბან-კირების ქცევას. მათი შემოსავლებისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით, ასეთმა რიტორიკამ შეუძლებელია არ ჩაითრიოს უფრო და უფრო რადიკალური მიდგომები. განსაკუთრებით თუ გა-ვითვალისწინებთ, რომ ევროკავშირის დახმარება საბერძნეთის მიმართ, სინამდვილეში ბანკირების დახმარებაა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვითონ ვალის რეფინანსირების სქემა, რომელმაც ახლანდელი კატასტროფა გამოიწვია, სწორედ ბანკირების მიერ იყო შემოთავაზებული.
ევროკავშირის ახლანდელი ელიტის შენარჩუნების პირობებში გამოსავალი არ არსებობს – ის ბანკების მიერ არის აღმოცენებული და ბევრ რამეში აშშ-ის მხრიდან ფინანსდება და სწორედ ამიტომ არ იქნება მიწოდებული რეალური გამოსავალი, არამედ უსასრულოდ გაჭიანურდება იმ იმედით, რომ “თვითონ გაიწოვება”. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ გარკვეული რაციონალური გამოსავალი არსებობს”.
ხაზინის აზრით, ადამიანებს კეთილსინდისიერად უნდა აუხსნან, რომ ევროკავშირში ცხოვრების დონე უნდა დაეცეს, ეს გარდაუვალია, რადგან რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობის დონე არსებულ სახსრებს აღემატებოდა. აუცილებელია ევროკავშირის ყველა ქვეყნის დეფოლტი ერთდროულად გამოცხადდეს და 10 წელი გადაიდოს სახელმწიფო ვალის გადასახდელები. რასაკვირველია, ეს თითქმის ყველა საფინანსო ინსტიტუტის გაკოტრებას გამოიწვევს, მაგრამ ექსპერტი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ ეკონომიკისთვის სარგებელი მიანც არ მოაქვთ. დეფოლტის შემდეგ საფინანსო სექტორის რესტრუქტურიზაცია უნდა განხორციელდეს და ჩამოიწეროს ბანკების ორმხრივი ვალები, დაიხუროს შედარებით წამგებიანი ბანკები და ემისიის ხარჯზე გადარჩნენ ისინი, რომელთა გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნება. შემდეგ ვალების გარეშე უნდა გაიხსნას ახალი ბანკები დიდი საწესდებო კაპიტალით.
ასეთი სქემა, ექსპერტის აზრით, მკვეთრად შეამცირებდა კრიზისის სოციალურ შედეგებს და საფინანსო სისტემას გააჯანსაღებდა. უფრო მეტიც, ეს ეკონომიკას ზრდისკენ უბიძგებდა. სხვა საქმეა, რომ თანამედროვე პოლიტიკური ელიტა ასეთ რამეს არა მხოლოდ არ შეასრულებს – არც კი გაახმოვანებს. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-სთვის ეს სქემა მცირედით უნდა მოდერნიზდეს – უნდა ჩამოიწეროს არა სახელმწიფო, არამედ კერძო ვალები. თუმცა, აქაც მსგავსი სიტუაციაა, ეს პოლიტიკური მიზეზებით არის გამორიცხული.
თუკი ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ამას ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა აკეთებს, მიხეილ ხაზინის აზრით, მართალია, ნელა, მაგრამ შედეგი მაინც იგივე იქნება: ცალკეულ ქვეყნებში მდგომარეობის გაუარესების გამო ხელისუფლებას უფრო და უფრო რადიკალი პოლიტიკოსები ჩაიგდებენ ხელში, ანუ პოლიტიკური ელიტის ცვლილება მაინც გარდაუვალია. ისინი ერთი მეორეს მიყოლებით გამოვლენ ევროზონიდან. საბოლოო ჯამში, ევრო შემცირდება გერმანულ მარკამდე (ან ფრანკო-გერმანული), რის შემდეგაც გერმანია ისევ გააგრძელებს დასავლეთში დომინირებას, რისი თავიდან აცილებაც სურდათ ევროს შემოღებით. “ამასთან, იმდენად, რამდენადაც გერმანიაში პოლიტიკური ელიტის რადიკალიზირება განსაკუთრებით რთულია, ამ რადიკალიზების შედეგები შეიძლება ბევრად ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე სასურველი იქნებოდა. მაგრამ ეს ჩვეულებრივი სიტუაციაა – რაც უფრო ძლიერად შეიკუმშება სპირალი, მით ძლიერად გაიშლება”, – აცხადებს ექსპერტი.