საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზს ამცირებს
მოამზადა სოფიკო სიჭინავამ
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთაურის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ისედაც დაბალი პროგნოზი კიდევ უნდა შემცირდეს. მისი აზრით, პლანეტის მშპ-ის ყველაზე დიდი საშიშროება ევროზონის კრიზისიდან და აშშ-ის მზარდი ვალიდან მომდინარეობს.
კრისიტინ ლაგარდის ანგარიში ვაშინგტონში სენსაციად არ ქცეულა. ფონდის მეთაური ადრეც პესიმისტურად იყო განწყობილი მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით. სსფ-მ ივლისში 2013 წლისთვის შეამცირა გლობალური ზრდა 3,9%-მდე. მართალია, მიმდინარე წლისთვის ზრდის პროგნოზი უცვლელი დარჩა – 3,5%-ის ფარგლებში, თუმცა ახლა უკვე მისი გა-დახედვაც იგეგმება.
კრისტინ ლაგარდმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ეკონომიკაზე ზემოქმედების მთავარი ფაქტორი პოლიტიკა გახდა. ინვესტორები გაწბილებულები დარჩნენ მთავრობების მიერ მსოფლიო ეკონომიკის სწორ რელსებზე მალე გადასვლის შესახებ მიცემული დაპირების შემდეგ. “მომავალში ჩვენ ვპროგნოზირებთ თანდათანობით აღდგენას, თუმცა, ეს ზრდა ცოტათი სუსტი იქნება, ვიდრე მოველოდით. ადრე საფინანსო ბაზრების გამოცოცხლება შესაძლებელი გახდა იმ დაპირებებით, რო-მელიც ევროკავშირის დაშლის თავიდან აცილებას უკავშირდებოდა. ახლა კი ინვესტორები ევროზონის ლიდერებისგან რეალურ და კოორდინირებულ მოქმედებებს ელოდებიან. ზოგიერთი ზომები, რომელიც უკვე განხილულ იქნა, საჩქაროდ უნდა ამოქმედდეს, მათ შორის არის ევროპული საბანკო კავშირის შექმნა”, – განაცხადა კრისიტინ ლაგარდმა.
ახლანდელი სიტუაცია ლაგარდმა შეადარა ასაწყობ სურათს, როცა ზოგადი სურათი ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ბევრი ნაწილი ჯერ კიდევ არ ზის თავის ადგილას. იმისთვის, რომ ყველაფერი ერთად შეიკრას, საჭიროა რწმენა, რომ პოლიტიკოსები თავის პირობებს შეასრულებენ. კრისტინ ლაგ-არდს აშშ-ში ფისკალური ჩამოშლაც არ გამორჩენია. ლაგარდის თქმით, გადასახადების გაზრდისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირება მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკაში გლობალური მასშტაბით სერიოზულ რისკებს შექმნის.
კრისტინ ლაგარდის სიტყვები მთლიანობაში დაადასტურა ამერიკის ეკონომიკისა და ბიზნესის ასოციაციის მორიგმა გამოკვლევამ. ინვესტორების დიდმა ნაწილმა ევროზონის არსებობის გაგრძელების პერსპექტივების მიმართ ნდობა დაკარგა. გამოკითხულთა 60%-მა აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა გამოერთო ფულის საბეჭდი მანქანა. 85% რესპოდენტმა განაცხადა, რომ ამერიკული საგადასახადო პოლიტიკის გაურკვევლობა მსოფლიო ეკონომიკურ აღდგენას აფერხებს.
ამ სრულ პესიმიზმში თავის წვლილი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამაც შეიტანა. ორგანიზაციის ექსპერტებმა მიმდინარე წლისთვის მსოფლიო ვაჭრობის ზრდის პროგნოზი შეამცირეს 3,7%-დან 2,5%-მდე. ეს გადაწყვეტილება განაპირობა ჩინეთის ეკონომიკის თვალსაჩინო შემცირებამ და აშშ-ში აღდგენის ძალიან ნელმა პროცესმა. ორგანიზაციის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ევროზონის კრიზისის დაუძლევლობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ვაჭრობაზე, როგორც ევროკავშირს შიგნით, ასევე უცხოელ პარტნიორებთან. სხვათა შორის, ევროკავშირზე მოდის განვითარებულ ქვეყნებში ექსპორტის 60%. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემებით, მაის-ივლისში მსოფლიოს ყველა მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ვაჭრობის მოცულობა შემცირდა თურქეთის გარდა, სადაც ექსპორტის ზრდა შეინიშნება და რუსეთი, სადაც ზაფხულში იმპორტი გაიზარდა.
სექტემბრის ბოლოს გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სავალუტო-საფინანსო კომიტეტის მმართველი საბჭოს 24-ე სხდომა, რომელმაც კომუნიკე მიიღო. პარალელურად გაიმართა G20-ის ცენტრალური ბანკებისა და მინისტრების სამიტი, სადაც ასევე განიხილებოდა მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა.
სსფ-ის წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს კოლექტიური ვალდებულება, გააკეთონ ყველაფერი მათგან დამოკიდებული, რათა გადალახონ “არამდგრადი სიტუაცია”, აღადგინონ ნდობა და ფინანსური სტაბილურობა. სსფ-ს სჯერა, რომ კრიზისი დაიძლევა. კრისტინ ლაგარდის აზრით, ძირეული პრობლემების მოსაგვარებლად ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის საფინანსო რეგულირების სრულყოფისთვის, კრიზისის დარეგულირების სისტემის გასაუმჯობესებლად, ევროს ზონაში მმართველობის გასამყარებლად და საბანკო კაპიტალის გასაზრდელად. თუმცა, ვაშინგტონში ლაგარდმა ასევე განაცხადა, რომ ფონდს პრობლემების გადასაჭრელად ფული არ ეყოფა: “დღეს 400 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩვენი შესაძლებლობები საკმარისად გამოიყურება, მაგრამ კრიზისის შემთხვევაში პოტენციური საფინანსო საჭიროებისთვის არაფერია”, – აცხადებს კრისტინ ლაგარდი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორგანიზაცია დღეს მზად არის დაეხმაროს პრობლემურ ქვეყნებს, მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ მომავალში ეს თანხები საკმარისი იქნება ამ და თუკი იარსებებს – სხვა პრობლემური ქვეყნებისთვის.
ბაზრები შეუჩერებლად და რბილად ამზადებენ საბერძნეთის კონტროლირებად დეფოლტს
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სამიტმა და სსფ-მ სიტუაციაში ფუნდამენტალურად არაფერი შეცვალა. უფრო მეტიც, უფრო ხშირად ჩნდება საბერძნეთის დეფოლტის შესახებ პროგნოზი და სხვათა შორის, უკვე სსფ-ის, ევროპის ცენტრალური ბანკის მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკოსების მხრიდანაც. საერთო განწყობა უკვე ნეგატივისკენ იხრება და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბაზრები შეუჩერებლად და რბილად ამზადებენ საბერძნეთის კონტროლირებად დეფოლტს. ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ შეხვედრებმა ბევრი კითხვა გააჩინა, ვიდრე რეალური პასუხები გასცა. ევროპული ქვეყნების ლიდერები ცდილობენ ბაზრების დაწყნარებას, თუმცა არაფერს კონკრეტულს არ სთავაზობენ გარდა ერთისა, “ყველაფერი კარგად იქნება, ხოლო ფულს იმდენს მოგცემთ, რამდენიც საჭირო იქნება”. ინვესტორები ამ ზოგად ფრაზებს საპირისპიროდ იღებენ, როგორც სიგნალს იმისთვის, რომ ამ აქტივების გაყიდვები გააძლიერონ.
სავალუტო ფონდისთვის დამახასიათებელი გახდა გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება, ხანგრძლივი განხილვები და არაფრად ღირებული განცხადებების გამოქვეყნება. ბაზარი ერთიანობის მხოლოდ სიტყვიერმა გამოხატვამაც კი გაახარა, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ სიტყვიერი ინტე-რვენციებით რეგიონის სავალე პრობლემები არ გადაწყდება – აუციელებელია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება – ქვეყანას ხელახლა დაეხმარო თუ დაელოდო მისი დეფოლტის დროს, პარალელუ-რად კი საბანკო სტრუქტურების ბალანსები გაამყარო.
ამ ყველაფრის პრალელურად, ფორმირებადი ბაზრების მქონე ქვეყნებს, როგორც სსფ მიიჩნევს, გლობალური ანტიკრიზისული ქმედითი ზომების მიღებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. “ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ფინანსებმა (ბრიკის ქვეყნები) გლობალურ საფინანსო სტაბილურობაში თავის წვლილი უნდა შეიტანონ სსფ-სა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით”. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით ახლა მთელი ყურადღება ჩინეთის მხარეს არის მიმართული. თუკი ჩინეთი პრობლემურ ვალებში რაიმე სახის ინვესტირების რაიმე კონკრეტულ პროგრამას გაახმოვანებს, დიდი ალბათობაა, რომ მის მაგალითს ბევრი მიბაძავს. ჩინეთის ცენტრალური ბანკის მეთაურის, ჩჟოუ სიაოჩუანის განცხადებით, ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ რა შეუძლია ბრიკის ქვეყნებს გააკეთონ ევროპის დასახმარებლად, სადაც ქვეყნებმა ჯერ თვითონ უნდა აამოქმედონ ზომები, რაზედაც ჯერ კიდევ ივლისში შეთანხმდნენ. თავის მხრივ, რუსეთიც გამოთქვამს დახმარებისთვის მზაობას და შესაძლოა მან ევროზონის ერთიან ობლიგაციებში, თუკი ასეთი შეიქმნება, ინვესტირება განახორციელოს. რა თქმა უნდა, მსოფლიოში არავინაა დანიტერესებული პატარა საბერძნეთის დეფოლტითაც კი, საუბარი აღარ არის იტალიასა და ესპანეთზე, ამიტომაც ევროკავშირის გადარჩენა მთელი განვითარებული სამყაროს ინტერესებშია.
28 სექტემბერს ესპანეთის მთავრობამ მიიღო 2013 წლის ბიუჯეტი. ადგილობრივი ხელისუფლების გამოთვლით, ეს წელი რეცესიის ბოლო წელი უნდა გახდეს. ამ მიზნის მიღწევას ჩინოვნიკები საგადასახადო მოსაკრებლების გზით გეგმავენ. მაგალითად 800 მილიონი ევრო ხაზინას უნდა მოუტანოს ახალმა გადასახადმა ლატარეაზე. თუმცა, სახელმწიფო ხარჯების შემცირება გარდაუვალია. ასე მაგალითად, შემცირდება განათლების დოტაცია, ჯამში, 100 ათასი პედაგოგი, შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს. მათ ცვლილებები გააპროტესტეს. ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან კატალონიის მცხოვრებლებიც. ავტონომიური მხარის პარლამენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ გამოყოფის თაობაზე რეფერენდუმს ჩაატარებდნენ. ეს რეგიონი ესპანეთში შედარებით წარმატებულია და სიტუაცია, როდესაც სხვები საგადასახადო შემოსავლებზე ცხოვრობენ, ეს მათ არ ახარებთ.
ესპანეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ეკონომიკაში რეცესია ნარჩუნდება – მესამე კვარტალში ქვეყნის მშპ შემცირებას აგრძელებს. მარიო რახოიას მთავრობამ ბიუჯეტის დეფიციტი 2010 წლის მშპ-ის თითქმის 9%-დან შეამცირა 2011 წელს 6,3%-მდე, 2013 წელს კი 4,5%-მდე შემცირება იგეგმება, თუმცა ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 7%-ის მიდამოებში. მადრიდმა განაცხადა, რომ ის მზადაა 150 მილიარდ ევროზე მეტი დაზოგოს 2012-2014 წლების პერიოდში: მიმდინარე წელს 62 მილიარდი ევრო, ხოლო 2013 წლისთვის 39 მილიარდი, 2014 წელს კი 50 მილიარდი. თუმცა, ეკონომიკური ვარდნის გაღრმავება საშუალებას არ იძლევა ეს ამოცანა წარმატებით დაიძლიოს. საგადასახადო შემოსავლები ივლისში 4,8%-ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით და ამით ხარჯების ეკონომიის პოზიტიური ეფექტი დააკნინა.
ესპანეთში ეკონომიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბული რჩება. მეორე კვარტლის შედეგებით მშპ-ის შემცირების ტემპი 0,4%-ს შეადგენს, მძიმეა სიტუაცია შრომის ბაზარზე: ივლისში უმუშევრობამ 25,1% შეადგინა. დასაქმების დაბალი მაჩვენებელი არა მხოლოდ რეცესიას, სოციალურ მღელვარებასაც იწვევს. ინფლაციამ აგვისტოში 2,7%-ს მიაღწია, თვეში 0,5% მოიმატა. დიდ შეშფოთებას იწვევს ესპანეთის ფინანსური მდგომარეობაც, სახელმწიფო ვალის მიმდინარე მაჩვენებელი 68,5%-ია. სავალე ბაზარზე სახსრების მოზიდვა ძალიან ძვირი ჯდება – განაკვეთები 10-წლიან ობლიგაციებზე დღეს 6,09%-იან ნიშნულს გაუთანაბრდა. ივნისიდან აგვისტომდე ბონდების შემოსვლიანობა მერყეობდა და არა ერთხელ იმყოფებოდა 7%-იან ნიშნულზე, რაც კრიტიკული მაჩვენებელია, როდესაც ვალების მომსახურება უკვე შეუძლებელი ხდება. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში 8,5%-ია.
ეკონომიის ხისტი ზომები და საერთოევროპული რეცესია მისი მალე შეწყვეტის იმედს არ ტოვებს, ის გაღრმავდება. ამასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმები დეფიციტთან მიმართებაში, შესაძლოა, ძალიან ოპტიმისტური იყოს. რეცესიის გაგრძელება ასევე დააწვება საბანკო სექტორსაც და 2013 წლის დახმარების პირველი პაკეტის გამო, შესაძლოა, მოთხოვნა მეორეზეც გაჩნდეს.
დღეს ბანკების ვალების გამო მოპასუხე ესპანეთი ხდება, რაც ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტს ზრდის, ასევე მომავალი ვალდებულებების ღირებულებასაც. მთავრობას ალბათ უნდოდა, რომ დახმარების პაკეტები ბიუჯეტს სიმძიმედ არ დასწოლოდა, არამედ მიმართებოდა მთლიანობაში ევროზონის ვალთან, სწორედ ამას უწოდებს იგი “გონიერ პირობებს”. გერმანია, დანია და ფინეთი ამის წინააღმდეგნი არიან სავსებით გასაგები მიზეზების გამო. ევროპული საბანკო კავშირისკენ მიმავალი გზა გრძელი იქნება და შესაძლოა რამდენიმე წელიც მოიცვას და ის, რომ ხელისუფლება ცდილობს დახმარების თხოვნის გაჭიანურებას, ნეგატიური ფაქტორია. ხელისუფლების გაგება შეიძლება, მაგრამ ეს ტაქტიკური თამაშებია. ახლა სტრატეგიული მოქმედების დროა და აქ დახმარების მიღებას ალტერნატივა არ აქვს.