2002 წლის ბიუჯეტი – რიტორიკა თუ რეალური ეკონომიკური გათვლა

სოფიკო სიჭინავა

კრიზისი ეკონომიკაში თანდათანობით მძაფრდება, ბიუჯეტი უფრო გასაცოდავებული და გაღატაკებულია. იმის მაგივრად, რომ რეალურ ეკონომიკურ მიზეზებზე ვსაუბრობდეთ, უფრო მეტად მავანთა სასახლეების და, ზოგადად, კორუფციის შესახებ პოლიტიკურ დემაგოგიას ვეწევით. არადა, მთავარი ის არის, რომ თვით ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია. რისი ნათელი დადასტურებაა ის, რომ 2002 წლის ბიუჯეტი ყველაზე უფრო უსახურია, ვიდრე რომელიმე მისი წინამორბედი და ყოველგვარ ეკონომიკურ შინაარსს მოკლებული.

უკვე უპირობოდ აღიარებენ იმ ფაქტს, რომ 2001 წლის ბიუჯეტმა ფიასკო განიცადა. რვა თვის მონაცემების მიხედვით ბიუჯეტს 210 მლნ აკლია. გარდაუვალია სეკვესტრი, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ სეკვესტრთან ერთად ზოგიერთები ბიუჯეტის ცვლილებას მოითხოვენ. სეკვესტრის დროს, ძირითადად, ხარჯის ნაწილი იცვლება, ხოლო საბიუჯეტო ცვლილებებისას შემცირებას ექვემდებარება როგორც ხარჯვითი, ასევე საშემოსავლო ნაწილი. ამის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საბიუჯეტო ცვლილებებისას მცირდება შემოსავლების გეგმა და იქმნება ბიუჯეტის შესრულების ილუზია. იმ მიზეზით, რომ შარშან ბიუჯეტი შეკვეცილი იყო, საბიუჯეტო გეგმა 92%-ით შესრულდა. საქართველო, პირველ რიგში, დემაგოგიის ენიდან და ციფრების თამაშიდან რეალური საქმის კეთებაზე უნდა გადავიდეს. უზნეო თამაშის გარდა რა უნდა ერქვას იმას, რომ 4 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის 300 მლნ ლარია მოსაზიდი. ყოველთვიურად 73 მლნ. ლარი, რაც წინა 8 თვის მაჩვენებელზე 1,25-ჯერ მეტია. უშუალოდ ცენტრალურ ბიუჯეტში კი თვეში – 47 მლნ. ლარი. საგადასახადო ტენდენციების მიხედვით კი ეს შეუძლებელი ციფრია. იმ მიზეზით, რომ ვიღაცამ ბიუჯეტი ე.წ. განწერით დაგეგმა, ყველაზე დიდი სიმძიმე ბოლო 3 თვეზე უნდა გადასულიყო, რომ ჩვენ ისევ “ციფრულ თავმოწონებაში” გადავვარდნილიყავით. ამ ტენდენციის გაგრძელება ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება, დროა საქართველომ უარი თქვას მსგავს პრაქტიკაზე. სამწუხაროდ, 2002 წლის ბიუჯეტს ეტყობა, რომ ჩვენ არც მეთოდების და არც სტილის შეცვლას არ ვაპირებთ. 2002 წლის ბიუჯეტი თავის პარამეტრებით ასევე ნაკლებია, ვიდრე წინა წლის ბიუჯეტები და რაც მთავარია, მას არ აქვს არავითარი ქვეყნის აღმშენებლობითი იდეოლოგია. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება:

96/97 წლების აღმავლობის შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შენელდა ჯერ რუსეთის კრიზისის, შემდგომ კი გვალვისა და ელექტროკრიზისის გავლენით. მოცემული გრაფიკის მიხედვით ჩანს, რომ ამ შემაფერხებელი ფაქტორების გავლენა, ძირითადად, დასრულებულია 2001 წლის პირველი ნახევრისათვის. 2001 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ტემპი წლიური 6,5%-ის, ხოლო 2002 წელს 6,6%-ის დონეზე. პროგნოზი ეყრდნობა დარგობრივ გათვლებს, დარგში არსებული მოთხოვნა – მიწოდების, გამოუყენებელი საწარმოო სიმძლავრეებისა და მარაგების დინამიკას, ისტორიულ ტენდენციებს. 2001 წლის პირველი ნახევრის 5,2%-იანი ზრდა ეკონომიკური გამოცოცხლების მოლოდინს ადასტურებს.

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები (1.288,7 ლარით, ანუ 652,2 დოლარით), საქართველო კვლავაც განეკუთვნება უღარიბესი ქვეყნების რიგს (ნომინალურადაც და მსყიდველობითუნარიანი პარიტეტითაც).

კვლავაც მიუღებელია და უარესდება სოციალური პარამეტრები. მინიმალურ სამომხმარებლო კალათაზე ნაკლებია როგორც საშუალო, ასევე მინიმალური ხელფასები, როგორც კერძო, ასევე და კიდევ უფრო მეტად – საჯარო სექტორში. ჩვენი საზოგადოება, ჩვენი საჯარო პოლიტიკა აგებულია შეუძლებელ პრინციპებზე. ამოცანები, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დგას, ამ გზებით ვერ განხორციელდება. თუ ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფო ფუნქციონირებდეს, ამოცანები სრულდებოდეს, საჭიროა მნიშვნელოვანი, პრინციპული რეფორმების გატარება ეკონომიკურ პოლიტიკასა და ხელისუფლების მოწყობის საკითხებში.

საბოლოო ამოცანაა სიღარიბის დაძლევა და კეთილდღეობის ზრდა. ეკონომიკის სამინისტროს მოსაზრებით, ამ მიზნის მიღწევისთვის აუცილებელია შემდეგი
საშუალებები:
– ეკონომიკური ზრდა;
– სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო;
– კერძო საკუთრებაზე, თავისუფალ ბაზარსა და საერთაშორისო ინტეგრაციაზე დაფუძნებული მეურნეობის განვითარება.

ცივილიზებული საზოგადოების მექანიზმებისა და ინსტიტუტების განვითარება (წარმომადგენლობითი დემოკრატია, სამართლებრივი გარემო, არასამთავრობო სექტორი და მედია და ა.შ.).

გადასახადების საერთო პარამეტრები

გადასახადის ადმინისტრირების გაუმჯობესების ტემპები შენელებულია 1999 წლის შემდგომ. ახლანდელი ტენდენცია, შეიძლება ითქვას, კატასტროფულია. 2002 წლისათვის მატების ტემპი უნდა იყოს არანაკლებ 1999 წლის დონისა – ანუ 10%-ის ოდენობით. ბევრჯერ აღინიშნა, რომ რეზერვები გაცილებით უფრო დიდია. ეკონომიკის მინისტრის მოსაზრებით, თუ გვინდა ამ რეზერვების უახლოესი ათი წლის განმავლობაში ამოქმედება და ელემენტარული ბიუჯეტის მოწესრიგება, 10%-ზე ნაკლები გაუმჯობესება ადმინისტრირებაში არ უნდა დავგეგმოთ. ამ შემთხვევაში 2002 წლის საგადასახადო შემოსავლების გეგმა ადრე მოყვანილ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე გადაანგარიშებით 1.229,0 მლნ ლარს უტოლდება.

ვანო ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ ეს გეგმა იქნება საკმაოდ დაძაბული. დაძაბული გეგმის გარეშე შემოსავლების ფორსირებული ზრდა ვერ მოხერხდება. ამასთან, კონტრარგუმენტი დავალიანების დაგროვების ზრდის შესახებ, არ გამოდგება. ერთი – არ შეიძლება დავგეგმოთ მიღებული და რეალისტური კანონის შეუსრულებლობა. გარდა ამისა, სავსებით შესაძლებელია ხარჯვით ნაწილში ამორტიზატორების გათვალისწინება, როგორიც მაგალითად არის რისკის ფონდი. იგივე დანიშნულებას ასრულებენ ზოგიერთი სხვა ფონდები. ასევე შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საინვესტიციო ხარჯები ან დავალიანებების დაფარვა გეგმის შესრულების პირობითობით. ჩვენი წინადადებაა ადმინისტრირების 10%-იანი მატებიდან 5%-ი, ანუ 60,0 მლნ ლარი სწორედ ასეთი ხარჯვითი პირობითობებით დაიზღვეს, უპირველესად გამოვიყენოთ რისკის, ან სარეზერვო ფონდი, რომელიც მხოლოდ გეგმის შესრულების პირობებში დაიხარჯება. ამ გზით ჩვენ შევძლებთ რეზერვებისათვის სრულფასოვან ბრძოლას, რეზერვები კი საკმარისზე მეტია.

ჩრდილოვანი ეკონომიკა და საგადასახადო რეზერვები
ვანო ჩხარტიშვილი (მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი) – “ჩრდილოვანი ეკონომიკა მარტო საქართველოსთვის არ არის “მშობლიური”. იგი ყველა ქვეყანაში არსებობს, განსხვავება მისი გამოვლინების ფორმებსა და მასშტაბებშია. განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვის ფარული ეკონომიკური საქმიანობის ხვედრითი წილი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაში 5%-10%-ს შეადგენს, გაცილებით უფრო მაღალია განვითარებადი ქვეყნების ფარული ეკონომიკის წილი. ფილიპინებში, მექსიკასა და კოლუმბიაში ფარული ეკონომიკა მთლიანის 50%-60%-ს შეადგენს. ასევე მაღალია ჩრდილოვანი ეკონომიკა იტალიაში. პოსტსაბჭოთა ქვეყნები საერთოდ ჩრდილოვანი ეკონომიკის მაღალი წილით ხასიათდება. ამ თვალსაზრისით საქართველოს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – 3.046,2 მლნ ლარი პროდუქციის გამოშვებიდან, რაც 32,5%-ს შეადგენს. შედარებით მაღალია სამეწარმეო სფეროს ჩრდილოვანი გამოშვება – 56,1%. განსხვავებულია ჩრდილოვანი ეკონომიკის ხვედრითი წილი დარგების მიხედვითაც. ექსპერტთა შეფასებით, რიგ დარგებში იგი 70%-საც აღწევს, რაც, გარკვეულწილად, კომპენსირდება უკეთ აღრიცხული დარგებით, სადაც ტექნოლოგიურ თუ სხვა გარემოებათა გამო აღრიცხვა გაიოლებულია. მაგალითია კავშირგაბმულობა, სადაც ინფორმაცია კარგად აღირიცხება ტექნოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე და ლოგიკურია, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა შედარებით დაბალი, 20%-ის დონეზეა.

ჩრდილოვანი სექტორი ეკონომიკურ განვითარებაზე უმძიმეს გავლენას ახდენს. თამაშის ერთიანი წესების დარღვევას დეზორგანიზაცია შეაქვს წარმოების ორგანიზაციის პროცესში და მთლიანად საზოგადოების ფუნქციონირებაში უშუალო გავლენა აქვს კონტრაბანდასა და მისგან პროვოცირებულ ჩრდილოვან სექტორს საბიუჯეტო შემოსავლებზე. მთლიანად მრეწველობაში მარტო დღგ-ის და მოგების გადასახადის სახით, 2000 წელს ფისკალური დანაკარგები 83,0 მლნ ლარს აღემატება, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელფასის ფონდი სოციალურ ანარიცხებთან ერთად წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების დაახლოებით 35%-ია, სოციალური ანარიცხების სახით დანაკარგებია 35,8 მლნ ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის სახით – 11,9 მლნ ლარი. ჯამური რეზერვი ძირითადი გადასახადების მიხედვით მრეწველობაში 131 მლნ ლარს აღწევს. ხორბლისა და ფქვილის მოხმარება საქართველოში წლიურად საშუალოდ 1 მლნ ტონაა. ხორბლისა და ფქვილის იმპორტი კი ერთად 2000 წელს მხოლოდ 340,0 ათასი ტონა დაფიქსირდა. ადგილობრივი წარმოება არსებულ პირობებში, უკეთეს შემთხვევაში, 150,0-200,0 ათასი ტონაა. აშკარაა, რომ მოხმარებული ხორბლისა და ფქვილის ნახევარი და მეტი, დაახლოებით 500 ათასი ტონა, კონტრაბანდული გზით შემოდის. მხოლოდ საბაჟოზე დაფარული თანხა შეადგენს 40 მლნ ლარს. ცალკე დანაკარგებია პურის ცხობაში, სადაც სულ 137 ათასი ტონა პროდუქცია დაფიქსირდა, ანუ ერთ სულ მოსახლეზე დღეში 70,0 გრამზე ნაკლები. ამასთან, საბიუჯეტო დანაკარგებზე გაცილებით მძიმე შედეგია უსამართლო კონკურენციის პირობებში ადგილობრივი წარმოების პოტენციალის დაქვეითება. საქართველოში არსებობს ფქვილის როგორც შიდა წარმოების, ისე ექსპორტისა და რეექსპორტის რეალური შესაძლებლობები. ექსპერტული გათვლებით, რომ არა მასშტაბური კონტრაბანდა, რომელიც ანგრევს ბაზარს, არღვევს თვითღირებულებათა თანაფარდობას და იწვევს ადგილობრივი წარმოების პარალიზებას. ფქვილის ადგილობრივ წარმოებას თავისუფლად შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს შიდა მოთხოვნილება. ამისათვის საქართველოში არსებობს სათანადო სიმძლავრეებიც, გამოცდილებაც და შეფარდებითი უპირატესობანიც. პურ-პროდუქტებისა და კონტრაბანდული საკვების მსხვილი გადამამუშავებელი საწარმოების სიმძლავრეებს (1 მლნ ტონა სასურსათო და 1,4 მლნ ტონა კომბინირებული საკვები) უკანასკნელ წლებში დაემატა მრავალი ნაკლები სიმძლავრის, მაგრამ ტექნოლოგიურად და თვითღირებულებით საკმაოდ ეფექტური მცირე წისქვილები. მხოლოდ ადმინისტრირების გაუმჯობესებით, რაიმე დამატებითი პროტექციონისტური ზომების გატარების გარეშე, შესაძლებელია პურპროდუქტების ადგილობრივი წარმოების დონის აღდგენა და ბიუჯეტში ყოველწლიურად დამატებით 50 მლნ ლარამდე საბიუჯეტო შემოსავლების მიღება, რასაც ემატება მნიშვნელოვანი რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილები და კერძო სექტორში შექმნილი შემოსავლები.

– თამბაქოს ეროვნული ცენტრის მონაცემებით დღეს საქართველოში 2 მილიონი მწეველია, რომელიც ყოველდღიურად მოიხმარს დაახლოებით 1,8 მლნ კოლოფ სიგარეტს (ევროპაში კავშირის მონაცემებით, საშუალო მწეველი დღეში მოიხმარს 17 ღერს) ანუ წლის განმავლობაში მოსახლეობა მოიხმარს 650 მილიონ კოლოფს. საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით, იმპორტის მაქსიმუმი 180-200 მლნ კოლოფია. ადგილობრივი წარმოების გათვალისწინებით, არსებული დაბეგვრის რეჟიმის პირობებში, თამბაქოს დაბეგვრიდან ბიუჯეტში წლიურად უნდა შედიოდეს 100 მლნ ლარი. ბოლო პერიოდის მაქსიმალური შემოსავალი 30 მლნ ლარია. ე.ი. 30%-ლეგალური 70%-ჩრდილოვანი თამბაქოს არასრული დაბეგვრიდან ბიუჯეტს აკლდება 70 მლნ. ლარი. საინტერესო ფაქტია, ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დაგეგმვისას სიგარეტის მოხმარების რაოდენობას ე.ი. საგადასახადო ბაზად ღებულობს 200-210 მლნ. კოლოფს, ხომ არ ნიშნავს ეს სახელმწიფოს მხრიდან ჩრდილოვანი ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილის (70%) ოფიციალურად დაშვებას?

მთლიანად დეპარტამენტისა და მეწარმეთაგან წარმოდგენილი მონაცემებიდან გაანგარიშებული 1999 წლის სიგარეტების მთლიანი რესურსი თამბაქოს მოხმარებას მხოლოდ ორი მესამედით ფარავს. თამბაქოს ნაწარმის რეალური გამოყენება ოფიციალურად დეკლარირებულთან შედარებით სულ ცოტა ერთნახევარჯერ მეტია.

მთლიანობაში, არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმის იმპორტისა და წარმოების მოცულობა 70-80 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობს.

უმნიშვნელოვანესი სასაქონლო ნომენკლატურაა ენერგომატარებლები, კერძოდ კი დიზელი, რომელზეც მუშაობს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და ტრანსპორტის მრავალი სახეობა. ექსპერტული გათვლებით, დიზელზე მოთხოვნა წელიწადში 360,0-400,0 ათასი ტონაა, ხოლო ოფიციალურად რეგისტრირებული იმპორტი 1998 წელს 284,0 ათასი ტონა იყო, 1999 წელს ამ მაჩვენებელმა 77,0 ათას ტონამდე დაიწია, ხოლო 2000 წელს – რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე – 47,8 ათას ტონამდე დაეცა. თუ ადგილობრივი წარმოების რეალურ დონეს გავითვალისწინებთ, დიზელის კონტრაბანდის მასშტაბი შიდა მოთხოვნის 80%-85%-ს აკმაყოფილებს. საბაჟოზე დაფარული გადასახადის რეზერვი წელიწადში დამატებით სულ მცირე 25 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო სივრცეში დანაკლისი კიდევ უფრო მეტია.

არანაკლები ზიანი მოაქვს ბენზინის კონტრაბანდას. ექპერტული გათვლებით, ქვეყანაში ბენზინის მოხმარება წელიწადში 600,0-625,0 ათასი ტონაა. ბენზინის იმპორტის საბაჟო სტატისტიკა 1999 წელს 304 ათას ტონას აფიქსირებდა, ხოლო 2000 წელს ეს მაჩვენებელი 183 ათას ტონამდე დაეცა. ლეგალურად ბენზინის მხოლოდ მესამედი შემოდის. საბაჟო გადასახადის დანაკლისი 2000 წელს დაახლოებით 40,0 მლნ ლარს აღწევს, ხოლო თუ აქციზს გავითვალისწინებთ, დამატებით არანაკლებ 80.0 – 90,0 მლნ ლარი შემოსავალი უნდა მიგვეღო. შედეგად, ზარალდება ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების კონკურენტუნარიანობა. მასშტაბური კონტრაბანდის პირობებში 2000 წელს გადამუშავდა მხოლოდ 25,7 ათასი ტონა ნედლი ნავთობი და წარმოებულ იქნა 15,0 ათასი ტონა დიზელი. საქართველოში დიზელს და ბენზინს აწარმოებს სართიჭალის ქარხანა, რომელსაც წელიწადში 120 ათასი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეუძლია. სიმძლავრეებში არ არის გათვალისწინებული ამჟამად გაჩერებული ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. რომლის წარმადობაც 3 მლნ ტონა იყო წელიწადში. ნავთობპროდუქტების შიდა წარმოება იმპორტთან მიმართებაში კონკურენტუნარიანი იქნება მხოლოდ ლეგალური ბაზრის პირობებში.

ოფიციალური სტატისტიკით, დედაქალაქში განლაგებული ერთი რესტორნის ბრუნვა, საშუალოდ, დღეში 168,0 ლარს შეადგენს. იმავე მონაცემებით, რესტორნების 33% ზარალზე მუშაობს. მონაცემები დაუჯერებელია, ასეთ პირობებში აზრს დაკარგავდა თვით სამეწარმეო საქმიანობა. გამოკვლევებით დადგინდა, რომ თბილისში მოქმედებს 367 რესტორანი, სადაც ადგილების რაოდენობა შეადგენს 12.732 ერთეულს. რესტორნების მომსახურების საშუალოდ დღეში სარგებლობს 20.000 მომხმარებელი. ერთ რესტორანში საშუალოდ დღეში 55 მომხმარებელი შედის. ერთი მომხმარებლის მიერ დახარჯული თანხა საშუალოდ 12,0 ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი შედარებით დიდია მაღალი კლასის რესტორნებში მსადაც მომსახურება 22,0-30,0 ლარია, ხოლო ყველაზე ფეშენებელურ რესტორნებში – 50,0-80,0 ლარი. გამოკვლევების შედეგებით რესტორნების ბრუნვის რეალური, მინიმალური მოცულობა დღეში საშუალოდ 617,0 ლარს შეადგენს. თვეში ეს მაჩვენებელი 18.505 ლარის ტოლია, რაც რესტორნების მიერ ოფიციალურად წარმოდგენილ მაჩვენებლებს 3,8-ჯერ აღემატება. შედეგად, რესტორნების რეალური წლიური ბრუნვა სავარაუდოა 79,3 მლნ ლარის დონეზე, რაც 3,6-ჯერ სჭარბობს დეკლარირებულ მაჩვენებლებს.

საგადასახადო რეზევრები ბევრია და ცნობილი. ბარენც ჯგუფის შეფასებით არსებული გადასახადებით ბაზა 1.664,0 მლნ ლარს შეადგენს და დაახლოებით სანახევროდ არის დაფარული. ამ პირობებში ადმინისტრირების 10%-იანი ზრდა აუცილებელი ამოცანაა. მისი რეალიზაციისათვის საჭიროა მთელი ყურადღების ადმინისტრირებაზე კონცენტრაცია. ამ თვალსაზრისით საინტერესოა განვლილი მუშაობის შეფასება. ამჟამად, გარკვეულწილად, უკვე დასაშვებია საგადასახადო დეპარტამენტის რეფორმირების შეფასება. ამ თვალსაზრისით გარკვეული წინსვლა იგრძნობა. გაუმჯობესდა დეპარტამენტის საზოგადოებრივი ავტორიტეტი, ამაღლდა თანამშრომელთა კვალიფიკაცია. ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მნიშვნელვანი შედეგები უნდა მოიტანოს კომპიუტერიზაციამ. ეს ყველა ცვლილება მისასალმებელია და მხარდასაჭერი. ვუწევთ რა ანგარიშს გაწეულ მუშაობას, სამართლიანობა და საქმის საჭიროება მოითხოვს პირუთვნელ შეფასებას: პრინციპული გაუმჯობესება დეპარტამენტის მუშაობაში არ მომხდარა. ამასვე ადასტურებს საბოლოო შედეგი – გადასახადების მობილიზაციის გაუმჯობესება. 2000 წელს ადმინისტრირების გაუმჯობესება, 3,0%-ი სრულიად არადამაკმაყოფილებელია და წინა 1999 წლის შედეგის მხოლოდ მესამედია. კონტრაბანდის მაჩვენებლები სტრატეგიული პროდუქტების, მათ შორის, სიგარეტისა და ნავთობპროდუქტების მიმართ გაუარესდა. უარყოფით შედეგებს გაწეული უზარმაზარი მატერიალური დანახარჯებისა და დონორების დახმარების ფონზე (37,3 მლნ ლარი სპეცსახსრები და შიდ-ის დახმარება), მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: შეცდომებია დაშვებული რეფორმის პოლიტიკაში (არ არის გადაწყვეტილი მთავარი პრობლემები და სუსტია ადმინისტრირების ნება).

რაც შეეხება შეცდომებს: გადაუწყვეტელი დარჩა ინსპექტორის კორუფციის მთავარი პრობლემა – ანაზღაურებით მოტივაციის საკითხი. გაწეულ კამპანიაზე გაცილებით ეფექტური იქნებოდა ერთი ცვლილება – დაგვეკანონებინა ინსპექტორისათვის ლეგალიზებული თანხების მყარი წილი. ჩვენი წინადადებაა ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ განხორციელება.

საგადასახადო პოლიტიკაც ხელს არ უწყობს ადმინისტრირებას. ადრე ითქვა და ვიმეორებთ: გადასახადები უნდა შევუსაბამოთ არა ჩვენს სურვილებს, არამედ შესაძლებლობებს. უკვე ერთი წელია გადაუწყვეტელია საკითხი პრეზუმფციული, ფიქსირებული და კონსოლიდირებული გადასახადების შემოღებისა. უკვე ერთი წელია ნახლდება ეს ინიციატივები და დაუბეგრავი რჩება ბაზრობები და მცირე ბიზნესი. ფინანსთა სამინისტრომ უნდა გამოიჩინოს აგრესიული პოლიტიკა, იგი უნდა იყოს მასთან წარდგენილი ინიციატივების აქტიური რეალიზატორი”.

ეკონომიკის სამინისტრო მოითხოვს, რომ ბიუჯეტს აღმშენებლობითი ხასიათი ჰქონდეს. მცირედი, მაგრამ მაინც გადაიდოს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისათვის და სამომხმარებლო ხასიათიდან აღმშენებლობითი მიიღოს. საბიუჯეტო პოლიტიკა პირველი იარაღია კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. 2002 წლის ბიუჯეტის შესახებ დავამ უკვე კულმინაციას მიაღწია. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე დაიბნა, რომელი მხარეა მართალი, ჩხარტიშვილის თუ ნოღაიდელის ფრთა. ობივატელს უჭირს ეკონომიკური პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა. ვერც ტენდენციებს და კანონზომიერებებს არჩევს, მაგრამ ერთი ცხადია, რომ წარმოდგენილი სახის ბიუჯეტის მიღება აშკარად ზემოთ მოყვანილი ჩრდილოვანი ეკონომიკის დაკანონებაა. ჩრდილოვან, არალეგალურ ეკონომიკას ვერც 2002 და ვერც 2005 წელს ვერ მოვიცილებთ, მაგრამ მისი ლეგალიზაციის პროცესი აღმავლობისკენ უნდა მიდიოდეს და არა დაღმავლობისკენ. ის, რომ ფისკალურ სფეროში არ გვაქვს ადმინისტრირების უნარი, არ ნიშნავს გულხელდაკრეფილნი სიტუაციას შევეგუოთ და საპენსიო ფონდის მსგავსი ბიუჯეტი დავამტკიცოთ. თუ დღეს მასში არ ჩავდეთ ეკონომიკის რომელიმე სექტორის მხარდაჭერა, სახელმწიფომ მისი მოქალაქეებისგან მობილიზირებული თანხების თუნდაც მეათედი არ დააბრუნა ინვესტიციებად იმავე ხალხის საკეთილდღეოდ და სრულად მოიხმარა (უნიტაზში ჩაუშვა), ამ სახელმწიფოს სახელმწიფოებრიობა არ უწერია.