დევიდ ოუენი: უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკა და უფრო ძლიერი ლარი ინფლაციის შემცირებას შეუწყობს ხელს
რედაქციისაგან
ოთხშაბათს საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას, საქართველოს მთავრობას კი მოუწოდა შეინარჩუნოს ინფლაცია 10 პროცენტზე დაბლა და გაატაროს მკაცრი ფისკალური პოლიტიკა.
საქართველოს ეკონომიკამ, რომელიც საბჭოთა პერიოდში დიდ წილად სუბსიდირებული და ცენტრიდან დაგეგმილი იყო, კრახი განიცადა 1991 წელს მიღებული დამოუკიდებლობის შემდგომ და მას შემდეგ სრულად აღარ აღდგენილა.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა 2004 წლის დასაწყისში ვარდების რევოლუციის პროტესტის შემდეგ, ეკონომიკური რეფორმები დაიწყო და რადიკალური შემოტრიალების პროგრამის ფარგლებში მოახდინა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაცია და ინვესტორები მოიზიდა. შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში კაპიტალის შემოდინებათა ტალღა დაიწყო, რამაც ცენტრალური ბანკი აიძულა ლარი გაემყარებინა, რათა ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებლის ფარგლებში შეენარჩუნებინა.
ეკონომიკა ძალიან კარგად მუშაობს… ვფიქრობ, ძირითადი რისკები ინფლაციური პროცესებია… ფოკუსი უნდა იყოს ინფლაციის 10 პროცენტის დაბლა შენარჩუნება,- აღნიშნა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა დევიდ ოუენმა როიტერთან ინტერვიუში ოთხშაბათს.
მან აღნიშნა, რომ გამკაცრებული ფისკალური პოლიტიკის, მათ შორის ფისკალური დეფიციტის შემცირების, და საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის – მეტი გამყარების კომბინაცია აუცილებელი იქნება, თუ ინფლაცია აღნიშნულ დონეს გასცდება. უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკა და უფრო ძლიერი ლარი ინფლაციის შემცირებას შეუწყობს ხელს, აღნიშნა დევიდ ოუენმა.
ცენტრალური ბანკის მონაცემებით, აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 2006 წელს 5 პროცენტით გამყარდა, 2 პროცენტით კი – ჯერჯერობით 2007 წლის განმავლობაში. ოთხშაბათს იგი 1.678-დ გაიყიდა აშშ დოლართან მიმართებაში, რაც 2007 წლის ბიუჯეტისთვის საბაზისოდ აღებულ კურსზე – 1.75-ზე მყარია.
2007 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 8.1 პროცენტი იყო, თუმცა ეს მაჩვენებელი 2006 წელს დაფიქსირებულ 8.1 პროცენტზე ნაკლებია.კერძო კაპიტალის შემოდინებებმა 2006 წელს დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, წელს კი მოსალოდნელია, რომ კვლავ გაიზრდება და 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
ეს შემოდინებები კვლავაც ძლიერია და მოსალოდნელია, რომ წელსაც მნიშნვნელოვანი ოდენობით იქნება, აღნიშნა დევიდ ოუენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა განაგრძოს სტრუქტურული რეფორმების გატარება, რათა გაზარდოს ექსპორტი და საქართველოს ძლიერი ზრდა მდგრადი გახადოს.
საქართველოს მთავრობამ თვის დასაწყისში აღნიშნა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2007 წელს 12 პროცენტით გაიზრდებოდა. მშპ-ის ზრდა საქართველოში წელს შეიძლებოდა 10 პროცენტი ან მეტი ყოფილიყო, აღნიშნა დევიდ ოუენმა.
დევიდ ოუენი, რომელიც საქართველოში სსფ-ის მისიის სხვა ექსპერტებთან ერთად იმყოფება, აღნიშნა, რომ იგი ოპტიმისტურად უყურებს ქვეყნისათვის შემდეგი 20-მილიონ დოლარიანი ტრანშის გამოყოფის საკითხს. ჩვენ არ ვხედავთ რაიმე მნიშვნელოვან დაბრკოლებას, რაც ხელს შეგვიშლიდა პროგრამის მეტად პოზიტიურ ნოტაზე დასრულებაში, თქვა ოუენმა.
ფონდმა, რომელიც საქართველოს ყოფილ მთავრობასთან წინააღმდეგობაში იყო, საქართველოსთვის სესხის გამოყოფა დაასრულა და 2004 წლის ივნისში დაამტკიცა სიღარიბის დაძლევისა და ზრდის ახალი 144 მილიონ დოლარიანი სამწლიანი პროგრამა. აქედან ჯერჯერობით გაცემულია დაახლოებით 120 მილიონი დოლარი.