1001 ღამე და 1001 ცვლილება
სოფიკო სიჭინავა
საგადასახადო კოდექსში მორიგი ცვლილებები შევიდა. პარლამენტმა იგი ყოველგვარი “გართულებების” გარეშე დაამტკიცა და, სიმართლე რომ ითქვას, არც პრესაში ჰქონია მას დიდი გამოხმაურება. გთავაზობთ ამონარიდს ცვლილებებიდან: 50. 2002 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ბაზრების ორგანიზებას, მათი საქმიანობის ამ ნაწილში დამატებული ღირებულების გადასახადის, მოგების (ფიზიკური პირების შემთხვევაში საშემოსავლო), ეკონომიკური საქმიანობისა და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადების ნაცვლად დაიბეგრონ ერთიანი ფიქსირებული, კომბინირებული გადასახადით ბაზრის ორგანიზებისათვის.
51. ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ადგილები. ამ მუხლის მიზნებისათვის, ბაზარი არის სასოფლო-სამეურნეო, სასურსათო და სამრეწველო პროდუქციის სავაჭრო კომპლექსი, რომელიც შედგება მიმდებარე ტერიტორიისაგან იზოლირებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სტაციონარული და არასტაციონარული სავაჭრო ადგილებისაგან, ცენტრალიზებული სამეურნეო მომსახურებითა და მართვით, რომლის საქმიანობის ძირითად სახეს სავაჭრო ადგილების გაქირავება წარმოადგენს.
52. ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადის გამოანგრიშებისას, ამ მუხლის მიზნებისათვის ერთ სტაციონარულ სავაჭრო ადგილად (მათ შორის, ავტომანქანებიდან ვაჭრობის შემთხვევაში) ითვლება ფართობი 6მ2-მდე, 6მ2-დან 10მ2-მდე, 10მ2-დან 15მ2-დე, 15მ2-დან 20მ2-მდე. დახლის შემთხვევაში – 3მ2-მდე. ამასთან, არა უმეტეს 2 მეტრი სიგრძის მონაკვეთში სარეალიზაციო მხარით, ძვირფასი ქვებისა და ლითონების შემთხვევაში – შესაბამისად 2მ2-მდე, არა უმეტეს 1 მეტრი სიგრძის მონაკვეთის სარეალიზაციო მხარით.
53. გადასახადი ბაზრის ორგანიზებისათვის განისაზღვროს ყოველთვიურად ერთ სავაჭრო ადგილზე შემდეგი ოდენობით (იხ. ცხრილი):
54. 20მ2-ზე მეტი ფართობის სტაციონარული სავაჭრო ადგილის გადასახადი ბაზრის ორგანიზებისთვის განისაზღვროს ამ მუხლის 53-ე ნაწილში მოცემულ ცხრილში მითითებულ 20მ2 ფართობის სავაჭრო ადგილის ძირითადი გადასახადის პროპორციულად.
55. სანტექნიკური და ნახმარი ნივთებით ვაჭრობისას სავაჭრო ადგილი ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადით იბეგრება ამ მუხლის 53-ე ნაწილში მოცემული ცხრილით განსზღვრული გადასახადების მიმართ შემასწორებელი კოეფიციენტით 0,6 (მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა 6მ2 ფართობზე მეტ ერთ სტაციონარულ სავაჭრო ადგილზე ქ. თბილისში განლაგებულ ბაზრებში).
56. ბაზარი, რომელიც მდებარეობს დასახლებულ პუნქტში, სადაც 30 ათასამდე მცხოვრებია, და მუშაობს არასრულ თვეს (მხოლოდ კვირის განსაზღვრულ დღეებში), გადასახადს ბაზრის ორგანიზებისთვის იხდის ამ მუხლის 53-ე ნაწილში განსაზღვრული გადასახადიდან გამომდინარე, ნამუშევარი დღეების შესაბამისად.
57. მოქმედ ბაზარზე განლაგებული უმოქმედო სავაჭრო ადგილი ან უმოქმედო ბაზარი მისი ადმინისტრაციის მოთხოვნით ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადის გამოანგარიშების მიზნისათვის ექვემდებარება კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანას. ასეთ შემთხვევაში ის აღარ იქნება გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახის გაანგარიშებისას. კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი ბაზარი, მაღაზია, საწყობი, კონტეინერი, ფარდული და ჯიხური დაილუქება შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ლუქით. ცალკეული სავაჭრო ადგილის კონსერვაციის შემთხვევაში, კონსერვირებული სავაჭრო ადგილი ექვემდებარება დემონტაჟს (გარდა კაპიტალურად ნაგები სავაჭრო ადგილისა, რომლის დემონტაჟი საჭიროებს სოლიდურ სახსრებს). კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანა ან მოხსნა ხორციელდება ბაზრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რის შესახებაც იგი ვალდებულია აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს წინასწარ, დეკლარაციის წარდგენისას;
გარდა ამისა, მომზადებულია ახალი ცვლილებები, რომლის დამტკიცება პარლამენტს “ცოტა მოუგვიანდა”. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:
საგადასახადო კანონმდებლობის ფორმირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შემუშავების საწყის ეტაპზე პრიორიტეტი მიენიჭა საერთაშორისო პრაქტიკაში საგადასახადო სისტემის ყველაზე თანამედროვე მოდელს. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საგადასახადო პოლიტიკის ძირეულ გადახედვას გადამხდელთა მხრიდან გადასახდელი გადასახადების გაანგარიშების მიმართულებით.
ამისთვის ქვეყნის “ფინანსურ მამებს” საჭიროდ მიაჩნიათ შემდეგი ღონისძიებების გატარება:
1) “ჩვეულებრივი რეჟიმი”. გადამხდელი ვალდებულია აწარმოოს ბუღალტერია და გადაიხადოს გადასახადები დღეს მოქმედი გადასახადებისა და განაკვეთების მიხედვით;
2) “გამარტივებული რეჟიმი”. პირები, რომლებიც არ არიან ვალდებულნი გატარდნენ რეგისტრაციაში დღგ-ს გადამხდელებად (წლიური 100 ათასი ლარი დასაბეგრ ბრუნვაზე ნაკლები) იხდიან, მოგების (ფიზიკური პირის შემთხვევაში საშემოსავლოს) და სოციალური გადასახადის ნაცვლად, გამარტივებულ გადასახადს ერთობლივი შემოსავლის 7%-ის ოდენობით და აწარმოებენ გამარტივებულ აღრიცხვა-გაანგარიშებას.
3) “ფიქსირებული” რეჟიმი. აღნიშნული გულისხმობს “წვრილი” მეწარმეებისათვის ფიქსირებული გადასახადის შემოღებას, რომლის გადამხდელებიც თავისუფალნი არიან ყველა სხვა გადასახადისაგან და ყოველგვარი აღრიცხვა-გაანგარიშების წარმოებისაგან.
ზემოაღნიშნულის პარალელურად, წარმოდგენილ წინადადებაში მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ კონკრეტულ გადამხდელს რჩება არჩევანის უფლება, იმუშაოს არსებული თუ წარმოდგენილი რეჟიმის პირობებში.
ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება მმე-ს ექსპერტი ბატონი გელა ხანიშვილი:
სამწუხაროდ, საქართველოში საგადასახადო კოდექსის მიღების შემდგომ დამკვიდრდა და თანდათანობით უფრო წარმატებით ვითარდება ტენდენცია, რომელიც ითვალისწინებს კოდექსში უფრო და უფრო მეტი ცვლილებების შეტანას და ამით, თუ გულწრფელები ვიქნებით, მის უფრო გაუარესებას. რა თქმა უნდა, ყველა ცვლილება მოტივირებულია იმ კეთილშობილური მიზნით, რომ შეამსუბუქოს, როგორც გადამხდელის მდგომარეობა, ასევე ბიუჯეტში თანხების მობილიზების სქემა. მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძნელად თუ მოიძებნება ის ცვლილება, რომელმაც, რეალურად, ერთი ან მეორე ფუნქცია შეასრულა. თუმცა, არის ცვლილებებიც, რომელიც აუცილებელი და ცხოვრებით ნაკარნახევი იყო, რომელთა გარეშეც კოდექსის ამა თუ იმ მომენტის სრულყოფილი გააზრება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. სამწუხაროდ, ჩვენ წარსულ დროში გვიწევს საუბარი, რადგან იყო დრო, როდესაც ასე ხდებოდა და იყვნენ ადამიანები, რომლებიც კოდექსს ერთ მთლიან დოკუმენტად იაზრებდნენ, ამ დოკუმენტის არსი იცოდნენ და ამიტომ, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მასში თავდაპირველ ეტაპზე შედიოდა, ემსახურებოდა ამ მთლიანის შენარჩუნებას.
თანდათანობით ცხოვრების ცვლილება, სახელისუფლებო სტრუქტურებში მომხდარმა ცვლილებებმა, გადაწყვეტილებებმა, გადაადგილებებმა გამოიწვია ის, რომ ხელისუფლებიდან წავიდნენ ან სხვა ადგილებზე გადაინაცვლეს ადამიანებმა, რომლებმაც კოდექსის მთლიანი ჩარჩო იცოდნენ და მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც კოდექსს ხედავენ მხოლოდ იმ ცალკეულ ნაწილებად, რომელიც ამა თუ იმ სფეროს და ან ამა თუ იმ გადასახადს ეხება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კოდექსის ნგრევა, რომლის შედეგადაც ჩვენ გაუარესებული სახის კოდექსს ვიღებდით. არ მინდა მკითხველმა ისე გაიგოს, რომ ამ წასულ ხელისუფლებაში საკუთარ თავს ვგულისხმობ და იმ მეგობრებს, რომლებიც ჩემს გვერდით იყვნენ, აბსოლუტურად არა. სამწუხაროა, რომ ამ ცვლილებების დროს მემკვიდრეობითობის შენარჩუნება არ ხდება, რომ ელემენტარულად, სპეციალისტია საჭირო. გაუგებარია მმართველობის ყბადაღებული ახალი მოდელი – ახალი გუნდი და ახალი ხალხი. ყოველივე ეს მთლიანად ანგრევს სისტემას, რადგან ეს მეტწილად ნიშნავს არა პროფესიონალების მიყვანას, არამედ მეგობრების, რომლებიც ამ საქმისგან, სამწუხაროდ, ძალიან შორს არიან. მემკვიდრეობითობის მოშლის შედეგად, ჩვენ კოდექსის ნაცვლად 273-ე მუხლი მივიღეთ, რომელიც გარდამავალი მუხლის ნაცვლად ცვლილებების შეტანის მუხლი გახდა. ფაქტობრივად, მუშაობს მხოლოდ 273-ე მუხლი. მთლიანობაში კოდექსი აღარავის სჭირდება, რადგან დღეს გადასახადების ამკრეფი, როგორც ასეთი, აღარ არსებობს. არსებობს მხოლოდ ფულის ამკრეფი. ტერმინს – გადასახდადების ამოღება – აღარავინ იყენებს, ამბობენ – გეგმის შესრულება. ფულის ამკრეფები და გადამხდელები აღარავის სჭირდება, სჭირდებათ მხოლოდ 273-ე მუხლი. ამან დაანგრია ის ერთიანი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული მეურნეობის ყველანაირ ურთიერთობას, ყველა დარგთაშორის, გადამხდელებს შორის, გადასახადის ამკრეფსა და გადასახადის გადამხდელს შორის ურთიერთობას. ეს დოკუმენტი წაიშალა და დღეს აღარ გვაქვს.
რას იტყოდით იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც დაამტკიცა პარლამენტმა და იმაზეც, რომელიც ბოლოს მომზადდა?
საქართველოში, საგადასახადო კუთხით, რამდენიმე ყბადაღებული თემა გვაქვს. ამ თემებიდან ერთ-ერთი აქტუალური ბაზრობების თემაა, რომელიც ძალიან თვალნათელია და საზოგადოება ყოველივეს უყურებს და ხედავს. მას როგორც პოპულისტური დატვირთვა, ისე რეალური ეკონომიკური შინაარსი აქვს. მეორე ყბადაღებული თემაა გადასახადების სირთულე. ფაქტობრივად, თუ ჩვენ წმინდა ეკონომიკური კუთხით შევხედავთ, ეს ერთი და იგივე პრობლემაა. რატომ არსებობს ბაზრობის თემა – ნუთუ იმიტომ, რომ ტალახში დგომა უხარია ვინმეს? თუ ეს არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება? მიზეზი, რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელია. მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ჩვენ გვქონდა არა კოდექსი, არამედ ინსტრუქციები, დებულებები, კანონები, რომლებიც ქართული რეალობის ასახვა იყო. რომელიც დაბეგვრის არეალს მოიცავდა და დღევანდელი გადასახედიდან ეს კანონები იძლეოდა ადამიანის მიერ თუნდაც ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარების საშუალებას, მაგრამ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც თვითონ წყვეტდა თავის ბიზნესთან მიმართებაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობას. ანუ ის თვითონ იყო ამრჩევი, თუ რამდენი მოეპარა, რამდენი გადაეხადა იგივე სახელმწიფო მოხელისათვის, რათა მოპარვა დაეფარა. ასეთ სიტუციაში ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დგებოდა – ნებისმიერი გარეშე ფულის გადახდას მას ერჩია ლეგალურად გადაეხადა, რადგან მთელი ეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მას უპირისპირდებოდა, უფრო ძვირი უჯდებოდა. ჩვენ ყოველთვის შეგვეძლო აგვეღო რომელიმე მეწარმე და დაგვესაჯა ისე, რომ მთლიან ჯაჭვში არ ყოფილიყო ჩაბმული და სხვა მეწარმეებთან ურთიერთობა მას არ ჰქონოდა. თუU მეწარმე დანაშაულს სჩადიოდა, თვითონვე აგებდა პასუხს. როდესაც შევცვალეთ ეკონომიკური მოდელი, მიდგომა, შევქმენით ერთიანი უწყვეტი ჯაჭვი, სადაც ნაცვლად სახელმწიფოსი, მაკონტროლებელი გახდა იურიდიული ან ფიზიკური პირი. ერთი დანაშაულის ჩადენა საკმარისია, რომ საბოლოო მომხმარებლის ჩათვლით, ყველა დამნაშავედ იქცეს. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ რგოლში უნდა იყოს ისეთი ვინმე, რომელიც ყველას მიერ მოპარულ გადასახადს გადაიხდის. ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება. ამ მოდელის განვითარებამ ჩვენ მოგვცა საშუალება, ბაზრობები, რომელიც იხურებოდა და ერქვა არაორგანიზებული, ისევ აგვეღორძინებინა და დახურული ტიპის სავაჭრო საზოგადოებებიდან გარეთ გამოგვეტანა. იმიტომ, რომ დახურული ტიპის ორგანიზაციებში ძნელია არაღრიცხული პროდუქციის დამალვა. გარეთ ეს ყველაფერი გაცილებით ქაოტურ მდგომარეობაშია. ბაზრობების თემა იყო ერთ-ერთი ურთულესი თემა და შესაბამისად, მივიღეთ საგადასახადო ცვლილებები. პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენ ბაზრობების მოწესრიგება გვინდა, არამედ ის, რომ მის მოსაწესრიგებლად ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მისი მოწესრიგების ნაცვლად, უფრო მეტ პრობლემას, განუკითხაობასა და გაუგებრობას შექმნის. ნებისმიერი საკანონმდებლო ჩანაწერი პრინციპების დონეზე უნდა ემსახურებოდეს საქმის გაკეთილშობილებას, მაგრამ შედარება რომ მოვიყვანოთ, იგი დაახლოებით ასეთი იქნება – დაზიანებულ ჭურჭელში რამდენი სითხეც უნდა ჩავასხათ, ამით დაზიანებულ ჭურჭელს არაფერი ეშველება. არსებობს ზღვარიც, შეიძლება ზედმეტი სითხისგან ჭურჭელი უფრო დაზიანდეს. ანალოგიური შეიძლება მოხდეს. ამ ცვლილებებით. ჩვენ იმდენს გავაკეთებთ, რომ ბაზრობებზე როგორი უკუღმართი ეკონომიკური მოდელიც გვქონდა, უარესს მივიღებთ. წარმოდგენილი მოდელი უარესია, რომლის ცალკეული მუხლები ყბადაღებულ თემას, კორუფციას ხელს შეუწობს კი არა, პირდაპირ “ითვალისწინებს”. ჩვენთან მოქმედებს კონსერვაციის კანონი, რომლის თანახმად მთელი რიგი საწარმოებია კონსერვირებული, რომლებიც ვითომ არ უნდა მუშაობდნენ, მაგრამ ასეთი არა ერთი საწარმო მუშაობს. ცვლილებებში საუბარია დახლისა და ჯიხურის კონსერვაციაზე. იქ, სადაც აღრიცხვა გაქვს ნული, ქაღალდისათვის თეორიულ მოდელს ქმნი, რომ თითქოს რაღაცას აღრიცხავ. ეს არის ტყუილი, რომლითაც თავს ვიმშვიდებთ. ეს, იცით, რითი დასტურდება? არც ამ ცვლილებებს და არც შემდგომ ცვლილებებს, რომლის მიღებასაც აპირებენ, თან არ ახლავს ეკონომიკური გაანგარიშება. შეუძლებელია, ამის გამკეთებელმა თუ მიმღებმა არ იცოდეს, რომ ეს არაფრის მომტანია. ჩვენ შეგვიძლია ამის თაობაზე ექვსი თვის შემდეგ ვისაუბროთ. საოცარია მისი ამოქმედების ვადაც. როდესაც საგადასახადო კოდექსი ძალაში შედიოდა ორთვიანი, ექვსთვიანი, ერთწლიანი გარდამავალი პერიოდი არსებობდა, რომ საზოგადოება ამ ახალ მოდელზე გადასულიყო. ნუთუ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს ილუზია, რომ კანონის მიღების დღიდან, როდესაც არ არსებობს არც ერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც ინსტრუქციულ დონეზე დაიყვანს გადამხდელებთან ურთიერთობას და მოაწესრიგებს აღრიცხვას, ამის განმარტების გარეშე კანონი შევა ძალაში? მით უმეტეს, აქ არის ძალიან საეჭვო მომენტები ფართობებთან დაკავშირებით – დახლის ზომა კვადრატული მეტრი, გადასახადის მოცულობა და ა.შ. კანონი ძალაში შესვლისთანავე განწირულია. ჩემთვის საოცარია ის, რომ კოდექსის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება იმ დონეზე მივიდა, კანონის მიმღები სტრუქტურები აღარ დააკვირდნენ იმას, რომ თვით ამ კანონის აღსრულებაც რომ დაიწყოს, თუნდაც ძალიან კარგი იყოს, მას აუცილებლად დასჭირდება დრო, რომლის განმავლობაში უნდა მოემზადონ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურა, ისე გადამხდელი. ასეთი გადაწყვეტილებები ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული. ამის ნათელი დადასტურებაა მეორე ცვლილებაც, რომელიც უკვე მომზადებულია. იგი უკვე არსობრივად ანგრევს კოდექსს. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ განვვითარდეთ და წინ წავიდეთ, როგორც საკანონმდებლო მოდელით ისე საზოგადოებაში ეკონომიკურ საქმიანობაში დაკავებული პიროვნებების თუ ორგანიზაციების განვითარების თვალსაზრისით, უკან მივდივართ. თუკი ჩვენ გვყავს საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც არ იცის წერა-კითხვა, შესწავლის ნაცვლად, ვუხსნით პრობლემას და ვეუბნებით – თქვენც ნუ გეცოდინებათ წერა-კითხვა. ამ გამარტივებული, ფიქსირებული გადასახადებით, ადრე მოდაში იყო პრეზუმფციული გადასახადები, კოდექსი საერთოდ გავთიშეთ. აღარ გვინდა სოციალურ გადასახადზე, მოგებაზე, აღრიცხვაზე ფიქრი. რა იგულისხმება გამარტივების მიღმა? – ერთადერთი რამ, რომ არავინ არაფერს არ აფიქსირებს და არ აღრიცხავს. ერთი მხრივ, პრობლემა ესეც არ არის, რადგან კანონშემოქმედებმა ისიც კი არ დათვალეს, რომ თუკი გადამხდელმა ობიექტურად გადაიხადა გადასახადები, ბრუნვის გადასახადი 7%, დამატებული ღირებულების და ყველა სხვა გადასახადის 20%-ზე მეტია. თუ ჩვენ მოპარვაზე ვსაუბრობთ, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ამ 20%-იანი დღგ-ის პირობებში მოიპარავს ადამიანი, თუ 7%-იანი ბრუნვის გადასახადის დროს? უფრო უარესი მდგომარეობაა ფიქსირებული გადასახადის დროს, სადაც მთელი რიგი სამუშაოები დაყვანილია პიროვნების მიერ შესრულებულ სამუშაოზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მცირე ბიზნესის განვითარებაზე და მის ხელშეწყობაზე, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია, მაგრამ მცირე ბიზნესის განვითარება არ უნდა ნიშნავდეს, რომ ლეგალური ბიზნესი მოვკლათ. ძალიან ნათელი მაგალითია, ასი ათას ლარამდე ბრუნვის დროს დამატებული ღირებულების გადასახადის არგადახდა და, შესაბამისად, ანგარიშფაქტურის არგამოწერა, ნიშნავს, სერიოზული გადამხდელისათვის ბრუნვის გადაასახადის დაწესებას 20%-იანი ოდენობით. დღეს სადაც ვმუშაობ, სერიოზული შესყიდვები მაქვს და მაქვს იმის პრობლემა, რომ ელემენტარულად საბუთი მოვუტანო ბუღალტერს და ჩემ მიერ გადახდილი გადასახადი ჩავითვალო. და რადგანაც ვერ ვიხდი გადასახადს, ფაქტობრივად, ვიხდი ორჯერ. ამ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ლეგალურად არ გადაიხდის სამღებრო, საფეიქრო, სარემონტო, ავტოშემკეთებელი და სხვა სამუშაოს შემსრულებელი. ლეგალურად, ვერანაირ დოკუმენტს ვერ მომცემს. სინამდვილეში მას გადავუხდი და მის ნაცვლად მევე გადავიხდი ბრუნვის გადასახადს 20%-ს მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე, იმიტომ, რომ მე დღგ-ში ჩათვლას ვეღარ მივიღებ. იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს დაცული საზღვრები, არ გვაქვს ერთიანი სივრცე, არის უამრავი დანაშაული, ჩვენ შევცვალეთ კოდექსის ძირითადი არსი. ამის აღმოფხვრისთვის და მოდელის შესაქმნელად კი არ ვიზრუნეთ, ამ დანაშაულს ჩავყევით და ვქმნით დანაშაულებრივ დოკუმენტს, რითაც გავთიშეთ ქვეყნის ეკონომიკა ისეთ რგოლებად, რომ ერთი ნაწილი მეორესთან დავაპირისპირეთ. ზოგად ეკონომიკურ ჭრილში გაუთვლელი თემები, სამწუხაროდ, გროვდება და სერიოზულ და ლეგალურ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს იძულებულს ხდის, არალეგალურ სეგმენტში გადავიდნენ. ავიღოთ ჩვენი ბიუჯეტი და ვნახავთ, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი საგადასახადო კოდექსის მიღებით დაიწყო. იმიტომ კი არა, რომ თვითონ ეს დოკუმენტია რაღაც საოცარი, არამედ იმიტომ, რომ მოდელმა, რომელიც აქ ჩაიდო, სახელმწიფო ძალაუფლება გადაანაწილა გადამხდელზე, ანუ ერთი გადამხდელი დამატებითი ღირებულების ინსტრუმენტის სახით მეორის კონტროლი გახადა.
ჩვენ საერთოდ დავივიწყეთ მაკროეკონომიკა და მივედით პოლიტიკურ ეკონომიკამდე. თუკი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის მისაღებია რაიმე ლოზუნგი, ის უნდა ხორციელდებოდეს, არავინ დაგიდევთ რამდენად გამართლებულია ეკონომიკურად. ამ ცვლილებებში, რომელიც წარმოდგენილია, ერთი ციფრი არ არის ეკონომიკური ენით დათვლილი, რატომ? იმიტომ, რომ თავიდანვე იციან, რომ ამას ეკონომიკური ეფექტი არ ექნება.
მაშინ, რას ემსახურება ამდენი ცვლილება კოდექსში?
ცალკეულ ადამიანთა ემოციის და ამბიციის დაკმაყოფილებას ემსახურება. ისინი ემპირიულად ამბობენ – ექნება შედეგი. საკმარისია ოდნავ მაინც გააანალიზო, მიხვდები, რომ შედეგი არ იქნება. თქვენ გახსოვთ, ერთი პერიოდი რამდენი კოდექსი დაიწერა, კოდექსების ბუმი იყო. არ დაიჯეროთ, არც ერთი კოდექსი არ არსებობს, თუ რამე ყოფილა, ყველა მაქვს წაკითხული. რეალურად, კოდექსის ერთი გვერდი ვერ დაიწერა. საუბარი იყო ერთ გადასახადზე. გადასახადების გამარტივება არ ნიშნავს, რომ ერთი გადასახადი მისაღებია, სახელმწიფო არ შეიძლება ერთ გადასახადზე არსებობდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, საბითუმო ვაჭრობა რამდენ პროცენტიან დანამატზე მუშაობს? – ერთი, ორი, სამი. აქ, იცით, რამდენი წერია? 7%-იანი გადასახადი. საბითუმო ვაჭრობას სთხოვენ, რომ, ფაქტობრივად, 10%-იან დანამატზე იმუშაოს. ეს უკვე ეკონომიკა აღარ არის. აქ ბევრია ასეთი აბსურდი, დეტალიზება საჭირო აღარ არის. ხომ შეიძლებოდა განეხილათ, რა მოჰყვება ამას მშენებლობის, სოფლის მეურნეობის სფეროში?
ჩვენ იქამდეც კი მივედით, ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოში არნახულ შეღავათებზე დავიწყეთ საუბარი. ეს ძალზე სერიოზული პრობლემაა. მოვა დრო, როდესაც ამას მოიკითხავენ. დავაწესეთ შეღავათები ირიბ გადასახადებზე. ბუნებაში ასეთი რამე არ არსებობს! აქციზის გადასახადი, რომელიც თქვენ მე გამოგართვით იმიტომ, რომ სახელმწიფომ დააწესა და ამაში, ჩემი, როგორც მეწარმის წვლილი აბსოლუტურად არ არსებობს, მე დამიტოვა. ფაქტობრივად, შემიძლია დავითვალო – სახელმწიფომ გასულ წელს კერძო სექტორში რამდენი ინვესტიცია გააკეთა. ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ კერძო სექტორს ბიუჯეტი არ აფინანსებს, მე ვამბობ, რომ სერიოზულად აფინანსებს. როდესაც გაყიდულია არაყში ათეულ მილიონობით მარკაზე მეტი და ერთი მარკა საშუალოდ ერთ ლარს მაინც უდრის, შემიძლია ვთქვა, რომ ბიუჯეტის ინვესტიცია კერძო სექტორში არის ათი მილიონი. ასეთი შეღავათი დიდი დანაშაულია და ეს ყველაზე კარგად იციან მათ, ვინც შეღავათები გამოიყენა. ეკონომიკა ასეთ შეღავათებს არ ცნობს. მცირე ბიზნესის სტიმულირების მექანიზმები, შეღავათი სულ სხვა რამეა და სულ სხვაა ეკონომიკის გამიჯვნა. ისინი ერთმანეთთან თავსებადნი ვერ იქნებიან და უფრო მეტ აღრევას შემოიტანენ. მე ამ თემით დავიწყე და ამითვე მინდა დავასრულო, რომ სანამ არ იქნება მოდელი, რომელიც ფულის აკრეფიდან გადასახადების აკრეფას დაუბრუნდება (ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას), არაფერი არ გვეშველება.