“საგადასახადო სამოთხე”
რედაქციისაგან
სამართლებრივი ჩანაწერები არაბთა გაერთიანებული საამიროების თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროები საკმაოდ ახალგაზრდა სახელმწიფოა, რომელიც შეიქმნა 1971 წელს შვიდი საამიროს გაერთიანების საფუძველზე. ამ საამიროებიდან ჩვენთვის ყველაზე ცნობილი ალბათ დუბაია, თავისი განუმეორებელი არქიტექტურული შენობებითა და სავაჭრო ცენტრებით.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ულამაზესი დასასვენებელი ადგილი, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ტურისტს იზიდავს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, სადღაც ოცდაათიოდე წლის წინ ჩვეულებრივი უდაბნო იყო. თავისი ისტორიული და გეოგრაფიული თავისებურებებით არანაკლებ მნიშვნელოვანი ქალაქებია შარჯა, ფუჯეირა და, რა თქმა უნდა, ქვეყნის დედაქალაქი აბუ-დაბი.
ეს ქალაქები გაშენებულია სპარსეთის ყურის სანაპიროზე და წარმოადგენენ ღირსშესანიშნაობებს ესტეთიკური თვალსაზრისითაც. რად ღირს თუნდაც 7-ვარსკვლავიანი სასტუმროები და ზღვაში აგებული ხელოვნური კუნძულები თავისი ინფრასტრუქტურით.
არ არის გასაკვირი, რომ ნავთობი ამ რეგიონის ძირითადი სიმდიდრეა. ნავთობის მოპოვება და გადამუშავება ქვეყნის ეკონომიკის ცენტრალურ დარგს. არაბთა გაერთიანებული საამიროები განთქმულია როგორც ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი და ამითაც განისაზღვრება სახელმწიფო დოვლათი. ყოველი საამიროს მმართველი დინასტიის ირგვლივ დადის მრავალი ლეგენდა განძეულობასთან და უზარმაზარი ფასეულობის ნივთებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ ახალშობილ ვაჟს სახელმწიფო თავისი ნავთობის ფონდიდან უხსნის საბანკო პროცენტიან დეპოზიტს 30 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ხელშეუხებელია მფლობელის სრულწლოვანებამდე.
მაგრამ ბიზნესმენებისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ე.წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონები (შემდგომში – თეზ-ი). ამგვარი ზონები განლაგებულია აეროპორტებისა და საზღვაო პორტების გარშემო და სარგებლობს გარკვეული პოპულარობით მთელ მსოფლიოში. ემირატების ტერიტორიაზე არსებობს რამოდენიმე ასეთი თავისუფალი ზონა. მაგალითად, ზონებისთვის გამოყოფილია ადგილი დუბაისა და შარჯას აეროპორტებთან და ასევე აჯმანისა და ფუჯეირას პორტებთან. ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვან და განვითარებულ ზონად ითვლება ჯებელ ალი, რომელიც მდებარეობს დუბაის საამიროს ტერიტორიაზე. თავისუფალი ეკონომიკური ზონა ჯებელ ალი შეიქმნა 1985 წელს საამიროების უმსხვილეს საზღვაო პორტ რაშიდის ირგვლივ და დღეისათვის მარტო აქ რეგისტრირებულია ხუთი ათასამდე კომპანია მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნიდან.
ძალაუნებურად იბადება კითხვა: მაინც რით აიხსნება ბიზნესმენთა ამგვარი მოზღვავება და რა პირობები იზიდავს მათ თეზ-ში სამეურნეო საქმიანობის დასაწყებად?
შედარებისთვის ჩამოვთვლი რამდენიმე ძირითად უპირატესობას, რაც ახასიათებს საამიროების ყველა თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და საყურადღებოა მეწარმეებისთვის:
– უცხოელი მოქალაქეებისთვის საკუთრების 100% ფლობის შესაძლებლობა თეზ-ში დაფუძნებულ კომპანიებზე;
– არ არის აუცილებელი ადგილობრივი პარტნიორის ან აგენტის ყოლა;
– თეზ-ში წარმოებული ან შემოტანილი საქონელი არ იბეგრება საბაჟო გადასახადით;
– კომპანია განთავისუფლებულია ყველა სახის გადასახადისგან 15 წლის გარანტიით და ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 15 წლით;
– მეწარმეები და თეზ-ის მუშაკები არ იხდიან ფიზიკური პირის შემოსავლის გადასახადს;
– ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე კაპიტალის და მოგების გადატანის შესაძლებლობა;
– რეზიდენტული ვიზის მიღების გამარტივებული წესი კომპანიების მფლობელებისა და მუშაკებისათვის.
ამრიგად, საამიროების ხელმძღვანელობამ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში შექმნა ბიზნესის წარმოების ზღაპრული პირობები და სახელმწიფომ, რასაკვირველია, რაღაცით მაინც უნდა აინაზღაუროს გაჩუქებული შეღავათები.
მაშ, რა არის საგადასახადო სამოთხის საფასური?
პირველ რიგში, შემოსავლები მოიპოვება ლიცენზიების გაცემის მეშვეობით. თეზ-ში რეგისტრირებული კომპანია ვალდებულია, ყოველწლიურად გადაიხადოს ლიცენზიის შეძენის თანხა.
ყველა თეზ-ში სულ არსებობს ოთხი ტიპის ლიცენზია:
ა) სამრეწველო;
ბ) მომსახურების;
გ) სავაჭრო (კომერციული);
დ) გენერალური (ყველა სახის კომერციული საქმიანობა).
ლიცენზიების ფასი, რა თქმა უნდა, განსხვავდება ერთმანეთისგან და ასევე განსხვავებულია მათი ღირებულება ზონების მიხედვით. ასე მაგალითად, სამრეწველო ლიცენზია დუბაის აეროპორტის ზონაში ღირს 5000 დირჰამი&ლოწასტ;, შარჯას აეროპორტის ზონაში – 3500 დირჰამი, რას ალ ჰაიმას ზონაში – 2500 დირჰამი, ხოლო აჯმანის ზონაში -7000 დირჰამი.
მომსახურების ლიცენზია ზემოაღნიშნულ ზონებში ღირს, შესაბამისად, 5000; 3500; 2000 და 5000 დირჰამი.
რაც შეეხება სავაჭრო (კომერციულ) ლიცენზიას, იგი განსხვავდება გენერალური ლიცენზიისგან იმით, რომ პირველით ნებადართულია საქონლის მარტო სამი სახეობით ვაჭრობა, ხოლო გენერალური ლიცენზია კომპანიას ყველა სახის კომერციული საქმიანობის უფლებას აძლევს.
ამიტომ, შესაბამისად, ვარირებს გენერალური და კომერციული ლიცენზიების ფასებიც. მაგალითად, თეზ-ში ჯებელ ალი კომერციული ლიცენზია ღირს 5,500 დირჰამი, ხოლო გენერალური ლიცენზია – 15,000 დირჰამი. შარჯას აეროპორტის ზონაში კომერციული ლიცენზია ღირს 3,500 დირჰამი, ხოლო გენერალური ლიცენზია – 13,500 დირჰამი. Aასევე, აჯმანის ზონაში ამ ტიპის ლიცენზიების ფასი შეადგენს 3,000 და 7,000 დირჰამს, შესაბამისად.
მაშასადამე, ერთხელაც მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ ლიცენზიის ფასის თანხა გადასახდელია თეზ-ში მოქმედი კომპანიებისათვის ყოველწლიურად. რაც მთავარია, კომპანიას შეუძლია მარტო ის საქმიანობა, რომელიც განსაზღვრულია ლიცენზიის მიხედვით. იმავდროულად, ზონაში მოქმედ ფირმას აქვს უფლება, შეიძინოს რამოდენიმე ლიცენზია, რა თქმა უნდა, შესაბამისი ხარჯების გაწევით.
თეზ-ის კიდევ ერთი საშემოსავლო წყარო გამომდინარეობს იჯარის ხელშეკრულებებიდან. ეს ნიშნავს, რომ თეზ-ში მოღვაწე კომპანია ვალდებულია, იქირაოს ოფისი, საწყობი, ან მიწის ნაკვეთი. Aამ შემთხვევაშიც იჯარის თანხა გადასახდელია ყოველწლიურად და ამავდროულად ასეთი ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენს ლიცენზიის მიღების ერთ-ერთ წინაპირობას.
ბუნებრივია, რომ იჯარის თანხებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან ზონების გათვალისწინებითა და დაქირავებული ფართის მიხედვით. თვალსაჩინო რომ გახდეს, მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს: A დუბაის აეროპორტის ზონაში ოფისის ქირაობა ჯდება არანაკლებ 70,000 დირჰამისა წელიწადში, ხოლო საწყობისა (353 კვ.მ.) – 180,000 დირჰამი. სამაგიეროდ, რას ალ ჰაიმას ზონაში ოფისის იჯარა ღირს 15,000 დირჰამი წელიწადში, ხოლო აჯმანის ზონაში – 25,000 დირჰამი.
რაც შეეხება ზონას ჯებელ ალი, აქ სტანდარტული ოფისის (26,88 კვ.მ.) იჯარის ფასი შეადგენს 35,000 დირჰამს. ამას გარდა, შესაძლებელია ფართის ქირაობა თანამედროვე მრავალსართულიან მინის შენობებში, სადაც თითო კვადრატული მეტრი ჯდება 1,500 დირჰამი წელიწადში. Gგასაოცარია ისიც, რომ ფირმებს ხანდახან ოფისების შესაძენად რიგში დგომა უწევთ, ვინაიდან იმდენად სწრაფად იზრდება კომპანიების რაოდენობა, რომ თეზ-ის ადმინისტრაცია ვერ ასწრებს ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას და, შესაბამისად, ზონაში მიმდინარეობს ახალი ოფისებისა და საწყობების ინტენსიური მშენებლობა.
უნდა ითქვას ისიც, რომ საწყობების შენობებში გამოყოფილია სპეციალური ადგილები ოფისის მოსაწყობად. Mმეწარმის სურვილზეა დამოკიდებული, რა სახის ფართზე დაიდება იჯარის ხელშეკრულება. ბიზნესმენს უფლება აქვს, იქირაოს, თუ საჭიროდ მიაჩნია, ერთდროულად საწყობიც, ოფისიცა და მიწის ნაკვეთიც. Mმეორეს მხრივ, თეზ-ის დირექციის მოთხოვნაა, რომ კომპანიამ იჯარის წესით აიღოს რომელიმე მათგანი და იხადოს ყოველწლიური თანხა. ამას გარდა, თეზ-ში მოქმედ კომპანიას ეკრძალება, მოიპოვოს საკუთრების უფლება ზონის ფარგლებში მდებარე ქონებაზე.
მიწის ნაკვეთებს თუ შევეხებით, უპრიანია ითქვას, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ეს ფართი შეიძლება გამოყენებული იქნეს საწყობად. საკვები პროდუქტის გარდა, ჩემი აზრით, უპრობლემოდ განთავსდება და შეინახება მიწაზე სხვა დანარჩენი საქონელი, მით უმეტეს, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია მისი მოპარვა ან სხვა დანაშაულებრივი ქმედება.
მიწის ნაკვეთის იჯარის თანხა დამოკიდებულია ფართობის მოცულობაზე. მაგალითად, თუ ვიმსჯელებთ ზონაზე ჯებელ ალი, გადასახდელი თანხა განისაზღვრება შემდეგი პროპორციით:
2,500 კვ.მ. (მინიმალური) – 5,000 კვ.მეტრამდე: კვადრატული მეტრის ღირებულება შეადგენს 20 დირჰამს წელიწადში;
5,000 კვ.მ. – 7,500 კვ.მეტრამდე: 15 დირჰამი;
7,500 კვ.მ. – 10,000 კვ.მეტრამდე: 12 დირჰამი;
10,000 კვ.მ. და ზევით: 10 დირჰამი.
რაც შეეხება ბიზნესის ორგანიზების შესაძლო სამართლებრივ ფორმებს, თეზ-ში მოქმედი საწარმოები და კომპანიები დაიყოფა ორ კატეგორიად: ახალშექმნილი, ე.ი. ზონაში დაფუძნებული იურიდიული პირები და უკვე არსებული კომპანიების ფილიალები.
თეზ-ში ახალშექმნილი იურიდიული პირების დაშვებული ფორმებია საწარმო (Free Zone Establishment/Entity – FZE) და კომპანია (Free Zone Company-FZC).
ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, საწარმოს მესაკუთრედ ითვლება ერთპიროვნული მფლობელი მისი დამფუძნებლის სახით, ხოლო კომპანია შეიძლება იყოს რამოდენიმე დამფუძნებლის (პარტნიორის ან აქციონერის) საკუთრებაში. როგორც საწარმოს, ასევე კომპანიის რეგისტრაცია მოწმდება სათანადო ლიცენზიის მიღებით, რომელსაც გასცემს თეზ-ის ხელისუფლების ორგანო.
იურიდიული პირის დაფუძნებისას არსებობს რეგისტრაციის ერთჯერადი გადასახდელი, რომელიც ასევე ვარირებს ზონების მიხედვით. მაგალითად, ჯებელ ალი-ს ზონაში საწარმოს რეგისტრაცია ჯდება 15,000 დირჰამი, ხოლო კომპანიის – 10,000 დირჰამი. შარჯასა და ფუჯეირას ზონებში ორივე სახის იურიდიული პირის რეგისტრაციის ფასი ერთნაირია და შეადგენს 10,000 და 5,000 დირჰამს, შესაბამისად. სამაგიეროდ, აჯმანის ზონაში საწარმოც და კომპანიაც რეგისტრირდება უფასოდ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების კანონმდებლობა აყენებს ასევე გარკვეულ მოთხოვნებს საწარმოებისა და კომპანიების საწესდებო კაპიტალის შევსების მიმართ. Aამ შემთხვევაშიც შეიმჩნევა ზონების თავისებურებები. მაგალითად, ჯებელ ალი-ს და დუბაის აეროპორტის ზონებში საწარმოს საწესდებო კაპიტალი რეგისტრაციის მომენტისთვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ ერთ მილიონ დირჰამს, ხოლო კომპანიების საწესდებო კაპიტალი – არანაკლებ ნახევარ მილიონ დირჰამს. შარჯას აეროპორტისა და ფუჯეირას ზონებში ორივე სახის ფირმებს საწესდებო კაპიტალი შესავსები აქვთ 150,000 დირჰამამდე. რას ალ ჰაიმა-ს ზონაშიც საწესდებო კაპიტალის მინიმალური რაოდენობა ორივე სახის ფირმისათვის იდენტურია და შეადგენს 100,000 დირჰამს.
მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ თეზ-ში დაფუძნებული კომპანიები და საწარმოები ყველა მოქმედი ფირმაა და ამით პრინციპულად განსხვავდებიან ოფშორული კომპანიებისგან, რომლებიც არსებობენ, როგორც იტყვიან, სადღაც იქ. დადებით მომენტად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ აღნიშნული იურიდიული პირები სარგებლობენ საკუთარი უფლებებით, არიან სრულიად ახლად შექმნილი თეზ-ის ტერიტორიაზე და შეიძლება, საკუთრებაში ჰქონდეთ უცხოელ ინვესტორებს. საგადასახადო პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ თეზ-ის ფირმები დამოკიდებული არ არიან რომელიმე სათავო ორგანიზაციაზე. მიუხედავად ამისა, დსთ-ის ქვეყნების მეწარმეები უპირატესობას ანიჭებენ ფილიალების გახსნას თეზ-ის ტერიტორიებზე. Aამ ტენდენციას ალბათ რაღაც აზრი აქვს ეკონომიის მიზნით. საქმე ისაა, რომ ფილიალის რეგისტრაციის დროს არცერთ თეზ-ში არ იკრიფება სარეგისტრაციო გადასახადი და, უფრო მეტიც, არ არსებობს საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და შევსების არავითარი ვალდებულება.
სამაგიეროდ, ფილიალი ინარჩუნებს სათავო კომპანიის დასახელებას და, რაც მთავარია, ფილიალის საზღვარგარეთ საქმიანობის შედეგებზე საგადასახადო პასუხისმგებლობა აკისრია დამფუძნებელ კომპანიას. ფილიალს კი მაინც უნარჩუნდება იჯარის ხელშეკრულების დადებისა და ლიცენზიის შეძენის ვალდებულება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და უფრო მეტი კონფიდენციალობის მიზნით, ბოლო დროს ძირითადად რუსმა ბიზნესმენებმა მოდაში შემოიღეს თეზ-ის ტერიტორიაზე ოფშორული კომპანიის ფილიალის რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში ფილიალის მფლობელად ითვლება ოფშორული იურისდიქციით რეგისტრირებული კომპანია.
ცნობისათვის, თავისუფალი ეკონომიკური ზონები შემოღობილი ტერიტორიებია, სადაც შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ რეგისტრაციის დროს შედგენილ სიაში შეყვანილ ფიზიკურ პირებს. Uუნდა ითქვას ისიც, რომ იურიდიული გაგებით, თეზ-ის ტერიტორიის და სახელმწიფო ტერიტორიის ცნებები განსხვავდება ერთმანეთისგან. Aასე რომ, თეზ-ში დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფილიალი თავის საქმიანობას წარმართავს მხოლოდ ზონის ფარგლებში. ყველა ზონას მართავს საკუთარი ადმინისტრაცია, რომელიც გარკვეულწილად დამოუკიდებელია ადგილობრივი ხელისუფლებისაგან. ამას გარდა, ყოველი ზონა აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურის საშუალებებითა და შესაძლებლობებით. უფრო მეტიც, საამიროების ტერიტორიაზე არსებობს 40-მდე პირველხარისხიანი საერთაშორისო ბანკის დაწესებულებები.
აქედან გამომდინარე, თუ მეწარმეს შეაქვს საქონელი თეზ-იდან რომელიმე საამიროს ტერიტორიაზე, ეს ჩაითვლება იმპორტად და იბეგრება საიმპორტო გადასახდელით, რომელიც შეადგენს საქონლის ღირებულების 5%-ს.
ასეთია მოკლედ არაბთა გაერთიანებული საამიროების თავისუფალი ეკონომიკური ზონების დახასიათება და სამართლებრივი სტატუსი. Aაქვე მინდა აღვნიშნო, რომ დუბაის საამიროში აგრეთვე არსებობს სპეციფიკური საქმიანობის თავისუფალი ზონები. ზოგი მათგანი უკვე ფუნქციობს, ზოგი კი ჩამოყალიბების სტადიაშია. მათი დანიშნულება ადვილად ამოიცნობა დასახელებებიდან. მაგალითად, DUBAI INTERNET CITY, DUBAI MEDIA CITY, DUBAI KNOWLEDGE VILLAGE. მათ გარდა, ჩვენთან განთქმულია ზონა DUBAI CUSTOMS AUTOMOBILE ZONE (DUCAMZ), სადაც იყიდება ნახმარი მანქანები მარჯვენა საჭით. Mმაგრამ ყველაზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ზონას DUBAI METAL & COMMODITIES CENTER (DMCC), რომლის დანიშნულებაა ოქროთი, ალმასებითა და ძვირფასი ლითონებით ვაჭრობა და სადაც განზრახულია უმსხვილესი სასაქონლო ბირჟის მოწყობა.
დასკვნით ნაწილში მსურს, გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები თავისუფალი ზონების შესახებ. Mმათი საქმიანობის უდავო ეფექტად უნდა ჩაითვალოს ჭეშმარიტი ეკონომიკური ბუმი და ქვეყნის აღზევება. Gგამოდის, რომ ნავთობი და უძრავი ქონება – ადგილობრივ მესაკუთრეებს, ხოლო დანარჩენებს – წყნარი და არაღარიბი ცხოვრება.
ათასობით ჩასულ მეწარმეს, რა თქმა უნდა, ესაჭიროება მტვირთავები, მძღოლები, დაცვა, ტექნიკური პერსონალი და ა.შ. ეს უკვე გარანტირებულ სამსახურს ნიშნავს მეზობელი ქვეყნებიდან ღარიბი მიგრანტებისათვის (ინდოეთი, პაკისტანი, ირანი, ერაყი და სხვ.) ამას გარდა, მუშახელზე უზარმაზარი მოთხოვნაა სამშენებლო სექტორშიც, ვინაიდან ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს სასტუმროების, ოფისებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობა.
ვინც ნამყოფია საამიროებში, ალბათ გაოცებული დარჩა საქონლის უხვი არჩევანითა და შედარებით დაბალი ფასებით. ჩემი აზრით, ესეც თავისუფალი ზონების დამსახურებაა. თუ ამას დავუმატებთ უამრავ ტურისტსა და შოფ-ტურის მოყვარულებს, შეიძლება სულ მალე გამართლდეს მოსაზრება, რომ ტურისტული ბიზნესიდან შემოსავლები ამ ქვეყანაში გადაუსწრებს ნავთობის ექსპორტის შედეგებს. Dდა, რაც მთავარია, სრული სურათისათვის ამ ყველაფერს უნდა დავუმატოთ ნულამდე დაყვანილი კრიმინალური ვითარება.
გაამართლა თუ არა ”საგადასახადო სამოთხემ”?
კომენტარს მკითხველს ვანდობ……