გაზის სექტორის ღრმა კრიზისიდან გამოყვანა თითქმის შეუძლებელია
ეკა გაბადაძე
სათბობ-ენერგეტიკის სტრატეგიული დარგი, გაზის სექტორი აბსოლუტურ ქაოსშია. მოსახლეობა დაქანცა თითქმის მარადიულმა პრობლემებმა. კორუფციის ჭაობში ჩაფლული ქვეყანა ნელ-ნელა იღუპება. გამოსავლის პოვნა კი ვარდისფერ ოცნებებშიც შეუძლებელი ხდება. მილიონობით ლარი და დოლარი “პერესტროიკის” ლაბირინთებში იკარგება. მოსახლეობა სიღატაკის ზღვარს იქითაა და ლუკმა-პურის ნაცვლად პირში დადგენილებებსა და განკარგულებებს ჩრიან, სითბოს და სინათლის ნაცვლად კი – პოლიტიკას.
კორუფციის ყველაზე ხელშესახები და აქტუალური სექტორი სათბობენერგეტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული დარგი – გაზის სექტორია. სამინისტროს და შესაბამის უწყებებს ბუნებრივი გაზის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება უჭირს. ალბათ, უუნარობა და უცოდინარობა აქ არაფერ შუაშია. ამ სექტორში გამეფებული ქაოსის, განუკითხაობის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი ხდება, ხოლო კორუფცია არნახულ მასშტაბებს იღებს.
ანტიკორუფციული ღონისძიებების შემუშავების ეგიდით ჩატარებული მთავრობის გაფართოებული სხდომის ერთ-ერთ საკითხს გაზის თემაც წარმოადგენდა. ამ საკითხზე ანტიკორუფციული ბიუროს დასკვნებიც საგანგაშოა.
მირიან გოგიაშვილი (ბიუროს ხელმძღვანელი): საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო სახელმწიფო პოლიტიკას ბუნებრივი გაზის სფეროში ვერ ახორციელებს. გაზის სექტორში სრული ქაოსი და განუკითხაობა სუფევს, კორუფციამ კი ტოტალური მასშტაბები მიიღო. წინ კვლავ საშინელი ზამთარი გველის და რას ვაპირებთ მოსახლეობის გაუსაძლისი პირობების შესამსუბუქებლად, არავინ იცის. საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევა დარგის კრიზისიდან გამოსაყვანად მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირთა მხარდაჭერას ჯერჯერობით ვერ პოულობს. პრეზიდენტის ნორმატიული აქტები და დავალებები ჯეროვნად არ სრულდება.
სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, “საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას” არ შეუმუშავებია ბუნებრივი გაზის სექტორის კრიზისიდან გამოყვანისა და განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამები. იმპორტის პროცესი არ არის გამჭვირვალე. ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს ჩატარდა ტენდერი, ისიც ფორმალურად და სახელმწიფოს ინტერესების იგნორირებით.
გაზის კორპორაციას გაზის მოწოდების ალტერნატიული წყაროს გამოსაძებნად რეალური ღონისძიებები არ განუხორციელებია, რის გამოც ქვეყანა მუდმივად განიცდის გაზის შეწყვეტის მუქარით ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას. ბუნებრივი გაზის მოწოდებაზე გამოუყენებელია ყაზახეთისა და თურქმენეთის შესაძლებლობები, ჯეროვნად არ განხილულა აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის მიღების გზები. მეტიც, გაზის მოწოდება, რატომღაც, რამდენიმე საშუამავლო ფირმის მონაწილეობით წარმოებს.
საერთაშორისო გამოცდილება საერთოდ არ იცნობს ენერგოსისტემის ასეთ დამანგრეველ რეჟიმში ფუნქციონირების მსგავს პრეცედენტებს, რომელთა მასშტაბები კიდევ დიდხანს არ იქნება ბოლომდე გაცნობიერებული.
რა თქმა უნდა, სათბობ-ენერგეტიკის სისტემაში მრავალი ობიექტური სიძნელეა. სრული ქაოსია კრედიტებისა და გრანტების სფეროში, რაც წლების განმავლობაში გამეფებული დაუსჯელობისა და განუკითხაობის შედეგია, მათი დაძლევა ძალზე რთულია, მაგრამ ის დარგში გამეფებული განუკითხაობის ერთადერთი მიზეზი არ არის. საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ უკვე დაიწყო დარგისათვის გამოყოფილი კრედიტებისა და გრანტების სფეროში არსებული პრობლემების შესწავლა.
გაზის მიწოდება საქართველოში სს “საქგაზის” მიერ ხორციელდება. მოგაწვდით, ჩვენი აზრით, მეტად საინტერესო ინფორმაციას:
სს “საქტრანსგაზმრეწვი”, რომლის აქციათა პაკეტის 100%-ის მფლობელია სახელმწიფო. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი “საქტრანსგაზმრეწვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ. კონკურსში მონაწილეობდა შპს “ინტერგაზი” (შემდგომში “საქგაზი”), რომელიც გამოვლინდა გამარჯვებულად და მას 5 წლის ვადით, ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით გადაეცა აქციათა პაკეტის 100% (აღნიშნული ხელშეკრულება 1998 წლის 1 მაისიდან შევიდა ძალაში).
“საქგაზი” მმართველობის განვლილ პერიოდში სისტემატურად არღვევდა ქონების მართვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს; არ ასრულებდა “საქტრანსგაზმრეწვთან” სამეურნეო ხელშეკრულების პუნქტებს, რომლებიც ეხებოდა ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვასა და ტრანზიტს, კონკრეტულად კი არ იხდიდა არც გაზის ტრანსპორტირების და არც მოხმარებული გაზის საფასურს. ამის გამო “საქტრანგაზმრეწვი” მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა: 1999 წლის 1 იანვრისთვის “საქგაზის” “საქტრანსგაზმრეწვისადმი” დებიტორულმა დავალიანებამ 3995994,9 ლარი შეადგინა. 1999 წლის დასაწყისში “საქგაზმა” სტრუქტურული რეორგანიზაციის ფონზე, ყოველგვარი დაბრკოლებისა და სირთულეების გარეშე გააფორმა “საქტრანსგაზმრეწვთან” კაბალური ხელშეკრულება, რომელიც 1 თებერვლიდან შევიდა ძალაში. ამ ხელშეკრულებით “საქგაზი” აიძულებს, რომ ტექნოლოგიური პროცესისთვის ბუნებრივი გაზი შეისყიდოს “საქგაზიდან”.
“საქტრანსგაზმრეწვის” მიერ 1999 წელს ტრანსპორტირებული გაზის ღირებულებამ შეადგინა 22035005,9 ლარი, “საქგაზის” მიერ ანაზღაურებულია ფულით 2667974.0 ლარი, ხოლო ხელშეკრულების თანახმად, “საქგაზიდან” შესყიდული გაზის ღირებულებამ 14412637,18 ლარი შეადგინა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ “საქგაზმა” 1999 წლის 1 იანვრიდან გაზარდა ბუნებრივი გაზის შესყიდვის საბითუმო ტარიფი 123,9 ლარიდან 198,25 ლარამდე, რომელიც გაყალბებულ იქნა. ამის შემდეგ “საქგაზს” სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ საბითუმო სარეალიზაციო ფასის რეგულირებისათვის ზღვრული რენტაბელობის დონე დაუდგინა, რომელიც არ ითვალისწინებდა საბითუმო ტარიფის გაზრდას, არამედ არსებულ ტარიფში (123,9 ლარი) ზღვრული რენტაბელობის დონის რეგულირებას. ამაზე მეტყველებს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს პასუხი, დაუმტკიცა თუ არა “საქგაზს” სამინისტრომ ახალი გაზრდილი ტარიფი – 198,25 ლარი. ამ წერილში აღნიშნულია, რომ “საქგაზს” განესაზღვრა ბუნებრივი გაზის საბითუმო ფასი 210 ლარის ოდენობით, სადაც 5% რენტაბელობის დონეა და ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,4-ია… თუმცა, გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამისი ბრძანება რეგისტრირებული არ არის იუსტიციის სამინისტროს მიერ ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. ამდენად, მას იურიდიული ძალა არ აქვს, რადგანაც არ არის დამტკიცებული შესაბამისად “ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ” და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად…
ამრიგად, “საქგაზის” მიერ 1999 წლის თებერვალ-მაისში “საქტრანსგაზმრეწვზე” რეალიზებულმა ბუნებრივმა გაზმა გაზრდილი ტარიფით საზოგადოებას მიაყენა ზარალი 4294729.38 ლარი – ეს არის ზედმეტად დარიცხული თანხა.
“საქგაზს” ხელშეკრულების საფუძველზე პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული “საქტრანსგაზმრეწვის” დავალიანებებზეც. იმ მიზნით, რომ “საქგაზს” შეესრულებინა ეს ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე, მან “საქტრანსგაზმრეწვს” დაუფარა ბუნებრივი გაზის დავალიანება გენერალურ მომწოდებელ ფირმა “იტერასთან”. აღსანიშნავია, რომ ტენდერში მისი გამარჯვების ერთადერთი საწინდარი გახდა სწორედ 1998 წლის 15 აპრილს ჩათვლილი თანხა 2 მლნ აშშ დოლარი, რომელიც ტენდერში გამარჯვების შემდეგ 1998 წლის ივნისში მმართველმა საზოგადოებამ ვალად დაადო “საქტრანსგაზმრეწვს”, რის გამოც მან უარყო სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. “საქგაზის” მმართველობის პერიოდში “იტერაში” ჩათვლილი თანხის ჯამმა 6657500 ლარი შეადგინა.
მოგვიანებით, “იტერაში” ჩათვლილი თანხა “საქგაზმა” ამოიღო “საქტრანსგაზმრეწვიდან” მოწოდებული ბუნებრივი გაზის ღირებულების და მასზე გაწეული მომსახურების ღირებულების გადაუხდელობით, რის გამოც, ფაქტობრივად, სახელმწიფო შემოსავლები მიითვისა. თავად “საქტრანსგაზმრეწვი” შემოსავლების მიუღებლობის გამო ვერ ახორციელებდა ბიუჯეტის წინაშე ანგარიშსწორებას, რის გამოც დაუგროვდა ბიუჯეტისადმი (ძირითადი) დავალიანება 7 მლნ ლარი.
ანალოგიური ვითარება იყო მმართველი საზოგადოების მიერ ბიუჯეტში ჩათვლილ თანხებთან დაკავშირებით (თანხა შეადგენდა 5206378 ლარს); ე.ი. შესაძლებლობა ჰქონდა ჩათვლის წესით დაეფარა “საქტრანსგაზმრეწვის” მიზანმიმართულად შექმნილი დავალიანება ბიუჯეტისადმი. შემდგომ, არ იხდიდა “საქტრანსგაზმრეწვის” მიერ გაწეული მომსახურების და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს.
“საქგაზმა” დაარღვია ქონების მართვის სამინისტროსთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რამაც გამოიწვია საზოგადოებისათვის ზიანის მოტანა – ბიუჯეტისათვის ხელოვნურად წარმოქმნილი ვალი.
იმ შემთხვევაში, თუ “საქგაზი” სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად შეასრულებდა, საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის აღდგენა-რეაბილიტაციის საქმეში პირველ წელს განხორციელდებოდა ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, თანხით – 32 მლნ ლარი. ან ზიანს არ მიაყენებდა ბუნებრივი გაზის ზედმეტ ფასად მიყიდვით (თანხით 4,2 მლნ ლარი), უპირველესად “საქტრანსგაზმრეწვს” გაასტუმრებინებდა ბიუჯეტის დავალიანებას, რათა არ დარიცხვოდა საურავი, მოახდენდა ჩათვლების წარმოებას ფირმა “იტერაში” და ყველა ამ გზით მიღებული სახსრები მოხმარდებოდა მაგისტრალური გაზსადენის აღდგენითი კაპიტალური შეკვეთების სამუშაოებს.
სპეციალისტების გათვლებით, ბუნებრივი გაზის დანაკარგები შემცირდებოდა წელიწადში 1%-ით მაინც, რისი (ბუნებრივი გაზის) შემდგომი რეალიზაციის შემთხვევაში საზოგადოება მიიღებდა დამატებით შემოსავალს, რაც თავისთავად გაზრდიდა საბიუჯეტო შემოსავლებს. გაანგარიშების შედეგად ირკვევა, რომ 1% დანაკარგის შემცირების შემთხვევაში “საქტრანსგაზმრეწვი” მიიღებდა 3793858,8 ლარის ოდენობის შემოსავალს.
“საქგაზმა” საქართველოს ქონების მართვის სამინისტროსთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების და ასევე “საქტრანსგაზმრეწვთან” სამეურნეო ხელშეკრულების შეუსრულებლობით ზიანი მიაყენა სახელმწიფო ინტერესებს. “საქტრანსგაზმრეწვი” კი ამჟამად განიცდის უმძიმეს ფინანსურ კრიზისს ბიუჯეტისადმი დავალიანების გამო და ქონება დაყადაღებული აქვს.
ახლო წარსულიდან:
ცოტა ხნის წინ ლეონიდ დეიკალომ, “საქგაზის” ამჟამინდელმა მმართველმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებს სთხოვა, გაზის სექტორი, ტარიფის მოსალოდნელი გაზრდა და სხვა ამასთან დაკავშირებული საკითხები პოლიტიკურ რაკურსში არ განეხილათ. დეიკალომ საკმაოდ დაწვრილებით ისაუბრა იმაზე, თუ რა რაოდენობის თანხა გადაიხადა “საქგაზმა”, საქართველოს ბიუჯეტში რამდენი შეიტანა, რამდენია საბაჟოზე მომწოდებლისადმი გადახდილი თანხა და სხვა. არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, თუ რამდენი აქვს მომხმარებელს მათი ვალი. დეიკალომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “იტერა” ყველაზე იაფად საქართველოს აწვდის ბუნებრივ აირს (მაგრამ ის კი აღარ გაუშიფრავს, რატომ ან რა დამსახურებებისთვის არის ასე გულმოწყალე). მაგალითისთვის: “იტერა” ბუნებრივ აირს სომხეთს 58-59 დოლარად, უკრაინას – 80, ბალტიისპირეთს – 80, მოლდოვას – 60 დოლარად აწვდის, რაც შეეხება საქართველოს – 50 დოლარად (ახლახან 56 დოლარი გახდა).
ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა – არის თუ არა პოლიტიკა გაზის სექტორში მთავარ პოზიციებზე. ენერგოკრიზისის შემსწავლელი კომისიის რეფორმათა ჯგუფის თავმჯდომარის, ჯონდი ბაღათურიას აზრით, რუსეთი გაზის გაძვირებით ჟვანიას გადარჩენას ცდილობს და ზეწოლას ახდენს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ბაღათურია იხსენებს იმ შემთხვევებს, როდესაც “იტერას” ქართული მხარის მიერ დაგროვილი ვალები ახსენდებოდა და ეს გახსენება საეჭვოდ ემთხვეოდა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებს – სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხს, საპარლამენტო არჩევნებს, მთავრობის გაფართოებულ სხდომას, სადაც ზურაბ ჟვანიას და ვაჟა ლორთქიფანიძეს შორის არჩევანი უნდა გაკეთებულიყო და სხვა და სხვა. ბაღათურია აცხადებს, რომ ჟვანიაზე შეჩერებული არჩევანის შემდეგ საქართველოს “იტერამ” გაზის მოწოდება კვლავ განუახლა. მისი თქმით, ჟვანია და “მოქალაქეთა კავშირის” სხვა აქტივისტები “საქგაზის” მეწილეები არიან და ამიტომაც რუსეთს საშუალება ეძლევა, ზეწოლა მოახდინოს ქართულ მხარეზე.
ჯონდი ბაღათურია: “ენერგეტიკის და პოლიტიკის მჭიდრო კავშირი აბსოლუტურად ნათელია. პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია გაზის ტარიფის მომატებაც. ბევრჯერ მითქვამს, რომ “იტერას” საქართველოში კომერციული ინტერესი არ აქვს. ტარიფის მომატებაზე საუბრის დაწყებაც ქვეყნის შიდაპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარეობს: ჟვანიას გუნდის, თავად ჟვანიას, როგორც პოლიტიკური ფიგურის დასუსტება თანდათან იკვეთება. ოპოზიციამ პრეზიდენტი აიძულა, ჟვანიასთვის “ზურგი” ჩამოეშორებინა და სწორედ ამ დროს, “იტერა” გაზს აძვირებს. ანუ როგორც კი დღის წესრიგში ჟვანიას გუნდის ხელისუფლებიდან “ხავერდოვანი წასვლის” საკითხი აქტუალური გახდა, რუსეთი საქართველოს გაზის გაძვირებით დაემუქრა.
ერთი სიტყვით, გაზის სექტორში (თუმცა, არა მხოლოდ გაზის) არსებული ვაკხანალია არც მოსახლეობისთვის და არც ხელისუფლებისთვის უცხო და საკვირველი არ არის. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ბატონმა იალოვიცმა ასე შეაფასა სიტუაცია: “საქართველოს უუნარობა, აკონტროლოს სიტუაცია ენერგეტიკაში, საშუალებას აძლევს მეზობელ ქვეყანას (რუსეთს), გაზის საშუალებით ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე”. მდგომარეობა, მართლაც კატასრტოფულია. გამოსავალი მაინც არსებობს და მისი პოვნა, ჯერჯერობით, ხელისუფლებაში მყოფთა პრეროგატივაა, თუმცა, ჯერჯერობით…